სიახლეები კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის გმირები

მაისი 11, 2022

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს - 26 მაისს - თიბისი უკვე 5 წელია მასშტაბურად აღნიშნავს. ყოველწლიურად განსხვავებული იყო ის პროექტები, რომელიც ამ თარიღს ეძღვნებოდა - სხვადასხვა დროს შეიქმნა რადიოსპექტაკლი დამოუკიდებლობის გამოცხადების და ანიმაცია საქართველოს კონსტიტუციის შესახებ; საბჭოთა ჯარების ყოფილი ბაზა, დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ნამუშევრით მოიხატა და თავისუფლების სიმბოლოდ გადაიქცა, "დამოუკიდებლობის სკოლის" ფარგლებში გაიმართა 20-ზე მეტი საჯარო ლექცია, რომელიც საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას მიეძღვნა.

2019 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლის აღსანიშნავად, შეიქმნა პროექტი "გმირები", რომლის ფარგლებშიც საზოგადოება იმ ადამიანებს გაიცნობს, რომლებმაც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველო უკეთეს ქვეყნად აქციეს - დაუღალავად იზრუნეს მის თავისუფლებაზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობასა და უწყვეტ განვითარებაზე. პირველი მათგანი საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო, რომლის საკოლექციო ფიგურაც დამზადდა და ასე ამ ისტორიული გმირის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

საქართველოს ეროვნული გმირი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი

2022 წელს "გმირების" პროექტს საქართველოს წარსულიდან 10 გამორჩეული ფიგურა დაემატა, მათ რამდენიმე თვისება აერთიანებს: გამორჩეული სიმამაცე, სიმართლის, თავისუფლებისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, განვითარების დაუოკებელი სურვილი, პასუხისმგებლობის ამაღლებული შეგრძნება, შრომისმოყვარეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომელიც ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დგას. მოდით, თითოეული მათგანი ახლოდან გავიცნოთ:

ვახტანგ გორგასალი


მეფე მგელ-ლომი, მეფე გოლიათი

ვახტანგი 15 წლის ასაკში გამეფდა. როგორც მეფის ისტორიკოსი ჯუანშერი აღწერს „ქართლის ცხოვრებაში“, ამ გადაწყვეტილების გასაცნობად მან შეკრიბა ქართლის დიდებულები, ქალაქების გამგებლები, ეპისკოპოსები, ასისთავები და ათასისთავები და განუცხადა, რომ მათთან ერთად იბრძოლებდა მტრის წინაშე და ამავე ძალებითა და ერთგულებით ჩადგებოდა ღმერთის სამსახურში.


მეფის სრული სახელი იყო ვარან-ხოსრო-თანგ, რაც მის წარმომავლობაში სპარსულ ფესვებს აღნიშნავდა.მისი მეორე სახელი გორგასალი, ასევე სპარსული შესატყვისია უკვე ლეგენდად ქცეული წოდებისა, რომელიც ჟღერს, როგორც „მგელ-ლომი“.ისტორიულ წყაროებში ის დახასიათებულია, როგორც „უშიშ ვითარცა უხორცო“ და ღმერთის მოიმედე.


ვახტანგის სახელს უკავშირდება თბილისის, როგორც ქალაქის რეკონსტრუქცია და შენობა-ნაგებობების გამაგრება, ასევე სამხედრო რეფორმა, რომლის თანახმადაც სამხედროთა გარკვეულ კონტინგენტს ანაზღაურება დაუწესდა ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. თუკი ომებში სახელს გაითქვამდნენ, მეომრებს ვახტანგ მეფე აზნაურის სტატუსით აწინაურებდა. სარგის კაკაბაძის თქმით, ამ სისტემამ ცხრა საუკუნე გაძლო. ვახტანგ მეფის მიერ გატარებულ სოციალურ რეფორმებს შორის აღსანიშნავია სახელმწიფო მამულებში მიწათმოქმედთა და გლეხთა მომრავლება, რითაც აქცენტი ამ სოციალური ფენის გააქტიურებაზე კეთდებოდა.

