ლიტერატურა

ყანჩელის გალაკტიონი

„საბა“

ნოემბერი 17, 2020

1958 წელს, 1 წლით ადრე გალაკტიონის გარდაცვალებამდე, მწერალმა და გალაკტიონის შემოქმედების მკვლევარმა, ვახტანგ ჯავახაძემ გალაკტიონის რჩეული შეადგინა - სწორედ მაშინ შეხვდნენ პირველად. პოეტმა, თურმე, ამოსარჩევად გამომცემლობაში 9 ტომის მასალა მიიტანა. დარჩენილი მასალები გამომცემლობიდან გალაკტიონის სახლში ერთად გადაიტანეს - გალაკტიონის სახლშიც მაშინ მოხვდა პირველად...

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

1988 წელს კი პირველად დაიბეჭდება ვახტანგ ჯავახაძის ცნობილი „უცნობი“, ბიოგრაფიული და საოცრად პოეტური წიგნი გალაკტიონზე, თითქოს ყველაზე ნაცნობ და მაინც უცნობ გენიოსზე. 10 დეკემბერს კი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება ვახტანგ ჯავახაძის ეპოქალური ბიოგრაფიული რომანის – „უცნობის“ მეშვიდე გამოცემა („ინტელექტი“, 2020).


წიგნი, რომლის საერთო ტირაჟი უკვე სამოცდახუთი ათასს აღემატა და ყოველი გამოცემის კვალდაკვალ იზრდებოდა აღიარება და ციტირების ინდექსი „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვისა“; „ინტელექტი“ დეკემბერშივე გამოსცემს უნიკალურ წიგნს „დიალოგები გია ყანჩელთან, დიდი ქართველი კომპოზიტორის ერთგვარ ავტობიოგრაფიას, რომელშიც კომპოზიტორი ყვება თავის ცხოვრებაზე, მშობლებზე, ბავშვობაზე, თანამედროვეებზე, მეგობრებსა და მოძულეებზე, მუსიკის შექმნის პროცესზე, თავის შემოქმედებაზე – ზოგადად, მუსიკაზე, ხელოვნებასა და საზოგადოებაზე. საუბრების ციკლი გია ყანჩელთან მუსიკისმცოდნე ნატალია ზეიფასმა 2003-2004 წლებში ჩაწერა. წიგნი კახა თოლორდავამ თარგმნა.

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა



ყანჩელის გალაკტიონი


გალაკტიონმა ბევრი გამაცნო: ზოგთან მიმიყვანა, ზოგი მომიყვანა.


2018 წლის ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა გია ყანჩელმა, რომელსაც არ ვიცნობდი: გალაკტიონის ლექსებზე მუსიკა დავწერე და დაბეჭდილი ნოტების კრებულს ჩემი ვაჟიშვილი მოგიტანთო. გამიხარდა, ჩავაწერინე ჩემი მისამართი და დაველოდე.


უმალ გამახსენდა ჩემი `უცნობის მეხუთე გამოცემის 533-ე გვერდზე ციტირებული გია ყანჩელის აღიარება:

– მე არ ძალმიძს გალაკტიონის მუსიკის მაგვარი მუსიკის შექმნა. მაღალი პოეზიისათვის დამახასიათებელი მუსიკალობა ხელს მიშლის, მბოჭავს, მიზღუდავს იმ თავისუფლებას, რომლის გარეშე ჭეშმარიტი შემოქმედება ვერ წარმომიდგენია.

გამახსენდა აგრეთვე იქვე დაბეჭდილი კომპოზიტორის მოგონება: ერთხელ საკუთარმა პატარა ქალიშვილმა მუსიკის მასწავლებლის თხოვნა აუწყა: იქნებ მამაშენმა ვალსი დაგვიწეროსო. დიდიხნის შემდეგ კი ქალიშვილის სკოლისდროინდელ რვეულში აღმოაჩინა ამ ვალსის ნოტები და გაოცდა: მელოდია მთლიანად მიესადაგა გალაკტიონის ქარი ქრის მელოდიას.


პირველი ზარის შემდეგ გავიდა ერთ თვეზე მეტი და 2018 წლის 15 ნოემბერს კვლავ დამირეკა კომპოზიტორმა: გესტუმრები და ნოტებს მოგიტანო.


კიდევ უფრო გამიხარდა და შესახვედრად მოვემზადე.


