ლიტერატურა სიახლეები

ლიტერატურული პოდკასტების ახალი სერია „საბასგან“

„საბა"

აგვისტო 01, 2024

მსოფლიოში პოდკასტების პოპულარობა დღითი დღე იზრდება და საინტერესო პოდკასტის მოსმენა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ელექტრონული წიგნების სახლ ''საბას'' და ისტორიული პოდკასტების სერია ''მწარე პოდკასტის'' ახალი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსმენელს შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს ლიტერატურულ ეპიზოდებს, რომელიც ისტორიული ჟანრის წიგნების მიმოხილვას და ანალიზს მოიცავს. 

მოუსმინე პირველ 5 ეპიზოდს, რომელშიც ისტორიის მკვლევარი და პოდკასტების სერიის მასპინძელი ნიკა ხოფერია სხვადასხვა სფეროს მოწვეულ სტუმრებთან ერთად მსოფლიო ლიტერატურის საკულტო, ისტორიული ჟანრის ნაწარმოებების ახლებურ გადააზრებას გვთავაზობს:

სამი მუშკეტერი

ალექსანდრე დიუმა

სერიის პირველი ეპიზოდი ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერს" დაეთმო - საკულტო ისტორიულ-სათავგადასავლო რომანს, რომელიც, ლიტერატურულ კლასიკას წარმოადგენს და უკვდავ ნაწარმოებად ითვლება.


პოდკასტების ამ ეპიზოდში განხილულია ის ისტორიული ეპოქა, რომელშიც ვითარდება რომანის სიუჟეტი, საუბარია რეალურ და გამოგონილ პერსონაჟებზე, ისტორიულ შეცდომებზე, „სამი მუშკეტერის" მომდევნო ნაწილებზე და მის კინო-ადაპტაციებზე. პოდკასტის სტუმარია GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე.

აივენჰო

უოლტერ სკოტი

„მწარე პოდკასტისა" და „საბას" ერთობლივი პოდკასტების სერიის II ეპიზოდი, „აივენჰოს" დაეთმო. უოლტერ სკოტის ამ ისტორიულმა რომანმა ყველაზე მეტად შეუწყო ხელი კლასიკური შუა საუკუნეების ჩვენეული, რომანტიზებული წარმოდგენების ჩამოყალიბებას. პოდკასტში განხილულია ეპოქა, რომელშიც რომანის სიუჟეტი ვითარდება, აღნიშნულია ისტორიული უზუსტობები, ნაწარმოების ღირსება და ნაკლი, ისტორიული და გამოგონილი პერსონაჟები.

შავი ისარი

რობერტ ლუის სტივენსონი

პროექტის მესამე ეპიზოდს მწერალი ტორესა მოსი ეწვია - რობერტ ლუის სტივენსონის „შავ ისარზე" სასაუბროდ. XV საუკუნის ინგლისი, ვარდების ომი ლანკასტერებსა და იორკებს შორის, დიდებული რაინდები, ციხესიმაგრეთა ბნელი და იდუმალი სენაკები, ტყის ლეგენდარული ყაჩაღები, სიყვარულისა და შურისძიების საინტერესო ამბავი - სწორედ ამგვარ გარემოში ვითარდება „შავი ისრის" სიუჟეტი.პოდკასტში განხილულია ნაწარმოების ლიტერატურული მხარე, პერსონაჟები და ვარდების ომის ისტორიული ეპოქა.

სპარტაკი

რაფაელო ჯიოვანოლი

პოდკასტის IV ეპიზოდს, სტუმრად ანტიკური ისტორიისა და ლიტერატურის სპეციალისტი, გიორგი უგულავა ეწვია, რაფაელო ჯიოვანოლის „სპარტაკზე" სასაუბროდ. პოდკასტში განხილულია ისტორიული სპარტაკი და მისი აჯანყება რომის წინააღმდეგ, მონების მესამე ომი, რომელიც შედარებულია იტალიელი ავტორის ლიტერატურულ ვერსიასთან. 

„მწარე პოდკასტისა" და ელექტრონული წიგნების სახლ საბას პოდკასტის V ეპიზოდში, ნიკა ხოფერიამ „რადიო ექსპრესის" წამყვან გაგა გობრონიძესთან ერთად, მეკობრეებზე დაწერილ რომანებზე - რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძულსა" და რაფაელ საბატინის „კაპიტან ბლადის ოდისეაზე" ისაუბრეს. გაიხსენეს მეკობრეებსა და „აფრების ეპოქის" საზღვაო საქმეზე დაწერილი სხვა წიგნები და ფილმებიც. გაანალიზეს სტივენსონის შემოტანილი სტერეოტიპები და ის გავლენა, რამაც მეკობრეებზე ჩვენეულ წარმოდგენების ფორმირებას შეუწყო ხელი; და რაც მთავარია, ისაუბრეს რეალურ მეკობრეებსა და მათ როლზე მსოფლიო ისტორიაში.

გადმოწერე აპლიაკცია SABA Reader და დაელოდე პოდკასტების ახალ ეპიზოდებს