Jazz & Wine 2021 - ფესტივალზე წინანდალში

მუსიკის კონცეპტი

ოქტომბერი 12, 2021

ფესტივალი “ჯაზი და ღვინო”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება, უკვე ტრადიციულად შეიძლება მივიჩნიოთ. შემოდგომის კახეთის  განსაკუთრებული ელფერი არა მხოლოდ ბუნებას, არამედ მთელ ღონისძიებას დაჰკრავს, რომელიც მუსიკის და ღვინის თანხლებით მიმდინარეობს და ნამდვილად სასიამოვნო მოგონებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში.

გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა რამდენიმედღიანი ფესტივალის პროგრამის ერთ დღეში ჩატევა მოახერხეს, რის გამოც ეს შინაარსით და მოვლენებით დატვირთული ღონისძიება კიდევ უფრო გამორჩეული იქნება. 

ფესტივალი მუსიკისა და გასტრონომიის თანხლებით 13 საათზე დაიწყება.

რუდი ვალენტინოს იტალიური სვინგ კვინტეტი, სიცილიელი კულინარების - მაურიციო სიცილიანოს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი კერძების დაგემოვნების ფონზე, შეასრულებს თქვენთვის ნაცნობ და უცნობ მელოდიებს, ხოლო 20-ზე მეტი ქართული საოჯახო ღვინის კომპანია შუადღიდანვე უზრუნველყოფს საზეიმო განწყობას.


ასევე სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა დღის მთავარი მუსიკალური პროექტი “United Pianists”, რომელიც საღამოს 8 საათზე წინანდლის დახურულ დარბაზში გაიმართება. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა მოისმინოს ორ როიალზე ოთხი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პიანისტის მიერ შესრულებული ჩარლი პარკერის თემები

დენი გრისეტი (აშშ), მიხალ ტოკაი (პოლონეთი), რობერტ ტარენზი (იტალია) და პაპუნა შარიქაძე (საქართველო) პირველად სწორედ წინანდალში შეხვდებიან ერთმანეთს; შესაბამისად, ეს კონცერტი ჯაზის საუკეთესო ტრადიციების თანახმად, უმეტესად, იმპროვიზებული იქნება. ოთხივე პიანისტი ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსია, რაც კიდევ უფრო აღვივებს ჩვენს ინტერესს ამ უნიკალური კონცერტის მიმართ.

“ჩვენ გვჯერა, რომ ჯაზი საკომუნიკაციო ენაა და ერთობლივად დაკვრა სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტზე ოსტატური დაკვრით მიღწეული ემოციური დიალოგი მუსიკოსებს შორის. მსმენელი თვითონ შეძლებს გადაწყვიტოს, რამდენად შედგა ეს მუსიკალური დიალოგი”,

ამბობს პაპუნა, რომელსაც კარგად იცნობენ ქართველი და არამხოლოდ ქართველი ჯაზის მოყვარულები და რომელიც სცენაზე ისეთ მუსიკოსებთან ერთად მდგარა, როგორებიც არიან - ედი გომესი, ლენი უათი, ტერენს ბლანშარდი და სხვ. პაპუნა შარიქაძე წლევანდელი ფესტივალის ერთადერთი ქართველი მონაწილე და შესაბამისად, მასპინძელიცაა. 

საზეიმო განწყობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველთვის სუფევს წინანდალში, მთავარი კონცერტის დასრულების შემდეგ პროგრამა არ მთავრდება. მუსიკოსები, რომლებიც გვიანობამდე სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ, შემთხვევით როდი არიან შერჩეული. 

დიჯეი მაესტრო, რომლის ყველაზე დახვეწილი ჯაზის (მაგალითად, კოლტრეინი, ჩეტ ბეიკერი) კომპილაციები “ბლუ ნოუთ რეკორდსზე” ხშირად გამოდის, ცნობილია არამხოლოდ ჯაზისადმი განსაკუთრებულად რაფინირებული მიდგომით, მას ჯაზის წრეებში ასევე მოიხსენიებენ, როგორც “მუსიკის ყველაზე დიდ მოყვარულს, რომელმაც ამ სიყვარულის ფასიც გადაიხადა”. უტრეხტში კლასიკური ვიოლინოს მიმართულებით განათლების მიღებისა და არაერთ ორკესტრში დაკვრის შემდგომ მაესტრომ უამრავი ჟანრი მოიცვა, თუმცა რაც უცვლელი დარჩა, ესაა მისი დიდი სიყვარული ჯაზისადმი. რთული იქნება ელექტრონული მუსიკის შემსრულებლის პოვნა, რომელიც ასე თავისუფლად მოძრაობს სტილთა მრავალფეროვნებაში და ამხელა ვნებით ეშვება “მუსიკალურ ორომტრიალში”. 

მაესტროსთან ერთად სცენაზე იდგება სიუზან ალტი, გერმანიაში დაბადებული, ჰოლანდიაში მოღვაწე საქსოფონისტი, რომლის ინტერესიც, მაესტროსავით, კლასიკური მუსიკის განათლების მიღების შემდეგ ჯაზზე გადაერთო და რომელიც არაერთი წარმატებული პროექტის მონაწილე და ინიციატორი გახდა.


ამ მომენტამდე მის ყველაზე ამბიციურ ნაშრომად შეიძლება 2016 წელს გამოსული ალბომი ჩაითვალოს, რომელშიც 36 მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის ისეთები, როგორებიც ფრედ უესლი, როდნი კერტისი ან როჯერ სმიტი (“Tower of Power”) არიან.

ჩვენ კი გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს განსაკუთრებული დღე წინანდლის მამულში, რომელიც შეიძლება მთელ შემოდგომასაც კი უდრიდეს.


ფესტივალის ნაკრების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: JAZZANDWINE

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.


ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ კოვიდ პასპორტი ან ბოლო 24-72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.


სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-ის ფესტივალის სტუმრებისთვის PCR ტესტის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ექსკლუზიურ ფასად (მის.: სანდრო ეულის 7).


ავტორი: მანანა მუსხელიშვილი / AT.ge