ლიტერატურა

მარკესსა და სხვა დემონებზე

"საბა"

მარტი 05, 2020

გარდაუვალი იყო: გარსია მარკესის დაბადების დღეს სამყარო ეპიდემიით უნდა შეხვედროდა. ასეც მოხდა - სახლს მიღმა შუბლს ქუდით ვმალავთ, სახეზე პირბადე გვაქვს აკრული, მათ შორის მომწყვდეულ თვალებში კი შიში ჩაგვდგომია. კაფეებში შევლისას, შეკვეთის მიცემამდე ტუალეტში მივრბივართ და უპირობოდ ვასრულებთ ძილისპირული ლოცვასავით გაზუთხულ წესს - „ხელები მაჯებამდე გაისაპნეთ და 20-25 წამის განმავლობაში შეუშვირეთ ცხელ წყალს“. ხელის ჩამორთმევის შემდეგ იარაღივით მოვიმარჯვებთ ანტისეპტიკურ ხსნარებს და ერთმანეთის თვალწინ ვიზელთ კანს; უცხო ქვეყნებიდან შინ დაბრუნებულები, საზღვარზე ვდგავართ და გული გვიფანცქალებს - ჩაგვიხუტებს თუ არა საკუთარი სამშობლო, ვჭირდებით თუ არა დაბრუნებული უძღები შვილები, პოტენციურად დასნებოვნებულები.


გვეშინია. შიშში არაფერია დასაძრახი, თუკი მას ზურგს საფრთხე უმაგრებს.

გარსია მარკესსაც ეშინოდა სიკვდილის. თან ეშინოდა, თან როგორღაც ეპრანჭებოდა კიდეც. ტექსტებში ძეგლებს უდგამდა. საკუთარ პერსონაჟებს მაგიურ მოსასხამში ახვევდა და ისე ატანდა სიკვდილს. თითქოს ამით უხდიდა ხარკს და ცხოვრობდა სიკვდილის მიერ ორჯერ ავანსად ნაბოძები სიცოცხლით. კი არ მალავდა, ამბობდა კიდეც, ორი რამის დარდი მიმყვება იმქვეყნადო. პირველი ისაა, კომუნიზმის გამარჯვებას რომ ვერ მოვესწარიო. მეორე სადარდებელი ის გახლავთ, საკუთარ სიკვდილს რომ ვერ აღვწერო.




სიკვდილი და სიყვარული - ესაა მარკესის წიგნების ორი მთავარი სამკაული. ცალ-ცალკე კი არა, არამედ ერთმანეთში გადახლართული, გადათამაშებული თუ უხილავი ძაფით გადაკემსილი. სანამ ჟურნალისტებთან საუბარს აკრძალავდა, ერთხელ ასეთი რამ დასცდა: შიდსი მხოლოდ რისკს მატებს სიყვარულს. სიყვარული ყოველთვის მომაკვდინებელი სენი იყოო. როგორ გინდა შეედავო.



ამიტომაცაა, მისთვის საყვარელ რომანში, სადაც სახლები, ქუჩები და გემები ქოლერისგან დამარცხებული გვამებითაა სავსე, სადაც მომაკვდინებელი ეპიდემია მძვინვარებს, სადაც მედიცინა სესილია თაყაიშვილის მიერ განსახიერებული მარადიასავით აცეცებს ხელებს, ფლორენტინო არიზას, ყმაწვილკაცობაში მიცემული პირობის ერთგულ დარაჯსა და მცველს ყველაზე ძლიერი ვაქცინა იცავს - სიყვარული.


ისიც მაგიტომაა, 90 წლის იუბილეზე, როცა აღსასრულის მოახლოების განცდა უმძაფრდება, ბერიკაცი ახალი სიყვარულის ძიებას რომ იწყებს. უფრო სწორად კი, მისი ავხორცული ჟინი უბიწო გოგონასთან გიჟური სიყვარულის ღამის გატარებისა, ფრთაშესხმულ სიყვარულად რომ გადაიქცევა.



ან ის პასაჟი რად ღირს, გადამდგარ მეძავს... ღმერთო, რა საჭიროა ეს ყალბი პოლიტკორექტულობა მარკესთან... ბებერ ბოზს, მარია დუშ პრაზერეშს დილაადრიან დაბარებული დამკრძალავი ბიუროს აგენტი რომ ეტყვის, მაპატიეთ, მგონი კარი შემეშალაო და ქალი პასუხობს, ნეტა მასე იყოს, მაგრამ სიკვდილს არაფერი ეშლებაო.


მარია დუშ პრაზერეში, მარკესის მიერ საგულდაგულოდ ნაჩარხი პერსონაჟი, რომელსაც დამტირებელი არ რჩება, საკუთარ ძაღლს ჯერ ტირილს ასწავლის, შემდეგ კი სასაფლაოს გზას, რათა პატრონს მიაკითხოს და საფლავის მიწა ცხოველური ცრემლით დანამოს ხოლმე. ასე მგონია, გარსია მარკესის მთელი ცხოვრება იმის მცდელობა იყო, რომ მთელი მსოფლიოს მკითხველებისთვის ესწავლებინა საკუთარი განსასვენებელი და ამით თავისი ხსოვნა ქარვაში შემონახული მწერივით დაეტოვებინა საუკუნეებისთვის. 


სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფს, როცა ვერც ჟურნალისტიკით იშოვა ფული და ვერც ლიტერატურულ წრეებში მოიკიდა ფეხი, ვიღაც ამერიკელი რეპორტიორი შეხვედრია. ამ რეპორტიორს უთქვამს, ეგეთი დეპრესიული და მუდო კაცი არც იქამდე მყავდა ნანახი და არც მას მერე გადავყრივარ სადმეო. ვიფიქრე, რომ ეს ვერაფერი კარგის დამწერი ვერ იქნებოდაო. ამან კიდევ, მგონი ორი წელიც არ ადროვა ჟურნალისტის წინასწარმეტყველებას, ისე გამოუსვა ცელი კისერში - დაჯდა და „მარტოობის ასი წელი“ დაწერა. რამე კარგი კი არა, „მარტოობის ასი წელი“. 



„მარტოობის ასი წელი“ ხომ ცალკე მითოლოგიაა. მითოლოგია კი არა, ბიბლიაა, ოღონდ პოეტური სიტყვის მქონე პროზაიკოსის მიერ დაწერილი მითოლოგია.


ესაა რომანი ყველაფერზე. აი, ხომ სვამენ სულელურ კითხვას, წიგნი რაზეაო. ჰოდა „მარტოობის ასი წელი“ არის ყველაფერზე. იმას კიდევ მოხერხება უნდა, შენს რომანში ყველაფერი ხდებოდეს, მოქმედება კი ერთ დასახლებას არ სცდებოდეს. მოიცაო, ბუენდია ხო მიდის ცენტრალურ ამერიკაში საბრძოლველადო, იკითხავს ვინმე და მართალიც იქნება, მაგრამ იმაზე კი არ ექნება ნაფიქრი, რომ მაგ დროსაც კი, თხრობა აქ გაგრძელდება - მაკონდოში. ბუენდიას ამბები მხოლოდ შორიდან მოაღწევს ხოლმე. აქაც რამდენი სიყვარულია. ან რამდენი სიკვდილია. თან როგორი სიყვარულები, ან როგორი სიკვდილები. 


და ამაზე რომ არ გაჩერდა? დაჯდა და „პატრიარქის შემოდგომა“ დაწერა - ქვაში ნაკვეთი რომანი აბსოლუტური ძალაუფლების აბსოლუტურ მარტოობაზე, რომელიც ერთ აბზაცად, ერთდროულად ძალიან მდორედ და ამასთანავე ძალიან ნარნარად მოედინება. თან მდნარ ლითონს გიღვრის ფილტვებში, თან - მიწიდან ერთ მეტრზე გწევს. 


და პოლკოვნიკი რად ღირს? - არავინ რომ არ სწერს, სხეულში შხამიანი მცენარეები რომ ეზრდება და ნეხვში ამოვლებული იმედი შერჩენია - მოჩხუბარი მამლისა და კუთვნილი პენსიის იმედი. სიკვდილის დღეს სანტიაგო ნასარის უთენია გაღვიძება? გახსნილი სამარხიდან გადმოღვრილი ოცდაორი მეტრისა და თერთმეტი სანტიმეტრის სიგრძის თმა? 


ასე იყო - გაბრიელ გარსია მარკესი სიკვდილს ოსტატურად ნათქვამი სიტყვით ქრთამავდა. 87 წლის ასაკში კი მასაც დარია ხელი სიკვდილმა. ოღონდ, ასე მგონია, სხვებთან ერთად კი არ გაგზავნა, არამედ ხელჩაკიდებული წაიყვანა. დაიმსახურა და იმიტომ. 



2020 წლის 6 მარტია. ქოლერა აღარ, დღეს ახალი კორონავირუსი მძვინვარებს. ინფექცია საოცრად არაპოეტური სახელით - COVID-19. ჩვენ კი, მადლობა ღმერთს, ამ პირბადიანობისა და საყოველთაო ხელთბანვის ჟამს, არ ვივიწყებთ ყველაზე დიდ კოლუმბიელს და ასე იქნება მუდამ, სანამ ადამიანთა სხეულებს ვირუსები ებრძვიან, სანამ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ეშვება, სანამ სიტყვა ითქმის და სიტყვა იწერება, სანამ სიყვარულის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოვიგონებთ. 



ავტორი: დათო გორგილაძე