დავით აღმაშენებელი


ერთიანობის გვირგვინი

დავით აღმაშენებელი ყველაზე პოპულარული მეფეა საქართველოს ისტორიაში. რეფორმებისა და გამარჯვებების სერია, რომელსაც ისტორიული წყაროები მას მიაწერენ, ამის საფუძველს ნამდვილად ქმნის. იმის მიუხედავად, რომ ვახტანგის მსგავსად, ისიც 16 წლის ასაკში გამეფდა, დავითს გამორჩეული გონიერება აღმოაჩნდა როგორც შიდა სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის, ისე გარეშე ტომებთან ურთიერთობის საქმეში. მთავარი, რასაც ისტორიული ანალიზისას შენიშნავენ, არის სამხედრო, საეკლესიო და ეკონომიკური რეფორმები. მუდმივი ჯარის შექმნით, ამბობს ივანე ჯავახიშვილი, დავით აღმაშენებელმა შექმნა არა მხოლოდ საგარეო მტერთან, არამედ შიდა დაპირისპირებებთან გამკლავების მყარი გარანტია. მნიშვნელოვანი სოციალური გარღვევა იყო წოდებასა და წარმომავლობაზე დაფუძნებული სისტემების ნგრევა, როგორც საერო, ისე საეკლესიო სივრცეებში. დავითის და მისი მრჩევლების გადაწყვეტილებით, დაწინაურებას, როგორც ეკლესიაში, ისე საერო ინსტიტუტებში, განსაზღვრავდა მორალური მახასიათებლების სიმტკიცე და ადამიანის ღირსება. დავით აღმაშენებლისვე გადაწყვეტილებით, მეფის პრეროგატივას აღარ წარმოადგენდა სასამართლო საქმეების განსჯა და გადაწყვეტილების მიღება. ამისათვის მან, პირველად საქართველოს ისტორიაში, სასამართლოს ინსტიტუტის ჩამოყალიბებას დაუდო სათავე. სტრატეგიულ რეფორმებთან ერთად, დავითისთვის მნიშვნელოვანია განთლების ხელშეწყობაც, რაც გელათის აკადემიის დაარსებითა და ხელშეწყობით დაგვირგვინდა. სავაჭრო გზების გათავისუფლებით სპარსეთსა და საქართველოს შორის, დავითი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკური მოძლიერების პერსპექტივას.


ისტორიკოსები დავითის ტოლერანტულ მსოფლმხედველობაზეც საუბრობენ. თბილისის თურქებისგან გათავისუფლების შემდეგ, მას არ შეუქმნია ბარიერები სხვა რელიგიების წარმომადგენელთათვის. უფრო მეტიც, ის თავად დადიოდა მუსლიმთა სამლოცველო ადგილებში, ისმენდა ყურანს და მის განმარტებებს. არაბულ ისტორიულ წყაროში იმასაც ვკითხულობთ, რომ სუფიებს და სპარს პოეტებს მან თავშესაფარიც აუგო.


ცნობილი გამარჯვებების გარდა, რომელიც მან მოიპოვა მეთორმეტე საუკუნის ყველაზე მძლავრ მეზობელ ტომებთან, საინტერესოა დავითის პიროვნული მახასიათებლები. მისი „გალობანი სინანულისანი“ თავმდაბლობის საუკეთესო მანიფესტია. ამ ტექსტში ის მუდმივად საუბრობს გადაცდომებზე, რომელიც არ არის უცხო არც ერთი საერო მოღვაწისთვის. წიგნების კითხვისა და ანალიზის სიყვარულის მიუხედავად, ის თავს „უსწავლელად“ მიიჩნევდა, არადა მისი ისტორიკოსები, რომლებიც ეყრდნობიან ჯარისკაცების გადმოცემას, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დავითისთვის წიგნები არა გართობის, არამედ ცოდნის გაღრმავების მთავარი წყარო იყო. მის ღიაობას ახალი ცოდნისა და განსხვავებული კულტურისადმი, უდავოდ, დიდი როლი აქვს საქართველოს „ოქროს ხანად“ აღიარებული ეპოქის შექმნაში.

თამარ მეფე


მეფე მზე

საქართველოს გაღმერთებულ მეფეებს შორის ერთ-ერთი თამარია, გონიერებით, მიმტევებლობითა და მშვენიერებით გამორჩეული მონარქი. მხატვრულ ტექსტებში, რომლებიც მისმა თანამედროვეებმა საქართველოს ისტორიაში პირველ ქალ მეფეს მიუძღვნეს, ისეთი ეპითეტებია გამოყენებული, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თამარისთვის გამოიგონეს. ჩახრუხაძის პოეტურ მიძღვნაში ვკითხულობთ „თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა ნარნარი...მზე მცინარი, საჩინარი, ვარდ შამბნარი, შამბ-მაღნარი, ღაწვ-მწყაზარი, შუქ-მფინარი“. ამის პარალელურად ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლეგენდები, მითები და პოეტური წარმოდგენები ხშირად ხელს გვიშლის სიღრმისეულად გავიაზროთ ქალი მონარქის როლი საქართველოს გადარჩენის საქმეში. ამის მიზეზად სარგის კაკაბაძე სამეცნიერო ისტორიოგრაფიის განუვითარებლობას მიიჩნევდა. თამარ მეფის როლზე საუბრისას ხშირად ხაზს უსვამენ მის გამჭრიახ შიდა პოლიტიკურ ნაბიჯებს, რამაც ქვეყნის ძლიერება და ერთიანობა განამტკიცა. ამ რეფორმებს შორის არის, მაგალითად, აჯანყებული დიდებულების დაშოშმინების პოლიტიკა, რაც განამტკიცა ათაბაგის ინსტიტუტის შემოღებით, რომელიც ეროვნებით სომეხმა ივანე მხარგრძელმა დაიკავა.


თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვრის აღწერაში, ვკითხულობთ, რომ მეფეს არასდროს ჰქონია მომხვეჭელობის სურვილი. ის თავისი ძველი მამულითაც კმაყოფილდებოდაო. მას არ ახასიათებდა მტრობის გაღვივება მეზობელი ხალხების მიმართ. პირიქით, მუდმივად მომართული იყო მათი მტრისგან დასაცავადო. თამარი „სანთელი იყო გონიერთა განმანათლებლად და უგუნურთა დამწველად; აღვირი იყო უწესოდ მკრთომელთა და დეზ უდებისათვის, კანონი სირცხვილისა მოხუცებულთათვის და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათვის...''


თამარის, როგორც უკვდავი მეფის შესახებ საუბრისას, სარგის კაკაბაძე ასეთ რამეს ამბობს: „...ქართველ ხალხს არა სჯერა თამარის სიკვდილი, როგორც ვერ დაიჯერებს ის თავისს ეროვნულ უძლურებას, თავისი თავის სიკვდილს. ამიტომ თამარი უკვდავია და მისი სახელი არ მოკვდება, სანამ იცოცხლებს ქართველი ერი და ღმერთმაც ნუ ქნას, რომ ეს მოკვდეს, რადგან ეს იქნებოდა დაკარგვა რწმენისა ჩვენი ეროვნული ძალისადმი, სიკვდილი ჩვენი ეროვნული ერთიანობისა“

ილია ჭავჭავაძე


პირველი იდეური წინამძღვარი

საზოგადოებამ ყველაზე მეტი მაინც ილიაზე იცის. ქართველი ერის მამა, როგორც მას მოიხსენებდნენ, აერთიანებდა ყველა მათგანს, ისევე, როგორც ყველა მათგანში იპოვიდით ილიას თვისებებს.


საქართველოს საუკუნოვანი ისტორია და კულტურა არასდროს ართულებდა ეროვნული გადარჩენისთვის ბრძოლას, თუმცა ილიამ ყველა ეს იდეა მყარ იდეოლოგიურ საფუძვლად აქცია და ერს მისცა საშუალება სიმბოლოები ხელშესახებ იდენტობად ექცია. ერთია ისტორია და კულტურა, მაგრამ მეორეა მისი გამოყენება ერი-სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც უფრო ახლოსაა ევროპულ ცივილიზაციასთან. ამან საბოლოოდ მოგვცა 1918-1921 წლების პირველი ქართული რესპუბლიკა და მყარი რწმენა იმისა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა.


ილიამ პირველმა გაიაზრა, რომ ერისა და ქვეყნის შენების საფუძვლები განათლებაში, სიტყვისა და აზრის თავისუფლებაში და პოლიტიკური სისტემის მშენებლობაშია, რაც თავიდანვე ეყრდნობოდა პლურალიზმის საფუძვლებს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო კანონის უზენაესობა:

“...კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სიმართლისგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლისმიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითოეული წევრი, თვითოეული კაცი...“

ილიას მრავალმხრივი ინტერესი და სურვილი ქართული საზოგადოების ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბების გზაზე ჩანს მის მხატვრულ ტექსტებში, პუბლიცისტურ ნაწერებში, და, რაც მთავარია, საქმეში.


ილია ჭავჭავაძის, როგორც საქართველოს განვითარების უბადლო შემოქმედს და მხარდამჭერს, საუკეთესოდ წარმოაჩენს გურამ შარაძის შესავალი სიტყვა ილიასადმი მიძღვნილ წიგნში:


„ცნობილია, რომ კითხვაზე ვინ არის კარგი მწერალი, თომას მანმა ასეთი პასუხი გასცა: -‘ის, ვისი ცხოვრებაც სიმბოლოა“.ამ სიტყვების მარადიული ჭეშმარიტების მაგალითად, გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძეს მიიჩნევდა, რომლის დამსახურება, ცხადია, გასცდა მწერლობას. იშვიათია ტექსტი, რომელიც დღესაც ისეთივე ინტერესით არ იკითხება, როგორც „ივერიის“ გვერდებზე ახლად დაბეჭდილი ტექსტი. მისი ტექსტების აქტუალობასთან ერთად არ იკარგება იმედიც, რომ საქართველოს აქვს უფლება და საფუძველი რომ ისეთ ქვეყანად იქცეს, რომლისაც ილის და მის თანამებრძოლებს სჯეროდათ.

