ოქტომბერი 28, 2022
25-27 აგვისტოს სვანეთის განუზომლად მშვენიერი მთები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო ჰაიკინგ პროექტს უმასპინძლებს. “Ჰაილენდერ საქართველო”-ში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ვისაც მუხლი ერჩის და ვისაც საკუთარი თავის წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია.
პატარა რომ ვიყავი, მეგონა რომ მთაში მხოლოდ ალპინისტები დადიოდნენ, მათი მიზანი და მოტივაცია ცოტა ბუნდოვანი რჩებოდა ჩემთვის - რა უნდათ, სად მიდიან, რატომ ადიან - რავიცი, ერთი პატარა ნახევრადმოხევე ბავშვისთვის მთა აუცილებელი რუტინა იყო, სადაც სპეციალურად ასვლა სიამოვნებისთვის, რაღაც სუპერმენობის მსგავსი საქმე იყო, რომელსაც ჩემი სხეული და გონება ვერ სწვდებოდა. Კიდევ უფრო Გაურკვეველი იყო იმ ბაბუების და ბებოების მიზანიც, რომლებიც ყაზბეგში ჩემი სახლის წინ ყოველდღე აივლიდნენ და ჩაივლიდნენ ხოლმე ზურგჩანთააკიდებულები, სპეციალური ჯოხებით შეიარაღებულები, ჩანთაზე მიბმული პარალონებით, გვერდითა ჯიბეებში ჩადებული თერმოსებით, მზისგან დამცავი კრემით სქლად წათხაპნილი ცხვირებით, გათხაპნილ ცხვირებზე ჩამოდებული პრიალა სათვალეებით - დემნას რომ უკეთია ხოლმე ახლა ისეთით. Ჩემს წარმოდგენაში Ბებოები და ბაბუები მთაზე მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ ჩვენთან, როცა მათი ძროხა ნახირს არ ჩამოყვებოდა ხოლმე და ძებნა უწევდათ. Ვიდექი და შევყურებდი პირდაღებული, მათი თითოეული ლოყაზე მოთათუნება კიდევ უფრო მხვევდა გაურკვევლობის ბურუსში.
“Მთაში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ” - ჩივის გურამ რჩეულიშვილი, მუდმივად ჩვენს თანატოლად რომ დარჩა, საყვარელ ძმაკაცად, ჩვენნაირად მოფიქრალად, ჩვენსავით ცოტა დაკარგულად და მარტივი სიკეთეებით გაბედნიერების მასწავლებლად. Მინდა ხოლმე რომ ვუპასუხო, Მერე რა გურამ, განა ალპინისტის დაფნის გვირგვინია საჭირო იმისთვის, რომ ის აკეთო რაც მოგწონს? Ან ნუთუ რაიმე მიზანია აუცილებელი? Იქნება და პროცესია მთავარი და მისით ტკბობა, და არა კულმინაციის მიღწევისას დაუფლებული წამიერი აღტკინება. Ვაიდა დრო გავიდეს და მიზანი არ აღმოჩნდეს ჭეშმარიტი, რაღა ვქნათ მერე? Ჩემი და გურამის დიალოგით თავს არ შეგაწყენთ, ისევ ჰაილენდერს და მთაში სიარულს დავუბრუნდები.
Მთამსვლელის და სამთო გამყოლის, Ილია ბერულავას აზრით მაშინ გადავრჩებით, თუ მთაში მცხოვრებ ყველა ბავშვს ეყვარება მთა, დაკავებული იქნება ბავშვობიდანვე მთაში გადარჩენის აუცილებელი უნარების ათვისებით და ზოგადად, მორგებული იქნება იმ რელიეფს, სადაც ცხოვრობს. Ყველა იმ ევროპულ ქვეყანაში, სადაც მთები არსებობს, იქაური ხალხი აქტიურადაა დაკავებული ჰაიკინგით, უფრო მეტიც, მთაში სიარული ევროპელისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და კარგი ჯანმრთელობის წინაპირობაა.
