მარტი 10, 2024
საიდან მოდიან ყოჩივარდები
ქალები, რომლებსაც გაზაფხული მოჰყავთ
გიფიქრიათ საიდან მოდიან ყოჩივარდები?
ალბათ არასდროს გვიფიქრია საიდან მოდიან ყოჩივარდები, მაგრამ ყველამ ზუსტად ვიცით სად იქნებიან 8 მარტს - ყოველ უბანში, ყველა ქუჩის კუთხეში, ისიც ვიცით სად მიდიან - უამრავი ადამიანის სახლებში, ლამაზ ლარნაკში, თუნდაც პერანგის ჯიბეში, წიგნის ფურცლებში, თმაში, ჩანთაში, ხელიდან ხელში...
Წლევანდელი 8 მარტი მივუძღვენით მათ, ვინც ამ დღეს ხელით დაკრეფილი ყვავილებით გვილამაზებს და გაზაფხული მოჰყავს.
8 მარტთან ყველაზე მეტად ყოჩივარდები ასოცირდება - იისფერი, გულისებრი, ზოგჯერ ნაირფერად შეფერილი ყვავილები.
გავიგეთ სინამდვილეში ვის მოჰყავს გაზაფხული და მათ გაზაფხულის მახარობლები შევარქვით - როენა, ნელი და დარიკო - ქალები, რომლებიც ტყეში ყოჩივარდებს კრეფენ, შემდეგ კონებად კინძავენ და გადიან გრძელ გზას ჩვენთან მოსასვლელად.
„ჩვენ ვართ ტყის ქალები, ერთმანეთს შევაყვარეთ ყვავილები. 12 წელია ამ ტყეში დავდივართ და რაც ყვავილებია ყველა ვიცით ზეპირად, ყველა მთები და ყველა სოფლები. ყველაზე მეტად მაინც ყოჩივარდები გვიყვარს”
- ასე ყვება როენა თავისი და მისი მეგობრების ამბავს, მაშინ როცა ტყეში , გაზაფხულის პირველი დღეების სუსხი დგას და შიშველი ხელები მალე ცივდება.
„თეთრი ყოჩივარდები გინახიათ? Ჩვენთან იყო სოხუმში, ჩემს ტყეში, სულ თეთრი იყო”
- იხსენებს როენა სევდანარევი ხმით.
დაკრეფილი ყოჩივარდების კონად აკინძვა, სათუთი, მშვიდი და შთამბეჭდავი პროცესია. Მეყვავილე ქალები მაგიდას უსხდებიან, რომელზეც მზის ჩრდილებია გაფანტული, საყვარელი სიმღერის ღიღინის თანხლებით დაკრეფილ ყოჩივარდებს მაგიდის ერთ მხარეს ანაწილებენ, მეორე მხარეს კი ადგილს ამზადებენ აკინძული კონების დასაწყობად.
Ბუნებაში განსაკუთრებული ხალისი აქვთ, იციან რომ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებულ სილამაზეს მატებენ და მაშინაც კი, როცა ძალიან უჭირთ ყვავილების დაკრეფვა, მაინც ტყისკენ მიეშურებიან ხის კალათებით, და კრეფენ მანამ სანამ საკმარისი არ იქნება. ასეთია იყო გაზაფხულის მახარობელი.
ავტორი: ელენე ჭელიძე
ფოტო: ლაშა გიგაური