დავით სარაჯიშვილი


იდეური ქველმოქმედი

დავით სარაჯიშვილის პიროვნულ თვისებებსა და ღვაწლზე საუბრობდნენ ყველგან, ჟურნალ-გაზეთებსა თუ პირად ჩანაწერებში. ავტორებს შორის მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისის თითქმის ყველა მთავარი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე იყო. მისი საქმეები განსაკუთრებით აღნიშნეს ჟურნალ „თემში“ გამოქვეყნებულ წერილებში, რომელიც დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა. საქებარ და სამადლობელ წერილებს ხელს აწერდნენ ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ეპისკოპოსი ლეონიდე, აკაკი წერეთელი და სხვები. მხოლოდ ამ წერილებიდანაც ჩანს, რა ღირებულებებს, ცოდნასა და მიზნებს ეყრდნობოდა საქართველოს ერთ-ერთი პირველი წარმატებული ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ცხოვრება. ნოე ჟორდანია წერს: “განსვენებული არ იყო ჩვეულებრივი ქველმოქმედი. ჩვეულებრივი ქველმოქმედება აგებულია პატივმოყვარეობაზე, თავის გამოჩენის, დამსახურების და სხვა ამგვარების სურვილზე. ქველმოქმედი ამბობს: აი, წაიღეთ ფული და მომშორდით თავიდანო. დავითი კი არ ეკუთვნოდა ამათ გუნდს. ის პირველ ყოვლისა სწუხდა ჩვენი მწუხარებით, სტკიოდა ჩვენი ტკივილები, ის სულით და გულით გადაგებული იყო საზოგადო საქმეებზე. მისი სიყვარული ჩვენი ერისადმი მეტად ღრმა და გულწრფელი იყო. და ვისშიც ეს უზენაესი გრძნობა ასე ღრმად ღვივის, ის კიდევაც ემსახურება ერს, ემსახურება ზოგი კალმით, ზოგი ხელოვნებით, ზოგი პრაქტიკული მოღვაწეობით, ვისაც როგორ შეუძლია. და აი განსვენებულიც ემსახურებოდა მას, რითაც შეეძლო - ქონებით. ის იყო პირველი ქართველი იდეური ქველმოქმედი“.


ივანე მაჭავარიანის თქმით, დავით სარაჯიშვილი „საკუთარი ქვეყნის სიყვარულით განათლებული“ კაცი იყო. ეს იგრძნობოდა მის საქმიან და საქველმოქმედო გადაწყვეტილებებში. მის სტიპენდიანტებს შორის იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, ია კარგარეთელი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი, მოსე თოიძე, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გიგო გაბაშვილი და სხვები. მან დააფინანსა არაერთი არქეოლოგიური თუ სახელოვნებო ექსპედიცია, სალიტერატურო გამოცემები და სკოლების მშენებლობა. 


ნოე ჟორდანიას მოგონებებში დავით სარაჯიშვილის შესახებ ვკითხულობთ, რომ ის მწარედ განიცდიდა საქალაქო თვითშეგნებისა და შრომის სიყვარულის ნაკლებობას ქართულ საზოგადოებაში:

„ქართველს მეომრის ტრადიცია აქვს. ის რევოლუციაში ისე მიდის, როგორც წინედ მიდიოდა ომში ან ჯირითში. კულტურას კი მუშაობა ჰქმნისო“


- წუხდა ის.

ნოე ჟორდანია წერს, რომ დავით სარაჯიშვილს გამაოგნებლად მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა ჰქონდა და გატაცებულიც იყო ფილოსოფიური და ლიტერატურული საუბრებით. მართალია, განათლებულ ოჯახში დაიბადა, თუმცა თავადაც იშრომა იმისათვის, რომ საუკეთესო განათლების გზები მოეძიებინა. დავით სარაჯიშვილი ნიკო ნიკოლაძის შემდეგ პირველი ქართველი იყო, რომელმაც უმაღლესი განათლება დასავლეთ ევროპის წამყვან სასწავლებლებში, ჰაიდელბერგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში მიიღო. მას დოქტორის ხარისხი აქვს ქიმიასა და ფილოსოფიაში. მეღვინეობისა და ალკოჰოლური სასმელების საქმე კი საფრანგეთში შეისწავლა. დავით სარაჯიშვილს ალკოჰოლური საწარმოების მართვის ევროპული სტილიც გამოარჩევდა. ის სათანადოდ აფასებდა თანამშრომლებს განურჩევლად სქესისა და ეთნიკური კუთვნილებისა,რაზეც არაერთი წერილი მიუთითებს. მათ შორისაა მუშა შახნაზაროვი, რომელიც გარდაცვლილ სარაჯიშვილს ასე მიმართავს: „...შენ იმის მეტი არაფერი გითქვამს, რომ თუ ნორმალური დასვენება გინდათ, ეგ ნორმალური არ არის, ამის შემდეგ შენ ტელეფონით მოახდინე განკარგულება, რომ 8 საათის სამუშაო დრო ყოფილიყო შემოღებული. შენ პირველმა დაგვითმე ორი კვირით დასვენება ჯამაგირის შენახვით, და აღტაცებით შეხვდი, როცა ჩვენ სამკითხველოს დაარსება მოვითხოვეთ შენგან შენს ქარხანაში...“.


