ივლისი 17, 2024
JUNGLE - მუსიკა რომელიც ცოცხალია
18 აგვისტოს, Black Sea Arena Front Stage-ზე,Jungle ქართველი მსმენელის წინაშე პირველად დაუკრავს.
„ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ბენდებში მხოლოდ წამყვან ვოკალისტებს აქცევენ ყურადღებას. დღეს ძალიან იშვიათად ნახავთ მუსიკალურ პროექტებს, სადაც კოლექტიური სული შეიმჩნევა. ამიტომაც, არცერთ ჩვენგანს არ უნდა, რომ იყო ლიდერის პოზიციაში და ვფიქრობთ სახელი Jungle ამას კარგად გამოხატავს“
ჯოშ ლოიდ-ვოთსონი
ბენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი
2013 წელს, როდესაც Jungle პირველად გამოჩნდა, ნიუ-დისკოდ წოდებული მუსიკალური მოძრაობა თავის პიკს უახლოვდებოდა.შესაბამისად, მუსიკალური გამოცემები და კრიტიკოსები ზედმეტი ყოყმანის გარეშე იყენებდნენ ნიუ-დისკოს ქოლგას ისეთი მუსიკოსების შესაფასებლად, ვინც დისკოს, ნეო სოულის ან ფანქის ტრადიციებს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ლიანდაგებზე სვამდნენ. ბევრისთვის Jungle-ც ზუსტად ამ კატეგორიის პროექტი იყო და თითქმის არ მიუქცევია ყურადღება, რომ ერთი წლით ადრე ჯოშ ლოიდ-ვოთსონი და ტომ მაქფარლანდი აბსოლუტურად სხვა ბენდით აბსოლუტურად სხვა მუსიკას ქმნიდნენ.
დასავლეთ ლონდონში დაბადებული მუსიკოსების პირველი საინტერესო მცდელობა მათი დაარსებული ბენდი Born Blonde იყო, რომლის მუსიკაშიც ბრიტანული ალტერნატიული როკის და ფსიქოდელიური პოპის დიდი გავლენა შეიმჩნეოდა.ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ საცხოვრებელ უბანთან ახლოს ლეგენდარული Townhouse Studios იყო - სტუდია, სადაც ქოლდფლეიმ X&Y ჩაწერა, სადაც ელტონ ჯონი, ქვინი და ჯემიროქვაი თავიანთ მუსიკალურ იდეებს ხორცს ასხამდნენ. თუმცა, Born Blonde-ს ისტორია ხანმოკლე გამოდგა და ბენდის წევრებისთვის ამასაც თავისი ახსნა აქვს:
„ეს თითქოს წარმატების და პოპულარობის ძიებისთვის შექმნილი პროექტი იყო. მაშინ მეგობრებს ვწერდით და ვთხოვდით, რომ ჩვენი მუსიკისთვის მხარი დაეჭირათ, თითქოს ფეისბუქის ლაიქები ასეთი მნიშვნელოვანი იყოს.“
რაც შეეხება Jungle-ს, აქ ყველაფერი თავიდანვე სხვანაირად იყო: ნაკლები აქცენტი მუსიკოსებზე და მეტი ყურადღება მუსიკაზე.
არტისტს და მსმენელს შორის კატათაგვობანას თამაში 2014 წელს, სადებიუტო ალბომის გამოცემით დასრულდა. Jungle-მ არა მარტო მუსიკალური პერსპექტივა, არამდე სახეც გამოაჩინა და ყველას აცნობა, რომ მზად იყო თავისი მსმენელისთვის თვალებში ჩაეხედა.
“ჩვენს გონებაში ჩვენი მუსიკალური ალბომები რელიგიური ტექსტივითაა. როდესაც მის სამყაროში აბიჯებ, ახალი კარები იხსნება“
ჯოშ ლოიდ-ვოთსონი
მათი სადებიუტო ალბომი მერკურის ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა, მათი კომპოზიციები კი უკვე ოკეანის მიღმაც ხმამაღლა ისმოდა. მართალია Jungle-ს მუსიკალური ქსოვილი ხშირად ნიუ დისკოს, სოულის და საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ნაზავს წარმოადგენდა, მაგრამ ბენდის ადრეულ შემოქმედებაში აქტიურად შეიმჩნეოდა ფრენქ ოუშენის და ბონ ივერის გავლენაც, რის გამოც ლონდონურ პროექტს თავისი წილი მელანქოლიურობა და სენტიმენტალურობა ყოველთვის თან დაჰყვებოდა.
პირველი წარმატების გამეორება ან შენარჩუნება რომ ურთულესია, ეს რეალობა Jungle-მ თავის თავზეც მალევე იწვნია. “ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვცდილობდით ახალი Busy Earnin შეგვექმნა. ამისთვის ვიყენებდით იგივე მუსიკალური ინსტრუმენტებს და მიდგომებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა“ - საბედნიეროდ ჯოში და ტოდი მალევე მიხვდნენ, რომ მსმენელს მათი ახალი ექსპერიმენტები უფრო აინტერესებდათ, ვიდრე მათი განვლილი გზა.
„ძველ ემოციებს ვერასდროს დააბრუნებ. როგორც ადამიანებს, ყოველთვის გვინდა ჩვენთვის საყვარელ დროს დავუბრუნდეთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ წინ გაიხედო და ნაბიჯი გადადგა“.
ბენდმა თავისი თავი სხვადასხვა მუსიკალურ მეთოდებსა თუ ჟღერადობებში გამოსცადა და თან ეს ყველაფერი მსოფლიოს უდიდეს სცენებზე მოახერხა. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება გლასთონბერის სცენა თუ მყუდრო სალონური სივრცე, Jungle მსმენელთან ყოველთვის პირდაპირი და გულწრფელია.
ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარ თავში დარწმუნებულ მუსიკოსებთან, რომელთაც იციან თუ როგორ შექმნან მუსიკა აბსტრაქტული იდეებიდან და მიაწოდონ მსმენელს საინტერესო გზით. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკის პალიტრას Jungle ყოველთვის წარმატებით იყენებდა, ისინი არასდროს ყოფილან „ცოცხალი მუსიკის“ ოპონენტები, პირიქით:
„მუსიკა ყველგან სხვადასხვანაირად ჟღერს. სხვადასხვა სივრცეს და მოწყობილობებს განსხვავებული ჟღერადობა აქვთ და თუ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, ვარიაციების შესაძლებლობას კარგავ. კომპიუტერს არ შეუძლია აუდიტორიის რეაქციაზე რამე შეცვალოს, მაგრამ დრამერი აუცილებლად შეცვლის დაკვრის სტილს. და მსმენელთან ამ ტიპის კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.“
ამ კომუნიკაციის კიდევ ერთ მაგალითს 18 აგვისტოს, შეკვეთილში ვნახავთ, სადაც Jungle ქართველი მსმენელის წინაშე პირველად დაუკრავს.
მნიშვნელობა არ აქვს როგორი მოლოდინით შევხვდებით მათ - ისინი აუცილებლად შეძლებენ გაგვაკვირვონ და კომპიუტერისგან განსხვავებით, ლაივის დროს მსმენელის ყოველ რეაქციაზე შეცვლიან რაღაცას.. რაღაცას, რაც ჯერ მათაც არ იციან. ცოცხალი მუსიკის მთავარი ხიბლიც ხომ ეს არის.
ასევე არ გამოტოვოთ, პირველად Black Sea Arena-ს ისტორიაში მთავარი არტისტი AfterParty-ზე დაუკრავს.
18 აგვისტოს, კონცერტის შემდეგ სოციალურ სივრცეში, AfterParty-ზე Jungle-ს იხილავთ.
ავტორი: რევაზ ხუნწელია