კულტურა თაობა

ახალი თაობის ხმა | Hello Bedford Falls

იანვარი 04, 2024

თუ მთხოვენ, რომ ერთი მუსიკით დავახასიათო ახალი თაობა საქართველში, სხვადასხვა ბენდი შეიძლება გამახსენდეს, სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ ერთადერთი ახალი თაობის ბენდი, სხვების მიმართ უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გემოვნების მსმენელს, მაინც Bedford Falls-ია, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ფესტივალის მთავარ სცენას ნამდვილი როკსტარის გამოსვლად აქცევს და ათი ათასობით ადამიანი დათო ჯიქიასთან ერთად ქართულ ტექსტებს მღერის:

“მე ვარ შენი გილგამეში, მოალაპარაკე ლეში, ქოლგა აქაფებულ თქეშში”

დათომ და მიხომ ერთმანეთი გარდამავალ პერიოდში გაიცნეს, სკოლის დამთავრებისას, რომელიღაც მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულზე, მუსიკის მიმართ ძალდაუტანებელი სიყვარულით.  


მაშინ გაჩნდა წინასწარ განუსაზღვრელი ბენდის, Bedford Falls-ის იდეაც, რომელიც მალე gადაიქცა თაობის ხმად. 

არ ვიცი მაშინ რომელიმე იცნობდა თუ არა რატი კობახიძეს, ან საერთოდ, მერეც თუ გაიცნეს, მაგრამ დათოს, მიხოს, სანდროს და გიორგის სახელებამდე, რატი კობახიძის სახელი და გვარი ვიცოდით. მეტი არც არაფრის ცოდნა გვჭირდებოდა რატიზე, თუმცა მისი პასპორტის ვადის გასვლის თარიღიც დაუგეგმავად შემოვიდა ჩვენს მეხსიერებაში. რატის სიმღერაზე სცენის წინ ჩაცუცქულები ველოდებოდით ბასის ხმას, რომ წამოვმხტარიყავით და ისე, როგორც ახლა ფესტივალებზე ყვირილით მღერიან, მაშინ, პატარა სცენის წინ ათობით ადამიანს გვემღერა:

“ა-რა-ფერი არ გამოვაააა, ა-რა-ფერი არ გამოვაააა.”

დათოს და მიხოს, და ჩვენი და რატის გაცნობა პანდემიამდე ბევრად ადრე მოხდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ Bedford Falls იმ სახით, რა სახითაც დღეს არის, პანდემიაში აღზევებული ბენდია - ქართული მუსიკის სცენის ახალი დეკადის დასაწყისი. სწორედ პანდემიის შემდეგ განახლდა ლაივ ივენთების კულტურა ქალაქში და ზუსტად ამ დროს „გამოჩნდა სცენაზე“ ბენდიც.

ყოფილხართ Bedford Falls-ის ლაივზე? თუ არა, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ის, რასაც სხვა ქართველი ბენდის ლაივზე ვერ ნახავთ. Bedford Falls-ის ლაივზე ერთი ორგანიზმის ნაწილი ხდები, სცენასთან პირველ რიგში მდგომი ხალხი და კიდევ რამდენიმე, პირველივე აკორდზე ცნობს ტრეკს და მაშინ ხვდები, რომ აქ ნამდვილად რაღაცის ნაწილი ხარ.

შეიძლება ყოველდღიურად არც უსმენდე ბენდის მუსიკას და არც სფოთიფაის საყვარელ არტისტებში გყავდეს დამატებული, თუმცა, ამ ბენდს აქვს ის ჟღერადობა და ტექსტი, რომელიც კომფორტულად გაგრძნობინებს თავს და ამ კომფორტში შენად ყოფნის საშუალებას გაძლევს. ამას რომ ერთხელ იგრძნობ, მათი მუსიკის ყოველი მომდევნო მოსმენა, ლაივ შესრულებისას თუ ციფრულ არხებში, გაგახსენებს პირველს და ამ დროს ხვდები, რომ ბენდის მიმართ ნდობა გაგიჩნდა.

Bedford Falls-მა შექმნა მუსიკა, რომელიც ყოველთვის ისტორიებთან და ადამიანებთანაა დაკავშირებული. შეიძლება ბენდის მოსმენისას უბრალოდ ახალგაზრდობის თავქარიანობებს იხსენებდე:

„I think of days of youth, endless hours, wasted time“

ან უბრალოდ თბილისის მეტროში, სადაც მხოლოდ ორი გაჩერება გვიწევს მიწისზევით ყოფნა, ასწრებდე „მიდი ვალსის“ ჩართვას და ფიქრობდე, რომ კორპუსების ფანჯრებიდან გამოსული აციმციმებული სინათლის საუნდტრეკი სწორედ ეს მუსიკა.

შეიძლება ისევ პანდემიის კარგ ნაწილს იხსენებდე და მეგობრებთან ერთად მღეროდე:

„Right from the window, I see your lights on. Virus spreading, tears ejecting. 

 Stay in siiiiiiiii de” 

Fun Fact: Macedonia სამი სხვადასხვა ტრეკის გაერთიანებით დაიწერა. არსებობდა გამხსნელი პიანოს მელოდია, რომელსაც “stay inside” მოჰყვებოდა. 1:42-ზე კი იწყება მელოდია, რომელიც მანამდე სულ სხვა სიმღერა იყო, ისე, როგორც ქართული ტექსტის ნაწილი. საუკეთესო ვერსიის მისაღებად ბიჭებმა ამ სამი ნაწილის გაერთიანება და ერთ ტრეკად აწყობა არჩიეს.

ამასობაში ზამთარიც მოვა, რადგან აქ სულ ზამთარიააააა!

6 იანვარს, სფეისჰოლში, შევხვდებით ბედფორდ ფოლსს, რომ ვიმღეროთ ჩვენი ისტორიების სიმღერები და ბედფორდ ფოლსს მივულოცოთ შობა:

 Hello Bedford Falls! Merry Christmas! 

- „It’s a Wonderful Life” 

Fun Fact: Bedford Falls გამოგონილი ქალაქის სახელია, ფრანკ კაპრას ფილმიდან „ეს მშვენიერი ცხოვრება“

შეხვედრამდე

ავტორი: ქეთო შურღაია