თებერვალი 06, 2024
GIORGI MIKADZE TRIO - Face to Face
ქართველმა პიანისტმა, გიორგი მიქაძემ ტრიოს ლიდერის როლში სადებიუტო ალბომი “Face to Face” გამოსცა. აღნიშულ ალბომში, გიორგი 2 მეგობარ მუსიკოსთან ერთად, ჯაზისა და ქართული მუსიკალური მოტივების ოსტატურად შეზავებას ცდილობს. აქ თქვენ მოისმენთ გია ყანჩელის, შოთა მილორავას და სხვათა მუსიკის განახლებულ ინტერპრეტაციებს, მუსიკოსების პროფესიონალიზმი კი აუცილებლად მოგანდომებთ ალბომის ცოცხლად შესრულების მოსმენას.
ბათა თერელეული – Districts
თბილისში მოღვაწე მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ბატა თერელეულმა მეორე სოლო ალბომი გამოუშვა. “Disctrics” თბილისს, პოსტ-საბჭოთა ქალაქს და იმ ატმოსფეროს ეძღვნება, რომელიც სხვადასხვა უბნებს შორის გვხვდება. ალბომში სწორედ ამ უბნების ჟღერადობა პირადი გამოცდილებების პრიზმაში არის გადმოცემული. პირადად მე ძალიან მომეწონა ამ ქალაქის მსგავსი დანახვა და თქვენც გირჩევთ მოსმენას.
MokuMoku - Say What You Say
შარშან გამოშვებული ალბომის შემდეგ, MokuMoku მსმენელს ახალი სინგლით უბრუნდება - “Say What You Say” ენერგიული მუხტით, რეჩიტიტავით და old school ბრეიქებით 5 წუთიან ბილიკს ქმნის, რაც თანამედროვე მუსიკაში იშვიათია, თუმცა MokuMoku-სთვის არ-ახალია.
ნინი ნუცუბიძე - Paper Planes
ნინი ნუცუბიძემ იანვარში ახალი, 3 ტრეკიანი EP “Paper Planes“ გამოსცა, რომელშიც ნიკალა ზუბიაშვილთან და გიორგი გიგაშვილთან კოლაბორაციული ტრეკები მოხვდა, ტექსტებზე ნიკო მჭედლიშვილმა, ალბომის გაფორმებაზე კი ნოდო უგულავამ და თეკლა კიღურაძემ იმუშავეს.
VAQO - Sarmanishviliskari
ვახტანგ ქანთარიამ მისი დისკოგრაფია და ქართული მუსიკალური სივრცეც კიდევ ერთი ლამაზი ალბომით გაამდიდრა. სარმანიშვილის კარი ქართლის ისტორიული სოფელია, რომელშიც აღნიშნული ალბომი ჩაიწერა. ვაქო, კულტურული დეცენტრალიზაციისთვის მუსიკოსებს სთავაზობს, რომ საკუთარი მუსიკა სოფლებში ჩაწერონ და ასე დაეხმარონ რეგიონებს.
„ხალხს მუსიკაზე მეტად, მომავალში იდეები დასჭირდება მუსიკის შესახებ, კონცეფციები, გზა, რუკები, რა როგორ კეთდება. ტექნიკურად კიდევ უფრო გამარტივდება მუსიკის შექმნა, გართულდება იდეების შექმნა. საჭმელს/სასმელს იშოვებს, იდეებს და ეროვნულ გაგებას პოპ კულტურაში, რთულად. იმედია სოფელი სარმანიშვილისკარის ალბომი, გაამრატივებს გზას ბილიკებით“
Tsott – Breath
ახალი თბილისური ლეიბლი, Spira Records პირველ გამოცემად მისი დამფუძნებლის, პროდიუსერ ცოტნე მამაცაშვილის EP-ს გვთავაზობს, რომელიც 4 ჰიპნოტურ რიტმზე აგებულ ტექნო ბილიკს შეიცავს.
square – 171
საინტერესო ელექტრონული ექსპერიმენტების კრებულია ჩემთვის უცნობი არტისტის, square-ის სადებიუტო ალბომი „171“
George Ergem – Exhale
გიორგი ერგემლიძის კიდევ ერთი EP, რომელიც Retrowave ჟანრშია გადაწყვეტილი. გიორგი ალბათ ერთადერთია საქართველოში, ვინც 80-იანი წლების ნოსტალგიით გაჯერებული მუსიკალური სტილითაა გატაცებული და ძალიან დასაფასებელია მისი ეს ერთგულება.
Alph Pines - Distorted Frames
Alph Pines თბილისელი მუსიკოსის, ირაკლი დავითიძის დებიუტია ჰიპ-ჰოპ სამყაროში. აქამდე საჯარო იყო მისი სატირულ პოპ-პანკ პროექტი IKULI, გასულ წელს ელექტრონულ მუსიკაშიც მოსინჯა ძალები და წელს უკვე ჰიპ-ჰოპის ჯერი დადგა. 3 ტრეკიანი EP საკმაოდ კარგ ინსტრუმენტალებს მოიცავს, აუდიო კასეტის შეძენა კი მალე შესაბამის მაღაზიებში შეგეძლებათ.
Chaos in the Attic - St.logos
ამ პროექტზე არაერთხელ დაგვიწერია გასულ წლებში, ამჯერად დუეტმა ალბათ მათი ყველაზე გრძელი ნამუშევარი შემოგვთავაზა, რომელიც 15 კომპოზიციის ფარგლებში სხვადასხვა ჟანრებს შორის მოძრაობს. ალბომი არჩი მარშალს (King Krule-ს) ეძღვნება და ჩემთვის რამდენიმე ფავორიტი კომპოზიცია უკვე გამოვარჩიე. აუცილებლად მოსასმენი იანვრის რელიზებიდან.
Kolkhetian - No Life Expectancy
ქართულმა Depressive Black Metal ბენდმა Kolkhetian-იანმა ახალი ალბომი გამოუშვა - ნიშური მუსიკალური სტილიდან გამომდინარე, ვფიქრობ საინტერესო იქნება ჟანრის მოყვარულებისთვის.
მუჭანახევარა - Muchanakhevara
ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი შემოგვთავაზა რატი ონიანმა, რომელსაც RIHA-ს სახელით იცნობს მუსიკალური სივრცე. Dungeon synth-ის მუსიკალურ სტილში შექმნილი პროექტი „მუჭანახევარა“, ქართული ზღაპრების მუსიკალურ გაფორმებად გვევლინება, სადაც მუსიკოსი მის მთავარი ინსტრუმენტს, ბას გიტარას გვერდით გადაწევს და სინთეზატორს უთმობს გზას. მუსიკა აქ ნათელი და სათაგადასავლოა და ვფიქრობ იდეალურად შეესატყვისება კომბლეს, ასფურცელასა და სიზმარას ისტორიებს.
გიორგი კობერიძე - Profanation
გიორგი კობერიძის ახალი ალბომიდან პირველი კომპოზიცია, „პროფანაცია“ და მისი აკუსტიკური ვერსია ვრცელდება, რომელიც დოლის, დუდუკის, კონტრაბასისა და ელექტრონიკის თანხლებით შეიქმნა. გასაკვირი არ არის, რომ მან კონსერვატორიის კონკურსის ჯილდო დაიმსახურა. ვისურვებდი რომ მრავალი მსგავსი კომპოზიცია მომესმინა ქართველი მუსიკოსებისგან.
GEORGINA BEASTLY - No Lunchtime Freemasonry, Please
ამ ქართული იმპროვიზაციული პროექტის მეხუთე ალბომი Mutant Radio-ს სივრცეში ჩაიწერა. მუსიკალურად ისეთივე ქაოსური და მასიურია, როგორც წინა ჩანაწერები - იმ განსხვავებით, რომ აქ ოთხეულს ემილი ბლონგის ვოკალური პერფორმანსი ემატება.
Gertrude Strong – Abracadabra
არ ვიცი ვინ დგას ამ პროექტის უკან, მაგრამ ქართული რეალობისთვის განსაკუთრებულ მუსიკას მოუყარა თავი, ასეთი მრავალფეროვნებით ქართველი მუსიკის მსმენელები არ ვართ განებივრებულები და აუცილებლად ველოდები შემდეგ ალბომს.
Body Calculate – Vici
Body Calculate დავით ბობოხიძის მუსიკალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც პოსტ პანკ, new wave, dark wave და მიმდებარე მუსიკალური სტილის მუსიკას ქმნის. მისი ახალი სინგლი „ვიცი“ იანვარში გამოვიდა.
გია ქარჩხაძე - Jonah and Peter
Soft Eject-ის თანადამფუძნებელს, გია ქარჩხაძეს ქართულ მუსიკალურ სცენაზე კარგად იცნობენ. იანვრის მიწურულს, მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „Jonah and Peter“ გამოვიდა, რომელიც ორ განსხვავებული მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს და ამავე დასახელების სინგლის მიხედვითაა გადაღებული.
სელექცია : ჯაბა შავიშვილი
Powered by VISA