Სამთო სპორტის ორმა ხორვატმა ენთუზიასტმა, იურიცა ბარაკმა და იგორ მლინარევიჩმა ჰაილანდერი 2017 წელს წარუდგინეს საზოგადოებას. Ამ ტურის აგებულება საკმაოდ მარტივია: იხდი მონაწილეობის საფასურს, მიდიხარ ლოკაციაზე და დანიშნულ დროს იღებ სტარტს. Ყოველი დღის ბოლოს მიდიხარ ჩექპოინტზე, სადაც იღებ დასტურს, რომ დისტანცია ნამდვილად დაფარე. Შემდეგ ბანაკდები, Საღამოს ისვენებ, იცნობ სხვა მონაწილეებს, მათთან ერთად ერთობი და მეორე დილას საუზმის შემდეგ აგრძელებ გზის მორიგი მონაკვეთის დაფარვას. Ჰაილენდერის Მთავარი პირობა არის ის, რომ აქ არ არის შეჯიბრი; Აქ არ არის წამზომი. Ერთადერთი ვინმე ვისაც ეჯიბრები, საკუთარი თავია. Ჰაილენდერს სამი დისციპლინა აქვს, 5 დღიანი და ასკილომერიანი ტური; ჰაილენდერ 55 - სამი დღე და 55კმ და ჰაილენდერ ექსპერიენსი დამწყები ჰაიკერებისვის, სადაც 2 დღეში 36 კილომერია გასავლელი. Სვანეში ამჯერად ჰაილენდერ 55 და ექსპერიენსი იქნება წარმოდგენილი, შემდეგ წელს კი დიდი ალბათობით 100კმ-იანი მარშრუტიც დაემაება. Საქართველო ჰაილენდერისთვის მეთხუთმეტე ქვეყანაა. Რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ტურში მონაწილეობის მიღება არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ, რა თქმა უნდა მშობლის თანხმობის შემდეგ.
Შოთა გოლეთიანი, ორგანიზატორი: “დამფუძნებლების იდეა იყო ის, რომ შეექმნათ ჰაიკერების სუპერკლუბი, სადაც მთაში სიარულის მოყვარული ადამიანები გაერთიანდებოდნენ, არა პროფესიონალი ალპინისტები და მეკლდეურები, არამედ ფინანსისტები, მასწავლებლები, მძღოლები, ფიზიკოსები, ბუღალტრები და ნებისმიერი ჩვენგანი, რომლებსაც მთის სიყვარული აერთიანებს. Მარათონული და მოყვარული მორბენლების კლუბები საკმაოდ ცნობილია, ყველამ იცის ასევე რა არის “აირონმენი” - სუპერძლიერი ადამიანების შეჯიბრება სხვადასხვა დისციპლინაში, ჰაიკინგში მსგავსი კლუბი ან გაერთიანება არ არსებობდა და ჰაილენდერი პირველია, რომელმაც სცადა და ერთი შეხედვით ყველაზე მშვიდი დისციპლინის გარშემო დაიწყო ხალხის გაერთიანება.”
Ჰაილენდერი იდეურად და წარმომავლობით შეიძლება “მსოფლიო რბენას” შევადაროთ, რომელიც ასევე რედ ბულის ყოფილი თანამშრომლების მიერაა დაარსებული. Მსოფლიო რბენაც და ჰაილენდერიც ჯანსაღი ცხოვრების და მასობრივი სამოყვარულო სპორტის პროპაგანდას ეწევიან. Მსოფლიო რბენა და ჰაილენდერ ტური უამრავი ადამიანისთვის ახალ ქვეყანაში ჩასვლის და იქ ასპარეზობის მოტივატორია. Სვანეთის მთები უამრავ ახალ ჰაიკერს დაიტევს, მათ კი ბევრი სხვაც ჩამოყვება და ასე აშენდება ქვეყანა. Შეგახსენებთ, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია საქართველოსთვის, რომელზეც ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია ჩამოკიდებული.
Ჰაილენდერის მონაწილეები სვლას უშბის ძირში მდებარე სოფლიდან, ბეჩოდან დაიწყებენ, გაივლიან მაზერს, გულის უღელტეხილს, ჯვარს, მესტიას და ჟამუშში გაჩერდებიან. Მეორე დღის მარშრუტი მუშკელი-ჭოლაში-ჟაბეშის გავლით და თეთნულდის ძირში მდებარე ულამაზეს ადიშში დაბანაკებით იქნება. Დასკვნით დღეს მონაწილეები გაივლიან ჩხუტნიერის უღელტეხილს, კარეტას უღელტეხილს და სვლას უშგულში დაასრულებენ.
