თიბისელები სიახლეები

იმუშავე საიდანაც გინდა - სალომე სურმანიძე უზბეკეთიდან თიბისიში

ივნისი 01, 2021

უკვე საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ყველას საკუთარი ხედვა ჩამოგვეყალიბებინა, თუ როგორ ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები, როცა დისტანციურად ვმუშაობთ. ყველასთვის ინდივიდუალურია საქმის ორგანიზების მოდელი, რომელიც ერთი მხრივ შედეგიანია, მეორე მხრივ კი კომფორტული. საბედნიეროდ „ახალი დრო“ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველდღიურად ჩვენზე მორგებული პირობები შევქმნათ.

ბლიც ინტერვიუში თიბისელი სალომე სურმანიძე, გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს დისტანციურად მუშაობის შესახებ.

სახელი: სალომე

გვარი: სურმანიძე

პოზიცია: სერვის ექსპერტი შესაბამისობის რისკების გუნდში

სამუშაო ადგილი: უზბეკეთი

რატომ ხარ უზბეკეთში?

თიბისის საზღვრებს გარეთ გაფართოების გამო მეუღლე გადავიდა ტაშკენტში, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ცხრა მთას იქით გავყოლოდი ჩვენი მონაგარით. ბანკის დისტანციურად მუშაობასთან დაკავშირებული სტრატეგიის გამო, სამსახურის მიტოვება არ მომიწია და დავრჩი ონლაინ თიბისელად



რა არის შენი მთავარი მოტივაციის წყარო?

ჩემი ოჯახი

რა გაძლევს მოტივაციას სამსახურში?

საინტერესო პროექტი, გამოწვევები, თანამშრომლები


ძირითადი პრინციპი სამუშაო პროცესში?

დღის წინასწარ დაგეგმვა, რაშიც მეხმარება დილის განახლების შეხვედრები; გუნდურობა და დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში; დამატებითი მასალების მოძიება/კვლევა, რაც ხელს შემიწყობს პროფესიულ ზრდაში


ოფისში თუ დისტანციურად?

დისტანციურად


დისტანციური მუშაობის მთავარი უპირატესობა?

ჩემს შემთხვევაში მართლა საიდანაც მინდა, იქიდან ვმუშაობ, რითიც უფრო ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ამასთან ერთად, გამეზარდა დამოუკიდებლობის შეგრძნებაც

მთავარი სირთულე?

რთულია შეინარჩუნო მდგრადი სამუშაო გრაფიკი, როცა „ბარემ“ დღესვე შეგიძლია დაასრულო საქმე. თითქოს ზღვარი გაუფერულდა დასვენებასა და სამსახურს შორის


როგორია შენთვის იდეალური სამუშაო გარემო?

გამოწვევებით სავსე პროექტზე კარგად “შეთამაშებულ” გუნდთან ერთად მუშაობა


ყველაზე უჩვეულო და საინტერესო ადგილი საიდანაც გიმუშავია?

სამარყანდში გურ-ემირის მავზოლეუმის ეზოდან, სადაც მდებარეობს თემურლენგის საფლავი

დღის განმავლობაში საშუალოდ რამდენჯერ იცვლი სამუშაო ადგილს?

ძირითადად არ ვიცვლი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უმცროსი შვილი მომაგნებს. შემდეგ უკვე მიწევს სხვა „უსაფრთხო“ ადგილის მოძიება სახლში


აუცილებელი ნივთები/ატრიბუტები მუშაობისას?

ყავა, ყურსასმენები, წასახემსებელი


რას ურჩევდი კოლეგას, რომელიც სრულიად დისტანციურ მუშაობაზე გადადის?


რამდენიმე რჩევა მექნება:


  • შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული სამუშაო სივრცის შექმნა სახლში. ძალიან კომფორტულია სავარძელში ჩაჯდომა და მუშაობა, მაგრამ დროთა განმავლობაში სიზარმაცეს იწვევს


  • სამსახურიდან დროულად „გამორთვის“ სწავლა, რომ „work-life” ბალანსი არ დაირღვეს


  • საკმარისზე მეტი კომუნიკაცია გუნდის წევრებთან იმისთვის, რომ საერთო განწყობა იყოს ერთნაირი

რომელი პლატფორმები/ციფრული ტექნოლოგიები გიმარტივებს ცხოვრებას დისტანციური მუშაობისას?

Teams, Zoom, Jira და სხვა


შენი აზრით, რამდენად ეფექტური იქნება დისტანციური მუშაობა, პანდემიის დასრულების შემდეგ? გაქვს სურვილი რომ კვლავ დისტანციურად იმუშავო?

სავარაუდოდ დაიწყება გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც უკეთესად მივხვდები სხვებთან ერთად ოფისში მირჩევნია სიარული თუ ისევ დისტანციურად ყოფნა. ახლანდელი გადმოსახედიდან სურვილი მაქვს, რომ შენარჩუნდეს დისტანციური მუშაობის პრინციპი, იმის გათვალისწინებით რომ ოფისში მისვლის და იქიდან მუშაობის საშუალებაც მექნება


რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს საქმეში?

მომწონს, რომ მაქვს შესაძლებლობა ბიზნესის გამოწვევები გადავთარგმნოთ ტექნიკურ გადაწყვეტილებად, ამით თიბისელებს ან მომხმარებლებს საქმე გავუმარტივოთ და დრო დავუზოგოთ


რას ისწავლიდი სიამოვნებით?

Machine learning, არომაქოლოგიას, სერფინგს

- რას ნიშნავს შენთვის იყო წარმატებული?


კმაყოფილი, ამაყი და ულვაშებში ღიმილით რომ უყურებ გადალახულ სირთულეს

როგორ უმკლავდები სირთულეებს და პრობლემებს საქმეში?

ყველაზე მეტად მეხმარება პრობლემის გადაჭრის გზის დაყოფა მცირე შესასრულებელ დავალებებად. შფოთვა მცირდება, როცა ეს „ჩეკლისტი“ ნელ-ნელა ინიშნება


გუნდური მუშაობა თუ ინდივიდუალური საქმე?

მიუხედევად იმისა, რომ ორივე აუცილებელია, მაინც გუნდური მუშაობა მირჩევნია


სხვა რა კითხვა შეიძლებოდა დაგვესვა შენთვის?

როგორ ახერხებ განტვირთვას პანდემიის პირობებში?

მიყვარს ხატვა, ვცდილობ ვივარჯიშო რეგულარულად. განტვირთვისთვის საუკეთესოა ბავშვებთან ერთად ბუნებაში გასვლა


ავტორი: ქეთი რაზმაძე