ივნისი 28, 2023
"სულ სხვა შეგრძნებაა, როცა მაღაზიის რიგში დგახარ და უყურებ, შენი დანერგილი პროდუქტით ვიღაცამ როგორ გადაიხადა” - გიორგი მაევსკი, სისტემური ანალიტიკუსი, ტექ გუნდის წევრი.
მას შემდეგ, რაც ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოში Google Pay-ს (GPay) შემოსვლის შესახებ გახდა ცნობილი, თიბისის გუნდს სულ რაღაც 3 თვე ჰქონდა იმისათვის, რომ ციფრულ ინფრასტრუქტურაში პროდუქტის ინტეგრირებაზე ეზრუნა.
გიორგი მაევსკის თქმით, სამი თვე ამ მასშტაბის პროდუქტის იმპლემენტაციისთვის ძალიან მცირე დროა, თუმცა, გუნდს ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარა წარსულში, მსგავს პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება. პირველი იყო TBC Wallet — თიბისის გადახდების აპლიკაცია, რომელიც ანალოგიურ გამოცდილებას იძლეოდა, როგორსაც Google Pay და ტექნიკურად საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. მეორე მსგავსი გამოცდილება კი საქართველოში Apple Pay-ს შემოსვლას უკავშირდება.
Google Pay — ტექ სამუშაოები
"თავიდან, ეს პროექტი რომ დადგა დღის წესრიგში, ცალკე ჩამოყალიბებული გუნდი არ არსებობდა და გადახდების ლიგაში, ფაქტობრივად, ახალი გუნდი შევქმენით არსებული ტექ გუნდიდან — სქრამ გუნდი თავისი სისტემური ანალიტიკოსით, ტესტერით და ა.შ. ძალიან სწრაფად შევძელით ამ გუნდის შეკვრა. მე თიბისი ტოკენიზაციის პროექტების უმეტესობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც სისტემურ ანალიტიკოსს და მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, შესაბამისად ამ პროექტშიც მარტივად ჩავერთე არსებული გამოცდილებით".
ტოკენიზაცია არის, ციფრულ საფულეში ბარათის დამატების პროცესი, რომელიც საქართველოში ვიზასა და მასტერქარდის სერვისების გავლით ხდება. სწორედ ამიტომ გუნდის ჩამოყალიბებიდან მალევე თიბისიმ ვიზა-მასტერქარდთან კომუნიკაცია და Google-ის დოკუმენტაციების გარჩევა დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოციდლებაა ტექ-ში დასაქმებულისთვის. უშუალოდ Google კი მოგვიანებით, ტესტირების პროცესში ჩაერთო.
"ძალიან ამაღელვებელი იყო საქართველოში Gpay-ს შემოსვლის უზრუნველყოფაზე მუშაობა, რადგან მოლოდინები მომხმარებელთა მხრიდან ძალიან მაღალი იყო. პროდუქტის დანერგვისას მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და ჩვევას ვითვალისიწნებდით, რაც ძალიან მოქმედებს მოტივაციაზე, როცა იცი, რომ ვიღაც შენ მიერ გაანალიზებულ და დანერგილ პროდუქტს ელოდება და შემდეგ იყენებს ყოველდღიურ რეჟიმში".
გიორგი მაევსკი, დაახლოებით, 11 წელია, რაც თიბისიში მუშაობს და ამბობს, რომ ასეთ გლობალურ ფინანსურ პროდუქტებზე მუშაობის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბანკში, ან საპროცესინგო ცენტრში აქვთ, სადაც საბარათე თუ საგადახდო სისტემებთან აქვთ შეხება. ამ შემთხვევაში, ბანკი იყო ძირითადი ძალა, რომელმაც პროდუქტის დანერგვაზე იზრუნა.
"დავდიოდით მაღაზიებში და ვამოწმებდით, რამდენად თავსებადი იყო სისტემა სხვადასხვა გადახდის ტერმინალთან, რომ ეს პროდუქტი სრულფასოვნად გაგვეტესტა და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილება შეგვექმნა. Google Pay-ის საშუალებით რომ ვიხდიდით მაღაზიებში ხალხი ძალიან გაკვირვებული გვიყურებდა, რადგან ვინც ერკვეოდა იცოდა, რომ ჯერ არ იყო ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი. Google Pay-ს გაშვებამდე ერთი თვით ადრე უკვე ტესტირების ამ ეტაპზე ვიყავით".
გამოწვევები
გიორგის თქმით, სერვისების ცვლილების ნაწილში ყველაზე დიდი გამოწვევა და რთული ნაწილი ე.წ. Push provisioning იყო. ეს ის პროცესია, როდესაც მომხმარებელი ციფრული ბანკის აპლიკაციიდან ამატებს ბარათს ციფრულ საფულეში (ამ შემთხვევაში, Google Pay). ეს სამუშაოს ის ნაწილია, როცა გადახდების ლიგამ ციფრულ ლიგასთან ერთად აქტიურად იმუშავა.
"ძირითადი პლატფორმა, Core-ს რასაც ვუწოდებთ, გაკეთდა გადახდების ლიგაში. უშუალოდ დამხმარე ფუნციონალი რაც არის, მაგალითად, ბარათის დამატება ციფრული ბანკიდან, ამაში დაგვეხმარა ციფრული ლიგა და საერთო ძალებით ეს ორი დიდი საკითხი დავფარეთ", — ამბობს გიორგი მაევსკი.
ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის გუნდის წევრი, თეკო კეკელია, ამ პროექტზე მუშაობისას მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.
თეკოს თქმით, პირველ რიგში, Google-ის რამდენიმე პუნქტიანი მოთხოვნების გაანალიზება იყო საჭირო. ეს პროცესი კი სხვა გუნდებთან გაერთიანებას მოითხოვდა იმისათვის, რომ ერთიანი ძალებით, პროდუქტი უფრო მოკლე დროში გაეშვათ.
"Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX). პირველი გამოწვევა იყო UI ნაწილი, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თითოეული ეტაპის გადალახვას სჭირდებოდა Google-ის დასტური".
თიბისიში ტექნოლოგიების კუთხით მომუშავე ადამიანებმა მიიღეს Google-ის გლობალურ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება, რაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველ გამოწვევად ითვლება.
"ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ტექ მიმართლებაში მუშაობს, მინიმუმ ერთხელ მაინც მოუძიებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ქმნიან და ნერგავენ პროდუქტებს Google-ში. ჩვენ უშუალოდ გავიარეთ ეს პროცესი და მივიღეთ კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება თიბისის ტექ. გუნდთან ერთად", — ამბობს თეკო.
გუნდი და მოტივაცია
“სამუშაო პროცესი იყო სინქრონული და ერთსულოვანი ყველა გამოწვევაზე, შესაბამისად დარწმუნებულები ვიყავით, რომ შედეგს დავდებდით" — თეკო კეკელია.
თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის დეველოპერი, იონა ბართიშვილი, გვიზიარებს, რა როლი ჰქონდა პროცესში. ის აღნიშნავს, რომ მისთვის Google Pay-ს ციფრულ ბანკში ჩაშენებაზე მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი იყო თიბისიში, რომლის მონაწილეც ყოფილა:
"ძალიან ბევრი წელი მე თვითონაც ველოდებოდი ამ პროდუქტის შემოსვლას საქართველოში და ძალიან ვგულშემატკივრობდი... მოგვიანებით კი, უშუალოდ მე რომ მომიწია ამ პროდუქტის დანერგვაზე მუშაობა, ძალიან მაგარი და საინტერესო გამოცდილება იყო".
იონა ანდროიდ დეველოპერია, რომელმაც GPay-ს აპლიკაციაში იმპლემენტაცია უზრუნველყო, გარდა ამისა, მონაწილეობდა გამოწვევების, პრობლემების გადაჭრაში და ციფრულ ბანკში UX-ის აწყობაში. მისთვის ეს საუკეთესო ეჯაილური გამოცდილება იყო.
"ამ პროდუქტზე მუშაობის პროცესი ადაპტირებადი იყო, მარტივად შეგვეძლო ცვლილებების განხორციელება. ეჯაილურად, ეს პროექტი იყო ყველაზე იდეალური, რადგან კომუნიკაცია გვქონდა ძალიან სწრაფი, პროდუქტიული და შეთამაშებული ვიყავით ერთამენთთან, იმის მიუხედავად, რომ ზოგი ადამიანი პირველად ვმუშაობდით ერთად. თუმცა ამ მიზანმა გაგვაერთიანა და მარტივად შევეწყეთ ერთმანეთს", — გვიყვება იონა
გზად შექმნილ პატარა პრობლემებს მალევე უმკლავდებოდნენ, გზადაგზა, პარალელური და პროაქტიული მუშაობის პროცესში "ყველაფრის პირიქით ამოტრიალება" და შეცვლა იყო შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი, იოს თქმით, ეჯაილური მიდგომის დამსახურებით ხდებოდა.
საქართველოში Google Pay-ს სრულფასოვანი შემოსვლის უზრუნველსაყოფად თიბისის შიგნით გუნდები გაერთიანდნენ, ეფექტიანი კოორდინაციის პირობებში კი გლობალური პროდუქტის ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია უმოკლეს ვადაში გახდა შესაძლებელი. შედეგიც სახეზეა — როგორც ამბობენ, დღეისათვის, საქართველოში Google Pay-ზე მიბმული ბარათების უმეტესობა თიბისის მომხმარებლებს ეკუთვნით.
ავტორი: NEXT.On.ge