კულტურა სიახლეები

გიული ჩოხელის თავისუფალი ცურვა ჯაზის ოკეანეში

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება.

ოქტომბერი 13, 2023

გიული ჩოხელი - დღეს ქართული ჯაზი სწორედ ამ სახელთან ასოცირდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველთვის ასე არ იყო.

© გრიგორ დევეჯიევი, მერაბ ჭუმბურიძე

არსებობდა დრო, როდესაც საქართველოში არც ჯაზის შესრულება იყო საამაყო, ხოლო ვინც მაინც ცდილობდა, მთელი სისტემისგან ბარიერებს აწყდებოდა - ეს იყო პერიოდი, როცა თავისუფლების მუსიკა, არათავისუფალ ქვეყანაში სრულდებოდა და ამის უპირველესი სახეხატი დღემდე გიული ჩოხელია.


თუმცა, როგორც ყველა ნამდვილ ხელოვანს, რომელიც დროს უსწრებს, მასაც დიდხანს ლოდინი მოუწია, რათა მისი ტალანტი დამსახურების შესაბამისად ან ნაწილობრივ მაინც აღიარებულიყო და თვალსაჩინოა, რომ ეს უკვე დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს პერიოდში, ახალი თაობის წიაღში მოხდა.

 « შინაგანი თავისუფლება გიული ჩოხელის ცხოვრებაში იმდენია, რომ მხოლოდ ჯაზს შეეძლო მისი ეს ტემპერამენტი შეევსო. გიულისთან ჩემი ურთიერთობა სულ ჯემ სესია იყო, ანუ ჯაზი არის არა მხოლოდ მუსიკა, არამედ ურთიერთობაც »


გაიოზ კანდელაკი

© გრიგორ დევეჯიევი, მერაბ ჭუმბურიძე

 « გიული ერთადერთი ქართველი ქალბატონია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს ევროპის ფანჯარა გახსნა და სოპოტის ფესტივალის გრანპრი მიიღო. ჯაზი მთელ მსოფლიოში თავისუფლების და დემოკრატიის სიმბოლოა, საქართველოში კი ამ სიმბოლოს გიული ჩოხელი განასახიერებს »



ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს გაიოზ კანდელაკი, თბილისი ჯაზ ფესტივალის დამფუძნებელი.

50-იანი წლების ქართული მუსიკალური სივრცე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო. ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა ძალას იკრებდა, რამაც მთავარ კონკურენტთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კულტურული დაპირისპირება უფრო მეტად გააღვივა.


ეს ის პერიოდია, როდესაც პირველად ჩნდება ფენომენი, რაც სამომავლოდ საბჭოთა ესტრადის სახელით გახდება ცნობილი - აქტიურად მიმდინარეობს ჩანაწერების შელაკის ფირფიტებზე გამოცემაც. 


სწორად 50-იანი წლების პირველი ნახევრიდან იწყება გიული ჩოხელის სამოღვაწეო ასპარეზიც. მსახიობმა დედის დახმარებით, ჯერ კიდევ 40-იან წლებში აღმოაჩინა ჯაზის სამყარო, როდესაც „ამერიკის ხმის“ საშუალებით ქაუნთ ბეისის ორკესტრს მოუსმინა.

თავისუფალი ქვეყნიდან დაბერილმა თავისუფლების მუსიკალურმა ტალღებმა, შემსრულებლის ცნობიერება სრულიად შეცვალა და იმ დღიდან ჯაზი მისი ცხოვრების წესი გახდა.

© გრიგორ დევეჯიევი, მერაბ ჭუმბურიძე

„ქალბატონი გიული ჩოხელი იყო მოვლენა ქართულ მუსიკაში, იგი შემოვიდა თავისი სიახლით, რომლის ჟანრული თავისებურება იყო ჯაზი, მაგრამ ეს ჯაზიც იყო ქართული ყაიდის, ეს არ ყოფილა ამერიკული მუსიკალური ნიუანსებით ნასაზრდოები, რომელიც შეიძლება ჩვენთვის საყვარელი იყოს, მაგრამ მაინც უცხოა.


ეს იყო ქართულ სტილში გადმოცემული და გიულის დახმარებით ჟღერდა ქართულად.

მუსიკაში სწორედ ესაა მთავარი, რომ ჩანდეს შემსრულებლის ეროვნებაც და მისი კულტურაც.

მინდა კიდევ ერთი დეტალი გავიხსენო, რევაზ ლაღიძემ, როდესაც განთქმული „თბილისო“ დაწერა, ეს დაწერა ჩემთვის და გიულისთვის და პირველი ამ სიმღერის შესრულებაც ჩვენ ორს გვეკუთვნის - ამის დავიწყება არანაირად არ შეიძლება.