რამდენიმე საათის შემდეგ ზარი დაირეკა და მეექვსე სართულზე თავისი ხელჯოხით მეწვია გია ყანჩელი.

ვისაუბრეთ გალაკტიონზე. ვუამბე ჩემს წიგნში მოხსენიებული ეპიზოდის შესახებ. ვაჩუქე `უცნობი~ და მიძღვნითი წარწერის ქვევით მივაწერე:


ნოტების კრებულზე წამიწერა: “ბატონ ვახტანგს, მოკრძალებით და მადლიერებით." გადმომცა აგრეთვე რუსთაველის თეატრის ორი ბილეთი და საკუთარ კონცერტზე დამპატიჟა.


გალაკტიონ ტაბიძე თავისი სახლის ეზოში, 1955

© ლიტერატურის მუზეუმი

გავიხსენეთ ჩვენი საერთო მეგობარი ჩუბჩიკა – თენგიზ მირზაშვილი: ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია-მეთქი. ჩუბჩიკას ნაცნობი არ ჰყავდა, ვისაც იცნობდა, ყველა მისი მეგობარი იყო-მეთქი.


მიპასუხა: როდესაც უცხოეთში ვცხოვრობდი და მთელი ოჯახით ზაფხულობით რომელიმე კურორტზე მივემგზავრებოდი, ჩუბჩიკა ჩვენთან ჩამოდიოდა და ისვენებდაო.


ჩემს ოროთახიანში და ლოჯიაში სამი მხატვარი მყავს გამოფენილი: ჩემი უსაყვარლესი ვან გოგის სამი დიდი ფორმატის რეპროდუქცია, რომლებიც ჰოლანდიიდან ჩამომიტანეს; გალაკტიონი, რომელიც რეზო გაბრიაძემ საღებავებით დამიხატა და ჩუბჩიკას რვა ფერწერა და ოთხი გრაფიკა.


ერთად დავათვალიერეთ ეს საოჯახო ექსპოზიცია.


ხილისა და ნამცხვრების სუფრაზე გალაკტიონისა და ჩუბჩიკას თამადობით ჩვენი მეგობრების შესანდობარი შევთავაზე. დალევაზე თავი შეიკავა – აღარ ვსვამო – და ჩვენი ტრაპეზი ხანმოკლე აღმოჩნდა.


გამომშვიდობებისას შემომთავაზა, ქვევით მანქანაში ჩემი ახალი დისკი მიდევს და მინდა გისახსოვროთო. ლიფტით ჩავაცილე და დისკიც მაჩუქა.


ცოტახნის შემდეგ დამირეკა: ჩემი ეპიზოდი უცნობის რომელ გვერდზეაო და გავუმეორე – 533. ეტყობა, ჩემი მინაწერი ვერ შეამჩნია.


გადავათვალიერე შემოდგომის ფრაგმენტები – ვოკალისა და ფორტეპიანოსთვის – გალაკტიონ ტაბიძის მიხედვით.

ვოკალურ ციკლში წარმოდგენილია რვა ნაწარმოები: ლექსების სრულ ტექსტს მოიცავს ოთხი:


– „ცელი კივის".

– „ცა წვიმით თავზე გვემხობა".

– „ტივები მტკვარზე".

– „ქარი ქრის".


ოთხი კი ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი:


– „ყველაფერი სადაა".

– „ჩამოყვითლდა, გაიცრიცა ბაღი".

– „ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში".

– „დღეები ბრუნავს, ვით კამათელი".


ამ ორმოციოდე ამღერებული სტრიქონის კრებულს ერთვის ავტორის მოკლე ანოტაცია:


– არასოდეს გამიბედია ვაჟა-ფშაველას ან გალაკტიონის ლექსებზე სიმღერის დაწერა. სამოცდაათიანი წლების მიწურულს ჩემს ქალიშვილს მივუძღვენი ვალსი, ორი საუკუნის მიჯნაზე კი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ გალაკტიონის ქარი ქრის თავიდან ბოლომდე ესადაგება ვალსის მელოდიას. ასე, ჩემდა უნებლიედ გაჩნდა პირველი სიმღერა გალაკტიონის ლექსზე. მოგვიანებით მივეცი თავს უფლება, შევხებოდი გალაკტიონის შემოქმედებას და დამეწერა მოკლე ვოკალური ციკლი შემდგარი ლექსებისა და რჩეული ფრაგმენტებისგან.

„შემოდგომის ფრაგმენტების" ყდაზე დაბეჭდილია გალაკტიონის გრაფიკული ჩანახატი – ნავები ტყისპირა მდინარეში – და ავტოგრაფი ლექსისა – გადამთიელი გადიის გაბოროტების გამო:

ეს ოცი წელიწადია –

სამშობლოვ! – გულით მწადია –

რომ გარს გეხვიოს, რაც ქვეყნად

სინათლე-სიდიადეა.

გადამთიელი გადია

სწუხს: ბევრი ღამე ათია –

არ სძინავს გაბოროტებულს,

ეს ოცი წელიწადია.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2019 წლის 1 ივლისს, ტელეკომპანია არტარეამ ჯანსუღ კახიძის ქუჩის 10 ნომერში, ანუ ძველი კრილოვის 10 ნომერში, თბილისური ეზოს კონცერტზე გია ყანჩელი მიიწვია.

მომეწონა და გამიკვირდა: ვიკითხე და მიპასუხეს: ეს მისამართი კომპოზიტორმა თვითონ აარჩიაო.


კრილოვის 10 ნომერში, სამსართულიანი სახლის მესამე სართულის ერთ ოთახში, რომლის ფართობიც 12 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 6 წლის განმავლობაში – 1929 წლიდან 1935 წლამდე – ცხოვრობდნენ გალაკტიონ ტაბიძე და ოლია ოკუჯავა. 1929 წლამდე კი ამ ოთახში ბინადრობდა ოლიას ძმა შალვა ოკუჯავა და მისი მეუღლე აშხენ ნალბანდიანი, აგრეთვე მათი პატარა ვაჟიშვილი ბულატი, რომელიც 1924 წელს დაიბადა და ამ კედლებში 5 წელი გაატარა.

ამ დღეს გია ყანჩელმა ბევრჯერ გაიხსენა გალაკტიონი. თავდაპირველად წაიკითხა 1934 წელს დაწერილი:

მისაყვედურებს ბევრი,

მაგრამ მე მესმის მათი,

მათ კი არ ესმით ჩემი,

კრილოვის ქუჩა 10.


აქ ჩემს მესამე სართულს

მთვარე ანათებს ღამით,

გათენებამდის ვწუხვარ

ლიტერატურულ შხამით.

გალაკტიონ ტაბიძის კაბინეტი, 1959

© ლიტერატურის მუზეუმი

და აღნიშნა:


სანამ ბატონი გალაკტიონი გადავიდოდა მარჯანიშვილის თეატრის გვერდით, ცხოვრობდა, აი, ამ სახლში ერთ-ერთ სართულზე და ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ახლახან დავამთავრე კიდევ ერთი ნაწარმოები ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონის სიტყვებზე.

როდესაც ქარი ქრის მოისმინეს, ბატონმა გიამ კვლავ გაიხსენა:


ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია იმიტომ, რომ ჩემი ქალიშვილი ნატო იყო 8 წლის, როდესაც მოვიდა აცრემლებული გაკვეთილიდან, მუსიკის გაკვეთილიდან. მე ვკითხე, რა გატირებს-მეთქი და – მასწავლებელმა მთხოვაო, რომ შენ დაწერო ვალსი, და მაშინ დავწერე ეს თემა.


შემდეგ ბატონმა გიამ განაცხადა: ამ სახლში ძალიან დიდხანს ცხოვრობდა აგრეთვე კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე და მე ვთხოვე ლიზა ბაგრატიონს და ნიკა რაჭველს, შეასრულონ მისი არაჩვეულებრივი და ბრწყინვალე სიმღერა გალაკტიონის ლექსზე “მოვა... მაგრამ როდის?“


დასასრულ ერთხელაც ახსენა და გაიხსენა:


მე აგვისტოში შემისრულდება 83 წელი. არ ვიცი, რამდენი დამრჩა სიცოცხლე აქ, მაგრამ თუ მოვხვდები იქ და მექნება საშუალება, გალაკტიონი ვნახო, არ ვიცი, რა დამემართება.

10 აგვისტოს 83 შეუსრულდა და 2 ოქტომბერს აღესრულა.


ავტორი: ვახტანგ ჯავახაძე