დავით სარაჯიშვილის გარდაცვალება შემზარავი იყო მთელი ქალაქისთვის: „...დავით სარაჯიშვილმა გამოსახა მთელი ქართველი ერის საუკეთესო ეროვნული თვისებები, რომელთა განვითარება მოუპოვებს ჩვენ ხალხს ბრწყინვალე და ბედნიერ მომავალს“. ქალაქის მაშინდელი მერის ი.ხატისოვის ამ სიტყვების გათვალისწინება დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საუკუნის წინ.

ამბროსი ხელაია


საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში

პატრიარქი ამბროსი ხელაია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ისეთივე სიმამაცით და გონიერებით იბრძოდა, როგორც წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო სტრატეგი. მის ყველა სიტყვაში, მუქარისა და ფიზიკური განადგურების საფრთხის მიუხედავად, უცვლელია მთავარი ღირებულებები: დამოუკიდებელი და თავისუფალი სამშობლოს სიყვარული, რომელსაც აშკარა მტერი ჰყავს საბჭოთა ხელისუფლების სახით. მისი მსახურების პერიოდი ყველაზე მწვავე ისტორიული კონტექსტია ეროვნული ინტერესების სამსახურში მყოფი ნებისმიერი მოღვაწისთვის, მით უფრო მისთვის, ვისაც სამოქალაქოსთან ერთად, რელიგიური ინტერესებიც ამოძრავებს. ამბროსი ხელაია არ იყო მხოლოდ რელიგიური ლიდერი, ის იყო მრავალმხრივი ცოდნის მქონე ადამიანი, რომელიც უსმენდა საკუთარ ხალხს და მათ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებდა: „ამ დიდებული სასულიერო პირის ცხოვრება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჭეშმარიტება ღირსია იმისა, რომ იცოდე და ამავე დროს, ამოწმებდე, ადასტურებდე მას, მუდამ მის განუსაზღვრელ მნიშვნელობას აღიარებდე და საკუთარი პიროვნების უღრმეს ღირებულებად მიიჩნევდე“ - წერს აკაკი მინდიაშვილი პატრიარქ ამბროსისადმი მიძღვნილ სტატიაში.


ამბროსი ხელაიას არაერთხელ სჯის საბჭოთა ხელისუფლება, ჯერ გადასახლებით, შემდეგ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებებით და ღირსების შელახვით, მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით. 1922 წელს გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილ მისი წერილი, რომლითაც დაუფარავად ითხოვს საბჭოთა ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე, მისი დაკითხვის ოქმები და სასამართლოს სხდომებზე წარმოთქმული სიტყვები, უნიკალური მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება და, მით უფრო, მისით ნასაზრდოები სულიერება.


მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამბროსი ხელაიას მიერ 1922 წელს გენუის სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი ცნობილი მეომორანდუმი აშშ-ს კონგრესის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელიც ერთა თვითგამორკვევას შეეხებოდა, სპეციალურად განიხილეს კონგრესმენი ჯოსეფ დევიდ ვაგონერის მეთაურობით. ტექსტის კითხვისას, კონგრესმენმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი ისეთივე აქტუალურია დღესაც, როგორც 1922 წელს, და ის აქტუალურია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.

ექვთიმე თაყაიშვილი


წყაროთმცოდნე, არქეოგრაფი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ფილოლოგი, ეთნოგრაფი და გეოგრაფი

გურიის სოფელ ლიხაურში დაბადებულმა ამ კაცმა საქართველოს კულტურული კოდის დაცვა მაშინ შეძლო, როდესაც მისი წაშლის ყველაზე მწვავე საფრთხე დადგა გასაბჭოების სახით. ექვთიმეს ღვაწლის მნიშვნელობა ჩანს, როგორც ეროვნული კულტურის ნიმუშების პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენის საქმეში, ისე აკადემიურ ნაშრომებშიც, რომელთაც ის ქართული მწერლობისა და საისტორიო ნაკვალევის შესწავლასა და აღრიცხვას უძღვნიდა. ის პირველი ქართული უნივერსიტეტის, ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოების და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელია. ამის პარალელურად მსახურობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის, საეკლესიო მუზეუმის კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების წევრად.