იხსენებს საქართველოს დამსახურებული არტისტი, ზურაბ რცხილაძე.

50-იანი წლებიდან გიული ჩოხელი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია, თუმცა მისი შემოქმედების აღსაწერად, ზემოთნახსენები „საბჭოთა ესტრადა“ ალბათ ყველაზე არასწორი ტერმინი თუ იქნებოდა.

მისი მუსიკა, შესრულების სტილი და ტემპერამენტი ვერ აიტანდა იმ დავიწროვებულ მუსიკალურ თვალთახედვას, რაც საბჭოთა ესტრადის ძირითადი მახასიათებელი იყო - სწორედ ამიტომ, გიულისთვის ჩაიკეტა საბჭოთა სცენის ყველა დიდი დარბაზი და აუდიტორია.

ტოტალურ სახელმწიფოში, სადაც ჯაზი აკრძალული იყო და მეტიც მტრის კულტურულ იარაღად ითვლებოდა, გიული ჩოხელის მსგავსი თავისუფლებას მოწყურებული ხელოვანის არსებობა ერთგვარი ანომალიური მოვლენაც კი იყო. 

მიუხედავად სირთულეებისა, მისი მუსიკალური კარიერა სწორედ ამ ბარიერებზე მუდმივმა გამარჯვებამ შექმნა - როგორც ცნობილი ამერიკელი პოეტისა და აქტივისტის, მაია ენჯელოუს ლექსშია „მე ჰაერივით, ისევ აღვსდგები” (“...But still, like air, I’ll rise”) - ამგვარი უკომპრომისო ცხოვრებისეული გამოცდილებით და სირთულეების დაძლევით გიული ჩოხელი კვლავ ახერხებდა გასცდენოდა აკრძალვებს და საქართველოში ყოფილიყო.

პირველი ქალი - ვინც ჯაზი თავისუფლად იმღერა, პირველი - ვინც ბრაზილიური ბოსა-ნოვას რბილი მელოდიები სხვა ნახევარსფეროში და განსხვავებულ კულტურულ კონტექსტში ააჟღერა, პირველი - ვინც თავისებური ტემპერამენტითა და გამომხატველობით ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრები შეასრულა. 

„გიული ჩოხელი ნებისმიერ სიმღერას საოცრად ფილიგრანული ტექნიკით, უდიდესი გემოვნებით ასრულებდა - მისი მოღვაწეობა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს, განსაკუთრებით მიყვარს ადრეული პერიოდი, როდესაც ის ქართველი კომპოზიტორების, შოთა მილორავას, ოთარ თევდორაძის და სხვათა ნაწარმოებებს ასრულებდა. როდესაც იგი თავის მეუღლეს, ბორის რიჩკოვს შეხვდა, მას შემდეგ უფრო მეტად გამოაჩნდა მისი ჯაზური ნიჭიერება და უნიკალურობა.


მახსოვს ერთხელ ვილნიუსში ვიყავი და ბილეთს ვერ იშოვიდი მის კონცერტზე, ისეთი ამბები ხდებოდა - ის დღემდე საქართველოს თილისმაა“

- გიული ჩოხელზე საუბრობს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.

სოპოტის, ტალინის, პრაღის თუ შემდეგ უკვე 1978 წლის თბილისის ფესტივალებმა და იქ მიღებულმა აღიარებამ შემსრულებელის სახელი არამხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში გახადა ცნობილი და მეტიც, მისი სიმღერები ამერიკულმა რადიომაც კი გადმოსცა. 


მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში შემსრულებელმა რამდენიმე ფირფიტა გამოსცა, აღნიშნულ ჩანაწერებში ხშირად რუსული ტექსტი დომინირებდა - ეს მაშინ როდესაც გიული ჩოხელის რეპერტუარში თითქმის ყველა იმ პერიოდის აქტუალური ქართველი კომპოზიტორის სიმღერა მოიძებნებოდა.

გიული ჩოხელის 88 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თიბისი კონცეპტმა ჯაზ დივას და ერთგულ მსმენელს სპეციალური ფირფიტა უსახსოვრა. 

ფირფიტაში, სწორედ ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი სიმღერებია თავმოყრილი, აქვეა რამდენიმე ინგლისურენოვანი კომპოზიციაც.


ვინაიდან პატივი მერგო ფირფიტისთვის შესაბამისი კომპოზიციები შემერჩია და კრებულისთვის კურირება გამეწია, მოდი ქვემოთ ვეცდები აღვწერო მათი შერჩევის პროცესი და გაგაცნობთ ფირფიტის შიგთავსს.

ალბომის გამხსნელი სიმღერა „ეს იყო სიზმარი“


გიული ჩოხელის ერთ-ერთი საფირმო შესრულებაა. კონსტანტინე პევზნერი, საქართველოს რადიოს საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელი, იმ დროისთვის ქართულ მუსიკალურ სივრცეში გამორჩეული ფიგურა იყო. სწორედ მას ეკუთვნის ეს ნაწარმოებიც, რომელსაც გიული თავისი მომაჯადოვებელი ხმით და 40-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ჯაზ აკომპანიმენტით ასრულებს.

ფირფიტაზე მეორე სიმღერა „მოგონება (ნიავი არხევს რტოებს)“


პირველი კომპოზიციის მუსიკალური მხარის ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა ამჯერად აქ კომპოზიტორად გია ყანჩელი გვევლინება. არ მოგესმათ, სწორედ გია ყანჩელი - 1958 წელს ჩაწერილი სიმღერა, მისთვის ერთ-ერთი პირველი შეხება იყო საესტრადო/ვოკალურ მუსიკასთან, თუმცა გიული ჩოხელთან მისი გადაკვეთან ამით არ დასრულებული. 

საბედნიეროდ, გიული ჩოხელის შემოქმედებაში მრავლად მოიპოვება სხვა ენებზე შესრულებული ნაწარმოებები - მიუხედავად იმისა რომ იგი ინგლისურ ენას ვერ ფლობდა, უნდა ითქვას რომ თითქმის შეუმჩნევლად და უზადოდ ასრულებდა სხვადასხვა ამერიკელი კომპოზიტორის დაწერილ სიმღერებს.


ერთ-ერთი ასეთია ფრენკ ფოსტერის ჯაზ სტანდარტი “Shiny Stockings" რომელმაც თავდაპირველად ეს კომპოზიცია ქაუნთ ბეისის ორკესტრისთვის, 1955 წელს დაწერა, შემდეგ უკვე ელა ფიცჯერალდმა ტექსტიც დაურთო და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებად კომპოზიციად ითვლება. გიული ჩოხელმა კი აღნიშნული კომპიზიცია 1978 წელს, სოლო ალბომისთვის ჩაწერა.

„ზღვის ძახილი“ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საზაფხული კომპოზიციაა აღნიშნულ ფირფიტაზე, რომლის კომპოზიტორიც მიხეილ მანაშერიძე, ტექსტის ავტორი კი მორის ფოცხიშვილია.


აქ გიული ჩოხელის შესრულების მანერა უფრო ლაღია და გამოკვეთილი ჯაზ ინტონაციებით ხასიათდება. სვინგი, რომელსაც მომღერალი მარტივად იხელთებს, ედუარდ ისრაელოვის ხელმძღვანელობით არსებული ინსტრუმენტალური ანსამბლის დამსახურებაა.

ალბათ შეუძლებელი იყო აღნიშნული ფირფიტა გიული ჩოხელის მიერ შესრულებული "ყვითელი ფოთლები“-ს გარეშე გამოსულიყო, მით უფრო მაშინ, როცა ბევრმა ამ არაჩვეულებრივი ვერსიის არსებობის შესახებ არც კი იცის. ყანჩელის გენიალურობას აქ გიული ჩოხელის ჯაზური ინტერპრეტაცია ემატება და სიმღერა, რომელიც ისედაც ნოსტალგიური განწყობებით გვივსებს გულს, უფრო მეტად სენტიმენტალური ხდება.  

რომანტიკა უმალ იღვიძებს თქვენში, როდესაც იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილ, გურამ ბზვანელის „ჩავაქრე სანთელი“-ს პირველ ბგერებს უსმენთ - ეს უდაოდ ერთ-ერთი პერსონალური ფავორიტია გიული ჩოხელის შემოქმედებიდან, სადაც მუსიკალურ აკომპანიმენტს ლეგენდარული „რერო“-ს ანსამბლი უწევს. 

 „მზე ჩემი კარგი მეგობარია"- ეს სიმღერა გასდევს კამპანიის ვიდეორგოლს, რომლისთვისაც აღნიშნული ფირფიტა დამზადდა.


ვაჟა აზარაშვილის აღნიშნული კომპოზიცია, აქამდეც და შემდეგაც ბევრმა შეასრულა, თუმცა გიული ჩოხელის ხმა დასაწყისიდანვე გვატყვევებს, ჩასაბერი ინსტრუმენტებით გამდიდრებული კომპოზიცია კი გივი გაჩეჩილაძის ორკესტრმა გააფორმა. „ხშირად მგონია რომ მზე თავად მე ვარ“ ტექსტში ნახსენები ეს ფრაზა კი მოსმენისთანავე რეალობის ფორმას იძენს.

გიული ჩოხელი ნამდვილად ქართული მუსიკის მზეა.

რატომ მიხმობ სულიკო ჟღენტის ლექსზე ბიძინა კვერნაძის არაჩვეულებრივი კომპოზიციაა, რომლის გიული ჩოხელისეული შესრულებაც საჯაროდ რამდენიმე წლის წინ, კომპილაციურ ალბომში „ეს იყო სიზმარი“ გამოჩნდა. საგულისხმოა რომ აღნიშნული სიმღერის ფირფიტაზე მოხვედრა, თავად მომღერლის დიდი სურვილიც იყო.


განსაკუთრებული ჯაზური არანჟირებით ხასიათდება მიხეილ ოძელის სიმღერა დღეს შენთვის ავანთებ ვარსკვლავებს“, რომელსაც გიული ქალიშვილთან, დინარა ჩოხელთან ერთად ასრულებს. აქა იქ გვხვდება ბოსა ნოვასთვის დამახასიათებელი ვოკალური ინტონაციები, რომელსაც თენგიზ ჯაიანის ანსამბლი უწევს აკომპანიმენტს.


პაემანზე“ ალბათ ის სიმღერაა, რომლითაც გიული ჩოხელი ახალმა თაობამ გაიცნო, მიხვდა მის დიდებულებას და დღემდე ცდილობს შესაბამისად დააფასოს. თუმცა ეს ძალიან გვიან, უკანასკნელ ათწლეულში მოხდა.


ბოსა-ნოვა, როგორც ჩანს ერთ-ერთი ის სტილი იყო, რომელსაც საბჭოთა სისტემა არც ისე დიდ ბარიერებს უწესებდა.


სწორედ ამ ჟანრშია შექმნილი ეს კომპოზიციაც, რომელიც მისამღერში ანტონიო კარლოს ჟობიმის სტანდარტის, „Agua de Beber “-ის მუსიკალურ ფორმას იმეორებს და მსმენელისთვის დასამახსოვრებელიც ამით ხდება.


ალბომის მეორე ინგლისურენოვანი კომპოზიციაა Too Darn Hot “- კოულ პორტერის ნაწარმოები 1948 წლიდან, რომელიც სპეციალურად მისი მიუზიკლისთვის შეიქმნა და ყველაზე ცნობილი შესრულება ისევ ელა ფიცჯერალდს ეკუთვნის. გიული ჩოხელის ვერსია კი მომენტალური სვინგით და დახვეწილი ინგლისურით გამოირჩევა.


ფირფიტა კი ზურაბ ნადარაიას სიმღერით მთავრდება, რომელიც თეიმურაზ ცაგურიას ლექსზეა აგებული.


„წამოვალ“ - ეს კიდევ ერთი პერსონალური ფავორიტია აღნიშნულ ფირფიტაზე, რომელსაც საოცნებო აურა მთელი შესრულების მანძილზე დაჰკრავს - გიული ჩოხელი ახერხებს და ათეულობით წლის წინ ჩაწერილი სიმღერითაც კი ახერხებს მსმენელთან ძალიან ახლო, პერსონალური კავშირის დამყარებას.

„გიული ჩოხელს პირველად ალბათ 1970 წელს შევხვდი, ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით. იგი მოსკოვიდან ახალი ჩამოსულიყო და მეც ახალი დაწყებული მქონდა ამ ჟანრში მუშაობა. მივედი და პირადად გავიცანი, მაშინ გიული უკვე ვარსკვლავი იყო, მე კი უბრალოდ რიგითი დამწყები კომპოზიტორი."

მოვასმენინე რამდენიმე სიმღერა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო „წამოვალ“ - იგი გიულიმ სამომავლოდ გუსტავ ბრომის ანსამბლთან ერთად შეასრულდა და ჩაწერა. გიული თავიდანვე გამოირჩეოდა ყველასგან განსხვავებული სიმღერის მანერით, ჰარმონიულობით - მიხარია რომ გიულის დახმარებით, ქართველებმაც ამ დიდ მუსიკაში, ჯაზის ხელოვნებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ“ - ყვება კომპოზიტორი ზურაბ ნადარაია. 


მართალია აღნიშნული ფირფიტა ამ ეტაპზე ლიმიტირებული რაოდენობით და სასაჩუქრე ფორმატში გამოვიდა, თუმცა იმედი ვიქონიოთ რომ სამომავლოდ, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მისი უფრო დიდი ტირაჟი, ქართველი და უცხოელი მელომანებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი - ამით კიდევ უფრო გაესმევა ხაზი, რომ ჯაზი რეალურად სახალხო მუსიკაცაა. 

იმპროვიზაცია, დინამიურობა, დრამატურგია,


ისტორიის რომანტიული გადმოცემა და თავისუფლებით საზრდოოობა - ეს გიული ჩოხელის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც მასში ჯაზთან ერთად აინთო - მუსიკასთან, რომელიც დღემდე მისი იდენტობის განმსაზღვრელია. 

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტოგრაფი: ჯიჯი რეჯიმი