აპრილი 04, 2023
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე რეგისტრაცია დაიწყო. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ICT დარგს აძლიერებენ, აპლიკაციების შევსების შესაძლებლობა 31 მარტიდან 5 მაისის ჩათვლით ექნებათ.
რას გულისხმობს გრეის ჰოპერის ჯილდო?
გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალი იყო, რომლის წვლილიც ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში ძალიან დიდია და რომლის მოღვაწეობაც ICT სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.
"ჩემთვის პროგრამირება უფრო მეტია, ვიდრე მნიშვნელოვანი პრაქტიკული ხელოვნება“
- ასე საუბრობდა გრეის ჰოპერი თავისი გატაცების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის რეალობაში წარმოუდგენელი იყო ქალების ჩართულობა ტექნოლოგიების სფეროში, გრეის ჰოპერმა მოახერხა და მოიპოვა აღიარება გაწეული შრომისა და მნიშვნელოვანი მიღწევების გამო. მისი მოღვაწეობა მოიცავდა არა მხოლოდ კომპიუტერულ მეცნიერებას, არამედ მათემატიკოსობასა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ოფიცრობას. გრეისის უსაზღვრო ინტერესი მეცნიერებისადმი და აღმოჩენებისკენ მუდმივი სწრაფვა დღემდე მოტივაციის მიმცემია იმ ქალებისთვის, რომლებიც თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც კი კვლავ იბრძვიან აღიარების მოსაპოვებლად და თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო სწორედ ასეთი ადამიანების აღმოჩენას ემსახურება და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წასახალისებლად საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. დაჯილდოება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით იმართება, თიბისი კი წელსაც პროექტის მთავარი პარტნიორია.
„გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თავისი არსით იზიარებს თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულებებს. ჩვენთვის პროექტის მთავარი პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებს მუდამ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, წელსაც შევიტანოთ წვლილი საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და წახალისებაში.“
გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი.
ICT სექტორში ქალების ნაკლებობის მიზეზი ისიც არის, რომ გარემო სტერეოტიპებს გვახვევს თავს და რთულია, განვითარების პერსპექტივა დაინახო იქ, სადაც საუკუნეების განმავლობაში ქალებს ფეხი არ დაუდგამთ. სწორედ ამიტომ გამოეხმაურა პროექტი იმ საჭიროებას, რომ ქალებს წარმატების ისტორიები გააცნოს და სხვების მაგალითებით თავიანთი ცხოვრების ტექნოლოგიებთან დაკავშირების სურვილი გაუჩინოს.
გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, შესაძლებელია სხვა ადამიანების, სტარტაპების, ორგანიზაციებისა და პროგრამების წარდგენაც. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 5 ივნისს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ივნისს გაიმართება.
ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა:
· მომავლის ლიდერი ქალი,
· ICT სფეროს ჩემპიონი,
· ტექნოლოგიური სტარტაპი,
· ქალების გაძლიერების პროგრამა,
· მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
· ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.
განაცხადები მიიღება 31 მარტიდან 5 მაისის ჩათვლით თითოეული კატეგორიის ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს.
პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.