აპრილი 14, 2022
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მრავალფეროვნების წახალისებისა და ქალთა როლის წარმოჩენის მიზნით, გრეის ჰოპერის სახელობის 2022 წლის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება 8 აპრილიდან დაიწყო.
გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტი იყო, ხოლო მისი სახელობის ჯილდო საქართველოში გასულ წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დააარსა.
პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, სტარტაპებს, ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნებაში.
“გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.
მოხარულები ვართ, რომ პროექტი თიბისის პარტნიორობით გრძელდება და წელსაც გამოავლენს საინტერესო ადამიანებსა თუ ინიციატივებს, ამასთან — წარმოაჩენს მისაბაძ მაგალითებს ICT დარგში.”
გვანცა მუღვლიანი
თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი
USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორის, მარიკა ოლსენის თქმით, კონტრადმირალმა გრეის ჰოპერმა დაამტკიცა, რომ ქალებს შეუძლიათ იყვნენ ლიდერები ნებისმიერ სფეროში.
‘’USAID მხარს უჭერს გრეის ჰოპერის ჯილდოს, რადგან ადმირალ ჰოპერის მოღვაწეობის შემდეგ ათწლეულების მიუხედავად, ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილი STEM სფეროებში, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT).
ქალებს ICT-ში არამარტო განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, არამედ ხშირად განსხვავებული პერსპექტივები, რომლებსაც შეუძლიათ ინოვაციებისა, ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარება. STEM და ICT სფეროში მეტი ახალგაზრდა ქალის ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის გლობალურ ბაზარზე.’’
მარიკა ოლსენი
USAID საქართველო
წელს, ისევე, როგორც შარშან, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა.
ესენია:
- მომავლის ლიდერი ქალი
- ICT სფეროს ჩემპიონი
- ტექნოლოგიური სტარტაპი
- ქალების გაძლიერების პროგრამა
- მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
- ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პროგრამაზე 130-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, საიდანაც ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურიმ 18 ფინალისტი და 6 გამარჯვებული გამოავლინა.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში “ტექნოლოგიური სტარტაპი” გასულ წელს Phubber გახდა. Phubber-ის დამფუძნებელი, ანანო დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ ჯილდოს მიღება მისთვის და სტარტაპისთვის განსაკუთრებულად საამაყოა, ხოლო თიბისის მხარდაჭერით მათ არაერთი პროექტი განახორციელეს.
“ძალიან სიმბოლურია, რომ საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებში პირველი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო მივიღეთ. სიმბოლურია, რადგან ვამაყობთ, რომ ჩვენს კომპანიაში დასაქმებულთა 90% ქალები არიან და სტარტაპის წარმატებაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით, ტექ. მიმართულებით ქალების გაძლიერება კი ჩვენი გლობალური სტრატეგიის ნაწილია.
ჩვენ ამ ჯილდომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაგვიჩინა. გარდა ამისა, თიბისისის მხარდაჭერით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ Phubber-ის პროექტები და განვახორციელეთ ახალი ინიციატივები. თიბისის გუნდი სრულად იზიარებდა ჩვენს მიზნებს და აკეთებდა მაქსიმუმს რომ საუკეთესო შედეგი მიგვეღო.
ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გრძნობ, რომ სხვები გიჭერენ მხარს, გაძლიერებენ და აღიარებენ შენს მიღწევებს. ამასთან, შეუფასებელია ის კავშირები და ცნობადობა, რასაც ეს დაჯილდოება გაძლევს.”
ანანო დოლაბერიძე
Phubber-ის დამფუძნებელი
მნიშვნელოვანია, რომ გარდა აღიარებისა, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები სპეციალურ პრიზებს მიიღებენ ღონისძიების პარტნიორებისა და მხარდამჭერებისგან. ესენია თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UTG და Majorel Georgia.
თიბისი, გასული წლის მსგავსად, ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს დაუჭერს მხარს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე, საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, ასევე შესაძლებელია წარადგინოთ ის ადამიანები, სტარტაპები, ორგანიზაციები თუ პროგრამები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ დარგის მრავალფეროვნებაში.
ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებგვერდს.
განცხადებები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე
30 მაისს ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს გამოავლენს
10 ივნისს კი გამართება დაჯილდოების ცერემონია.