ირაკლი გამრეკელი - ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსი

ირაკლი გამრეკელის შემოქმედება ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების განძია.

სექტემბერი 24, 2021

XX საუკუნის 20-50-იანი წლები რთული და მრავალფეროვანი მოვლენებით საოცარი შემოქმედებითი სტიმული გახდა, რომლის მეშვეობითაც ქართული კულტურის თვითმყოფადი სახე შეიქმნა და რომლის გარეშეც მხატვრულ-ისტორიული სპექტრის სრული წარმოდგენა შეუძლებელი ხდება.

ქართული პროფესიული სცენოგრაფიის დაფუძნება და განვითარება, რომელიც ამ საუკუნის პირმშოა, სწორედ XX საუკუნეში მოღვაწე, სახელოვან ირაკლი გამრეკელს უკავშირდება. 

ირაკლი გამრეკელი


წყარო: ბაია გალერეა

ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ირაკლი გამრეკელის შემოქმედება ცნობილია მისი ექსპრესიონისტული და art nouveau-სთვის დამახასიათებელი ელემენტებით. ბუნების სილამაზით მოჯადოებული ფერმწერი და გრაფიკოსი 1894 წელს ქალაქ გორში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე მხატვრობით გატაცებული გამრეკელი ნ.სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში სწავლობდა და საბოლოოდ პროფესიული არჩევანიც სახვით ხელოვნებაზე შეაჩერა. როგორც თავად აღნიშნავდა, მის გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა XII-XII საუკუნეებში მოღვაწე გენიალურ ქართველ ფერმწერებსა და ოქრომქანდაკებლებს - ბექა და ბეშქენ ოპიზრებს მოუხდენია.

“როდესაც პირველად მოვისმინე ოპიზრის სახელი, ყურები ვცქვიტე: თურმე ჩვენ გვყოლია ჯადოსანი მხატვრებიც! ვერ წარმოიდგენთ, რა მოწიწებით ვემთხვიე ოპიზრების ფრესკების უკვდავ ასლებს. ღრმად იფეთქა ჩემმა ბავშვობის გატაცებამ მხატვრობისადმი და მომთხოვა კანონიერი გზა მიმეცა მისთვის. ოპიზრებმა უჩინრად ხელი მკრეს და იმპულსი მისცეს ჩემს მოწოდებას ფრთების შესასხმელად.” - წერდა მოგვიანებით სახელოვანი მხატვარი. 

ირაკლი გამრეკელი - “ჰამლეტი“ - რეჟ: კ.მარჯანიშვილი, ა.ახმეტელი, ქაღ. გუაში.

როგორც ცნობილია, იმ პერიოდში, როცა ირაკლი გამრეკელი შემოქმედებით გზას იწყებდა, ხელოვნების დიდოსტატები დაუფასებელნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, ხელოვანის მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე მის ნამუშევრებს სხვადასხვა გამოფენაზეც აღმოაჩენდით, თუმცა ფართო აუდიტორია მის შემოქმედებას რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მეშვეობით გაეცნო.

„ლამარა“ , სანდრო ახმეტელი, 1930 წ.

სპექტაკლის მხატვარი და სცენოგრაფი: ირაკლი გამრეკელი.

ერთ-ერთ გამოფენაზე მისულ კოტე მარჯანიშვილს გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის "სალომეა" უნახავს, რის შემდეგად მას იგი რუსთაველის თეატრში მიუწევევია. ამის შესახებ იმდროინდელი ქართველი მხატვარი, ფუტურისტი, წიგნების ილუსტრატორი და თეატრალური დიზაინერი კირილ ზდანევიჩი 1923 წელს გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში წერდა:

ირაკლი გამრეკელი, „სალომეა“, ქაღ. გუაში, 1921

ირაკლი გამრეკელი 1923 წლიდან რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი ხდება და აფორმებს ისეთ ცნობილ და გახმაურებულ სპექტაკლებს, როგორებიცაა - შექსპირის “ჰამლეტი”, “ოტელო”, შანშიშვილის “ანზორი”, რობაქიძის “ლამარა”, შილერის “ყაჩაღები” და სხვა. გამრეკელი ასევე თანამშრომლობდა დიდ რეჟისორთან, სანდრო ახმეტელთან, რომელთანაც თანამშრომლობა განსაკუთრებით ნაყოფიერი და ნოვატორული აღმოჩნდა.

"ქართა ქალაქი " , ვ. კირშონი. დეკორაციის ესკიზი: ირაკლი გამრეკელი

გარდა ქართული თეატრისა, ირაკლი გამრეკელი მუშაობდა მოსკოვში, ა. ტაიროვის კამერულ თეატრში, ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში, კიევისა და ბაქოს თეატრებში.

ირაკლი გამრეკელი – „ჰამლეტი“ – რეჟ: კ.მარჯანიშვილი, ა.ახმეტელი, ქაღ. გუაში, 1925 წ.


ირაკლი გამრეკელის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და პლასტიკურად ჩამოქნილი მოცულობითი კონსტრუქციებით. მიზანსცენები, რომლებსაც იგი სცენაზე რიტმულად განლაგებული მონუმენტურ-არქიტექტორული ფორმებით ქმნიდა, შინაგანი დრამატიზმის მეშვეობით ახდენდა შთაბეჭდილებას მაყურებელზე.

ირაკლი გამრეკელი - "მალშტრემ" 1924 წ.

გარდა სცენოგრაფიული ნამუშევრებისა, აღსანიშნავია გამრეკელის გრაფიკაში კუბიზმისთვის დამახასიათებელი მანერით შესრულებული პორტრეტები, რის გამოც იგი ქართულ ხელოვნებაში კუბიზმ-ფუტურიზმის ერთ-ერთ პირველ შემომტანად ითვლება.

შეყვარებულები

ირაკლი გამრეკელის ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით განვითარებული შემოქმედება დროთა განმავლობაში ქართულ სცენასა და სპექტაკლებს გამომსახველობით სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას სძენს, რისი ნათელი მაგალითიც გრიგოლ რობაქიძის სპექტაკლისთვის, “ლამარასთვის” შექმნილი სცენის დიზაინიცაა, რომელმაც მაყურებელი გამრეკელის ხელწერისთვის დამახასიათებელმა ფერებმა და მონუმენტურმა ფორმებმა აღაფრთოვანა. 

ირაკლი გამრეკელის სცენარის დიზაინი სპექტაკლისთვის “ლამარა” , 1930 წ

1924 წელს ირაკლი გამრეკელი რუსთაველის თეატრში ჩამოყალიბებული კორპორაციის, “დურუჯის” წევრი გახდა, რომელთან ერთადაც ქართული ხელოვნების განვითარებისა და მასში ნოვაციების დამკვიდრებისთვის იბრძოდა. მოდერნიზმით გატაცებული გამრეკელი ამავე წელს პირველი ქართული ფუტურისტული გამოცემის, H2SO4-ის რედკოლეგიის წევრი და მხატვრული გამფორმებელი გახდა, რომლის ფანტასმაგორიული და ფერადოვნების თამამი შეხამებები და ამასთანავე, მკაცრი და კონტრასტული შავ-თეთრი ესკიზები გამოცემისთვის გადამწყვეტი გახდა.

ირაკლი გამრეკელის სცენარის დიზაინი სპექტაკლისთვის - “ყაჩაღები” , 1931 წ.

გამრეკელის სასცენო ნიმუშებიდან განსაკუთრებულია ასევე 1931 წლის ფ. შილერის დადგმის, “ყაჩაღების” დიზაინი, რომელშიც ოსტატურად არის წარმოჩენილი ნაწარმოების იდეა. სპექტაკლის დეკორაციის მთავარი ელემენტი - ფესვმაგარი, ტოტებგაშლილი ხე და შავ-ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი მხატვრობა, რომელსაც განათების მეშვეობით წითელი ელფერი დაჰკრავდა, საოცარ ემოციას ქმნიდა. 

ირაკლი გამრეკელიs ესკიზი - "აბესალომ და ეთერი", 1937 წელი


ირაკლი გამრეკელის მრავალმხრივი შემოქმედებითი ტალანტი ქართულ კინოში, რეჟისორ კოტე მიქაბერიძის 1929 წლის ექსპრესიონისტულ ფილმ “ჩემ ბებიაშიც” გამოვლინდა, ხოლო 1937 წელს იგი თამარ აბაკელიასთან ერთად, რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმ “არსენაზე” დამდგმელ მხატვრად მუშაობდა.

50-ზე მეტი სპექტაკლის გამფორმებელი ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსად აღიარეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის განვითარებაში. 1934 წელს ირაკლი გამრეკელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს, ხოლო 1936 წელს იგი საპატიო ნიშნის ორდენითაც დაჯილდოვდა.

ირაკლი გამრეკელის ესკიზი სპექტაკლისთვის - "კაცი სარკიდან", 1924 წ.


გამრეკელის გასაოცარი ნიჭი, რომლითაც იგი ჰარმონიულ, სრულყოფილსა და რიტმულ ფიგურებს ქმნიდა, ყოველთვის ნაწარმოების არსიდან იყო ნაკარნახევი. ნებისმიერ კოსტიუმს, მათ წყობასა და კომპოზიციურ გადაწყვეტას თან ახლდა მხატვრის ინდივიდუალური ხედვა, რომელიც ფუტურიზმის სტილისთვის დამახასიათებელ ეფექტს იწვევდა. 

ირაკლი გამრეკელის ესკიზი სპექტაკლისთვის "კაცი მასსა", 1923 წ.


ირაკლი გამრეკელი 1942 წელს ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისი შემოქმედება ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების განძია, რომელიც არც მსოფლიო ხელოვნების წარმომადგენლებს გამორჩენიათ. 1962 წელს ვერა მოუერ რობერტსის მონოგრაფიაში ირაკლი გამრეკელი დეკორაციული ხელოვნების დიდ მოღვაწეთა შორის არის მოხსენიებული, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს სახელოვანი მხატვრის, გრაფიკოსის, სცენის დიზაინერისა და ფერმწერის მოღვაწეობის განსაკუთრებულობას. 


თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს - Oxygen 2021-ის ფარგლებში, 30 სექტემბრის ჩათვლით, გალერეა გამრეკელი მასპინძლობს გამოფენას - ირაკლი გამრეკელი, “გადანაცვლების რიტუალები.”


ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე / Hammock Magazine

ფოტო წყარო: www.modernis,ge

ხელოვნების სასახლის სახვითი ხელოვნების ფონდში დაცულია ირაკლი გამრეკელისნამუშევრები.

ექსპოზიციის ფოტო: სანდრო სულაბერიძე