მაისი 19, 2022
ენა და ლიტერატურა განუყოფელია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ენა ქმნის ლიტერატურას; ტექსტი არის ენა, ენა განაპირობებს ტექსტის თავისებურებას;ენა ქმნის ჟანრს, ფორმას, მიმართულებას, ლიტერატურულ სახეებს; მწერალი – მისი ენაა; ენა განაპირობებს ლიტერატურულ აზროვნებას, ლიტერატურა თავისთავად ინახავს, ავითარებს, აცოცხლებს, მარადიულ სიცოცხლეს სძენს ენას და, რაც მთავარია, გვასწავლის მას.
ამ პატარა ტექსტში, რომელსაც უფრო ჩამონათვალის, რჩევების ფორმა ექნება, განვიხილოთ, კონკრეტულად ქართული ენის რომელი დეტალისა და თავისებურების სწავლა შეიძლება ქართველი მწერლებისგან, რომელი მწერლისგან რა პრაქტიკული რჩევის მიღება შეგვიძლია ენის სრულყოფისათვის.
რასაკვირველია, ეს ჩამონათვალი არასრულია და პირობითი, სინამდვილეში, ყველა ნამდვილი მწერალი გვასწავლის ენას, ენის წვდომას, ენის გამოყენებას და, იმ საოცარი, აუხსნელი დეტალების მოხელთებას, რომლის საშუალებასაც ჩვენი ენა გვაძლევს.
მაგრამ მაინც, მიყევით ამ სიას და იქნებ თქვენც გამოგადგეთ ეს რჩევები:
1. როგორ შევარჩიოთ ზუსტი სიტყვები?
ზუსტი სიტყვების შერჩევის სპეციალისტი ილია ჭავჭავაძეა. რას ვგულისხმობ? ზოგჯერ შეიძლება, თუნდაც სინონიმის გამოყენებისას, აზრი ოდნავ გაგვექცეს, გვერდით გაგვიაროს და მიზანს არ მოხვდეს. ილია ჭავჭავაძეს ეს არასდროს ეშლება, მასთან ყველა სიტყვა ზუსტია, წვერწამახული, აქტუალური და ბასრი. აქ არც სიტყვაუხვობა შეგაწუხებთ, არც ზედმეტი სამკაულები, ილიასთან ყველაფერი მიზნობრივია, აქ ყველა სიტყვას წონა აქვს და ძალა.
2. რთული წინადადების პერიპეტიები
დიახ, ყველაზე რთული რთული წინადადებაა, რამე ახალი გითხარით? თუ გინდათ, ბოლოს და ბოლოს, გაერკვეთ რა სახის ქვეწყობა და თანწყობა არსებობს, სად უნდა დასვათ მძიმე რთულ წინადადებაში და, ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს წერტილი, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ალექსანდრე ყაზბეგის წინადადებებს. ეს მზა სავარჯიშოებია, თუ ამ გრძელი წინადადების ლაბირინთიდან თავის დაღწევა ისწავლეთ, სინტაქსური პრობლემები არასდროს შეგაწუხებთ. ისე კი, ერთი რჩევა, სანამ ხეზე ასვლას ისწავლით, მარტივი და მოკლე წინადადებების გამოყენება ჯობია.
3. მიხეილ ჯავახიშვილის მასტერკლასი
„ენა მწერლის ბალავარია, მისი უმთავრესი იარაღია. ენის უცოდინარი მწერალი სამფეხა ცხენსა ჰგავს, გენიოსიც რომ იყოს, ვერც გაიქცევა და ვერც დაიძვრება. გარემოებამ ორჯერ გამარუსა და ისე დამავიწყა ქართული, რომ საყველპუროდ ძლივსღა მესმოდა. მაგრამ, როცა გადავწყვიტე მწერლობისთვის მომეკიდნა ხელი, ქართულ წიგნს შევეკედლე, ზედიზედ სამი ზაფხული გავატარე ქართლში, მივიწყებულიც აღვიდგინე და ახალიც მრავლად შევიძინე. მას აქეთ ამ სისტემას მაშინაც კი არ ვუღალატე, როცა ხანგრძლივ ჩამოვშორდი მხატვრულ პროზას. ლექსიკონი, სასულიერო წიგნები და, საერთოდ, კლასიკოსები – აი, ჩემი ყოველდღიური ენობრივი ულუფა. განუწყვეტელი ვარჯიშობა – აი, წინდი ყოველგვარ ხელობის გამარჯვებისა. ლექსიკის მუდმივი გამდიდრება და თავდაპირველად სასაუბრო ხალხური ენის შესწავლა ის საძირკველია, ურომლისოდაც ვერავითარი სალიტერატურო ძეგლი ვერ შეიქმნება....“
-აბა, ამ უზადო დარიგებას რაღა უნდა დავამატოთ, პუნქტობრივად გაწერილი გეგმაა.
4. სიტყვათწარმოება
სიტყვათწარმოების წესებისა და პრაქტიკისათვის ბევრი მწერალი შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ ამჯერად, გიორგი ლეონიძის პროზა ავირჩიე. გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ სიტყვათწარმოების ნამდვილი საბადოა, როგორ გახდეს სახელი ზმნა, ზმნა სახელი, როგორ შეარჩიოთ სიტყვები, როგორ გახადოთ თქვენი ტექსტი უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი, სხვა ავტორებთან ერთად, ამას გიორგი ლეონიძისგანაც ისწავლით.
5. არაფერი ზედმეტი
ლაკონურობას, მოსხლეტილ სიტყვას, ყველა სიტყვისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებას, უზმნო წინადადებებს, პუნქტუაციის აზრობრივ დატვირთვას, ემოციას - ნიკო ლორთქიფანიძისგან ისწავლით. არ მახსენდება სხვა მწერალი, რომელიც ამოდენა ექსპრესიას ატევდეს მოკლე წინადადებებში, გვაკითხებდეს ტექსტებს და ტექსტებს შორის მანძილებს, ყველა დეტალს, ამოსუნთქვას, პაუზას განსაკუთრებული მნიშვნელობით ტვირთავდეს. ნამდვილად კარგი იქნება მისგან სწავლა.
6. იდეალური დიალოგი
დიალოგის ოსტატები ქართულ პროზაში მრავლად არიან, თუმცა, ამ კონკრეტულ ტექსტში რეზო გაბრიაძეს დავემოწაფებოდი. ვინ ვინ და მან ზუსტად იცის, როგორ დაწეროს ბუნებრივი, დამაჯერებელი, ზუსტი და საოცრად ცოცხალი დიალოგი, ისეთი დიალოგი, რომელიც მკითხველის გონებაში, სპექტაკლსა თუ კინოფილმში ერთნაირად ცოცხლდება.
ქრისტეფორემ მონახა სწორი ადგილი და გადაზომა ათი ნაბიჯი.
- სიგრძე უდრის სიყვარულს, - თქვა მან და განის გაზომვა დაიწყო.
- ჩაიწერე, - უბრძანა სანიტარ შვანგირაძეს ნოშრევანმა.
- სიგანე - რწმენას! - თქვა ქრისტეფორემ.
შემდეგ ქრისტეფორემ ცაში აიხედა, თავზევით ხელი ასწია და თქვა:
- სიმაღლე - იმედს!
7. ერთი ტექსტი, როგორც მასტერკლასი
დავით კლდიაშვილს ბევრ საკითხში შეუძლია ჩვენი ენობრივი კომპეტენცია უკეთესი გახადოს, თუმცა ერთი ტექსტი, ერთი სრულყოფილი ტექსტი, რომელსაც საუკეთესო მაგალითად თუ ილუსტრაციად ავირჩევდი, მისი „მიქელა“ იქნებოდა, უნაკლო ქართული მოთხრობა, იდეალური, შეიძლება ითქვას. დაე, მისი წაკითხვა ჩვენი დღევანდელი ენის გაკვეთილის ფინალი იყოს.
ავტორი: „საბა"