თიბისელები

იმუშავე საიდანაც გინდა

თიბისელებს აქვთ სრული თავისუფლება, თავად აირჩიონ საიდან იმუშავებენ

ივნისი 25, 2020

ბედნიერი თანამშრომლები ქმნიან უკეთეს მომავალსა და კომპანიას. მაშინ, როდესაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ და აქვთ არჩევანის თავისუფლება, უფრო ეფექტურები და მონდომებულები ხდებიან, რაც მათ სამუშაოს ხარისხზეც აისახება.

თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, თიბისელებს აქვთ სრული თავისუფლება, თავად აირჩიონ საიდან იმუშავებენ - ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს, რაც თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ეს გადაწყვეტილება კომპანიამ თანამშრომლების გამოკითხვის შემდეგ მიიღო, რომლის შედეგებიც გვეუბნება, რომ თიბისელების 74% დადებითად აფასებს დისტანციურად მუშაობას, 87% კი პერმანენტულ ან ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობას ანიჭებს უპირატესობას.


ჩვენ გადავწყვიტეთ თიბისის თანამშრომლებს დავკავშირებოდით და პირადად მოგვესმინა მათი აზრები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით და გაგვეგო, მუშაობის რომელ მეთოდს ანიჭებენ ისინი უპირატესობას. 

„თიბისიმ ამ გადაწყვეტილებით თანამშრომლებს მოგვცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ უფრო უკეთ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი. აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცხოვრება უჩემოდ მიდიოდა, რადგან დღის უდიდეს ნაწილს ოფისში ვატარებდი. ახლა ეს შეგრძნება აღარ მაქვს, რადგან ვმუშაობ იქიდან, საიდანაც მინდა და თან აქტიურად ვარ ჩართული ცხოვრებაში.


დისტანციურად მუშაობა ჩემთვის საუკეთესო არჩევანია, რადგან გაცილებით უფრო ეფექტურად და ხალისიანად ვმუშაობ. მეზოგება უამრავი დრო და ამ პერიოდში ვცდილობ ჩემს ოჯახთან და შვილთან ურთიერთობით დავტკბე, რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს.


თუმცა კოლეგებთან სოციალიზაციაც მენატრება. ეს ინიციატივა სწორედ ამიტომ არის ინოვაციური, რომ თავად შეგიძლია აირჩიო, როდის იქნები ოფისში და როდის დისტანციურად და საკუთარ თავს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა სამუშაოდ“


-ქრისტი წულუკიძე


„არჩევანის თავისუფლება ალბათ საუკეთესო რამაა, რაც კომპანიამ შეიძლება თანამშრომელს მისცეს. ჩემთვის პირადად ოფისიდან მუშაობა უფრო კომფორტული და სასურველია, თუმცა ამ პერიოდში, სანამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, დისტანციურად მუშაობას ვამჯობინებ.


ეს არის დიდი ფუფუნება, როცა შეგიძლია თავად გადაწყვიტო შენი პრიორიტეტები და ამის მიხედვით შეარჩიო სამუშაო ადგილი.


როდესაც ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდება, ჩემს არჩევანს ოფისის სასიკეთოდ გავაკეთებ, რადგან მენატრება თანამშრომლები და მათთან ერთად მუშაობა, თუმცა მანამდე სახლიდან ვაგრძელებ საქმიანობას“


- ანა ტატიშვილი




ჩემი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ოფისში გარკვეულ დღეებში მუშაობა მიწევს, თუმცა დანარჩენ დღეებში სახლიდან ვასრულებ ჩემს მოვალეობებს და ეს დიდ კომფორტს მიქმნის. ის ფაქტი, რომ შემიძლია ოჯახთან ერთად მეტი დრო გავატარო და პარალელურად სრულყოფილად, უფრო ეფექტურადაც კი შევასრულო ჩემი სამუშაო. დამატებითი მოტივაციაა ისიც, რომ უკეთესად შემიძლია ვმართო საკუთარი დრო და უფრო ხარისხიანად გამოვიყენო ყოველი წუთი, მეტად ჩავერთო შვილების ცხოვრებაში, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს“. 


- ანა მითაიშვილი


„პირველად დისტანციური მუშაობის გამოცდილება სულ ცოტა ხნის წინ მივიღე, როცა ჩემი მოვალეობების შესრულება რეალური სივრციდან ვირტუალურში მიწევდა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე ისეთი საქმეები, რომლებიც მეგონა რომ მხოლოდ ფიზიკური ჩართულობით გვარდებოდა, ონლაინ რეჟიმში კიდევ უფრო მარტივი და სწრაფად გასაკეთებელი იყო. სწორედ ამიტომ, თიბისის ინიციატივა, მოეცა ჩვენთვის თავისუფლება თავად აგვერჩია საიდან ვიმუშავებთ, ძალიან დროული და სწორი ნაბიჯია. იქიდან გამომდინარე, რომ მე ხშირად მიწევს კლიენტებთან შეხვედრები, მიწევს სახლის გარეთ ყოფნა, თუმცა მას შემდეგ რაც ოფისში სიარულის ვალდებულება მომეხსნა, უამრავი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და მუშაობაც ჩემთვის ბევრად სასიამოვნო გახდა.



