იანვარი 22, 2024
ბოლო დეკადის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მუსიკალური ფირფიტის მედიუმმა ტრენდში დაბრუნება დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი რასაც ყველანი თვალს ვადევნებთ, უკვე ნაცნობი თუ შედარებით უცნობი ჩანაწერების თავიდან გამოცემაა. ერთია როდესაც ახლად შექმნილ ალბომს გამოსცემ ფირფიტაზე, ხოლო მეორეა როცა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი მუსიკა გამოდის ამ ფორმატით.
ერთი მხრივ ეს ინტერნეტის დამსახურებაცაა. Youtube-მა და მსგავსმა პლატფორმებმა შეძლეს უამრავი ადამიანის აქამდე დაფარული კოლექციის ონლაინ სივრცეში განთავსება, აქვე ხვდება ისეთი ჩანაწერები, რომლებიც ხშირად ავტორსაც კი მივიწყებული ჰქონდა, ან ისეთი მუსიკა, შექმნის პერიოდში მცირედი ინტერესი რომ ხვდა წილად - თუმცა დრომ მისი მნიშვნელობა უფრო მეტად დააფასა და დღეს მათი გამოცემა ერთგვარად ამ აღიარების მანიფესტაციაა.
მეორე მხრივ არ უნდა გამოგვრჩეს ამ ჩანაწერების მუსიკალური ღირსებები. დასავლეთში უკვე უამრავი მუსიკალური ლეიბლი არსებობს, რომელთა ფოკუსიც სწორედ მსგავსი მასალების მოძიება და გამოშვებაა. მსგავსი მეთოდებით ისინი ცდილობენ ამა თუ იმ ქვეყნის მუსიკალური წარსულის ახალი თაობისთვის გაცნობას და უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ ეფექტურადაც გამოსდით. იქნება ეს რომელიმე კონკრეტული შემსრულებლის ალბომი თუ კრებული, როგორიცაა ირანული ელექტრონული მუსიკა 1980-იან წლებში, აფრიკული ფანკი 1970-იანებიდან, რაც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, როგორც აღნიშნულ ქვეყნებში, ისე დასავლელ მელომანებში. ეს გამოცემები კოლექციონერების ინტერესადაც ყალიბდება და ხშირად არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე იბეჭდება ფირფიტაზე.
კარგი ის არის, რომ ამ სიომ საქართველოშიც დაუბერა. საბჭოთა თუ მისი შემდგომი ქართული მუსიკალური სივრცე სავსეა მარგალიტებით. მათგან რამდენიმე საზოგადოებისთვის უფრო ცნობილია და შესაბამისად მეტ-ნაკლებად დაფასებულიც. თუმცა აქვეა უამრავი ჩანაწერი, რომელიც იმ პერიოდშიც ნაკლები ინტერესით სარგებლობდა და მინიმალური ტირაჟით გამოიცა. სწორედ დრომ გამოაჩინა აღნიშნული ალბომების უნიკალურობა. დღემდე მათი მოძიება კერძო კოლექციებში თუ შეიძლებოდა, პერიოდულად კი მშრალ ხიდზეც გამოერეოდა ხოლმე.
Vodkast Records პირველი ქართული ფირფიტების მაღაზია და მუსიკალური ლეიბლია. მათ ალბათ პირველებს მიუძღვით როლი საქართველოში ფირფიტებისადმი ინტერესის ხელახლა გაღვიძებაში. ბოლო დეკადაში Vodkast-მა საკუთარი ლეიბლის ქვეშ მოქმედი ქართველი მუსიკოსების რამდენიმე ახალი ჩანაწერი გამოუშვა, თუმცა ყოველთვის დგება სიახლეების დრო. რამდენიმე წლის წინ ჩაფიქრებული იდეა 2023-ის ბოლოსთვის განხორციელდა და ჩამოყალიბდა Vodkast-ის მეგობარი ლეიბლი, Tbilisi Records, რომელიც წარსულში აქტიური და მოქმედი მუსიკოსების ჩანაწერების ხელახლა გამოცემას და ამ ფორმით მათ გაცოცხლებას ემსახურება. განსაკუთრებულია მათი პირველი გამოცემა, ალექსანდრე კილაძის ''ჯაზ ქორალი''.
ქართული ჯაზის ისტორია ჯერ კიდევ XX საუკუნის 1930-იანი წლებიდან იწყება. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დროს, განსაკუთრებით 1980-იან წლებამდე, ჯაზი, თავისი ნამდვილი, თავისუფალი ფორმით აკრძალული იყო, როგორც კაპიტალისტური კულტურის პირმშო. შესაბამისად ამ წლების განმავლობაში ქართველი მუსიკოსები ჯაზთან ირიბ კავშირებს თუ ამყარებდნენ - ზოგი ამას საესტრადო მუსიკის ფორმით აკეთებდა, ზოგიც კი ამ ჟანრის შერწყმას სხვა, შედარებით მისაღებ მუსიკალურ სტილებთან ურთიერთობით ცდილობდა. ამ პერიოდიდან რამდენიმე გამორჩეული ალბომი შემოგვრჩა, მათ შორის ჯაზ ტრიო „კავკასია“, გიული ჩოხელის ვოკალური ჯაზი და სხვა.
1970-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა მუსიკოსების ჯგუფმა, ალექსანდრე კილაძის ხელმძღვანელობით ჯერ „ჯაზ კვარტეტი“ შემდეგ კი მცირე ანსამბლი, ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც ისეთი მუსიკის შესრულება იყო, რაც განასხვავებდა მათ იმ დროს პოპულარობის პიკში მყოფი კოლექტივებისგან („დიელო“, „ორერა“, „ივერია“). მათ საფუძვლად იმ დროისთვის ამერიკაში პოპულარული ანსამბლების მიდგომა აიღეს, რომლებიც ვოკალიზით და აკაპელათი ხმოვანი ჰარმონიის შექმნას ცდილობდნენ. ასე შექიმნა „ჯაზ ნონეტი“, რომელმაც ეს მიმართულება ქართულად გარდაქმნა, ხოლო ფუძედ მათ შესრულებას ქართული ფოლკი და მასზე წარმოქმნილი ვარიაციები დაედო. 1970-იანი პერიოდის შუაში კი აღნიშნულმა ანსამბლმა პირველი ალბომი გამოსცა.
1985 წელს ჩამოყალიბებული „ჯაზ ქორალი“ სწორედ წინა ანსამბლების ლოგიკური გაგრძელება იყო. მასში 11 ვოკალისტი და 4 მუსიკოსი ირიცხებოდა. 1986 და 1989 წლებში კი ორი ალბომი ჩაწერეს. მოსკოვის ჯაზ სტუდიოს 25 წლის იუბილეზე მათმა გამოსვლამ მალევე მიიპყრო ბევრის ყურადღება. 1986 წელს პოლონეთში, XXIV ჯაზ ფესტივალზე, ანსამბლმა გრანპრი მიიღო, რასაც მოჰყვა კონცერტები, როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე ევროპულ ქვეყნებში. 1987 წელს სტოკჰოლმში მათ გამოსვლას საყოველთაო აღიარება მოჰყვა. მათზე სტატიები იწერებოდა ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Washington Post, Jazz Forum და სხვა - პოლონეთში კი ფილმიც კი გადაიღეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ალექსანდრე კილაძე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და შესაბამისად, 1992 წლისთვის ანსამბლმაც შეწყვიტა მოქმედება. რამდენიმე წლის შემდეგ, სახეცვლილი და შესაბამისად განსხვავებული რეპერტუარით, ვოკალისტის, ლალი ბერაძის ხელმძღვანელობით აღდგა და მცირე ტირაჟით დისკიც კი გამოუშვა, თუმცა ამას დიდი გაგრძელება არ მოჰყოლია.
განსხვავება "ჯაზ ქორალსა" და სხვა ჯგუფებს შორის მათი ჯაზის პრინციპებისადმი ერთგულება და ამავდროულად მისი ეთნო მუსიკასთან სინთეზი იყო. ალექსანდრე კილაძის ორიგინალური კომპოზიციები და არანჟირებები ქართული პოლიფონიის მდიდარ ტრადიციას და მის კომპლექსურ ჰარმონიას ეფუძნებოდა. გარდა ამისა, ისინი ცნობილ ჯაზ სტანდარტებსაც ასრულებდნენ. "ჯაზ ქორალის" 1986 წლის ალბომი ლამაზადაა არანჟირებული, რამდენიმე კომპოზიციაში გამოკვეთილად ისმის ხან ფლეიტის, ხანაც ფორტეპიანოს წამყვანი ხმა, კომპოზიციების ნაწილი კი ეფექტურად სრულდება მხოლოდ ვოკალიზის დახმარებით - რაც მთავარია, აქ ქართული ფოლკისა და ვოკალური ჯაზის სინთეზის ძალიან კარგ მაგალითებს ვაწყდებით, რასაც დღესაც აქტიურად იყენებს რამდენიმე მოქმედი ანსამბლი.
Tbilisi Records-ის მიერ გამოშვებულ ფირფიტას, გარდა ორიგინალური კომპოზიციებისა, კიდევ ერთი, აქამდე გამოუცემელი კომპოზიცია „ბორჯომის ხეობა“ ემატება, რომელიც გურამ ბზვანელის მიერ, 1950-იანი წლების შუაში დაწერილი სვინგია, თავდაპირველად გეპეის კვარტეტი რომ ასრულდებდა.
ამ ფირფიტის გამოცემით მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო - ერთი მხრივ მუსიკალურად ცოცხლდება უახლესი საქართველოს ისტორია და მასში მონაწილე მუსიკოსები, მეორე მხრივ კი ქართველი ახალგაზრდა მსმენელი უფრო მეტს იგებს ამ ისტორიების შესახებ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არ დავივიწყოთ - აქტიურია უცხოელი მსმენელიც, რომელიც მსგავსი საკოლექციო ნივთებითაა დაინტერესებული. წარმატებები ვუსურვოთ Tbilisi Records - დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი დაფარული ისტორია წინ გველოდება.
ავტორი: ჯაბა შავიშვილი