დეკემბერი 13, 2021
ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს სიტყვები და ტერმინები, რომლებიც საკმაოდ ხშირად გვესმის, მაგრამ, შეიძლება, მათი მნიშვნელობა კარგად არ ვიცით. გთავაზობთ ძირითად ფინანსურ ტერმინებს და მათ განმარტებებს, რომლებმაც შეიძლება ერთი მხრივ გაგიმარტივოთ იმის აღქმა, რას აკეთებენ კომპანიები, მეორე მხრივ კი - ყოველდღიური ურთიერთობები საფინანსო ინსტიტუტებთან.
აქცია - კომპანიის მფლობელობის წილი. როცა ყიდულობ აქციას, შენ ხდები კომპანიის გარკვეული (როგორც წესი, მცირე) ნაწილის მფლობელი და იღებ
დივიდენდი - შენს პროპორციულ წილს იმ მოგებიდან, რომელსაც კომპანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებს. კომპანიები ყიდიან აქციებს, რომ სანაცვლოდ, ბიზნესის გასაზრდელად და ახალი პროდუქტების განსავითარებლად, მიიღონ თანხები.
ობლიგაცია - ფასიანი ქაღალდი, რომლის გაყიდვითაც კომპანია იღებს ვალდებულებას წინასწარ განსაზღვრულ ვადაში მყიდველს დაუბრუნოს თანხა და გარკვეული პერიოდულობით გადაუხადოს დამატებითი სარგებელი. ობლიგაციების გაყიდვა ინვესტორებისგან სესხის აღებას ნიშნავს.
Net ; gross - ეს ტერმინები ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ხელფასებზე, შემოსავლებზე, მოგებაზე საუბრისას. მარტივად რომ ავხსნათ, net „სუფთა“, „წმინდა“ თანხაა, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ხოლო gross - გაუფილტრავი. მაგალითად, თუ შენი net ხელფასი (თანხა, რომელიც ყოველთვიურად ანგარიშზე გერიცხება) 3000 ლარია, gross (თანხა, რომელსაც კომპანია გამოყოფს შენი ხელფასისთვის) რამდენიმე ასეული ლარით მეტი იქნება, რადგან მასში სახელმწიფო გადასახადები შედის.
აქტივი - ნებისმიერი საკუთრება; ყველაფერი, რასაც კომპანია ან ფიზიკური პირი ფლობს.
ლიკვიდურობა - რამდენად სწრაფად შეიძლება აქტივის ნაღდ ფულად გადაქცევა? ამის მაჩვენებელია ლიკვიდურობა. რაც უფრო სწრაფად და მარტივად გაიყიდება აქტივი, მისი ლიკვიდობის მაჩვენებელი მით უფრო მაღალია.
საოპერაციო ხარჯი - ხარჯები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული პროდუქტის წარმოებასთან ან სერვისის მიწოდებასთან. მაგალითად, საოპერაციოა რეკლამის ხარჯი, დაზღვევა და ა.შ.
ამორტიზაცია (ცვეთა) - ქონების ღირებულების დროთა განმავლობაში შემცირება მისი სასიცოცხლო ხანგრძლივობიდან გამომდინარე. ბუნებრივია, აქტივის გამოყენებისას კომპანიას აქვს ცვეთის ხარჯი. ამორტიზაცია, მიწის გარდა, ყველა ტიპის აქტივზე მოქმედებს.
დივერსიფიკაცია - რისკის შემცირება ინვესტიციების სხვადასხვა აქტივებში გადანაწილების გზით. დივერსიფიკაცია ამცირებს ერთ კონკრეტულ აქტივზე ზემოქმედების რისკს.
საპროცენტო განაკვეთი - სარგებელი, რომელიც პროცენტის სახითაა გამოსახული. საბანკო დეპოზიტის შემთხვევაში ამ სარგებელს იღებს მომხმარებელი, ხოლო კრედიტის შემთხვევაში, ბანკი, რომელსაც მომხმარებელი კრედიტით სარგებლობის სანაცვლოდ პროცენტს უხდის.
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ასახავს უშუალოდ სესხის/დეპოზიტის თანხაზე დარიცხულ პროცენტს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთისგან განსხვავებით, ის არ მოიცავს პროდუქტის ან მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებულ სხვა ისეთ ხარჯებს, როგორებიცაა, მაგალითად, დაზღვევა, სესხის დამტკიცების საკომისიო, გატანის საკომისიო და ა.შ.
ინფლაცია - ფასების საერთო დონის ზრდა ყიდვის უნარის საბაზისო დონესთან შედარებით. ინფლაცია ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის კლებაა საქონელსა და მომსახურებასთან მიმართებით.
დეფლაცია - პროდუქტების და მომსახურების ფასების შემცირების პროცესი. ინფლაციის საპირისპიროდ დეფლაცია იწვევს ფულის რეალური ღირებულების ზრდას, რადგან იგივე თანხით უფრო მეტი პროდუქტის ყიდვაა შესაძლებელი.
ავანსი - მთლიანი საფასურის წინასწარ გადახდილი ნაწილი.
ინვოისი - დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მყიდველი გამყიდველს უხდის თანხას. ინვოისში ასახულია შესაძენი პროდუქტის/სერვისის ჩამონათვალი, გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები და ა.შ.
საბანკო ამონაწერი - დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ პერიოდში საბანკო ანგარიშზე განხორციელებულ ოპერაციებს ასახავს.
პირგასამტეხლო - ხელშეკრულებაში წინასწარ განსაზღვრული ჯარიმა, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაიხდება.
მარტივი პროცენტი - პროცენტის მარტივად დარიცხვის მეთოდი, როდესაც თანხაზე ის ერთჯერადად ირიცხება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვადის გასვლისას. ასევე მარტივია დარიცხვის მეთოდი, როცა პროცენტის დარიცხვა რამდენჯერმე ხდება, მაგრამ ის მხოლოდ ძირი თანხისთვის არის დათვლილი.
რთული პროცენტი - რთულია პროცენტი, თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი რამდენჯერმე ირიცხება და ყოველი შემდეგი დარიცხვა იმ მომენტისთვის არსებული თანხის საფუძველზე ხდება - ანუ ძირი თანხისა და უკვე დარიცხული პროცენტის ჯამზე.
საშეღავათო პერიოდი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელი არ იხდის სესხის ძირითად თანხას. ხანდახან, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელს პროცენტის გადახდაც არ უწევს.
სადებეტო ბარათი - ბარათი, რომლითაც შესაძლებელია მიმდინარე საბარათე ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა.
საკრედიტო ბარათი - ბარათი, რომლითაც მომხმარებელი თანხას ლიმიტის ფარგლებში განსაზღვრავს. ლიმიტი კი განსაზღვრულია მსესხებლის მიერ.
.