მუსიკა | ცა

ივლისის ქართული მუსიკა

Tsa.Music

აგვისტო 10, 2023

Lado Oniani - SUPREME PROXY

ვეტერანმა ქართველმა მუსიკოსმა, ლადო ონიანმა ახალი ალბომი „Supreme Proxy” გამოაქვეყნა. 10 კომპოზიციის ფარგლებში ძირითადად ექსპერიმენტულ და სინთეზატორზე დაფუძნებულ ელექტრონიკას ვხვდებით.

Aleksandre Deisadze - Last seen entering the woods

ალექსანდრე დეისაძის სადებიუტო ნამუშევარი Dark Ambient-ის ჟღერადობაშია გადაწყვეტილი, თუმცა ასე ალბათ ტრეკების მხოლოდ ნაწილი თუ დახასიათდება, ვინაიდან მეორე ნაწილში საკმაოდ თბილ და ნათელ მუსიკალურ ტექსტურასაც შეამჩნევთ.

Sandro Tavartkiladze - Tropikuli Tsvima

სანდრო თავართქილაძის ახალი ალბომის, „ტროპიკული წვიმის“ ყველა კომპოზიცია მარტივი პერკუსიული ელემენტებით გადის ფონს, და მოსმენისას ყურადღების მიღმაც კი რჩება. აი რაც ფოკუსში ექცევა ეს ნარატორის ხმაა, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. ხმა, რომელიც თითქოს 80-იანი წლების საბჭოთა სატელევიზიო ახალი ამბების სტუდიიდან ჩაგვესმის და იმ პერიოდის საზარელ ისტორიებს გვიყვება, ალბომს ბევრად საინტერესოს ხდის. თავად ამბები, რომელსაც AI მოგვითხრობს,  ალბომის ყველა კომპოზიციაში იცვლება - აქ შეხვდებით ირონიულ დამოკიდებულებას 2000-იანების ფსევდოქრისტიანული მითებისა და ლეგენდების მიმართ, რომელსაც შეიძლება სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამის გამოსაანგარიშებელი ფორმულა მოჰყვებოდეს და ჰავაის გეოგრაფიული და ტემპერატურული მონაცემების გაცნობით გრძელდებოდეს.

Burn the Castle - Burn The Castle

არ ვიცი ამ პროექტის უკან ვინ დგას, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი სასიამოვნოდ მოსასმენი ქართული რელიზი კი შექმნეს 2023 წლისთვის. მიუხედავად მოკლე კომპოზიციებისა, მელოდიური ხაზი, რომელსაც გიტარისტი ძერწავს მალევე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. შეიძლება ჯერ მაინც დემოს ეტაპებზეა ჩანაწერები, თუმცა პოტენციალი და მუსიკალური იდეები აშკარად იგრძნობა და კიდევ უფრო მეტის მოსმენის სურვილს აჩენს.

Killages – Outcast

Killages-ის ალბომი “Outcast” 13 სიმღერისგან შედგება და აქ მუსიკალურადაც განსხვავებულ ელემენტებს ვხვდებით. თუ წინა ალბომში ჰიპ-ჰოპი დომინირებდა, ახალ ალბომში უფრო გიტარაზე ორიენტირებულ კომპოზიციებს უკავია ადგილი. ამით ჯგუფის წევრები ერთგვარად უბრუნდებიან მუსიკალურ საფუძველს, რომელიც სამივესთვის მაინც როკ მუსიკაა. სიმღერების ხანგძლივობა მოკლეა, თუმცა ერთი მეორეს ისე ებმება, რომ მოსმენისას დანაკლისის შეგრძნება ნაკლებად გრჩება. თუ გასულ ალბომში კომპოზიციების მუსიკალური ფორმა მაინც ერთმანეთს ჰგავდა, აქ ყველა გადასვლაზე განსხვავებული ენერგია და ატმოსფერო ტრიალებს. მოკლედ ალბომი ბოლომდე ნაწარმოებია Killages-ის ძირითადი მუსიკალური იდეით - აკეთონ ის მუსიკა რაც მოსწონთ, ყველანაირი სტილისტური შეზღუდვების გარეშე.

ნუ მიეყრდნობით - დაგაფასე

ქართულმა ალტერნატიულმა / გრანჟ ბენდმა „ნუ მიეყრდნობით“ ივლისის განმავლობაში დიდი ხნის წინ დაწყებული ალბომი დაასრულა და „დავდივარ“ მსმენელისთვის უკვე ბოლომდე ხელმისაწვდომია. საინტერესოა ქართულად აჟღერებული „გრანჟი“ ვინაიდან ნაკლებად მახსენდება ამ სტილში მოღვაწე ადგილობრივი ბენდები. წარმატებები მათ!

Kordz - Day 2 Remember

Kordz-ის ახალი სინგლი ყველაფერი რაც ამ ზაფხულისთვის გინდოდათ. ალექსანდრეს ქართველი სხვა მუსიკოსებისგან სწორედ მისი მუსიკის სილაღე და მხიარულება გამოარჩევს და ახალი ტრეკითაც სწორედ მას გადასცემს მსმენელს.

Creams - Let Me Fight

Creams-ის პირველი სინგლი სამომავლოდ EP-დან “PIE” და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო.

ოჩოს ქოხი - შეხებამდე EP

„ოჩოს ქოხმა“ ახალი EP, „შეხებამდე“ გამოუშვა, რომელიც 3 ქართულენოვანი სიმღერისგან შედგება.

STUTTTER – VERA

საინტერესო გამოდგა თბილისური ჯგუფის, „Stuttter”-ის სადებიუტო ალბომი Vera. “ნუ მიეყრდნობით“-ის მსგავსად, ისინიც ძირითადად გრანჟის სტილში მოღვაწეობენ და 8 კომპოზიციის ფარგლებში ასრულებენ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ სიმღერებსაც.

VAQO - Shelotsvebi Tanamedrove Bavshvebi Motsamluli Vashlebi

“შელოცვები“ VAQO-ს მრავალმხრივი კარიერის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო და ამავე დროს ფსიქოდელიური ნამუშევარია.

Usa – Future Arc

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი და ვოკალისტი, მარიამ უსანეთაშვილი, Bloom Music-ზე სადებიუტო სინგს, Future Arc-ს აქვეყნებს, რომელიც ნეო-სოულისა და თანამედროვე RnB-ის ჟღერადობაშია გადაწყვეტილი.

David Delgma – Samkrekhelo

ქართველი მუსიკოსის, დავით დელგმას სადებიუტო ალბომი VAQO MUSIC-ის ქვეშ - “ხშირად ადამიანი საკუთარ ვინაობას თვალს ვერ უსწორებს. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელსაც სამყაროში კუთვნილი ადგილის ძიების პროცესში უშვებს, შედეგად კი უფრო მეტად იკარგება ლაბირონთში. ალბომი "სამკრეხელო" პიროვნების ორ ბუნებას აღწერს, რომელიც მუდამ ებრძვის ერთმანეთს. ერთი მხრივ იდენტობადაკარგული, განზოგადებული არსება, რომელიც პიროვნებას თვალიდან შესული, გარემოდან ასხლეტილი სხივებით კვებავს, მეორე მხრივ კი დგას ადამიანი ვისაც უანგარო სიყვარულის უნარი შესწევს, მიუხედავად რეალობისა ყველაფრისთვის მზადაა, თუმცა კარგად მოეხსენება ისიც, რომ მისი გულუბრყვილო იმედი განწირულია. ალბომი სვამს კითხვას, რომელი სჯობს - განზოგადდე და თავი წარმატებით მოიტყუო თუ წარუმატებლად იყო საკუთარი თავი, მოგატყუოს სხვამ და დაგჩაგროს - ჭეშმარიტი დილემა."

Cozy k - The Producers

ახალგაზრდა ქართველი MC-ის, Cozy K-ის EP “The Producers”, რომლის მუსიკალურ ნაწილსაც AlleyCat, გიორგი ფიცხელაური და Moku J უზრუნველყოფენ. მე პირადად მომწონს მისი flow, რომელსაც თან გასდევს mellow ბიტები. წარმატებები Cozy-ს!

Young Mic - თვითთერაპია

მიშკა მგალობლიშვილი იგივე Young Mic ქართველი ჰიპ-ჰოპ თავებისთვის კარგად ნაცნობი სახელია. მის სახელზე თითქმის 15 წლიანი კარიერის ფარგლებში არაერთი პროექტია. ახალი ქართულენოვანი EP “თვითთერაპია” 6 კომპოზიციის ფარგლებში პაციენტის ფსიქოლოგიურ წნეხებს და მისი მოგვარების გზებს ეძიებს.

Saint Junkie – Pain Station

ახალგაზრდა ქართველი MC, გიორგი კიკნაძე იგივე Saint Junkie სადებიუტო ალბომით Pain Station.

Quemmekh - Ase iyos sul

ქვემეხის ახალი სინგლი ''ასე იყოს სულ'' ბენდისთვის დამახასიათებელ განწყობას თუ ჟღერადობას აგრძელებს და მასში ტექსტი მთავარ როლში გვევლინება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი