კულტურა

ქოლგას ჟიურის რჩეული ფოტოები | 2023

TBC x KOLGA

მაისი 03, 2023

"ქოლგა თბილისი ფოტო" წელს უკვე 

22-ე ფესტივალს ატარებს


მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, მისი მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობაა.

კონკურსში მონაწილეობა 45-მდე ქვეყნის 440-მდე ფოტოგრაფმა მიიღო.

4 მაისს ჟიურიმ გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინა:

დოკუმენტური ფოტოპროექტი

გამარჯვებული - დევიდ კლამერი

დევიდ კლამერის ნამუშევრებში წარმოდგენილია ეკოლოგიური კონფლიქტი აქტივისტებსა და სახელმწიფოს შორის. ავტორის მრავლისმომცველი მზერა წარმოაჩენს საზოგადოებას, როგორც ადამიანური ინტერაქციების აბსურდის თეატრს, გაბრაზებულ და ინტენსიურ ცეკვას დედა ბუნებისთვის ბრძოლის საქმეში, რომელსაც სევდის ელფერი დაჰკრავს ამაო დასასრულის გამო — რის შესახებაც უკვე ყველამ ვიცით.

კონცეპტუალური ფოტოპროექტი

გამარჯვებული - ტორსტენ შუმანი

დიპტიქის სერიებში ტორსტენ შუმანი კადრში მოიხელთებს დანაწევრებულ ურბანულ გარემოს ერთი შეხედვით აბსურდული შედარებების მეშვეობით. ირონიული და კონტექსტსგარე პერსპექტივიდან ხელოვანი იუმორით და კონტექსტის გარეშე იკვლევს თანამედროვე ცხოვრებას სატირითა და სასაცილოს ჯანსაღი დოზით.

განსაკუთრებული პრიზი - ფილიპო ვენტური

ჟიურის გადაწყვეტილებით ფილიპო ვენტურის კონცეპტუალური პროექტი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. კაფკას ნააზრევით შთაგონება აშკარად იგრძნობა მის მიერ ვიზუალური მეტაფორების გამოყენებისას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილ შავბნელ მონათხრობში, რომელიც გვაფრთხილებს ტირანიის მიერ გამოწვეული კოშმარების შესახებ; კოშმარების, რომლითაც გამსჭვალულია ჩრდილოეთ კორეის საზოგადოება, სადაც ადამიანები ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ. მას ეს აღიარება ექსპერიმენტული მიდგომისთვის მიენიჭა.

რეპორტაჟი

გამარჯვებული - ნიკოლა ოკინ ფრიოლი

ნიკოლა ოკინ ფრიოლის ნამუშევარი ეკვადორის ამაზონიის ძირძველი მოსახლეობის შესახებ პოეტური მიდგომაა იმ საფრთხის მიმართ, რომელსაც Texaco® უქმნის გარემოს, საარსებო საშუალებას და კულტურას. ავტორის კომპოზიციების სილამაზე და ოსტატობა, ნამუშევრის სიუჟეტზე თითქმის ყოველმხრივ დაკვირვებასთან ერთად, მძლავრ ესსედ ერთიანდება, რომელიც არა მხოლოდ იძლევა ნამუშევრის ესთეტიკური თვალსაზრისით შეფასების საშუალებას, არამედ დაგვაფიქრებს წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულების გლობალურ შედეგებზეც.

ერთი კადრი

გამარჯვებული - გჟეგოჟ პიოტროვსკი

გჟეგოჟ პიოტროვსკის მიერ შექმნილ პორტრეტზე ხანშიშესული ქალი გულხელდაკრეფილი, ყვავილებით მორთული პოზირებს, თითქოს კუბოში წევს. გვერდით სიმხიარულის მანიშნებელი ბუშტების ნაკრები ახალგაზრდობისა და თამაშის ასოციაციას აღძრავს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ავტორმა ნამუშევრის სუბიექტის ცხოვრება წარმოგვიდგინა აკვნიდან საფლავამდე.

მობილური ფოტო

გამარჯვებული - მაია ტოჩილაშვილი

მაია ტოჩილაშვილის „მაგიდა წვიმიან ამინდში“ კაცობრიობის საუკუნოვანი ტრადიციის სახალისო დასტურია, როცა ნათესავები და ოჯახის წევრები, სუფრასთან სხედან და ჭამის თუ ცერემონიალის დროს საუბრობენ, იმის მიუხედავად, თუ როგორი ამინდია.

გამარჯვებულებს სრულად გაეცანი აქ: www.kolga.ge