სიახლეები

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო — აღიარება საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე ქართველი ქალებისთვის

აპრილი 18, 2022

მეცნიერებისადმი უსაზღვრო ინტერესის მქონე, ენამწარე, მაგრამ ბრწყინვალე, გასაოცარი გრეისი — ასე ახასიათებდნენ ამერიკელ პროგრამისტ ქალს, რომელიც არამხოლოდ ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალი, არამედ გამორჩეული მათემატიკოსი და წარმატებული საზღვაო ოფიცერიც იყო. გრეის ჰოპერის მემკვიდრეობა ტექნოლოგიებსა თუ სხვა სფეროებში მომუშავე ადამიანებს დღემდე შთაგონებას აძლევს.


ამის გამოხატულებაა მისი სახელობის ჯილდო, რომლის პარტნიორებიცაა: თიბისი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა , გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UGT და Majorel Georgia.

რას შეცვლის გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ქალებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში? 

გრეის ჰოპერზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, თუმცა, ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ ყველაზე უკეთ აჯამებს ტექნოლოგიებში მოღვაწე ქალების მდგომარეობას, — 1969 წელს,  “მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ” მისი წვლილი წლის კომპიუტერული მეცნიერი მამაკაცის კატეგორიის ქვეშ აღიარა, რადგან იმ დროს ქალებისთვის ცალკე კატეგორია არც კი არსებობდა.

 

მას შემდეგ, მართალია, ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ტექნოლოგიები არნახული ტემპით განვითარდა, თუმცა, ამ სფეროში დასაქმებული ქალები აღიარებას ჯერ კიდევ იშვიათად მოიპოვებენ. მეტიც, ამ სექტორში დასაქმებულთა შორის ქალების წილი დღემდე საკმაოდ დაბალია. ამას ევროკავშირის ბოლოდროინდელი ანგარიშიც მოწმობს — 2018 წლის მონაცემებით, ქალები საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებულთა მხოლოდ 17%-ს შეადგენენ, ამ სფეროში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულთა მხოლოდ 19%, ხოლო ICT დეველოპერებს შორის, სულ რაღაც, 9%-ია ქალი. ამის მიზეზი, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების გარდა, ისიცაა, რომ ქალებს ამ სექტორში კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციაზე ხშირად ხელი არ მიუწვდებათ.


სწორედ ამიტომ, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო მეორე წელია ტარდება. ამ ფორმატით ეს პირველი პროგრამაა, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს, ამასთან, იმ ორგანიზაციებს, პროგრამებს და ინიციატივებს, რომლებიც ქალების ამ მიმართულებით გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

მარიამ ქობალია, EBRD -ის გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ამბობს, რომ ჯილდო პოზიტიური მაგალითების ჩვენებას ემსახურება, რათა კიდევ უფრო მეტმა ქალმა დაინახოს საკუთარი თავი ამ სფეროში.


ნათია კაპანაძე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი ამბობს, რომ ჯილდოს მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია უფრო ინკლუზიური და მრავალფეროვანი გახდეს და ამ მიზნის მიღწევას სექტორში გამორჩეული ქალების, გოგოების, პროგრამების თუ ორგანიზაციების წარმოჩენით უწყობს ხელს.


"პოზიტიური მაგალითების წინ წამოწევა კიდევ უფრო ზრდის მოტივაციას, სურვილს და თავდაჯერებულობას, რომ თითოეულ ქალს თუ ორგანიზაციას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც დარგის განვითარების, ასევე სექტორში მრავალფეროვნების და ქალების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მაღალანაზღაურებადი სფეროა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორედ ამ სექტორში მოხდეს მეტი ქალის და გოგოს ჩართვა, მათი კარიერული განვითარება, რაც პირდაპირ კავშირშია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან."  — ამბობს ის.

 

ნათიას თქმით, ქალების დაბალი ჩართულობის მიზეზი შეიძლება სოციალური ნორმები, სტერეოტიპები და მისაბაძი მაგალითების ნაკლებობა იყოს. ასევე, ის აღნიშნავს, რომ ხშირად ორგანიზაციები ვერ იაზრებენ მათი ჩართულობის სიკეეთებს, არ წაახალისებენ ქალების ჩართულობას და ა.შ. სწორედ ამიტომ წამოიწყეს პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, სფეროში უკვე აქტიურ გოგონებსა და ქალებს სხვებისთვის მისაბაძ პროფესიონალებად აქცევს და მეორე მხრივ, წინ წამოწევს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.

ვის მოუტანს აღიარებას გრეის ჰოპერის ჯილდო?

გრეის ჰოპერის ჯილდო იმ ქალებისა და ორგანიზაციების წვლილის აღიარებაა, რომლებიც გენდერულ თანასწორობას და მრავალფეროვნებას უწყობენ ხელს.

 

მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია, ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი — ეს ის ექვსი კატეგორიაა, რომელშიც განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ზოგადად, ქალების გაძლიერებისთვის, ინდივიდებთან ერთად, ორგანიზაციები და პროგრამებიც დაჯილდოვდებიან.

რა პრიზებს გადასცემს თიბისი გამარჯვებულებს?

მომავლის ლიდერის კატეგორიის გამარჯვებულს, თიბისი მათზე მორგებულ მხარდაჭერასა და მენტორობას სთავაზობს, ხოლო ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიის გამარჯვებულს - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამას.


გარდა ამისა, თიბისიმ მასშტაბური საკომუნიკაციო გეგმაც შეიმუშავა, რომელიც მთელ საქართველოში პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

“გვსურს ყველამ იცოდეს, რომ ტექნოლოგიების სფეროში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. საზოგადოება გაეცნობა წარმატებული ქალების კონკრეტულ მაგალითებს საქართველოში და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით, ბევრმა სამომავლო პროფესიაც ტექნოლოგიებს დაუკავშიროს”, — ამბობს თინა კავაძე, თიბისის გარე კომუნიკაციების ლიდერი.

თინა აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების სფერო მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, “ამიტომ თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიებში ლიდერი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ და ახლა დაუჭიროს მხარი ქალებს, რათა მათ ხვალ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ”.

ვის და როგორ შეუძლია გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის დარეგისტრირება?

აპლიკაციების მიღება 8 აპრილიდან დაიწყო და 8 მაისამდე გრძელდება. დეტალებისთვის www.ictwomen.ge-ს უნდა ესტუმროთ, სადაც არამხოლოდ საკუთარი თავის ნომინირება, არამედ სხვა, ნაცნობი ადამიანის, ორგანიზაციის, პროგრამის, ინიციატივის წარდგენაც შეგიძლიათ.

 

“ჩვენ გვინდოდა, ქალებს არამხოლოდ საკუთარი თავის ნომინირების საშუალება ჰქონოდათ, არამედ წაგვეხალისებინა სხვებიც, წარედგინათ ის ადამიანები, ვისგანაც შთაგონებას იღებენ”, ამბობს ნინო ნანიტაშვილი, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის კონსულტანტი.

 

ექვსივე კატეგორიაში თითო გამარჯვებული 10 ივნისს, მასშტაბურ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.

ვინ შეაფასებს ნომინანტებს?

გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის ნომინანტებს შეაფასებენ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგის პროფესიონალები, როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული სფეროდან. მათ შორის არიან:


ნატალია ვილალობოს, New York Times- ის ინკლუზიური სტრატეგიისა და აღსრულების ვიცე პრეზიდენტი.


მაკა მახათაძე, აიტი აკადემია Step Georgia-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.


მარკ მაკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.


ჰავრა მილანი, Meta-ს სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერი.


სანდრო ასათიანი, Geolab-ის რექტორი და ლექტორი.


ქეით ბუნინა, USMAC- ის მენეჯერი.


ანა რობაქიძე, Theneo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.


მარიკა შიოშვილი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელიs მოადგილე.


დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში.


მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი.


მამუკა სამხარაძე, UTG-ის აიტი სერვისების დირექტორი.


ნიკოლოზ კობახიძე, THE Crossroads-ის დამფუძნებელი, Women in Tech-ის საბჭოს წევრი.


პაატა სირბილაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი;


მარიამ ქობალია, EBRD -ის გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში.


ნინო ნანიტაშვილი, DevRel პროგრამების მენეჯერი, Google (EPAM).

გრეის ჰოპერის ჯილდო მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა არაა, ის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ორგანიზატორებს კი იმედი აქვთ, რომ პროექტის დახმარებით პოზიტიური ცვლილებები დაიწყება — სამომავლოდ მეტი ქალი იპოვის თავს ტექნოლოგიების სფეროში, ხოლო ორგანიზაციები უფრო მეტად წაახალისებენ ქალების ჩართულობას.

“საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოსახლეობის ნახევარი არ ჩართოს ინდუსტრიაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმედია. ესაა დარგი, რომელიც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაში დაგვეხმარება”, — ამბობს ნინო ნანიტაშვილი.

 

ასე რომ, ყველაფერი წინაა. მათ კი, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, აირჩიოს თუ არა ტექნოლოგიები სამომავლო პროფესიად, ისევ გრეის ჰოპერის სიტყვებს შევახსენებთ:

“პორტში მდგარ გემს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის ამისთვის არ აუშენებიათ. უნდა გაცურო და სიახლეები აღმოაჩინო”.