ივლისი 20, 2022
იაპონელებს აქვთ რთულად სათარგმნი ცნება „შიზუკესა“, რომელიც სიმშვიდეს, უძრაობას და ზოგჯერ სიჩუმესაც ნიშნავს. შეიძლება, მუსიკის საწყისები სწორედ ამ სიმშვიდისგან მოდის. ჟღერადობისგან, რომელსაც არ სჭირდებოდა მასტიმულირებელი და მკვეთრად გამოხატული ხმოვანი ელემენტები.
ჟანრობრივად ამ ტერმინთან ყველაზე ახლოს, ალბათ, ემბიენთ მუსიკაა, რომელიც ბოლო წლებია სულ უფრო მეტი მსმენელისთვის ხდება ქაოსური ცხოვრების ტემპისგან თავის დასაღწევი მყუდრო თავშესაფარი. ცხადია, ტენდენცია საქართველოშიც აისახა, თუმცა, დღეს არც თუ ისე ბევრი ლეიბლი გვაქვს, რომელთათვისაც ემბიენთ მუსიკა წამყვანი ხაზია. სწორედ ერთ-ერთი მათგანია საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მუსიკოსის ოლექსანდრ დემიანენკოს ლეიბლი Giraffe Tapes, რომელიც 2020 წელს თბილისში დაარსდა.
ოლექსანდრ დემიანენკო
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე
Giraffe Tapes-ზე გამოცემული თითოეული ალბომი მუსიკის, ფირის ფოტოგრაფიის თუ სხვა ანალოგური მანიფესტაციებით პერსონალურ და ლიმიტირებულ ისტორიებს გვიყვება. თემატიკა ყველასთვის თავისებურია, იქნება ეს ტყეში ხეტიალის გამოცდილება, აბსტრაქტული კონცეფციების ძიება, მჩქეფარე წყლის მიყურადება თუ პანდემიის შემდეგ „თავდაპირველ“ ცხოვრებასთან დაბრუნება.
ლეიბლზე შეხვდებით ქართველი თუ უცხოელი მუსიკოსების ჩანაწერებს, რომლებიც როგორც ციფრულად, ისე ფიზიკური სახით კასეტებზე გამოიცემა. კასეტა ლეიბლის განუყოფელი ელემენტია, რომელიც ოლექსანდრ დემიანენკოს ბავშვობასთანაა დაკავშირებული. იგი ხშირად უსმენდა თუ როგორ ემზადებოდა დასაკრავად მისი ძმა და საბჭოთა კასეტის ორ დამკვრელს ერთმანეთს სადენით უკავშირებდა.
„როდესაც ჩემმა ძმამ სოფელში 8 კლასი დაამთავრა, სასწავლებლად დიდ ქალაქში გადავიდა და პირველი რაც მაჩუქა, The Future Sound of London – ‘Lifeforms’ და Boards of Canada – ‘Twosim’ კასეტები იყო. აღარც კი მახსოვს ისინი ზუსტად რამდენჯერ მაქვს მოსმენილი. ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა კასეტები თავადაც ჩამეწერა. ამაზე ხშირად და ბევრს ვფიქრობდი, თუმცა არ ვჩქარობდი. შემდეგ ჩემს გონებაში გაჩნდა კონცეფცია, ნელ-ნელა კი მუსიკალური და ვიზუალური კომპონენტიც დაიბადა. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ეს დროც მოვიდა.“
ფოტო: ქეთი მანგოშვილი
დღეს, მუსიკალურ ინდუსტრიაში დომინირებული ციფრული მაქსიმალიზმის ფონზე, Giraffe Tapes-ის იდეა ხელოვნების ანალოგური მიმართულების თაყვანისცემასთან და ნივთების ფიზიკურად ფლობის სურვილთანაა დაკავშირებული.
„ლეიბლის იდეა იყო შეგვექმნა ფიზიკური ნივთები, რომელთა ხელში აღება ან კედელზე დაკიდება შეგეძლებოდა. ერთი ლეიბლის ქვეშ გაერთიანებულიყო მუსიკის, ფოტოგრაფიის, ტიპოგრაფიის, ტრაფარეტული ბეჭდვის, ქრაფთის ქაღალდისა და გადამუშავებადი მასალების სიყვარული.“
- გვიყვება დემიანენკო.
ფოტო: ოლექსანდრ დემიანენკო
ლეიბლის ინტერდისციპლინარულობა ოლექსანდრის მრავალფეროვანმა ინტერესებმაც განაპირობა. იგი უკვე ოცი წელია ფოტოებს ფირით იღებს და დროდადრო სხვადასხვა ანალოგური ბეჭდვის ტექნიკითაც ინტერესდება. მასვე ეკუთვნის Giraffe Tapes-ის ალბომების გარეკანის დიზაინი და მათზე გამოყენებული ფოტოების უმრავლესობა.
ლეიბლის თითოეულ ჩანაწერს თან ახლავს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და ყველაზე მაღალი ცხოველის - ჟირაფის ლოგო, რომელიც ლეიბლის მთავარი სიმბოლოა. დემიანენკოს აზრით, მართალია ის პირდაპირ არ უკავშირდება Giraffe Tapes-ზე გამოცემულ მუსიკას, თუმცა ლეიბლის არტისტები „მუსიკალურად ხშირად მიდიან ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ტერიტორიებისკენ“.
ფოტო: ოლექსანდრ დემიანენკო
ახალი ჩანაწერის არჩევისას ლეიბლს საკუთარი მუსიკალური ხედვა აქვს, რასაც დემიანენკო ძირითადად თავად განსაზღვრავს. იგი თითოეულ მიღებულ დემოს თავიდან ბოლომდე უსმენს და გადაწყვეტილებას რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით იღებს:
„უპირველეს ყოვლისა, ეს ალბათ ჩემი პირადი მუსიკალური პრეფერენციებია. ლეიბლს უკვე აქვს ერთი წლის განრიგი და არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც გარკვეულწილად არეგულირებს მას: მუსიკოსის მზაობა, წარმოების მახასიათებლები, არტისტის ადრინდელი ჩანაწერები და ა.შ.“
ლეიბლისთვის ძირითადად დამახასიათებელია ემბიენთ ჟღერადობა. აქვე შევხვდებით ელექტრონულ, ექსპერიმენტულ, IDM, თუ დრონის მუსიკას.
„ჩემთვის ემბიენთი პირველ რიგში არის ტექსტურა, განწყობა და სითბო. მუსიკა, რომელთან ერთადაც შემიძლია დავიძინო და გავიღვიძო. მუსიკა, რომელიც ხელს არ მიშლის დავხატო, ვიკითხო, ვისეირნო და ა.შ“
- აღნიშნავს ლეიბლის დამფუძნებელი.
Giraffe Tapes-ის ჟღერადობის საერთო ხასიათს მაგნიტური ფირისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ლუპები, დელიკატური საველე ჩანაწერები, თუ ანალოგური აკუსტიკური ლანდშაფტები ქმნის. მასზე გამოცემული თითოეული ალბომი აწმყოს მოწყვეტილი ღრმად-პერსონალური კასეტების ძველ არქივს ჰგავს, რომელსაც მსმენელში ახალი პერსპექტივებისა და გრძნობების გაღვიძება შეუძლია.
თავად დემიანენკოს „tangled piano loops“ ინტუიციურად შექმნილი ალბომია, რომელსაც 2018 წელს მის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული იმპროვიზაცია უდევს საფუძვლად. ორი წლის შემდეგ მუსიკოსმა ეს ჩანაწერი ფირის ლუპების გამოყენებით ყოველგვარი დამუშავების გარეშე ალბომად აქცია. მისი მოსმენისას თითქოს სიზმრისა და რეალობის სხვადასხვა შრეებზე ვმონაცვლეობთ, სადაც მსმენელი ერთ დროით სივრცეში არ იკეტება. ისტორია მოთხრობილია ისტორიაში, აკუსტიკურ ნაკადს კი ფორტეპიანოს სპონტანური ჟღერადობები ანარეკლივით გასდევს.
Nerolikid
ფოტო: ოლექსანდრ დეამიანენკო
Tete Noise
ფოტო: ოლექსანდრ დეამიანენკო
Giraffe Tapes-ზე ქართველი მუსიკოსების ნამუშევრებსაც შეხვდებით. ლეიბლის პირველი გამოცემა გური გოლიაძის, იგივე Nerolikid ალბომი “Nightmares / Daydreams” გახდა, რომელიც თავად არტისტისთვისაც პირველი ჩანაწერი იყო. 2020 წლის დეკემბერში კი გამოიცა სანდრო ჩინჩალაძის, იგივე Tete Noise, ალბომი „Sea of Tranquility”. ჩანაწერი მსმენელს მთვარის კრატერებიდან თბილისის მეტრომდე, შემდეგ კი სტრატოსფერომდე ატმოსფერულ თავგადასავალში მიუძღვება.
2022 წლის მარტში, უკრაინის მხარდასაჭერად დემიანენკომ გამოაქვეყნა კომპილაცია “...for my Ukraine", რომელშიც საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსები უკრაინის დასახმარებლად გაერთიანდნენ.
„არტისტებისა და მეგობარი ლეიბლების წყალობით ყველაფერი ძალიან სწრაფად გამოვიდა. არ მინდოდა Giraffe Tapes-ის ჟღერადობას ზედმეტად ავცდენილიყავი, ამიტომ მივწერე ლეიბლის კატალოგის ყველა მუსიკოსს, CES Records-ის დამფუძნებლის sTia-ს დახმარებით ქართველ არტისტებს დავუკავშირდი, პარალელურად კი მივწერე ჩემს საყვარელ შემსრულებლებსა და მეგობრებს... 4-5 დღის შემდეგ შევაგროვეთ 27 კომპოზიცია, მივიღე უამრავი დადებითი გამოხმაურება და შევაგროვეთ 900$-მდე, რომელიც უკვე გადავურიცხე უკრაინის დასახმარებელ ორგანიზაციებს.“
Giraffe Tapes-ის სხვა ალბომებისგან განსხვავებით კომპილაცია ჯერჯერობით მხოლოდ ციფრული ფორმატითაა გამოცემული. უკრაინის გამარჯვების შემდეგ კი დემიანენკო მისი ლიმიტირებული კასეტების გამოშვებას გეგმავს.
რუსეთის ომმა უკრაინაში უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. დემიანენკოსთვისაც განსაკუთრებით რთულია ასეთ დროს შემოქმედებითი საქმიანობა, „მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე სახლში, მშვიდობიან უკრაინაში“ აღნიშნავს იგი. ამასთან, სირთულეების მიუხედავად, აპირებს, ლეიბლის საქმიანობა აუცილებლად გააგრძელოს:
„ახლა ვაიძულებ ჩემს თავს რაღაც გავაკეთო, მათ შორის ლეიბლთან დაკავშირებული საქმეები, რადგან ჩემ გარდა ამას არავინ მიხედავს და ყველაფერი დაგორებული თოვლის გუნდასავით გაიზრდება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა არტისტების წინაშე, რომლებმაც მოგვანდეს თავიანთი მუსიკა და მსმენელების წინაშე, რომლებიც ჟირაფის ლოგოთი ამანათებს ელიან...“
ომის მიუხედავად, დემიანენკო ახერხებს შეინარჩუნოს სტაბილურობა და ყოველთვიურად ერთი ახალი ჩანაწერი მაინც გამოსცეს. მაისის ბოლოს ლეიბლს მე-17 რელიზი „Dispatches” შეემატა, რომელიც მუსიკოსების Andrew Heath, Anne Chris Bakker და Mi Cosa de Resistance ერთობლივი ნამუშევარია. გარდა ამისა, ოლექსანდრი კვარტლური გაზეთისა და გარეკანის ვიზუალების წიგნის კონცეფციაზე მუშაობს. 28 ივლისს კი ლეიბლის 2 წლის საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში Giraffe Tapes-ის კატალოგის მუსიკოსების მოსმენასაც შეძლებთ.
ავტორი: მარიამ ლეჟავა