მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ინდუსტრიის გამოწვევები

Tsa.Music

ოქტომბერი 16, 2020

მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ, რომელმაც მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში შეყუჟვა და იზოლაცია აიძულა, უამრავი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი დააფიქრა პროცესებთან ადაპტაციაზე.


ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიებს ეს შეზღუდვები განსაკუთრებულად შეეხოთ, მათ საქმიანობა ხომ ადამიანების შეკრებასთან და სოციალიზაციასთან პირდაპირ კავშირშია - მათ ყოველდღურობას სწორედ მსგავსი აქტივობებიდან მიღებული შემოსავალი უზრუნველყოფდა.

ერთ-ერთი ატაპტაციის მეთოდი, რომელსაც უცხოელი მუსიკოსები ეეფექტურად იყენებენ და პანდემიის დროს კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, პატრონაჟია - კერძოდ კი ონლაინ პლატფომა „Patreon“-ის მაგიური ყუთი ახალბედა თუ უკვე დაფუძნებული მუსიკოსებისთვის, რომელიც სერვისის სახით მსმენელისგან იღებენ ყოველთვიურ თანხას (რომელიც 1$ დან 300 $ მდე შეიძლება მერყეობდეს) - ამის საპირწონედ კი მუსიკის მოყვარულები არტისტებისგან ექსკლუზიურ კონტენტზე წვდომას იღებენ, რომელიც მხოლოდ „პატრონებისთვის“ არის განკუთვნილი - ეს შეიძლება იყოს, ონლაინ ყოველთვიური ლაივშოუ, აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია, საგანმანათლებლო კონტენტი თუ სხვა.

შედეგად ორივე მხარე კმაყოფილია, მომხმარებელი მცირე თანხის სანაცვლოდ იღებს სარგებელს და მხარს უჭერს საყვარელ მუსიკოსს, თავის მხრივ არტისტები კი, იმის მიხედვით თუ რამხელა მხარდამჭერთა ბაზას დააგროვებენ, საკმაო სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებენ პლატფორმის დახმარებით - ხშირად იმდენსაც რომ შეიძლება მთლიანად ამ მიმართულებით გადმოერთონ მთავარია რომ ორივე მხარე მუდმივად ჩართული იყვნენ პროცესში და ონლაინ ახალი კავშირების გაბმა მოინდომონ. ამის ნათელა მაგალითია კანადელი მუსიკოსი, ჯენი თაი, რომელსაც პლატფორმაზე 44 გამომწერი ჰყავს, რაც მისთვის ყოველთვიურად დამატებით 900$ შემოსავალს ნიშნავს.


სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მუსიკის ინდუსტრია თავისი მრავალმხრივი სარგებლით პანდემიამდეც არსებობდა, საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო განსხვავებულად და ნელა მიიწევს წინ. აქ მუსიკოსებისთვის კარანტინამდეც ჭირდა ცხოვრების მატერიალური უზრუნველყოფა და ძალიან ხშირად მუსიკა მათთვის პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ინაცვლებდა. პანდემიამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გამოუვალი სახით წარმოგვიჩინა.

© Shalika Studio

სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად და საპასუხოდ, Funday Entertainment-ის და Artbase-ის ორგანიზებით, თბილისში მუსიკოსებისთვის 3 დღიანი ტრეინინგების სერია გაიმართა, რომელიც არამხოლოდ პანდემიის პერიოდის სირთულეებს, არამედ ქართული მუსიკალური ინდუსტრიისთვის საინტერესო პერიპეტიებს ეხებოდა.


ირველ დღეს, ქართული მუსიკალური საგამომცემლო კომპანიის, „GMI RIGHTS MANAGEMENT“-ის დამფუძნებელი, ზუკა ბეჟაშვილი დამსწრეებს ესაუბრა იმ განსხვავებებზე რაც major, ინდი თუ ადმინისტრაციულ ლეიბლებს ახასიათებთ. ასევე განმარტა, თუ რა ნიუანსებს მოიცავს სხვადასხვა მუსიკალურ აგრეგატორთან მუშაობა და რას უნდა მიაქციოს მუსიკოსმა ყურადღება, რომელსაც ციფრულ პლატფორმებზე სურს მუსიკალური პროდუქტის გატანა. გამოსვლის დროს აღინიშნა, Youtube არხის მოწესრიგების აუცილებლობა, შემდგომში ლეიბლთან თანამშრომლობის პერსპექტივისთვის გასამარტივებლად. განათლებით იურისტმა, დეტალურად წარმოაჩინა, ინტერნეტში, ციფრულ პლატფორმებთან თანამშრომლობისას კონტრაქტის დეტალების გაცნობა, რათა მომავალში, უმნიშვნელო დაზარების გამო შემოსავლის დიდი ნაწილი არ დაკარგოთ.

    

 “ხშირად რაც არ უნდა მოვიხიბლოთ, ყველა სადისტრიბუციო სერვისს აქვს თავისი მახე, სადაც ისინი მუსიკოსებთან მიმართებაში მოგებულები დარჩებიან. აუცილებელია ყველამ სწორად უნდა შეაფასოს ის პირობები, რასაც სთავაზობენ და შედეგად მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენთან მოდიან არტისტები, პირველ რიგში სწორედ ამას ვცდილობთ რომ კონტრაქტის ყველა დეტალზე ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.“


ზუკამ ყურადღება გაამახვილა იმ მონეტიზაციის გზებზე, რაც მუსიკოსებს საშუალებას მისცემს გაზარდონ შემოსავლები ისე, რომ შეიძლება ფიზიკურ მედიუმზე ალბომების საერთოდ არ გამოსცენ. ამის წარმოსაჩენად, მან სხვადასხვა მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ განსხვავდებიან პლატფორმები ერთმანეთიგან მუსიკოსებისთვის გაცემული თანხების ოდენობით. ისეთ სტრიმინგ სერვისებს როგორიცაა Spotify, Amazon, Apple, Deezer ან ცალკე აღებულად იუთუბს განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ იმის შესაფასებლად, თუ რამდენს გადაუხდიან თითოეულ მოსმენაზე მუსიკოსს - ეს ფაქტორები მერყეობს მსმენელის ქვეყნიდან დაწყებული, მის მიერ მოხმარებული სერვისის პაკეტის სფეციფიკაციით დამთავრებული.


რაც მთავარია, მუსიკოსები უნდა მოერგონ ახალ მოცემულობას და შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიური ეტაპის ეფექტურად ათვისება - შესაბამისად მათი შემოსავლებიც გაიზრდება. ტრეინინგის ჩანაწერში სხვა მნიშვნელოვან დეტალებსაც შეხვდებით.


ეორე დღეს ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსმა, ლაშა მამულაშვილმა იგივე Nitepunk-მა მუსიკის ექსპორტზე ისაუბრა, რაც ალბათ ყველაზე მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხია დამწყები არტისტებისთვის.


ლაშას ისტორია გრძელი და თავგადასავლებითაა სავსე. 2010-იანი წლების დასაწყისში დაბსტეპი პირველად მოისმინა და ბას მუსიკა მისი ნეტარების სავანე გახდა. პარალელურად მოცეკვავემ, მუსიკის პროდიუსინგს მალევე აუღო ალღო და Lasha Kicks-ის სახელით თბილისის წვეულებებსა თუ მუსიკალურ შეკრებებზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ამის შემდეგ ხუთი წელიც არ გასულა და მის ცხოვრებაში ახალი გამოწვევა გაჩნდა - საქართველოს ბაზარი, არსებული მუსიკალური კომუნა მაინც პატარა იყო, ლაშას კი დიდი ბას მუსიკალური სცენა ელოდა წინ. სწორედ ამ მიზნით, მან 2015 წელს ბრუკლინს მიაშურა, Lasha Kicks Nitepunk-ად გარდაისახა და ასე დაიწყო ახალი თავი მის ცხოვრებაში.

2018 წელს კი ოცნება ახდა, მისი ტრეკები ბას მუსიკის უდიდესი პლატფორმის, UKF-ის რადარზეც მოხვდა, მოუწია რამდენიმე ჟანრის კლასიკის რემიქს ვარიანტის გაკეთება - გასული წლის ნოემბერში კი მისი ტრეკი, გამოცემის და ლეიბლის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპილაციის, „TEN YEARS OF UKF“-ისთვის შეირჩა.

საუბრისას ლაშამ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკოსმა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ჰქონდეს ნათელი ხედვა თუ რა მიმართულებით აპირებს განვითარებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია როდესდაც მუსიკას აკეთებ, კონკრეტული მომენტით იცხოვრო, არ აქვს მნიშვნელობა ამის შედეგს შემდგომ დღეს ნახავ თუ არა - საბოლოოდ ეს შრომა ჯამდება და თავის გზას მაინც ნახულობს.“

ტრეინინგების ესამე დღეს არტისტ მენეჯერმა, თევდორე მაყაშვილმა საკუთარი ლოკალური გამოცდილებითაც შეგვახსენა, მენეჯერის არსებობის მნიშვნელობა თანამედროვე, მუდმივად ცვალებად მუსიკალურ სამყაროში. რამდენიმე წლის განმავლობაში თევდორე სხვადასხვა ლოკალური ბენდების: მათ შორის Loudspeakers, Killages, Band E Roll და სხვების მენეჯერი იყო.


თევდორემ სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ისაუბრა მუსიკოსების და ბენდების მხრიდან გადასახადის გადამხდელ სუბიექტად დარეგისტრირების აუცილებლობაზე, ვინაიდან მათ როგორც მცირე მეწარმეებს, საქართველოს კანონმდებლობით 20%-ის ნაცვლად, საშემოსავლო გადასახადი მხოლოდ 1% მოეთხოვებათ. ეს ნაბიჯი ააცილებს დამკვეთებს (ბარებს, კლუბებს, პაბებს) არაკანონიერ ქმედებას და რაც მთავარია, უცხოეთში გასტროლების შემთხვევაში ვიზის აღების პროცედურას მუსიკოსებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

საბოლოო ჯამში, ეს სამდღიანი ტრეინინგი დამწყები მუსიკოსებისთვის ხედვის მიმცემი იყო, თუ როგორ ოპერირებს დღეს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია, რომლის ნაწილიც, ციფრული სერვისების საშუალებით უკვე თითოეული მათგანი გახდა - დღეს რიგით მუსიკოსს აღარ აქვს ფუფუნება რომ მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოები შექმნას და მსმენელამდე მისაღწევი გზები სხვას მიანდოს, დღეს დამწყები მუსიკოსი, პროდიუსერიცაა, პრომოუტერიც და ჯამურად ყველა ეს უნარი განსაზღვრავს მის საერთო წარმატებას მუსიკალურ ბაზარზე. ეს რეკომენდაციები მხოლოდ გზას გაჩვენებთ, რომელზეც დადგომა და წინ სვლა თქვენ უნდა შეძლოთ.


ავტორი: ჯაბა შავიშვილი