ჩემთვის საუკეთესო მოდელი შერეული ფორმატია, როცა შემიძლია ოფისშიც გავატარო გარკვეული დღეები და სახლიდან ვიმუშაო მაშინ, როცა ამის სურვილი მაქვს. ვფიქრობ, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს ეფექტიანობას და შედეგიანობას, რადგან ამის ფესვებს უკვე ვგრძნობ“. 


- ლაშა ცინცაძე


ვზოგავთ უამრავ დროს, შეხვედრები მყისიერად და სწრაფად ხდება, შესაბამისად გამოწვევებიც უფრო მალე გვარდება. ერთადერთი ვფიქრობ, რომ თანამშრომლებთან პირადი კომუნიკაციის ნაკლებობა მაწუხებს, თუმცა ამის მოგვარება მარტივად შეიძლება. შესაძლოა გუნდები ერთად შევიკრიბოთ ხოლმე სხვადასხვა სივრცეებში და ისეც ვიმუშაოთ. ასეთი არჩევანის თავისუფლება ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ უკეთესად ვიმუშაოთ“


- ნათია პაჭიკაშვილი


მთავარი პლუსი, რაც დისტანციურად მუშაობს აქვს, არის ის, რომ მოტივაცია და ეფექტურობა ძალიან იზრდება, რადგან ნაკლებად ფიქრობ იმაზე, რა ხდება გარესამყაროში, როცა შენ ოფისში ზიხარ, იმიტომ რომ უკვე ამ ყველაფრის ნაწილი ხდები, პარალელურად კი სამსახურშიც ბედნიერი ხარ. ასეთი ტრანსფორმაცია კომპანიას და თანამშრომლებს მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისკენ, რადგან ბედნიერი და მოტივირებული თანამშრომლები უკეთ ვმუშაობთ“ 


- ეკა სანაძე

„როცა წარმოვიდგინე, რომ უამრავ დროს, ენერგიას და თანხას დავზოგავდი სახლიდან მუშაობისას, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. ასეთი არჩევანისთვის კომპანიას მადლობას ვუხდი, რადგან ჩემი მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და უფრო ეფექტურადაც ვართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.


სახლიდან მუშაობისას უფრო ენერგიული, მოტივირებული და შედეგიანი ვარ. რაც მთავარია, როდესაც სახლიდან მუშაობას ვასრულებ, საკუთარი თავისთვისაც მეტი დრო მრჩება, რათა ვიკითხო წიგნები, ვიმეცადინო, გავერთო და სიამოვნება მივიღო. ოფისიდან მუშაობის დროს ამის ნაკლებობას განვიცდი, რადგან მგზავრობით, უამრავ ადამიანთან შეხვედრით და მუდმივი კომუნიკაციით საკუთარ ენერგიას ბოლომდე ვწურავ. კარგია ისიც, რომ როცა მომინდება, შემიძლია ოფისშიც მივიდე და იქიდან ვიმუშაო. ასევე გაიზარდა კომუნიკაციის სისწრაფე და ხარისხიც, რადგან შეხვედრებზე აღარავინ აგვიანებს, ზუმში ეფექტურად ვკომუნიცირებთ და სხვა გუნდის წევრებისგანაც მალე ვიღებთ უკუკავშირს“ 


- ნინო აბაზაძე

„იმუშავე საიდანაც გინდა ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, რომელსაც უფრო მეტი დადებითი აქვს, ვიდრე უარყოფითი. მე სახლიდან მუშაობას ვირჩევ, რადგან ვფიქრობ, უფრო ეფექტურად ვასრულებ ჩემს სამუშაოს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ის დრო, რომელსაც ყოველდღიურად გზაში ვხარჯავდით, ახლა შემიძლია გაცილებით უკეთ გამოვიყენო, მაგალითად ვივარჯიშო ან საკუთარი თავის განვითარებას დავუთმო.


- გიორგი აგლაძე

ბოლო სამ თვეში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დისტანციურად მუშაობამ თანამშრომლების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერება გაზარდა. სწორედ ამიტომ, თიბისელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ სახლიდან იმუშაონ, დისტანციურად შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას, ხოლო ვისაც სამსახურში დაბრუნება სურთ, ამის შესაძლებლობა ეტაპობრივად ექნებათ.


ავტორი: დიმიტრი სანაია