Შოთა გოლეთიანი, ორგანიზატორი: “ადამიანს ლოგიკური კითხვა უჩნდება, “რატომ უნდა გადავიხადო 600 ლარი ჰაილენდერში და რატომ არ შეიძლება რომ მარტო წავიდე ტურზე? Რამდენად სარფიანია?” ვფიქრობ რომ სამდღიანი ტური, სადაც ჰაიკერის უსაფრთხოებას დაიცავენ მაშველები და მარშლები მთელს პერიმეტრზე, სადაც სამჯერადი კვება, გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები და სხვა დამატებითი სიკეთეები შედის, ინდივიდუალურ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი ეღირება. Რაც მთავარია, აქ მონაწილე უამრავ ახალ ადამიანს, ახალ თანამოაზრეს გაიცნობს, უამრავი ბედნიერი მომენტი ექნება, თანაც ჰაილენდერის საერთაშორისო, ჯანმრთელი თემის წევრი ხდება, რაც შეუფასებელია.”
ჩემს ბლოგებს, რომელსაც ცისფერი მთების მკითხველს ვთავაზობ, რეფრენად გასდევს ფრაზა იმის შესახებ, რომ საქართველოს 70% მთაგორიანია, თუმცა ამის მიუხედავად სამთო სპორტი დიდად განვითარებული ვერ არის. Სპორტში იგულისხმება როგორც ზამთრის, ისევე ზაფხულის სახეობები, როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სამთო სპორტული სახეობები. Გლობალური მიზეზები, რომელთა გამოც სამთო სპორტი ვერ ვითარდება, ალბათ ადვილი მისახვედრია: ქვეყნის არასწორი ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც უგულვებელჰყოფს რელიეფს და ხალხის სპეციფიკას; მასიური სიდუხჭირე, რომლის გამოც ადამიანი ვერ აძლევს საკუთარ თავს ან შვილს სათხილამურო სპორტით დაკავების საშუალებას, ან რა სპორტზე შეიძლება ამ დროს ელაპარაკო ადამიანს, როცა მისი მიზანი საკმარისი საკვების შოვნაა მეორე დღისთვის.
Მთაში სიარული ყველაზე იაფი სამთო სპორტია, რომელსაც მხოლოდ ფეხსაცმელი და ზურგჩანთა სჭირდება. Ეს გასათვალისწინებელი ამბავია იმ ქვეყანაში სადაც ჯანსაღი ცხოვრება ძალიან ძვირი ღირს. აუზზე და სპორტდარბაზში სიარული ხომ ბევრისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა. Მთა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია, რომელიც თითქმის მთელ საქართველოში ხელის გაწვდენაზე გვაქვს. Ჰაილენდერი და მსგავსი სხვა პროექტები კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს ადამიანს, რომ მთისკენ გაიხედოს. Მთაში თუ კარგად დადიხარ, მერე შეიძლება სამთო გიდობაზეც გაიწიო, რაც შემოსავლიანი და საინტერესო საქმეა.
“თურმე რამდენი სიარული შემძლებია მას შემდეგ, როცა მეგონა რომ მორჩა, ენერგია ბოლომდე დავხარჯე” - თქვა ჩემი მეგობარმა ნიკამ კილიმანჯაროზე ასვლის შემდეგ. Წამოდით ჰაილენდერზე სვანეთში, დატკბით საოცარი სილამაზით და შეამოწმეთ რამდენს ივლით მას შემდეგ, როცა გეგონებათ რომ სიარული აღარ შეგიძლიათ. Ჰაილენდერის პრინციპი შეჯიბრი არაა, მაგრამ წარმოიდგინეთ მაინც რა სასიამოვნო სანახაობაა, როცა ფინიშზე ზიხარ პლედმლხურული, ქონდრის ცხელი ჩაით ხელში და უყურებ როგორ უახლოვდებიან საბოლოო ჩეკპოინტს შენი ტურში შეძენილი მეგობრები.
დეტალური ინფორმაცია ჰაილენდერ ტურზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://highlanderadventure.com/svaneti/
ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი