მუსიკა | ცა

GMLC001 | Mother On Mondays - Friends

Tsa.Music

ნოემბერი 01, 2022

კითხვა, თუ 90-იანი წლებიდან, რომელ ქართულ ბენდს ჰქონდა ყველაზე გამორჩეული ჟღერადობა ჩემთვის ყოველთვის რიტორიკული იყო - „Mother On Mondays დღემდე ყველაზე სწორი პასუხია.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

80-იანი წლების ბოლოს საქართველოში უკვე გამოჩნდა ალტერნატიული მუსიკის პირველი ტალღის კონტურები საქართველოში, თუმცა უნდა ითქვას რომ, როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, მუსიკაშიც ტრენდები ჩვენამდე მოსვლას რამდენიმე წლით აგვიანებდა. მაგალითად ამავე წლებში საკმაოდ ბევრი ჯგუფი ისევ 70-იანი წლების ჰარდ როკს უკრავდა, უფრო წინ წასულები, 10 წლის დაგვიანებით პოსტ-პანკსა და „ახალ ტალღას“, ხოლო Mother On Mondays პირველივე მოსმენიდანვე სინთპოპისა და ელექტროპოპის იმ მუსიკალურ ნაკადთან ასოცირდა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისშიც დასავლეთში აქტუალური იყო.

ყველაფერი კი ფილარმონიაში იმ კონცერტიდან დაიწყო, რომლის სახელის გახსენებაც დღეს უკვე ჯგუფის ყველა წევრს უჭირს. სავარაუდოდ ეს ახალგაზრდა ბენდებისა და შემსრულებლებისთვის დათმობილი სცენა იყო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უეცრად ჩამოყალიბებული უამრავი სამოყვარულო ჯგუფი უკრავდა. ასეთები იყო „Shadow და Mysteria“, სადაც გოგი ძოძუაშვილი,ლევან ჯავახიშვილი, დათო ჩხიკვიშვილი და ვაჟა ბექაური უკრავდნენ, აქვე იყო „Out Of Need“ - ყველანაირი საჭიროებისგან დაცლილი, სრულიად უნებურად შექმნილი ბენდი, სადაც გოგლიკ ფარეშიშვილი მღეროდა. ვოკალისტის სრულიად ექსცენტრიულმა მღერის მანერამ, სხვა შემსრულებლების ყურადღება მიიქცია და ასე, ფრენკ ზაპას სიყვარულით (à la The Mothers of Invention) შეიქმნა „დედა ორშაბათობით“.

Mother on Mondays-მ დაფუძნებიდან 1 წელში უკვე პირველი ალბომი, Clear & Cold“ ჩაწერა, რომელიც მუსიკალურად უფრო პოსტ პანკს და იმ პერიოდში აქტუალურ ინდი როკს უახლოვდებოდა. სიმღერებს კონცერტებზე მღეროდნენ, ალბომი ოფიციალურად კი არცერთ მედიუმზე არ გამოსულა.

ამის შემდეგ ხუთკაციანი ჯგუფი, სხვადასხვა მიზეზების გამო 3 კაცად კონფიგურირდა და მოსკოვში გადასახლდა - ქალაქში, რომელიც იმ პერიოდშიც თბილისთან შედარებით მეგაპოლისი იყო და შესაბამისად შესაძლებლობებიც მეტი არსებობდა, თუნდაც მუსიკალური ინდუსტრიის კუთხით. უკრავდნენ ადგილობრივ კლუბებში და დაიწყეს ახალ მუსიკაზე მუშაობა, რომელიც 3 კაცის ფორმატში უკვე სრულიად სხვაგვარად ჟღერდა. მოსკოვში ჯამში ნახევარი წლის განმავლობაში იცხოვრეს, თუმცა როგორც დაგეგმილი ჰქონდათ მათი მუსიკალური კარიერა ისე არ განვითარდა - არც უცხოელ ფრომოუთერს შემოუთავაზებია ბრიტანეთში კონცერტები და არც რომელიმე დიდი ლეიბლი დაინტერესებულა მათი მუსიკით, თუმცა ჩრდილოეთში დაწყებული საქმე თბილისში მიანც დაასრულეს და ახალი ალბომი “Friends 1995 წელს ჩაწერეს. მასში ჯამში 11 სიმღერა შევიდა, სადაც ცოცხალ დრამს უკვე დრამ მანქანა ანაცვლებს და სინთეტური ბგერაც დომინირებს. თუ პირველ ალბომს უფრო Talking Heads-ისკენ იყო მიმართული, „Friends”-ში უფრო მეტი Pet Shop Boys-ს და Soft Cell-ს აღმოაჩენთ.

ალბომის ვიზუალური გაფორმება, სადაც ყდის შუაში რგოლში გამოსახული ყვავილია ერთგვარი შარჟი იყო საბჭოთა კომპილაციური ალბომების  აბსტრაქტული დიზაინის, რომელიც თავის მხრივ პოპ არტის გამოძახილი იყო საბჭოთა სისტემაში.

27 წლის შემდეგ, აღნიშნული ალბომი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ინიციატივის ფარგლებში პირველად გამოვიდა ფირფიტის ფორმატზე, ლიმიტირებული რაოდენობით.

ჩანაწერი „House Of Love-ით იწყება - მარტივი, ფერადი და ცოტა ბავშური მუსიკალური თემა სინთეზატორზე, სადაც მოქმედი გმირი სიყვარულის სახლში დაბრუნებას ითხოვს. ეს მუსიკალური მოტივი თითქმის 5 წუთის განმავლობაში გრძელდება და უდარდელი დღეების ასოციაციას იწვევს.

„Colorful Room უკვე სრულიად განსხვავებული ტემპშია და უკვე იმ პერიოდის ბრიტანული რეივის განწყობასთანაა ახლოს პარალელურად მსმენელს ალბათ ასოციაცია გაუჩნდება ირაკლი ჩარკვიანის „შენ აფრენ“-თან, რაც გასაკვირი სულაც არ არის - MoM-ის წევრები წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ მეფესთან და „შენ აფრენ“ იმავე სინთეზატორზეა აწყობილი.

„Black Butterfly - ჰაეროვან პადს, გიტარის ლამაზი თემა ალამაზებს, გოგლიკას ხმა კი ხავერდივით ედება ინსტრუმენტალურ ნაწილს. ალბათ სწორედ ეს ხმა ქმნის საბოლოო ჯამში ამ ჯგუფის არსს და ამიტომაც ვერ გაამართლა შემდეგში სხვა ფორმაციით აღდგენილმა ბენდმა.

„The Death of a Young English Pilot -  აკუსტიკური ხმოვანების სიმღერაა, სათაურიდან გამომდინარე უფრო ტრაგიკულიც - ეს სევდანარევი მომენტი სიმღერის ბოლოსაც გაისმის, რაც თვითმფრინავისა ჩამოვარდნასა და პილოტის დაღუპვის შესახებ გვაუწყებს.

„So Far Away-ში ცოტა ბიორკისეული მომენტები ჭარბობს, მუსიკალურად კი ისევ მარტივი მელოდია მეორდება, რომელიც მეხსიერებაში მალევე ილექება. „Mr Greenaway“ - ალბომიდან მუსიკალურად დისტანცირებული სიმღერაა, რომელიც სავარაუდოდ ჯგუფის პირველი ალბომის მასალა იყო, The Smiths-ული საგიტარო პარტიებითა და ხასიათით.

„New“ (იგივე Gloves) - ალბომიდან ჩემი პირველი ფავორიტია, შეიძლება  მუსიკალურად არ არის ყველაზე გამართული, თუმცა ემოციურად სათანადოდ თამაშობს ნოსტალგიის იმ სენტიმენტებზე, ასე რომ ძვირფასია ჩვენთვის. „Strange Days (New Ways)“-ში პერსონაჟი უცნაური პერიოდიდან და მოწყენილი ცხოვრებიდან გამოსასვლელად ახალი გზების ძიებას იწყებს.

„I Know“ - ლამაზი ბალადაა, რომელსაც პიანინოზე ლამაზი თემა უფრო ამდიდრებს და გოგლიკას ხმაც სიმღერას უფრო მომნუსხველს ხდის. „Separated Parts Of My Body“ - რამდენადაც მარკ ალმონდი არ უნდა გაგვახსენდეს, Mother On Monday-ს მუსიკა მაინც ქართული, ან შეიძლება ითქვას იმ დროის თბილისისთვის დამახასიათებელი რბილი ოპტიმიზმისა ელფერს ატარებს. 

„Angel“ - იგივე მიზეზის გამო რატომაც New, ალბომში ჩემი ფავორიტია,  მარტივი მელანქოლიური მელოდიური ფრაზით ჯგუფმა მოახერხა და აღწერა იმ პერიოდის ქართული რეალობიდან გაუცხოებული ახალგაზრდობის ცხოვრება.

საბოლოო ჯამში ალბომი, მიუხედავად ერთი სრული კონცეპტუალური ღერძის არ არსებობისა, ახერხებს მსმენელის ყურადღების მიქცევას 40 წუთის განმავლობაში. ყველაფერთან ერთად კი ქართული ალტერნატიული მუსიკის მეორე ტალღის დასაწყისსაც ქმნის, რომლის საფუძველსაც შემდეგში სხვა შემსრულებლები დაეყრდნობიან.

Mother On Mondays – Friends ფირფიტის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მაღაზიებში: Vodkast Records, Small Moves, Clime და GMLC-ის Bandcamp-ის გვერდზე.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტო: თიკუ კობიაშვილი