თიბისელები ტექნოლოგია სიახლეები

FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება

იანვარი 20, 2025

ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps - პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-სა და ბიზნესის გუნდებს აერთინებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ. 

თვალსაჩინოებისთვის, FinOps ტრადიციული ფინანსური მენეჯმენტისგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება, კერძოდ: მოქნილობით, ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირებითა და ღრუბლოვან სერვისებზე ადაპტაციით. მისი ძირითადი პრინციპები კი შესაბამის ორგანიზაციულ ერთეულებზე ხარჯების ალოცირება, თანამშრომლობა, გუნდური ჩართულობა და განათლებისა და კულტურის ჩამოყალიბებაა.

თიბისი ერთერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს, თუმცა მიზნის მიღწევამდე იყო გრძელი, დაბრკოლებებითა და გამოწვევებით სავსე გზა. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც თიბისისთვის FinOps-ის ათვისება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, რაც ბიზნესის მოთხოვნების ეფექტურობის, მოქნილობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უკავშირდება.

“FinOps ტრანსფორმაციული მიდგომაა, რომელიც საშუალებას აძლევს მრავალფუნქციურ გუნდებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები სიჩქარის, ღირებულებისა და ხარისხის დაბალანსების შესახებ. თიბისიში ინოვაციების მართვისას FinOps-ის გამოყენება გადამწყვეტია როგორც შიდა, ისე ღრუბლოვანი რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციისთვის. შედეგად მივიღეთ გაძლიერებული ხილვადობა რეალურ დროში ხარჯების მენეჯმენტსა და გუნდებს შორის ეფექტურ თანამშრომლობაზე.” - იური სემენიხინი, ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა - იყო როგორც ტექნიკური, ასევე ორგანიზაციული და კულტურული სირთულეები, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც კომპანია სრულიად ახალი, ინოვაციური მიდგომის დანერგვას ცდილობს.

“ძირითადი გამოწვევები ხარჯების გამჭირვალეობასა და დეტალური ხედვის არქონას უკავშირდებოდა. არსებობდა თანამშრომლობის დეფიციტი, ფინანსური და ტექნიკური გუნდები მუშაობდნენ ცალ-ცალკე, რაც ქმნიდა კომუნიკაციის ბარიერს. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და რეალურ დროში ხარჯების კონტროლის სირთულეები ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო”. - ალექსანდრა ანდრიანიდუ, ტექნოლოგიური პროცესების ანალიზის გუნდის ლიდი


თიბისიში ამ ცვლილების დანერგვაზე მომუშავე გუნდმა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით ფინანსური გამჭირვალობა, ეფექტიანი რესურსების გამოყენება და სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელების შესაძლებლობა მისცა კომპანიას.

კომპანიაში FinOps-ის წარმატებულ დანერგვას თიბისიმ ლოგიკური და შეიძლება ითქვას, ალტრუისტული გაგრძელება მოუძებნა - მათ ამ პრაქტიკაზე საუბარი და დისკუსია ორგანიზაციის გარეთ დაიწყეს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინოვაციები და განვლილი ნაბიჯებით უკვე სხვა კომპანიებსაც გავუმარტივოთ იმავე გზის გავლა და ეს გამოცდილება გავაზიაროთ. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის სცენა გამოვიყენეთ ამ თემაზე სასაუბროდ და ტექ კომუნას გავუზიარეთ ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე.” - იური სემენიხინი, ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

ამ ყველაფერთან ერთად თიბისი იაზრებს, რომ FinOps მეთოდოლოგია კომპანიაში მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, რისთვისაც ტექ გუნდის წევრები FinOps კონფერენციაზე გაემგზავრნენ. თიბისის ტექ ტალანტების მიზანი იყო კონფერენციაზე დამსწრე FinOps პრაქტიკოსებისგან მიეღოთ ცოდნა და გაეგოთ მათი საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების შესახებ.

“სესიებზე სპიკერებისგან მოვისმინე ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიებისა და ღუბლოვანი ტექნოლოგიის ოპერაციების ფინანსური ანგარიშსწორების მართვის შესახებ. 3 დღის განმავლობაში გავიცანით ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალები, რომლებთანაც მუდმივი დიალოგის შესაძლებლობა გვქონდა. 

ვაპირებთ, რომ მიღებული ცოდნა და კავშირები თიბისიში FinOps-ის გასაძლიერებლად გამოვიყენოთ” - ალექსანდრა ანდრიანიდუ, ტექნოლოგიური პროცესების ანალიზის გუნდის ლიდი