საქართველოს სიყვარული ყველაზე ნათლად მის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში ჩანს, სადაც ის დეტალურად აღწერს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ეროვნული მეხსიერებიდან წაშლას გადაარჩინა. ეს ჩანაწერები უნიკალური წყაროა 1920-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მემკვიდრეობის საფრანგეთში გატანის დოკუმენტაციისთვის. ინვენტარის აღრიცხვის სქემა, რომელზეც ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მუშაობდა, მისაბაძი უნდა იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის, რომელსაც დღეს ქართული მატერიალური კულტურის ნიმუშები აბარია.

„თბილისის დატოვებაზე ორი დღით ადრე მენშევიკური მთავრობის თავმჯდომარემ საღამოს გამომიცხადა, ხვალ დილით ჩვენ ხაზინის ქონებას ევაკუაციას ვუშვრებით და ქუთაისში ვგზავნით; საჭიროა მუზემის უძვირფასესი ნივთებიც გავხიზნოთო...შევატყობინე ეს ამბავი ყვეალ მუზეუმთა გამგეებს...მთელი ღამე დაუცხრომლად იმუშავეს და დილას ყუთები მზად იყო...“

ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ ქართული განძის დაცვას ის ევროპაშიც ისეთივე სიფრთხილით ეკიდებოდა, როგორც ბოლშევიკებისგან დაპყრობილ საქართველოში. ევროპაში ყოფნისას, მასთან განძის ყიდვის თხოვნით მისულა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის დირექტორი, რომელმაც ქართული მინანქრიანი ხატებისა და მედლების შეძენა ითხოვა, რაზეც ექვთიმესაგან მტკიცე უარი მიიღო. გაყიდვაზე უარი გაეგზავნა ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენლობასაც: „ყველა პატიოსან კაცს მოეთხოვება ელემენტარული სინდისიერება, რომ მიბარებული ნივთი ხელუხლებლად შეინახოს მეთქი“- წერს ის თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში.


ექვთიმე ქართული მემკვიდრეობის მცველის სამსახურში მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე იყო. 1945 წელს საგანძური 25 ყუთად საქართველოში დაბრუნდა და მისი აღწერა სიმონ ჯანაშიას დაეკისრა, ნივთები კი მუზეუმსა და გალერეაში გადანაწილდა. როგორც მისი მეგობარი ი. მეგრელიძე იხსენებს, ე. თაყაიშვილი ქართული საგანძურის შენარჩუნებისთვის გაწეულ შრომას ასე აღწერს:


“გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ, მუდმივი ტერორისა და შიშის ქვეშ ვიყავი, აღარც საარსებო საშუალება მქონდა. ასეთი გაჭირვების დროსაც კი არამც თუ სახელმწიფო ნივთი, რომელსაც ვეღარც მივიღებდი სეიფიდან, არამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთებიც არ გამიყიდია, თუმცა მქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულები, რომ შეიძლებოდა გავმდიდრებულიყავი...დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა. გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჩემთან უნდა მოეტანათ, და თუ ვერ შევიძენდით, მფლობელს მხოლოდ შემდეგ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა.“


უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ექვთიმე ბედნიერებით იხსენებს ბოლო დღეებს, რადგან მისი თქმით, უმთავრესი მისია, ქართული საგანძურის გადარჩენა წარმატებით შეასრულა.

ნოე ჟორდანია


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

საქართველოს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე საუბრისას ხშირად უსვამენ ხაზს მის ხანმოკლე ისტორიას, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცირე დროის მიუხედავად, რესპუბლიკის შემქმნელებმა უამრავი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელეს, როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ დროს, ბუნებრივად, გვახსენდება ნოე ჟორდანია, საქართველოს ევროპული რესპუბლიკის პირველი მეთაური, რომელიც ევროპაში მოხვედრაზე მესამე კლასიდან ოცნებობდაო, წერს გურამ შარაძე მის ბიოგრაფიაში. ევროპაში პირველად პოლონეთის გზით ჩავიდა, თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ. როგორც თვითონ ამბობს, სემინარიის ხარისხით მხოლოდ პოლონეთის ვეტერინარულ ინსტიტუტში ჩარიცხეს, მაგრამ იქ ყოფნამ ნამდვილი ევროპული სოციალიზმის შესახებ ცოდნა გაუღრმავა.


ეროვნული ინტერესებით ნასაზრდოებ პროტესტს ნოე ჟორდანია ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს გამოთქვამდა. 1889 წელს მან მონაწილეობა მიიღო სემინარიელთა ერთკვირიან გაფიცვაში, რომლის მოთხოვნა იყო სემინარიაში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სწავლების შემოღება.

