მუსიკა | ცა

ჯეიმს ლაველი - ადამიანი UNKLE-დან

UNKLE-ის დამფუძნებელი და ერთადერთი მუდმივი წევრი, მუსიკოსი, დიზაინერი, ლეიბლების მფლობელი, გრაფიკოსი, DJ, კურატორი, ნამდვილი “პიონერი”, “OG”, ბრიტანეთის მუსიკალური “ანდერგრაუნდის” გამხსნელი, “ტრიპ-ჰოპის” მამა - ჯეიმს ლაველი (James Lavelle) პირობას ასრულებს და ახალი პროექტით ქართველ მსმენელს უბრუნდება, ისევ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე, ისევ ფესტივალის მეორე დღეს - 22 ივნისს.

ივნისი 09, 2019

ჯეიმს ლაველი, UNKLE, 2016. ფოტო - გიორგი ინდუაშვილი

მაშინ, Tbilisi Open Air 2016-ის მეორე დღეს, UNKLE ერთ-ერთ გამორჩეულ ჰედლაინერად ჩაიწერა ფესტივალის ისტორიაში და მათ გამოსვლამდე, შთამბეჭდავად გაზრდილი მსმენელთა რაოდენობაც ამაზე მეტყველებდა. მახსოვს, გამოსვლის შემდეგ, ჯეიმს ლაველი ბევრს გვაქებდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო აუდიტორიას. იმდენად კარგები ხართ, რომ თქვენთან „სელფის“ გადაღებაც გვინდაო... და მთელი ჯგუფი ზურგით ტრიალდება, რომ ჩვენს ფონზე ჩაჩხაკუნდნენ.

UNKLE, Tbilisi Open Air 2016. ფოტო - გიორგი ინდუაშვილი

2016-დან დღემდე, UNKLE-ის დისკოგრაფიას, (7-წლიანი პაუზის შემდეგ!) ორი ალბომი - ტრილოგიის 2/3: “The Road: Part. I” (2017) და “The Road, Part II / Lost Highway” (2019) შეემატა. ორივე სრულმეტრაჟიანი და ფართოფორმატიანი, ლაველისეული ესთეტიკით გადაწყვეტილი, კინომატოგრაფიით შთაგონებული და საბოლოოდ ცხოვრების მეტაფორად ქცეული. როგორც ლაველი ხსნის, ”პირველი ნაწილი სახლიდან წასვლაა, მეორე - საკუთარი გზაზე დადგომა და გამოცდილების მოკრება, მესამე კი, ფროიდიანულად, ისევ სახლში დაბრუნებაა”... მეორე ნაწილის შესავალში კი, ელიოტ ფაუერი მსმენელს ამ სიტყვებით ამზადებს - “Once you have walked the road, everything becomes clear” (ყველაფერი გასაგები გახდება, როგორც კი გაივლი გზას).


The Road: Part. I” (2017) და “The Road, Part II / Lost Highway” (2019)

“The Road, Part II / Lost Highway” - მარშრუტია 22 კომპოზიციით და თითქმის, საათნახევრიანი ქრონომეტრაჟით. სხვა ნამუშევრების მსგავსად, აქაც, თანაავტორ-შემსრულებელთა შთამბეჭდავი ჩამონათვალია: ზემოთ ნახსენები - ელიოტ ფაუერი, ლონდონელი Miink, მარკ ლანეგანი (Queens of the Stone Age), ტომ სმითი (The Editors), მიკ ჯონსი (The Clash), ფოლკ-შემსრულებელი კიტონ ჰენსონი, მულტიინსტრუმენტალისტი ESKA, კომპოზიტორი ვილ მელოუნი (Black Sabbath, Massive Attack, The Verve etc.) ...

“ახლის შესაქმნელად, ირჩევ დღეისთვის აქტუალურ ელემენტებს და მათ ერთმანეთთან აკავშირებ” - ასეთია ჯეიმს ლაველის, “მოზაიკების” აწყობის დიდოსტატის, ფილოსოფია. 90-იან წლების ბრიტანეთში, სადაც “კოლაბორაცია”, თურმე, ჭუჭყიან სიტყვად ითვლებოდა, ჯეიმსი ნულოვანი გრავიტაციის ბლენდერში ათავსებდა მუსიკოსებს, დიზაინერებს, მხატვრებს და ქმნიდა ახალ იდენტობებს, იგონებდა ახალ ენას, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აკავშირებდა ხელოვნებასთან და გზას უხსნიდა თანაშემოქმედების კულტურას. ბრენდებთან “კოლაბორაციის” ტრადიციაც, შეიძლება ითქვას, რომ მისი წამოწყებულია.

“ახალია, მოაზროვნეა, გემოვნებიანია და რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერი ხარისხიანია” - იენ ბრაუნი (The Stone Roses).

UNKLE-ის ისტორიაც, რეალურად, წარმატებული თანაშემოქმედების ამბავია და ბენდის მაგივრად შეიძლება ბრენად აღვიქვათ... ამ სახელთან ათობით სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსი ასოცირდება: ტომ იორკი (Radiohead), ოზი ოზბორნი, მობი, ნიკ კეივი, რიჩარდ ეშკროფტი (The Verve), იან ბრაუნი (The Stone Roses), რობერტ დელ ნაია, იგივე 3D (Massive Attack)... თავიდან, “ტრიპ-ჰოპთან”ასოცირდებოდა, იმდენად, რომ ჯეიმსს ტრიპ-ჰოპის მამადაც მიიჩნევდნენ. შემდეგ, “ბრეიკბიტ”-ზე გადაერთო, 2000-ებში -როკზე. ამ მრავალფეროვნებაში ერთადერთი კონსტანტა თავად ჯეიმსია საკუთარი მუსიკალური ალქიმიით. ნიშანდობლივია - 27 წლის მანძილზე, მოწვეული არტისტებიდან არც ერთს არ გაუმორებია იგივე რაც ამ “ბრენდთან” შეუქმნია.

ლაველი გაიზარდა ოქსფორდში. პირველად, 14 წლის ასაკში აღმოჩნდა ღამის კლუბში. ღრუბელივით ისრუტავდა მუსიკას, სტილს, ცეკვას... “ეს ყველაფერი sci fi ფილმში მოგზაურობას ჰგავდა, სრული სიგიჟე ხდებოდა. ცოტა სახიფათოც იყო და მით უფრო შთამბეჭდავი.” მალევე დაიწყო საკუთარი კლუბური ღამეების მოწყობა სახელით “Mo’Wax Please” [მეტი ვინილი გეთაყვა]... პარალელურად, სტაჟიორად ააყვანინა თავი ვინილების მაღაზიას, რომელიც აშშ საცეკვაო იმპორტზე სპეციალიზდებოდა. ინტერნეტშობამდე, სახელსა და კონტაქტებს ვერ მოიხვეჭდა ბეჭდვითი მედიის გარეშე. გაზეთში “Straight No Chaser” საკუთარი სვეტი წამოიწყო, იგივე სახელით - “Mo’Wax Please”. რედაქციაში მისულს, უსტაბაშებისთვის განუცხადებია “თქვენ მე გჭირდებითო” და მათაც დაუჯერეს. ეს ყველაფერი, სანამ 16 წლის გახდებოდა...

Mo'Wax არქივიდან

8 წლისას, უკვე საკუთარი ლეიბლი ჰქონდა, ისევ “Mo’Wax”, რომელიც მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ პლატფორმად იქცა. “4-5 წელიწადში 200-მდე ალბომი გამოვუშვით, არ მგონია ოდესმე კიდევ ვიმუშავო ასე, სიგიჟა”. ლეიბლმა გარშემო შემოიკრიბა “ბიტმეიკერი” ვირტუოზები დაწყებული DJ Shadow-დან კალიფორნიაში, გაგრძელებული DJ Krush-ით ტოკიოში, ჰოქსტონიდან ჰარაჯუკუმდე... 2018 წელს, ლეიბლისა და ჯეიმს ლაველის შესახებ საკმაოდ ამომწურავი დოკუმენტალური ფილმიც - “ადამიანი Mo'Wax-დანგამოვიდა.

აქაც ჩანს, როგორ შემოიკრიბა ჯეიმსმა ქუჩის მხატვრები, რადიკალისტი გრაფიკოსები - ბასკია, Futura, 3D (რობერტ დელ ნაჯა Massive Attack-დან)... 1994-დან ლეიბლი არტ-სამყაროში ინტეგრირდება და სრულიად ახალ იდენტობას იძენს. ჯეიმსის თქმით - “Futura და 3D თითქმის მეცნიერულად უდგებიან თავიანთ ნამუშევრებს და სწორედ ამიტომ მოუხდნენ ყველაზე მეტად ჩვენს მუსიკას”...

ლეიბლის მწვერვალი DJ Shadow-ს ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპ ალბომი “Endtroducing.....” გახდა [1996]. ჯეიმსისთვის, დღემდე ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია. სწორედ ამ წარმატებამ უბიძგა მას თავის დროზე, რომ კიდევ უფრო დიდი მწვერვალი დაეპყრო. შედეგად პროექტი, რომელმაც მთლიანად შეარყია მისი ლეიბლის “მიწისქვეშეთი”: UNKLE-ის პირველი სტუდიური ალბომი “Psyence Fiction” [1998], გამოცემული DJ Shadow-სთან ერთად. ალბომის ვარკსვლავები გახდნენ: ტომ იორკი (Radiohead), Mike D (Beastie Boys), Jason Newsted (Metallica), Badly Drawn Boy, რიჩარდ ეშკროფტი (The Verve)...

ჯეიმს ლაველი და DJ Shadow, ფოტო Mo'Wax არქივიდან

UNKLE-ის მეორე სტუდიური ალბომიც - “Never, Never, Land” [2003] Mo’Wax-ზე გამოვიდა. 2005 -ში, ჯეიმსმა შექმნა ახალი ლეიბლი - Surrender All, რომელზეც გამოვიდა მომდევნო ალბომები: “War Stories” [2007], End Titles... Stories for Film [2008] და Where Did the Night Fall [2010]. მინი ალბომების "The Answer" და "Only The Lonely"-ის შემდეგ, რომელშიც ერთ-ერთი ვოკალური პარტია ნიკ ქეივმა შეასრულა, UNKLE დიდი ხნით გაქრა თვალსაწიერიდან.

UNKLE 1998 - 2010

ლაველი გადაერთო დიჯეობასა, კლუბურ მუსიკასა და კურატორობაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს მის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციური პროექტს - “Daydreaming with...”, რომლის ფარგლებშიც უკვე მოეწყო სტენლი კუბრიკის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი გამოფენა, რომელმაც გააერთიანა 60-მდე არტისტი, რეჟისორის მეუღლის - ქრისტიან კუბრიკის ჩათვლით.

ლაველის კინომანობა მისი მუსიკალური კარიერის მანძილზე ყველაზე თვალსაჩინოა UNKLE-ის სახასიათო მუსიკალური ვიდეოებში. თამამი, ზოგჯერ შემაძრწუნებელი, ზოგჯერ ჟრუანტელის მომგვრელი, ან უბრალოდ, ესთეტურად სასიამოვნო ვიზუალების გადმომცემი მოკლე ფილმები, რომლებშიც ვერ დალანდავ ვერც მომღერალს, ვერც ინსტრუმენტებს, იმიტომ რომ UNKLE ხომ არასდროს ყოფილა სტანდარტული ბენდი... ეს არის ჰიპ ჰოპზე, ქუჩის მხატვრობაზე, Massive Attack-ზე გადარეულ-შეყვარებული ერთი ოქსფორდელი ბიჭის გზა. ველური, ფართო, ფერებით გადაჭედილი, მიხვეულ-მოხვეული, ციცაბო და არასდროს მოსაწყენი გზა, რომელიც ყოველთვის წინ უსწრებს დათქმულ დროს... “Kicks more phunk than a shaolin monk”!

ფოტო Mo'Wax-ის არქივიდან

სამი წლის წინანდელი ფესტივალის მეორე დღის დღიურები კი ასე სრულდებოდა:

“ბენდის რამდენიმე წევრი სცენაზე აღჭურვილობის ასალაგებლად ბრუნდება, ხალხი ისევ ექსტაზშია და ყოველ მათ გამოჩენას ოვაციებით ხვდება. რამდენიმე წუთში, მეუბნებიან რომ ჯეიმსი მოკლე კომენტარს გააკეთებს პრესისთვის. კომენტარი კი უბრალოდ გულითადი მადლობაა: “საოცარი საღამო იყო, საოცარი მსმენელი! მადლიერი ვარ აქ ჩამოსვლით და იმ ხალხის, რომელიც ჩვენ სანახავად მოვიდა. იმედია, კარგი დრო ატარეთ, ისევე როგორც ჩვენ! ძალიან დიდი მადლობა!”

UNKLE, Tbilisi Open Air 2016. ფოტო - გიორგი ინდუაშვილიs

დეჟავუმდე, მეგობრებო!


ავტორი - ნინო კაკიაშვილი