ბიზნესი

JIMSHER - საქართველო ვისკის მსოფლიო რუკაზე

აქ.ახლა - თიბისი ბიზნესისთვის

სექტემბერი 30, 2020

დღეს გიამბობთ იდეაზე, რომელიც ავტორის თავში 10 წლის განმავლობაში საგანგებოდ მუშავდებოდა, საბოლოოდ კი, გამორჩეული, დახვეწილი პროდუქტის სახე მიიღო და სწორედ ამ ნიშნით, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ბაზარზე სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.


ახალი ქართული ვისკის, JIMSHER-ის შექმნის პროცესი, მისი ავტორის, ბიზნესმენ ჯიმშერ ჩხაიძის აზრით, შემოქმედება უფროა, ვიდრე ბიზნესი. მისივე სიტყვებით, წარმატება ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ადამიანი საქმეს შემოქმედებითად და სიყვარულით უდგება.

2015 წელს დაფუძნებული კომპანია „ქართველი“, რამდენიმე წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, სავაჭრო ნიშნებით: „გვარიანი“ „ქართველი“, „ორბელიანი“ და „არაგველი“. ერთ წელიწადში, სასურველი შედეგის მიღების შემდეგ, ჯიმშერ ჩხაიძემ პირველი ქართული ვისკი - JIMSHER გამოუშვა და „ჯიმშერ დისტილერი“ დააფუძნა. თიბისისა და „ქართველის“ თანამშრომლობა დაარსების დღიდან დაიწყო და დღეს უკვე პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ არაერთ პროექტს ითვლის. 

ღვინის, ვისკისა და ბრენდის უახლესი საწარმოები მარტყოფში, 25 ჰექტრზე გაშენებული ერთი მთლიანი კომპლექსის ნაწილია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით შენდება. კომპლექსი მოიცავს უნიკალური სახეობის ენდემური ჯიშის ვენახებს, დიდ მარანს, რესტორანს, სადეგუსტაციო და სარეკრეაციო სივრცეებსა და სასტუმროს. ახლადგახსნილმა, იტალიური და გერმანული დანადგარებით აღჭურვილმა ღვინის ქარხანამ, რომელსაც 3500 ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია, ამ სეზონზე პირველი რთველის მოსავალი უკვე მიიღო. ცოტა ხნის წინ ამუშავდა თიბისი ლიზინგის დახმარებით აშენებული, ამიერკავკასიაში პირველი ვისკის საწარმოც, რომელიც რამდენიმე მოდიფიკაციის სადისტილაციო სისტემითაა დაკომპლექტებული.

„დიდი ტრადიციის მქონე ოჯახიდან ვარ. ბაბუა, ანთიმოზ ჩხაიძე, 1880 წლიდან მეღვინეობით იყო დაკავებული, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ, მისმა შთამომავლებმა, მისი საქმე გავაგრძელეთ. რაც შეეხება ვისკის, ეს სრულიად დამოუკიდებელი ისტორიაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორია მე შევქმენი. ვისკის შექმნის გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალა. ამ საქმის განსახორციელებლად ცალკე საწარმოსა და კომპანიის შექმნა გახდა საჭირო“

პირველი ქართული ვისკი - JIMSHER, ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე კი, 2006 წლიდან მოყოლებული, ჯიმშერ ჩხაიძე, ვისკის ისტორიის შესწავლის პარალელურად, საფერავისა და წინანდალის ღვინის კასრებში ჩასხმულ პროდუქტს აკვირდებოდა, მოგზაურობდა ვისკის წარმოების დიდი ტრადიციის მქონე ქვეყნებში, ეცნობოდა ცნობილი ბრენდების გამოცდილებას, გადიოდა კონსულტაციებს ვისკის ცნობილ ექსპერტებთან და მოთმინებით ელოდა ქართულღვინოგამომვილ კასრებში მოთავსებული ვისკის დავარგებას.


„ჩემი მიზანი იყო შემექმნა ახალი პროდუქტი და კონცეფცია, რომლის ფორმულა ქართულ ტრადიციებზე იქნებოდა დაფუძნებული. ქართული ვისკი გამოირჩევა ინდივიდუალობით. სწორედ ეს მახასიათებელი იზიდავს ვისკის მოყვარულ საზოგადოებას. ჩემი ფორმულა ასეთია: კასრებს, რომლებშიც წლების განმავლობაში ქართული ღვინო ესხა, ვისკისთვის ვიყენებ“, - ამბობს ჯიმშერ ჩხაიძე.



ტრადიციული მეღვინეობა მთავარი ფორმულაა, რომლის საშუალებითაც კომპანიამ უკვე 3 სახეობის უნიკლური ვისკი გამოუშვა: წინანდლის კასრში დაძველებული ვისკი - თეთრი ღვინის, ყვავილოვანი, ზაფხულის ტონებით და ხასიათით; საფერავის კასრში დაძველებული ვისკი - ელეგანტური, წითელი ღვინის ტონებითა და სრულიად განსხვავებული არომატით; და ქართული ბრენდის კასრებში დაძველებლი, უნიკლური ბუკეტი.


JIMSHER-ის სამივე სახეობის ვისკიმ მალევე მიიქცია ვისკის სამყაროს ყურადღება, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა და უმაღლესი ჯილდოები მოყვა. კონკურსებში - INTERNATIONAL WHISKY COMPETITION, IWSC, THE SPIRITS BUSINESS და THE FIFTY BEST - საფერავის, წინანდლისა და ბრენდის კასრებში დავარგებულმა JIMSHER-მა, 2017-2020 წლებში, სხვადასხვა ნომინაციაში, ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. 

„ჩემი ვისკის სახელწოდება - „ჯიმშერი“ - ბუნებრივად გაჩნდა. მსოფლიო ტრადიციის მიხედვით, ვისკის სახელი ან კონკრეტულ ადგილმდებარეობას, ან მისი შემქმნელის სახელს უკავშირდება. ამ შემთხვევაში დილემა მარტივად გადაწყდა. რადგან მე ასკანელი ვარ და ამ სახელით დაფუძნებული ერთი კომპნია უკვე დიდი წარმატებით სარგებლობდა, ისღა დამრჩენოდა, ჩემი ახალი პროდუქტისთვის, შოტლანდიელი კონსულტანტების რჩევით, ჩემი სახელი დამერქმია. სახელი „ჯიმშერი“ შეიძლება საქართველოში ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის ძალიან ორგანული აღმოჩნდა მსოფლიო ვისკის ბაზრისთვის.“


პირველი ქართული ვისკით JIMSHER, საქართველო უკვე გამოჩნდა მსოფლიო ვისკის რუკაზე. ვისკის მოყვარულები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ისტორია ასეთივე წარმატებით გაგრძელდება. ასე ფიქრის საფუძველს კი, JIMSHER-ის ავტორის გულისხმიერება, საქმისადმი ერთგულება და, რა თქმა უნდა, მის მიერ აღმოჩენილი უნიკალური ფორმულა - ქართული ტრადიციული მეღვინეობა გვაძლევს.


ავტორი: მაიკო ლიპარტელიანი

ფოტო-პორტრეტები: ხათუნა ხუციშვილი