ნოე ჟორდანიას პოლიტიკური მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები ასეთი აზრებით არის გაჯერებული: „თუკი პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი, თუ მთელი საზოგადოება თავის თავს უნდა მართავდეს, რატომ ერი, როგორც დიდი ეთნიური საზოგადოება, არ უნდა მართავდეს თავის თავს, არ ქონდეს თავისი სახელმწიფო.“ ეს სიტყვები შესულია პროგრამაში, რომელიც მან წარადგინა თბილისში საიდუმლო ბინაზე გამართულ „მესამე დასის“ შეხვედრაზე. 

საქართველოში დაბრუნებამდე, სადაც 1919 წლის 21 მარტს დროებითი მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს, მას უკვე მოვლილი აქვს შვეიცარია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და გერმანია. ევროპაში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილებას აქტიურად აღწერს წერილებში, რომლებიც სხვადასხვა ქართულენოვან გამოცემაში („ივერია“, „კვალი“, „ჩვენი ბრძოლა“) იბეჭდებოდა. სწორედ ევროპა გახდა მისი თავშესაფარი ჯერ ბოლშევიკურ სოციალიზმთან იდეოლოგიური შეუთანხმებლობის გამო, მოგვიანებით კი, იმის გაცნობიერებით, რომ საქართველო სრულად გადადიოდა საბჭოთა სისტემის მარწუხებში. პოლიტიკური საქმიანობა ემიგრაციამაც ვერ შეაწყვეტინა. 1933 წლამდე მან გამოსცა 12 წიგნი, მათ შორის „ვეფხისტყაოსანი“ ქართულ ენაზე. ინა ჟორდანია, მისი მეუღლე ემიგრაციაში მყოფ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ახასიათებს, როგორც მზრუნველ, საქმიან და მოსიყვარულე პარტნიორს: „ჩვენ ხშირად ვლაპარაკობდით საქართველოზე, მის მომავალზე. ბევრი რამე შეუძლია პატარა საქართველოს?-შევეკითხე ნოეს: „ათენი იყო მხოლოდ ერთი ქალაქი, მაგრამ მან შექმნა ცივილიზაციაო“ - იყო მისი პასუხი.

მარო მაყაშვილი


წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული ექთანი

მარო მაყაშვილის სილაღენარევ სიმამაცეს ზუსტად ამოხსნით, თუკი მის დღიურს წაიკითხავთ (ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა, 2014 წ.). ამ წერილებში ერთდროულად დაინახავთ ინტერესთა მრავალფეროვნებას სოფლის ცხოვრებისა და მიწათმოქმედებით დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. წერს გულწრფელად და მოურიდებლად თავის ფიქრებზე მეზობელი ქვეყნების მიმართ, წერს პაოლო იაშვილით გატაცებასა და გათხოვების გეგმებზე, რომელშიც კატეგორიულად გამორიცხავს ეროვნებით ქართველ კაცზე დაქორწინების პერსპექტივას. უყვარდა მოგზაურობა და სამშობლოს სიყვარულის მიუხედავად, მაინც ქვეყნის გარეთ წარმოედგინა თავისი თავი. აქტიურად ცდილობდა სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა, თუმცა არ დასცალდა.


მარო მაყაშვილისთვის თავისუფლება განუყოფელია, ის არაფერზეა დამოკიდებული, მათ შორის არც პარტიაზეო, ამბობდა ის: „მე მხოლოდ მინდა, ქართველი ქალი იყოს სავსებით განუყოფლად“.

ერთ-ერთ წერილში ასეთ რამეს ამბობს: „თითქო მინდა მოვახდინო რაღაც დიდი, არაჩვეულებრივი და ეს კი ისევ რჩება მარტო ფანტაზიათ“. დარდობდა, ოცნებების კოშკების აგება მიყვარსო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის რაც ფანტაზიად წარმოედგინა, ტრაგიკულ რეალობად იქცა, იმ რეალობად, რამაც მისი სახელი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირულ გმირებს შორის დაამკვიდრა.

დამფუძნებელი კრების ერთ-ერთი წევრი ჩიტო შარაშიძე (ქრისტინე) იხსენებს, რომ წითელი არმიის წინააღმდეგ გახსნილი კოჯრის ფრონტის დასათვალიერებლად ასულს, მარო მაყაშვილი მოვალეობის შესრულების პროცესში უნახავს, როდესაც ის მუხლებზე დაყრდნობილი ერთ-ერთ მოხალისე მებრძოლს ჭრილობას უმუშავებდა: „მითხრა-ქალბატონო ჩიტო, პოსტზე ვდგავარო“.


ეს შემართება და ოპტიმიზმია მისი ბოლო წერილის ტექსტშიც, რომელიც მამას, კოტე მაყაშვილს გამოუგზავნა: 

საყვარელო მამა!


მე ჯერ-ჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციიდან 0.5 ვერსზე ვართ, მეორისგან 5-7-ზე. მტერი ჯერ შორს არის ძალიან. სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულნი არიან. შალიკოს ამბავი გამიგეთ მხოლოდ, თქვენიც. ყველანი ძალიან მადლიერი არიან ჩემით. გკოცნით ბევრს. ცოტა თხილი თუ შესაძლებელია და რაიმე ტკბილი გამოგზვნეთ თუ რასაკვირველია შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით, გკოცნით ბევრს. ისე არ ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად.


შენი მარო

მერაბ კოსტავა


ყოვლისმომცველი თავისუფლებისთვის მებრძოლი

1978 წელს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში „თავისუფლება“, მერაბ კოსტავა ამ აღმატებულ ღირებულებას ფრინველის მოძრაობას ადარებს, თუმცა ამბობს, რომ ნამდვილი თავისუფლება, არა ცის კაბადონზე, არამედ იზოლაციაში იბადება: „რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანმყოფობის სურვილი. თავისუფლება დიახაც გულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობ მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭედონ მისი კედლები, შენ მაინც ვერ ვიქნები ჩემზე თავისუფალი...“. ფიზიკური და იდეოლოგიური შევიწროება ყველას ასეთ ფიქრებს არ უღვივებს, პირიქით, ის ზოგჯერ აკნინებს კიდეც ადამიანის ბრძოლისუნარიანობას, თუმცა ისეთი პატიმრისთვის, როგორიც მერაბ კოსტავა იყო, ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხე „ენერგიული ფიქრების“ წყარო იყო.


სიმბოლურია, რომ მერაბ კოსტავას დაბადების დღე 26 მაისია. თუ თარიღებს მაგიური ძალა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მისია მისთვის დაბადებიდან განისაზღვრა. მერაბ კოსტავას ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგობრივ სულისკვეთებას ბიძამისის, დისიდენტობისთვის ციმბირში გადასახლებული გრიგოლ კოსტავას საქმიანობაც კვებავდა. მუსიკალური მონაცემები პოლიტიკურმა აქტივიზმმა გადაწონა, 1956 წლის ცნობილ ანტისაბჭოთა კამპანიაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს კიდეც. მეგობრებთან ერთად დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაციის „გორგასლიანის“ სახელით გავრცელებულ პროკლამაციაში ვკითხულობთ: “ქართველებო, სხვა არავინაა მშველელი ჩვენი საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“. მერაბ კოსტავა მაშინ მეათეკლასელი იყო. იმის მიუხედავად, რომ უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო, მერაბ კოსტავა პოლიტიკური საქმიანობის გამო საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის მუდმივი თვალთვალის ობიექტი გახდა. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, არაერთი დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა, მაინც გააგრძელა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა, პარალელურად მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. გურამ გეგეშიძე ამბობს: „სამშობლო მერაბ კოსტავასთვის იგივე იყო, რაც სიმართლე, და იმ საშინელ სიბნელეში, როცა სიმართლე ყველას მკვდარი ეგონა, ხოლო სიმართლის თქმა - შეუძლებელი, მერაბ კოსტავამ ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა საყოველთაოდ გავრცელებული ბოროტების წინააღმდეგ...“


საბჭოთა უშიშროების მუდმივი სიფხიზლე კარგად აჩვენებს ამ ეროვნული გმირის მნიშვნელობას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაში. საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის ხმა განვითარებულ სამყაროშიც გავრცელდა, რაც იმით დადასტურდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო კონგრესმა ის, 1978 და 1985 წლებში ორჯერ წარადგინა ნობელის პრემიაზე. ამ დროს მერაბ კოსტავა ციხეში იჯდა. კონგრესის ამ წინადადების გაჟღერებიდან მალევე მერაბის შვილი ირაკლი კოსტავა საბჭოთა უშიშროების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. დაკითხვის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა. გამთენიისას ბებიამ 25 წლის ირაკლი კოსტავა საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვა. მერაბს ტრაგიკული ამბავი საკანში შეატყობინეს. შვილის სიკვდილს ის ამ სიტყვებით გამოეხმაურა:


„..ო, როგორ ვდარდობ, როგორ ვინაღვლი,

აწ მომხდარს რომ ვერ გადავეღობე,

კიდევ კარგი, რომ ჩემთვის, ირაკლი

გარდაცვლილები არ არსებობენ...“



საქართველოს, როგორც კულტურის, იდენტობის, სახელმწიფოს, საზოგადოების გადარჩენის საქმეში ამ ათ გმირს გამორჩეული ადგილი უჭირავს. პროექტი „გმირები“ გრძელდება და ამ და სხვა გამორჩეულად მნიშვნელოვანი ქართველების შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ.


დაელოდეთ!





ავტორი: სალომე აფხაზიშვილი

ილუსტრატორი: გიო ჯინჭარაძე