მუსიკა | ცა

Interchange | სალაპარაკო ენა - მუსიკა

Tsa.Music

აგვისტო 03, 2021

წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიაბიჯებთ და ჩიტების ხმა არ ისმის. მყინვარზე ადიხართ და ყინული არ არის. წარმოიდგინეთ, რომ ჭიკჭიკის ხმები და ყინულის რაოდენობა თანდათან არ მცირდება, უბრალოდ აღარ არის. 

ამ თემასთან სიახლოვე ცოტა რთული ემოციური პროცესია, ამიტომ შეიძლება ცოტა ლოგიკურიცაა, რომ კაცობრიობა უკვე ათწლეულებია ამაზე ფიქრს თავს არიდებს. გლობალური დათბობის ტენდენცია დედამიწაზე ახალი აღმოჩენა არ არის. დიდი ლღობის” პროცესი ათწლეულების წინ დაიწყო, 1990 წლიდან სრულიად უმართავი გახდა და დღეს იმ უტრირებულ სივრცეში ვართ, სადაც ტყეში ჩიტებს ნაკლებად ემღერებათ, წყალში ნაკლები თევზია და მყინვარზე ყინული გაყინვას ვერ ასწრებს.

ყველაზე არალოგიკურია ის ტენდეცია, რომელიც ბუნებრივ კატასტროფებს მსოფლიო რუკაზე არათანაბრად ანაწილებს: ყინულის დნობის სისწრაფე ძირითადად ლონდონის მსოფლიო საფონდო ბირჟაზე,  უოლსტრიტის ქუჩაზე ან ფრანკფურტში მიღებული გადაწყვეტილბებით განისაზღვრება; თუმცა, ამ გადაწყვეტილებების შედეგები მსოფლიო ცენტრებს ყველაზე ნაკლებად ეხება. ბუნებრივი კატასტროფების დიდი ნაწილი უფრო მეტად პერიფერიებში მდებარე, აუთვისებელ ტერიტორიებზე გროვდება და ამის ნაწილია კავკასიაც, ყაზახეთიც, ყირგიზეთიც, სადაც ყინული საგანგანშო სისწრაფით დნება. თუმცა, ეს იმ ადამიანების გადაწყვეტილება არ არის, ვინც ამ მყინვარების მახლობლად ცხოვრობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებს თვითონ ეს ადგილობრივი გარემო მიმდინარე პროცესებზე.

რა ფორმით აირეკლება კლიმატური ცვლილებების პრობლემა ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში და Რა ფუნქცია შეიძლება შეითავსოს მუსიკამ ამ შეუქცევად პროცესში?

ფესტივალი Interchange ბათუმში 2021 წლის ივნისში ეკოლოგიასა და ხელოვნებას სწორედ ამ საერთო კვანძს უძებნის. წელს ფესტივალის მთავარი თემა „Fragile”- “ფაქიზი” სამ ქვე-თემად დაიყო:

ადამიანი.

ბუნება.

სახელმწიფო.

ამ სამი კატეგორიით ფესტივალი აქცენტს მისთვის

იდეურად ყველაზე მნიშვნელოვან

საკითხზე აკეთებს.

ჩვენი რეალობის ფუნდამენტური ღირებულებები კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება.

რატომღაც, საქართველოში ისე მწვავედ არ აღიქმება კლიმატური ცვლილებების პრობლემა ან გლობალური პოლიტიკური კრიზისი. თითქოს, ჩვენი პრობლემების ვაკუუმში ვიმყოფებით. ფესტივალმა შემოგვთავაზა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან დანახული პერსპექტივები, იქნება ეს ინდოეთში ჩაძირული კუნძული თუ კორეის დემილიტარიზაციის ზონა. დოკუმენტური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ დაუნდობლად, შელამაზების გარეშე აყენებს მნახველს რეალობის წინაშე. აქ რამდენიმე ფოტო სერია ასახავს ტრაგედიებს, რომელიც გლობალურ დათბობას მოჰყვება, ურბანულ კატასტროფას, ან ბუნებასთან შეხების დესტრუქციულ ფორმებს. ბუნებაზე აქცენტი კი ყველაზე მეტად ფესტივალის მუსიკალურ ნაწილშია გაკეთებული.” - ნონა მარკარიანი, მუსიკალური პროგრამის კოორდინატორი, CAS Batumi.

უშუალოდ Მუსიკალური ნაწილი კი Interchange ფესტივალზე იმ ორი ინოვაციური და კავკასიის რეგიონში ახალი პროექტებით შეიქმნა, როგორიცაა 1. ინსტალაცია Home და 2. მყინვარის მუსიკა.

