ბედნიერების ძიებაში

"საბა"

ივნისი 10, 2022

საერთოდ, ლიტერატურა ასე დაიწყო, მეტიც, ადამიანიც ასე დაიწყო, მთავარი კითხვით, როგორ ვიყო ბედნიერი. აბა, გაიხსენეთ, ყველა დიდი ცვლილება მითსა თუ ზღაპარში, ეპოსსა თუ ლეგენდაში მაშინ იწყება, როცა ადამიანი თავის კომფორტის ზონას ტოვებს, კითხვას სვამს, ძირითადად, საკუთარი არსის და ბედნიერების გზის შესახებ.

როცა მითოსს ვკითხულობთ, უკვდავი, ამაყი, ლამაზი ღმერთების შესახებ, ვფიქრობთ, და ადამიანი? როგორ გახდეს ის უფრო ბედნიერი, ვიდრე იყო? იკიგაი სწორედ ერთ-ერთი პასუხია ამ კითხვაზე, იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო.

იაპონელებს რომ ყველაფერთან დაკავშირებით აქვთ თავიანთი, განსხვავებული, განსაკუთრებული ხედვა, ეს ყველამ ვიცით, ამის დასტურად იაპონური პოეზია და ლიტერატურაც გამოდგება. ჰექტორ გარსიასა და ფრანსისკ მირალესის მსოფლიო ბესტსელერში ეს ხედვა სტრუქტურულად, თვალსაჩინოდ და ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი.

„რა არის ის, რაც გიყვართ, რაც კარგად გამოგდით, რაც სამყაროს სჭირდება თქვენგან და რაშიც გადაგიხდიან? ამ კითხვებზე პასუხი არის თქვენი მოწოდება, პროფესია, გატაცება და მისია, ეს ყველაფერი ერთად კი თქვენი იკიგაია-არსებობის აზრი, რისი აღმოჩენაც მოგანიჭებთ ბედნიერების, კმაყოფილებისა და მთლიანობის განცდას, რაც თქვენი ხანგრძლივი, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების საწინდარია.“ - წერს წიგნის შესავალში მთარგმნელი, ანა ალბუთაშვილი და წიგნის თარგმნის მოტივაციასაც გვიმხელს.

მაინც რა არის იკიგაი? მუდმივი ახალგაზრდობისა და კმაყოფილების საბადო, აზროვნების არსი, რომელიც ყველა ადამიანშია. იკიგაის პოვნით ადამიანი წონასწორობას აღწევს, სრულიად იყენებს თავის შესაძლებლობებს, არის რეალიზებული, ბედნიერი, მშვიდი.

„კუნძულ ოკინავაზე, სადაც ყველაზე დღეგრძელი ხალხი ცხოვრობს, ამბობენ, რომ იკიგაი არის: ის, რისთვისაც ყოველ დილით იღვიძებ; ის, რაც გიყვარს; ის, რაც კარგად გამოგდის; ის, რაც სამყაროს სჭირდება შენგან და ის, რაშიც გიხდიან. “-მოკლედ, ეს ყოფნის მოდელია, ადამიანის ცხოვრების ცენტრი.

იკიგაის ფილოსოფია ოთხ მთავარ შემადგენელს აერთიანებს:მისიას, მოწოდებას,გატაცებასა და პროფესიას, სწორედ ამ ოთხი შემადგენლის გაერთიანების პროცესსა და შედეგს ეძღვნება ეს მსოფლიო ბესტსელერი.

როგორ ვიცხოვროთ ხანგრძლივი, ჯანმრთელი, საინტერესო და სტრესისგან თავისუფალი ცხოვრებით, როგორ შევინარჩუნოთ აქტიური სხეული და გონება, შევამციროთ სტრესი და მეტიც, ჩვენს სამსახურში ჩავაყენოთ ის, შევაჩეროთ დაბერება და დიდხანს ვიყოთ ახალგაზრდები. ამ საოცარ წიგნში გვასწავლიან, რომ სხეულის ახალგაზრდობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად ვამუშავებთ გონებას, რაც იკიგაის საიდუმლოს ერთ-ერთი მთავარი გასაღებია _ არასოდეს დაიხიო უკან ცხოვრებისეული დაბრკოლებების დროს, არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა!

ერთია იპოვო ბედნიერება და მეორე, გაიაზრო იგი, გააზრება მნიშვნელოვანი, აუცილებელი ეტაპია, ცხოვრების აზრის პოვნაში კი ადამიანებს ლოგოთერაპია და სხვა თერაპიის სახეები ეხმარება. თერაპიულ ტექნიკასა და გამოცდილებაზე ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ წიგნიდან.

ამ წიგნში ყველაფერია, რაც შეიძლება ადამიანს აინტერესებდეს-მარადიული ახალგაზრდობა და ეგზისტენციალური კრიზისისგან თავის დაცვის გზები, ყველა შფოთვისა და სტრესის დადებითი კონოტაციით გამოყენება, ნევროზისგან განკურნება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ ყველაფრისთვის მრავალფეროვანი თერაპია არსებობს, წინამდებარე წიგნი კი ერთგვარი სახელმძღვანელო, დეტალური ინსტრუქციაა საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

რა არის საჭირო შედეგისთვის? - აღმოაჩინო პროცესი, დინება, ისწავლო პატარა ნაბიჯებით სიხარული, დააკონკრეტო მიზანი, კარგად მოემზადო და რაც მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.

ფრანსესკ მირალესი, "იკიგაის" თანაავტორი

დიდი ხანია, დისკომფორტს განიცდით და საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ხართ? მაშინ წარმოიდგინეთ, თქვენმა საუკეთესო მეგობარმა წიგნის სახე მიიღო, თქვენს საწოლთან თუ მაგიდასთან მოიკალათა და ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დახმარება შემოგთავაზათ. კარგია არა? სწორედ ასეთი მეგობარი შეიძლება აღმოჩნდეს ეს წიგნი, მსოფლიოს მრავალი მკითხველის ერთგული და საყვარელი მეგობარი.

ავტორი: Saba.com.ge