მუსიკა | ცა

ცხოვრებისეული ტრანზიციის გარდაუვალი ეფექტები Isodrome-ის ახალ ალბომში

Tsa.Music

ივნისი 19, 2023

ხშირად, უამრავი მუსიკოსის კარიერის ეტაპები ისე ჩაივლის ჩვენს წინ, რომ საჭირო ყურისთვისაც კი შეუმჩნეველი რჩება. დღეს, როდესაც მუსიკაც კონსუმერისტულ წარმოებაშია ჩართული და ყოველდღიურად ასობით და ათასობით ახალი ალბომისა თუ მუსიკოსის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, ყოველი მათგანი ერთგვარ რბოლაშია ჩართული, რათა საკუთარი შემოქმედება სწორ და ხშირად რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიიტანოს. ეს პროცესი დაუსრულებელია და ხშირად სულაც არ მთავრდება მუსიკოსისთვის სასურველი შედეგით.

თბილისელი მუსიკოსის, გრიგორ ლაღიძის შემოქმედებაც ერთგვარი მაგალითია, როდესაც საინტერესო მუსიკა და მისი ავტორიც შეიძლება ჩაიკარგოს ამ გაუთავებელ მარათონში. მხოლოდ წლების შემდეგ, ამ სტატიის მომზადების პერიოდში ბუნდოვნად აღვიდგინე, რომ მისი შემოქმედება პირველად რამდენიმე წლის წინ, სრულიად სხვა პროექტით (Digital Sadhu), Artarea-ს გადაცემა Twilight-ის ფარგლებში მოვისმინე. ეს პროექტი ტრიპ ჰოპისა და აბსტრაქტული ინსტრუმენტალური ბითების სინთეზი იყო და იმ პერიოდშიც თითქოს ამოვარდნილად ჩანდა ქართული მუსიკალური ლანდშაფტიდან. მას შემდეგ მისი მუსიკის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, თუ არ ჩავთვლით აქა-იქ რამდენიმე უიქენდის საღამოს ციფრულ აფიშაზე აღნიშნულ გრიგორის სახელს.

წლების შემდეგ, მისმა შემოქმედებამ გეზიც იცვალა და 2019 წელს Isodrome-ის სახელით თბილისური ლეიბლზე Theosophy პირველი ემბიენთ ჩანაწერები გამოაქვეყნა. ამავე სახელით შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე ჩანაწერი გამოვიდა და ასე მოვედით 2023 წლამდე, როდესაც მორიგმა ალბომმა Transitions, CES Records-ზე დაიდო სახლი. ალბომი 9 კომპოზიციისგან შედგება და მუსიკოსის ბოლო 5 წლის ნამუშევრების კრებულია, რომლებიც ერთი ქოლგის და კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა.

Transitions ცხოვრებაში ცვლილებების აუცილებლობასა და მის შედეგებზე ბგერის საშუალებით გვიყვება. ყოველი ტრანზიცია ადამიანს ახალ მდგომარეობაში აღმოაჩინინებს თავს და ყოველი ახალი მდგომარეობა ახალ მიდგომებს და შეხედულებებს ბადებს. ალბომი ისეთ მუსიკალურ სტილშია გადაწყვეტილი, სადაც მუსიკოსებს ძალიან უჭირთ რაიმე სიახლის შეტანა ან საკუთარი ხელწერის დაფიქსირება. სათაურიდანაც ჩანს, რომ აქ კომპოზიციები ერთმანეთს არ ჰგავს, ეს არ არის ემბიენთ ალბომი, რომელსაც უბრალოდ ბექგრაუნდად ჩართავ და შეუმჩნევლად ჩაამთავრებ - მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ტრეკები ერმანეთთან დაუკავშირებლად შეიქმნა, მათი ერთობლიობა მაინც ცდილობს რაღაც ისტორიის მოყოლას, რომელიც თითოეული მსმენელისთვის პერსონალიზებული და უნიკალური შეიძლება გამოდგეს.

ალბომის გამხსნელი „21“ მოკლე კომპოზიციაა, რომელიც მისტიურ, შორიდან მოსულ ხმებს ამუშავებს და ერთგვარი მანიშნებელი სირენის ეფექტს სძენს. მეორე კომპოზიცია „Firefly“ უფრო ოპტიმისტურად იწყება და მეორე ნაწილში საქმეში უკვე ბიტი შემოდის, რომელიც ტრეკს დინამიკას სძენს და მსმენელიც ხვდება, რომ უბრალოდ გრძელი, ჰაეროვანი პადებით გაჟღენთილ მორიგ ემბიენთ პროექტთან არ აქვს საქმე. „1.3“-მა თავდაპირველად არგენტინელი ფედერიკო დურანდის შემოქმედება მომაგონა, საგაზაფხულო, მშვიდი და ატმოსფერული ბუნების გაღვიძების ეტაპი. „Depths”-ის ტრანზიცია უფრო მონოტონური და ინტროსპექციულია და იმავე ტონს აგრძელებს „2.4.2“.-იც. საგულისხმოა, რომ ალბომი თითქმის დაცლილია ჟანრისთვის დამახასიათებელი გრძელი კომპოზიციებით და საკუთარი სათქმელის გადმოცემას მოკლე, თუმცა ეფექტური ბგერითი კოლაჟებით ცდილობს.

“Glide”-ს უფრო განსხვავებული ტექსტურა შემოაქვს, გლიჩის, მშვიდი მელოდიური ხაზისა და ინტენსიური რიტმის წყალობით იქმნება კონტრასტი, რომელიც ახალ ჟღერადობრივ ფორმებს აძლევს ჩანაწერს. “Untitled” უკვე იმედის მომცემ, აბსტრაქტულ, ჰიპ-ჰოპ/ტრიპ ჰოპ ინსტრუმენტალ ფორმაშია მოქცეული, რომელიც ალბომის Outro-სთვის უფრო წარმომედგინა, თუმცა ჩანაწერს ორი მეტ-ნაკლებად მსგავსი მესიჯის კომპოზიცია „3.0“ და „2.0“ ასრულებს, რომლებიც ჩემთვის აშკარად ბასინსკისეული ლუპების გავლენითაა შექმნილი და ალბომს დამატებით სიღრმეებს ჰმატებს.

„Transitions” თბილისში არსებულ ჟურნალ „სამეზობლოსთან“ თანამშრომლობით გამოვიდა. აღნიშნული გამოცემა ქალაქის მიკროკულტურას იკვლევს. იმას, რაც მხოლოდ თბილისისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ რიგითი მცხოვრებისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება. არადა აღნიშნული არტეფაქტებს აღწერა და დოკუმენტირება ქალაქის, როგორც ერთიანი ორგანიზმის გაგებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. „სამეზობლოს“ ახალ, ლიმიტირებულ გამოცემაში, ყველის თემატიკა ფიგურირებს, რომელიც ეტიმოლოგიურად ფერმენტაციასთან არის დაკავშირებული - აქტივობასთან, რომელიც რძის ნაწარმის სხვა ფორმაში და პროდუქტში ტრანზიციის მანიშნებელია. სწორედ ასე დაკავშირდა ყველი და Isodrome-ის ახალი ალბომიც, რომელიც უკვე ბგერითი ტრანზიციით, ცხოვრებისეულ გარდამავალ ეტაპებზე მოგვითხრობს - პროცესთან, რომელიც ყველა ჩვენგანის არსებობის შეუცვლელი ელემენტია.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი