ედუფინი

ფრილანსერის დილემა

გასულ  წელს დაითვალეს, რომ ამერიკელი ფრილანსერები კვირაში დაახლოებით 1 მილიარდ საათს მუშაობენ. მათი რიცხვი 56 მილიონია.


თუმცა, ჩრდილოეთ ამერიკას ფრილანსერების რაოდენობით უსწრებენ ევროპა, აზია, სამხრეთ ამერიკა და აფრიკაც კი.


ის ადამიანები, ვისაც „უფროსის ყოლა არ სურს“, წლიდან წლამდე მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტნი ხდებიან. 

ფრილანსერები ის პროფესიონალები არიან, ვინც შტატში არ ირიცხებიან, საქმიანობის თავისუფალ სტილს ირჩევენ და საქმეში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილიდან ერთვებიან. 

სიტყვა „ფრილანსერზე“, პირველ რიგში, რა გახსენდებათ? შეიძლება, ინსტაგრამზე ატვირთული ფოტო, რომელზეც ლაჟვარდისფერი ზღვის ფონზე მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ადამიანი, გვერდით - ლეპტოპი და იქვე კოქტეილია გამოსახული, კომენტარებში კი ნაცნობები უწერენ: „მშუუუურს“, „დაგაჰაიდებ“, „მალეჩამოდი“...


ეს, ალბათ, „იღბლიანად დასაქმებულების“ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იმიჯია.

თუმცა, უფროსის არმოსურნე ადამიანების ცხოვრება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლაჟვარდოვანი დღეებისგან არ შედგება. მეტიც, შეიძლება შტატის თანამშრომელზე ბევრად მეტსაც მუშაობენ.

ფრილანსერები თავისუფლებას ხშირად კიდევ უფრო მეტი შრომის ხარჯზეც ირჩევენ.


თავისუფლების სანაცვლოდ ფინანსურ რისკზეც მიდიან. ისინი ხომ თვის ბოლოს გარანტირებულ ხელფასს არ იღებენ, ამიტომ, ყოველი თვის დასაწყისში ფულის შოვნაზე ზრუნვა ახლიდან იწყება.  

შარშან, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე, 170 ქვეყანაში გამოკითხული 21 000 ფრილანსერის უმრავლესობამ თქვა, რომ მუშაობასთან დაკავშირებულ მათ ბედნიერებას მაღალი შემოსავალი არ განსაზღვრავს. თუმცა, იმავე კვლევაში მაინც გამოვლინდა, რომ ყველაზე მეტად გამოკითხულებს შემოსავლის გაუმჯობესება სურთ.

  

მათთვის, ვინც ფრილანსერული ცხოვრების დაწყებას აპირებს, მთავარი დილემა სწორედ ფულსა და თავისუფლებას შორის გასაკეთებელი არჩევანია. ვინც ეს ნაბიჯი უკვე გადადგა, ამბობენ, ფულის შოვნაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი განაწილება და გარკვეულ სისტემაში მოქცევაა.


შემოსავლის მართვისა და დაგეგმვის შესახებ რჩევებს სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე ფრილანსერები გვაძლევენ. 

მუსია ქებურია, მხატვარი, სტრიტ არტისტი


„თუ ფრილანსერობას გადაწყვეტ, ამისთვის საჭიროა, დარწმუნებული იყო იმ საქმის სიყვარულში, რომლის კეთებასაც აპირებ და, ასევე, მზად უნდა იყო თავდაუზოგავი მუშაობისთვის. საწყის ეტაპზე შიში საკმაოდ დიდია, თუმცა, თუ სცადე და მოახერხე, მოერგე ყველაფერს, მერე ხვდები, რამდენად მარტივი და კომფორტულია ასე მუშაობა. მე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ფრილანსერობის დროს გაცილებით დატვირთული ვარ, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად, მაინც არასდროს მინანია ბოლო სამსახურიდან წამოსვლა. არასტაბილურობის შიში მუდმივად შეიძლება გქონდეს, მაგრამ მთავარია, ამაზე არ იფიქრო მაშინ, როდესაც გამოწვევებს იღებ. საკმაოდ მფლანგველი ვარ, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ხვდები რა რეჟიმში ხარ და საშუალოდ როგორი შემოსავალი გაქვს, რიგი საკითხების მართვა და გათვლაც უფრო გიმარტივდება. მე პირადად, გარდა იმისა, რომ შემოქმედებიდან დიდი სტიმული მაქვს, ფრილანსერობა ფინანსურადაც მაძლევს იმის ბიძგს, რომ მეტი და მეტი ახალი საქმეები ვაკეთო, რაც საბოლოო ჯამში იქამდე მიდის, რომ ტექნიკურად ვვითარდები, ასევე ვიზრდები საქმეშიც, რაც, საბოლოო ჯამში, შემოსავალზე და ბიუჯეტზეც აისახება”. 


დაახლოებით 1 წლის წინ, განათლების სპეციალისტმა ქეთი ცოტნიაშვილმა მუდმივ რუტინას თავი დააღწია და თავისუფალ გრაფიკზე გადაერთო. ქეთი იხსენებს, რომ შემოსავლის არქონის შიში ორგვარად დაძლია: ა) პოტენციურ საქმიანობად არა მხოლოდ საკუთარ პროფესიას, სხვა სფეროებსაც განიხილავს ბ) ახალმა ცხოვრების წესმა ფულის დაზოგვის ახალი გზები ასწავლა. 

ქეთი ცოტნიაშვილი, განათლების სპეციალისტი


„თავიდან რომ მივიღე სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება, ფრილანსერი რომ გავხდებოდი, ამაზე არც მიფიქრია... იმდენად მინდოდა წამოსვლა, რომ უბრალოდ წამოვედი. გარკვეული დანაზოგი მქონდა, დაახლოებით სამ თვეზე გათვლილი. ვფიქრობდი, რომ სამი თვის მანძილზე რაიმეს მოვიფიქრებდი, ჩამოვყალიბდებოდი რისი კეთება მინდოდა. იმაშიც დარწმუნებულ ვიყავი, რომ როცა მუშაობა მომინდებოდა, რამენაირ სამსახურს ვიშოვიდი - ძალიან ფართო სპექტრს ვგულისხმობ, ჩემს სპეციალობასთან ახლოს და შორს მყოფსაც. მაგალითად - მიმტანობას. მერე ნელნელა წამოვიდა ფრილანსერობის შემოთავაზებები. მხოლოდ იმ შემოთავაზებებზე ვამბობ „კის“, რაც რეალურად მჭირდება, რომ ვიცხოვრო. ვცდილობ, ზედმეტი რაღაცეები არ „ავიკიდო“ და უარს ვამბობ. თუმცა ზოგჯერ დატვირთვის სწორად გათვლა და უარის თქმაც არ არის მარტივი. შინაგანი რწმენა მაქვს, რომ როცა ფული დამჭირდება, უცებ რაღცას ვიპოვი, საიდანაც შემოსავალი მექნება და რეალობაშიც ასე ხდება“. 


ეტაპობრივად, შინაგან რწმენას ქეთიმ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფულის დაზოგვაც მიაშველა:


ტანსაცმელს აღარ ვყიდულობ ყველა გავლა-გამოვლაზე. ინტერნეტ ბანკიდან ვაკონტროლებ ბიუჯეტს და როცა ცოტავდება უფრო ნაკლებს ვხარჯავ. კვებაშიც ნაკლები მეხარჯება, ვიდრე სამსახურში როცა დავდიოდი“. 


“Payoneer-ის“ მონაცემებით ფრილანსერების საშუალო საათობრივი ანაზღაურება 19 აშშ დოლარია. საათში ყველაზე მაღალ ჰონორარს, 28 აშშ დოლარს, იურიდიული სფეროს წარმომადგენლები იღებენ.


„რეჟიმი, ეთიკა, ვარჯიში, დიეტა“ - დამწყებთათვის უფრო მკაცრი და კონკრეტული რჩევები აქვს გამოცდილ ფრილანსერს:

ფოტოგრაფი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი


„ფრილანსერებს ვურჩევ, მკაცრი რეჟიმი დაიცვან, დილით ადრე ადგნენ და საღამოს ადრე დაიძინონ, რადგან კარგი ძილი განაპირობებს შენს შრომისუნარიანობას. რეჟიმის გარეშე არაფერი გამოდის. ფინანსების მართვის პრინციპი კი ასეთია: ჰონორარის რაღაც ნაწილს იღებ, მეორე ნაწილს ინახავ, მაგალითად ტექნიკის შესაცვლელად, ამორტიზაციისთვის და ა. შ. რა იცი რა ხდება? კომპიუტერი რომ გაგიფუჭდეს, ჩათვალე, აღარ ხარ ფრილანსერი. ეს არის მთელი პრინციპი...მერე ყველაფერი ლაგდება“. 


სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები, თავისუფლად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალების გამოცდილებებით, ფრილანსერობის რამდენიმე მთავარი პრინციპი იკვეთება. 

ყოველთვიურად განსხვავებული შემოსავლის დაგეგმვა

თავისუფალ რეჟიმში მომუშავე საქმიანი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ხარჯვის წინასწარ დაგეგმვაა, რადგან, მათი შემოსვალი ყოველთვიურად თანაბარი არ არის და არც იციან, მომავალ თვეს რამდენ ჰონორარს მიიღებენ.

ასეთ შემთხვევაში, გამოცდილი ფრილანსერები ყოველთვიური ბიუჯეტის შედგენას ჰონორარის კი არა, საცხოვრებელი ხარჯების მიხედვით გვირჩევენ: გასულ წელს რამდენს ხარჯავდი ბინის ქირაზე, საჭმელზე, ტრანსპორტზე? ახლაც, ყოველთვიურად საცხოვრებლად იგივე თანხა გადადეთ, დანარჩენი კი სხვა მიზნებისთვის დახარჯეთ, ან შეინახეთ.  

საკუთარი სტატისტიკის შექმნა 

მათ, ვისაც ფრილანსერობის გარკვეული გამოცდილება აქვს, მაგრამ ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვა მაინც უჭირს, ბოლო 5-6 თვის ფინანსების გაანალიზებას ურჩევენ. გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაახლოებით უნდა გამოთვალოთ, თვეში რა შემოსავლის მიღება შეგიძლიათ. უფრო ხანგრძლივი გამოცდილების შემთხვევაში კი მთლიანობაში, წლიური ბიუჯეტის შექმნასაც გვირჩევენ. როცა ფრილანსერი ხარ და იცი, რომ წლის განმავლობაში, ვთქვათ, 50 000 ლარია შენი ანაზღაურება, რომელიმე თვეში განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის შემთხვევაში დიდად აღარ ნერვიულობ. გათვლილი გაქვს, რომ სხვადასხვა თვის შემოსავალს და ხარჯებს გადაანაწილებ და ნაკლებობასაც დაფარავ.  

სასწრაფო საჭიროებებისთვის გადანახვა

იმის მიუხედავად, რამდენს გამოიმუშავებთ, საჭიროა გქონდეთ რამდენიმეთვიანი დანაზოგი - განსაკუთრებით გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის. ფრილანსერები გვირჩევენ, რომ მინიმუმ 3 თვის სამყოფი დანაზოგი აუცილებლად უნდა გვედოს ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც სასწრაფო ფონდი შედგენილია, უკვე შეგიძლიათ დამატებითი შემოსავალი სხვა საჭიროებებზე სინდისის ქენჯნის გარეშე დახარჯოთ. 

ყოველთვიური ხელფასი საკუთარ თავს

საინტერსო პრაქტიკაა - იმისათვის, რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნოს, ზოგიერთი ფრილანსერი ყოველთვიური შემოსავლიდან ერთი და იგივე რაოდენობის „ხელფასს“ საკუთარ თავს ურიცხავს. დარჩენილი „დამატებითი შემოსავლით“ კი სამოგზაურო, საპენსიო და სხვა საჭიროებების ბიუჯეტებს ქმნის. 

---

ფრილანსერობა მხოლოდ თავისუფლებით ტკბობა რომ არ არის, ეს ერთმა საერთაშორისო კვლევამაც აჩვენა. 5-დან 4 ფრილანსერი ერთდროულად სამამდე პროექტზე, ხოლო გამოკითხულთა 10% კვირაში 60-ზე მეტ საათს მუშაობს.


ასე რომ, სანამ ფრილანსერობას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, ხართ თუ არა მზად თავდაუზოგავი მუშაობისთვის და ფინანსების სწორი მენეჯმენტისთვის. 

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი

ქავერ ფოტო: Dr Love სტრიტარტი