სიახლეები

აქ.ახლა საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა

მაისი 28, 2021

სათაურში გამოყენებულია ფრაზა გაზეთ “საქართველოს” 1918 წლის 26 მაისის გამოშვებიდან

2021 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წელი აღვნიშნეთ. ალბათ, ძალიან ცოტაა ქვეყნის კალენდარში იმაზე ამაღელვებელი დღე, ვიდრე ეს თარიღი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა უკვე დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში შეიძლება გააკეთო, იმ ადამიანების და ამბების გახსენება და გაზიარებაა, რომელთაც შესაძლებელი გახადეს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეულიყო.

თიბისი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ზეიმობს ამ დღეს და წელსაც მრავალფეროვანი, თანამედროვე ფორმატებით ცდილობს საზოგადოებას ქვეყნისთვის უმნიშვნლოვანესი თარიღი და მასთან დაკავშირებული მოვლენები გაახსენოს:

ვიდეო ტური საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან გიორგი კეკელიძესთან ერთად

გიფიქრიათ, სად არის ჩვენი დამოუკიდებლობა? ეს დოკუმენტია, რომელიც არქივში ინახება თუ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი? რა თქმა უნდა, ორივე.


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის სამუშაო ვერსია, რომელიც საბოლოოდ დამოუკიდებლობის აქტად იქცა, საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება და მათ შესახებ ძალიან საყურადღებო დეტალების მითითებით ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გიამბობთ:

ანიმაცია - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია

1921 წლის 21 თებერვალს, მაშინ როდესაც ქართული არმია საქართველოს რუსეთის ანექსიისგან დაცვას ცდილობდა, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.


ეს დოკუმენტი, რომელიც თავისი შინაარსით, გარკვეულწილად დროს უსწრებდა, დღემდე გვახსენებს, რომ საქართველო ისტორიულად აღიარებდა ყველა მოქალაქე თანასწორად და გვასწავლის, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს.


ანიმაციაზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესახებ თანამედროვე ფორმით გვიყვება მწერალმა ტორესა მოსიმ, მხატვარმა გიორგი ჯინჭარაძემ და სტუდია „ანიმატორმა“ იმუშავეს. დაინტერესების შემთხვევაში, ანიმაციას ნახავთ აქ:

ფაზლი - საქართველოს კონსტიტუცია,

მუხლი 2. სახელმწიფო სიმბოლოები

1918 წლის მოვლენები შთაგონება გახდა კიდევ ერთი პროექტისთვის. მხატვარმა გიორგი ჯინჭრაძემ საქართველოს კონსტიტუციაზე ფიქრისას, მისი 1995 წლის რედაქციის მიხედვით შექმნა ილუსტრაცია ფაზლისთვის, რომელიც ერთი შეხედვისთანავე სიამაყით აგავსებთ და გაგახსენებთ, რომ დამფუძნებელ კრებას ჰყავდა წევრი ქალები და მათ შორის ქრისტინე შარაშიძე, მოგაგონებთ ნოე ჟორდანიას როლს, გაგაცნობთ დამფუძნებელი კრების წევრებს, გაჩვენებთ საქართველოს 1921 წლის დროშას, რომელიც იაკობ ნიკოლაძემ შექმნა და სხვა სახელმწიფო სიმბოლოებს როგორც ისტორიიდან, ისე დღევანდელობიდან.

დამოუკიდებლობის სკოლა

დამოუკიდებლობაზე მსჯელობა ყველაზე მნიშვნელოვანია აქ და ახლა, რისთვისაც უკვე მეოთხე წელია, აქტუალურ საზოგადოებრივ და კულტურულ საკითხებზე სასაუბროდ „დამოუკიდებლობის სკოლაში“ ვიკრიბებით.


წელს მისი მომხსენებლები იყვნენ:


  • მწერალი ტორესა მოსი
  • ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი
  • ფილოსოფოსი გიგა ზედანია
  • რეჟისორი ლევან წულაძე


თუ მზიურში ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძელით, ლექციებს სრულად შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:

გაზეთი - დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წელი

დამოუკიდებლობის 103 წელს დღევანდელი პესპექტივიდან მიმოიხილავს სპეციალურად ამ დღისთვის გამოშვებული გაზეთი, რომლის რედაქტორმა დავით კაკაბაძემ და ფოტო-რედაქტორმა გურამ წიბახაშვილმა ავტორებთან - ქეთევან შავგულიძე, თეო ხატიაშვილი, გუჯა ბერიშვილი, ბიძინა მაყაშვილი, დიანა ანფიმიადი, დავით ბუხრიკიძე - ერთად, გასული საუკუნის ის საზოგადოებრივ-კულტურული პროცესები შეაფასეს, რომელმაც ჩვენი, როგორც ერის იდენტობა შექმნა.  

რადიო სპექტაკლი - "პირველი აქტი"

1918 წლის მოვლენებს და დღევანდელობას შორის კავშირს ეძებდა რადიო სპექტაკლის „პირველი აქტი“ შემოქმედებითი ჯგუფიც. რეჟისორებმა მიხეილ ჩარკვიანმა და დავით ხორბალაძემ მსახიობებთან - მერაბ ნინიძესთან, ნინო კასრაძესთან და კახა კინწურაშვილთან - ერთად იმუშავეს.


„პირველ აქტში“ სამი ხმა ისტორიულ ფაქტებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, დამოუკიდებლობის იდეაზე იმსჯელა, გააანალიზა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი აქტი, როგორც პირველი ქმედება თავისუფალი ქვეყნის შესაქმნელად და შეეცადა გაეაზრებინა, როგორ აისახა ეს დღე თითოეული მათგანის ცხოვრებაზე. შემოქმედებითი ჯგუფი ფოკუსირდა დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისეთ დეტალებზე, რომელზეც შესაძლოა საზოგადოებას აქამდე ყურადღება არ გაუმახვილებია და ასე შექმნა ამ დღის სრულად ახალ პერსპექტივა.


რადიო სპექტაკლს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ (აუცილებლად გამოიყენეთ ყურსასმენები):

შეცვლილი დრესკოდი თიბისელებისთვის

26 მაისი მნიშვნელოვანი დღეა „თიბისის“ მთელი გუნდისთვის. ამ დღეს სამი ქალაქის ცენტრალურ ფილიალებზე საქართველოს დროშაა გადმოფენილი, წელს კი საზეიმო განწყობას ის ფაქტიც აძლიერებდა, რომ ამ დღისთვის თიბისელების დრესკოდი შეიცვალა და ის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის იუბილეს მიეძღვნა.

26 მაისი საზეიმო დღეა და მას კიდევ ერთხელ გილოცავთ!


ავტორი: მაშო სამადაშვილი