ორივე პროექტი ერთი და იმავე ღირებულებებით გაერთიანდა, რომელიც საქართველოში, კავკასიაში და მსოფლიოში ეკო სისტემის გაუფრთხილებლობაზე რეაგირებს, ორივე პროტესტს გამოხატავს აუდიო-ვიზუალური პერფორმანსის ფორმით. როგორც მყინვარის მუსიკის” არტ დირექტორი და ვიზუალური არტისტი Lillevan ამბობს, მომავლის ხელოვნებას თანდათან სწორედ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია უჩნდება. „მეცნიერება ხშირად ვერ ახერხებს ფართო აუდიტორიასთან გასაგები ენით კომუნიკაციას. ინფორმაციაც ხშირად იკარგება ეკონომიკის, პოლიტიკის თუ მასიურ წარმოებასთან დაკავშირებულ ზღვა ინფორმაციაში ისე, რომ საზოგადოებისთვის გაურკვეველი რჩება პრობლემის არსი. მუსიკას შეუძლია ის გააკეთოს, რასაც მეცნიერება ვერ აკეთებს;  შეუძლია უფრო ახლოს მივიდეს ადამიანებამდე, მათ ყურამდე მიიტანოს დნობის რეალური ხმები და თან ეს აჩვენოს გულწრფელად, ცოცხლად და შექმნას ახალი მუსიკის” ახალი ფორმა."

ახალი მუსიკა ფესტივლისთვის იმ ჩანაწერებით შეიქმნა, რომელიც მტირალას ტენიან ტყეებში ანუშკა ჩხეიძემ მოაგროვა. ჩანაწერებზე აგებული კომპოზიციებით ბათუმის ბულვარში გაკეთდა ინსტალაცია “Home”, ხის იზოლირებული ოთახები”, სადაც ნინო დავაძის, რატი ბარამიძის, ნაზი ჭავჭავაძის და თამო ნასიძის კომპოზიციები გაჟღერდა. აქვე ზღვისპირა კლუბ Conte Beach-ის ტერიტორიაზე ანუშკამ და რეზო კიკნაძემ წარადგინეს ცოცხალი იმპროვიზაცია, რომელიც ასევე HOME-ის ნაწილი იყო. რა შეიძლება იყოს იმაზე სიმბოლური, თუ არა ტენიანი ტყეების ხმების ჩამოტანა ბულვარში, რომელიც ბოლო დროს ასევე გაშმაგებული მშენებლობების გეგმის ნაწილი გახდა?!

Interchange ფესტივალზე ეს სიმბოლური პრეცედენტი დაეშვა, სადაც ბუნების ფაქიზი” გამოხატულება პირისპირ ეჯახება ინდუსტრიალიზმს და ბეტონის კედლის მოთხოვნილებას. თან ისე, რომ ეს სალაპარაკო ენა აქ მუსიკაა. ხმები, რომელიც ყველაზე მეტად გვიფრთხილდება და ხმები, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ.

Home ინსტლაცია მუსიკალური თვალსაზრისით არ იყო ერთადერთი გზავნილი, რომელიც ფესტივალზე გარემოსთვის მიმართ სოლიდარობისთვის აუდიტორიამდე მივიდა. პროექტი მყინვარის მუსიკა”, რომელიც კავკასიის რეგიონის ეკო-სისტემის ინსპირაციით 2019 წლიდან გოეთეს ინსტიტუტის მიერ ხორციელდება, პანდემიის 15 თვიანი შესვენების შემდეგ, პერფორმანსის ფორმით პირველად დაუბრუნდა აუდიტორიას. ლეგენდარული ექსპერიმენტული პოსტ-როკ ტრიო To Rococo Rot-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და მყინვარის მუსიკის არტ დირექტორი, რობერტ ლიპოკი, ეთო გელაშვილი (ვოკალი), ანუშკა ჩხეიძე (კლავიში, სინთეზატორი) ჰაიკ კაროი კარაპეტიანი (დუდუკი, სინთეზატორი) და Lillevan (ვიზუალური მიმართულება, პროექტის არტ დირექტორი) ერთმანეთს ბათუმში, ზღვის პირას პერფორმანსზე ისევ მყინვარის მუსიკით” შეხვდნენ.

„ბათუმი მცირე კავკასიონის ქედის კიდეზე მდებარეობს, ამიტომ ქვები რომელსაც სანაპიროზე ვხედავთ, ოდესღაც იმ სტრუქტურის ნაწილი იყო, რომელიც  ყინულისგან, ქარისგან და ტალღებისგან გამოიფიტა. ამავე დროს ბათუმი ნავთობის გადაზიდვის ფუნქციასაც ითავსებს, რაც ეკოლოგიური კრიზისის სიმბოლო გახდა ჩემთვის. იმ საღამოს, ჩვენი მუსიკა სწორედ ამაზე რეფლექსია და ვიბრაცია იყო” - რობერტ ლიპოკი.  

„მნიშვნელოვანია, რომ „მყინვარის მუსიკა” იმ ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად შეიქმნა, რომლებიც პირველ რიგში, ფიზიკურად ახლოს არიან ამ რეგიონის ლანდშფტთან, აქ ცხოვრობენ და მათი შემოქმედებით ხედვა აქ ჩამოყალიბდა. Ეს ნაწილი პროექტისთვის ყველაზე მეტად ღირებულია, რადგან მნიშვნელოვანია თუ როგორ რეაგირებს ადგილობრივი გარემო ამ რეგიონში მიმდინარე ეკოლოგიურ ცვლილებებზე. 


კოვიდის 15 თვიანი იზოლაციის შემდეგ, ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა და პერფორმანსი დასავლეთ ევროპის მიღმა. უბედნიერესი ვიყავი! თან სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი აუდიტორიის ყურადღებით ჩვენი პერფორმანსის დროს - ნაკლებად ველოდი ასეთ ენერგიას ზღვისპირა კლუბის სივრცეში. თან ვგრძნობდი, რომ მყინვარის პერფორმანსით მანიფესტს ვქმნიდით ბათუმის აბსურდული არქიტექტურის და ბიზნეს მოდელის გარემოში“ - Lillevan

„არასოდეს ვიცით ზუსტად საით წავა კონცერტი, რადგან არ გვაქვს კონკტერული გეგმა, რომელსაც მივყვებით. რობერტის ექსპერიმენტები ყოველთვის საინტერესოა და ყოველთვის ველოდებით. კომპოზიციაში “numbers drop” ყოველთვის არჩევს ისეთ საგანს, რომელიც იმ გარემოსთან არის კავშირში. ამ საგნით ქმნის „ინსტრუმენტს”, რითაც ვიღებთ განსაკუთრებულ და უნიკალურ ხმას. ამ შემთხვევაში ზღვის ქვებისაგან შექმნა ასეთი ხმები. ბოლო კომპოზიციას მეც ისევე ველოდები და დაკვირვებით ვუსმენ, როგორც მსმენელი” - ეთო გელაშვილი. 

„პირველ რიგში, ეს პროექტი იყო გამოცდილება იმის, თუ როგორ უნდა იმუშავო მუსიკაზე ადამიანებთან ერთად და თან ისე, რომ იგრძნო რამდენად მნიშვნელოვან იდეას ემსახურები. ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ მართლა პირველად გავიაზრე იმის პასუხისმგებლობა და სიხარული, რომ მუსიკა მნიშნველოვან საყოველთაო საკითხს ეხება და არა მხოლოდ შენს ინდივიდუალიზმს, ბათუმში ძალიან დიდი სევდა, ნოსტალგია და მონატრების შეგრძნება მქონდა. დაკვრის მომენტში კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რამდენად სხვა და განსაკუთრებულია ეს მუსიკა , რასაც აუდიტორიას ერთად ვუზიარებთ” - ანუშკა ჩხეიძე.

ფესტივალი თავის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად მომავალ წლებშიც გაგრძელდება. იდეები დამუშავების პროცესშია და უფრო მეტი გლობალურობი, ადგილობრივი და საერთაშორისო ყურადღების გაზრდაზეა ორიენტირებული.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2021 წლის Interchange-ის მუსიკალურ ნაწილში კიდევ უფრო ცხადი გახდა, თუ რას გულისხმობს „მომავლის მუსიკა”. ეს არის მუსიკა, რომელიც პრობლემაზე რეაგირებს, მას აცნობიერებს, რომელიც ამბავს ჰყვება და აუდიტორიასთან ერთად ახალ გამოცდილებას ქმნის. 

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, ვინც დაუთმო დრო და ენერგია ფესტივალში მონაწილეობისათვის. მუსიკალური პროგრამის მთავარ მხარდამჭერს გოეთეს ინსტიტუტს საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტს და მუსიკის ცენტრს, CAS Batumi-ს გუნდს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. - “Interchange” გუნდი.

ავტორი: ნინო დავაძე

ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი