მუსიკა | ცა

იანვრის ქართული მუსიკა Vol. 10

Tsa.Music

თებერვალი 02, 2021

Gacha Bakradze - Obscure Languages

ქართველი მუსიკოსი, გაჩა ბაქრაძე ესპანურ ლეიბლზე Lapsus Records” ახალ ალბომს აქვეყნებს. 2018 წლის „Word Color"-ის შემდეგ, ეს გაჩას მეორე რელიზია ბარსელონაში დაფუძნებულ ლეიბლზე. 9 ტრეკში მოცემულია ტექნოს, ბას მუსიკისა და ექსპერიმენტული IDM-ის ნაზავი, რომელიც დახვეწილი ხმოვანი დიზაინით მალევე იპყრობს მსმენელის ყურადღებას.

VA - Small World

თბილისში მდებარე ფირფიტების მაღაზია და ლეიბლი Small Moves, მეორე კომპილაციურ ალბომს აქვეყნებს, რომელშიც ამჯერად ქართველი და უცხოელი პროდიუსერების რჩეულ ტრეკებს აერთიანებს. ალბომი მუსიკალურად მრავალფეროვანია და ელექტრონული საცეკვაო მუსიკის თითქმის სრულ დიაპაზონს ფარავს.

Gio Shengelia - ხვალ | ზეგ

გიო შენგელიას საქართველოში როგორც ერთ-ერთ პიონერ DJ-ის, ისე იცნობენ, თუმცა, იგი პერიოდულად საკუთარ ტრეკებსაც საჯაროდ აქვეყნებს, მათ შორის მოხვდა იანვარში გამოშვებული „ხვალ | ზეგ“ EP, სადაც მუსიკალურად ატმოსფერული ტექნოს ჟღერადობას ვაწყდებით.

UNKNOWNUMB - At Your Worst​,​You Are The Most Free​,​The Best

თბილისელი პროდიუსერის, ირაკლი ეთერიას პროექტი, რომელმაც იანვარში რამდენიმე EP და სინგლი გამოსცა. აქ თქვენ შეხვდებით მშვიდ ემბიენთს, ხმოვან კოლაჟს, ჰიპ-ჰოპ რეჩიტიტავს, სადაც პროდიუსერი საკუთარ მუსიკალურ მრავალფეროვნებას ნათლად გვაჩვენებს.

Levan Shanidze - Funeral Garden

Blue Yogurt-ის კოლექტივი ლევან შანიძის ახალ ალბომს აქვეყნებს. „Funeral Garden“ რადიოდადგმის ფორმატითაა წარმოდგენილი, რომელიც Claire Morse-ის ტექსტზეა აგებული. მუსიკალურად კომპოზიციები კი გიტარის ვარიაციების ირგვლივ ვითარდება.

Zuka - INNER Complicators

2020 წელს გამოცემული ალბომის შემდეგ, „Leno Records“ თბილისელი მუსიკოსის, ზუკა სიმონიშვილის სინგლს „INNER Complicators“-ს აქვეყნებს. აქ გიტარიდან აქცენტი უკვე ფორტეპიანოზე გადავიდა, რასაც ზუკას მშვიდი ვოკალიც თან გასდევს.

tsuki - lyr; grv

ანონიმური პროდიუსერი თბილისიდან, რომელმაც გასულ წელს იაპონური კულტურიდან შთაგონებული რამდენიმე ემბიენთ EP გამოაქვეყნა, ამჯერად გრუვით გაჯერებულ რელიზს გვთავაზობს. 6 კომპოზიციაში მოცემულია ჰაუსის, ტექნოს, DnB-ს, გაბერის და სხვა საცეკვაო მუსიკის ელემენტები.

მჟავა MESSAGE - მჟავა MESSAGE

იანვარში CES Records-ზე თავიდან დარელიზდა „მჟავა MESSAGE” - პირველი ქართული, სრულიად ელექტრონული ჟღერადობის ალბომი, რომელიც 1996-97 წლებში, გოგი ძოძუაშვილისა და ნიკა მაჩაიძის მიერ ჩაიწერა, ალბომში გამოყენებული ტექსტები და ვოკალი კი, აგრეთვე, ნინო ჩუბინიშვილს, მაია და გიო სუმბაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული ხელოვანთა ჯგუფი მომავალში ფართო საზოგადოებისთვის GOSLAB-ის სახელით გახდება ცნობილი.

Skhivosani – Okta

„სხივოსანი“ თბილისელი მუსიკოსის, ნიკა გაბუნიას პროექტია. მისი პირველი EP მელანქოლიით სავსე სამი Post-Rock კომპოზიციისგან შედგება - რეკომედირებულია პოსტ-როკის მოყვარულთა მიერ!

Yellow and Green - Yellow and Green EP

ანონიმური პროექტი თბილისიდან სადებიუტო EP-ს აქვეყნებს. ჰიპ-ჰოპი, ელექრონიკა და ინდი პოპის შეხმატკბილება ქართული მუსიკალური სცენისთვის საინტერესო პერსპექტივას გვპირდება.

Koridze – Yosi

ქართველი პროდისერის, გიორგი ქორიძის ახალი სინგლი და ვიდეო კლიპი.

Daniel Adikashvili Quintet – Magica

სექტემბერში გამოშვებული EP-ის შემდეგ, დრამერი დანიელ ადიკაშვილი მეგობარ მუსიკოსებთან ერთად ახალ ჯაზ ფიუჟენ EP-ს უშვებს. აღნიშნულ ქვინტეტში დანიელთან ერთად თანამედროვე ქართული ჯაზ სცენის წარმომადგენლები: ნიკა გაბაძე, ხონძი, სანდრო კვაჭაძე და ლუკა თოფურია უკრავენ.

SophiO & Dream Quintet - Oh Shenandoah

მომღერალი სოფიო კაკულია ქართული ლეიბლზე  „OneSmallStep Production“ ცნობილი ამერიკული ფოლკ სტანდარტის, „Oh Shenandoah“-ის ახალ ვერსიას აქვეყნებს, რომლის ჩაწერაში ასევე სხვა ქართველი მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ.

sTia - H290418

sTia, რომლის მუსიკალური წარსული კლასიკურ მუსიკასთან და ფორტეპიანოსთან არის დაკავშირებული, ახალი ემბიენთ კომპოზიციით გვიბრუნდება, რომლის დასახელებაც მის ცხოვრებაში ტრაგიკული თარიღთან არის დაკავშირებული.

Mathe Kabe - მზე და მთვარე

Mathe Kabe ქართველ-იტალიელი მუსიკოსის, მათე მიქაბერიძის ფსევდონიმია. რამდენიმე წელია აქტიურად ქმნის მუსიკას, „მზე და მთვარი“ კი მისი პირველი ქართულენოვანი ნამუშევარია.

Downtempo Rituals – MTSVANE

Downtempo Rituals - ვაშინგტონში ქართველების მიერ დაარსებული ლეიბლი და პოდკასტების სერიაა, რომელიც პირველ კომპილაციურ ალბომს აქვეყნებს. „მწვანე“ - როგორც ზრდის, ჰარმონიის, სიჯანსაღისა და სიმშვიდის ფერი. აღნიშნული ალბომი აერთიანებს Downtempo-ს ფოლკს, ელქტრონულ მუსიკას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

Ninshū - Sazrdo EP

Ninshū მუსიკოსი ლევან ქათამაძის პროექტია, „Sazrdo EP“ კი მისი მუსიკისათვის დამახასიათებელი ატმოსფერული და მელოდიური პასაჟებით ხასიათდება.

Margvelani - მეამბოხე

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის და ბითმეიქერის, გიორგი მარგველიანის პირველი სინგლი.

LUA - Paper Crown EP

მუსიკოსი და მომღერალი, ქეთათო ნერგაძე, იგივე LUA ახალ საშობაო EP-ს ავრცელებს.

Healer Twins - Mountain Of Dreams

ქართული მუსიკალური დუეტი „Healer Twins” ახალ ვიდეოკლიპს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოში პანდემიით დაზარალებული მუსიკოსების მიმართ სოლიდარობის გამომხატველია.

Genetic Intelligence - დრო

ქართული როკ  ბენდი, „Genetic Intelligence“, 1998 წელს, ასევე, ქართული ბენდის, „STEEL HAIL“-ის მიერ ჩაწერილ სიმღერის ქავერს აქვეყნებს.

Tornike – Slow

ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, თორნიკე ჩოხელი დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ბერლინურ ლეიბლზე, “Trenton Records” ახალ ტრეკს აქვეყნებს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი