ლიტერატურა

ფაუსტი - მარადიული მეტაფორა

„საბა“

აგვისტო 27, 2020


ფაუსტი ადამიანობის მეტაფორაა, წიგნი საკუთარი თავის ძლევაზე, დამარცხებასა და გამარჯვებაზე, ან, უფრო სწორად, დამარცხებით გამარჯვებაზე, ეს ცნობილი ფოლკლორული მოტივი კაცზე, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა, ბევრ ნაწარმოებშია გამოყენებული, მათ შორის, მსოფლიო ლიტერატურის ნამდვილ შედევრებში.


„გოეთეს ფაუსტი არის ნამდვილად კლასიკური ნაწარმოები, მაგრამ იდეა არის ისტორიული და როგორც ჩანს ყოველ აღსანიშნავ ისტორიულ ეპოქას ეყოლება საკუთარი „ფაუსტი“ წერს სიორენ კირკეგორი, თუმცა, გოეთემ „ფაუსტი“ მწვერვალად, განუმეორებელ მეტაფორად აქცია, თავისი შემოქმედების გვირგვინად.


გოეთე "ფაუსტის" საკუთარ ვერსიას 60-ზე მეტი წლის განმავლობაში წერდა, შედეგად მან შექმნა წარმოუდგენელი მასშტაბის ეპიკური ტილო, სადაც ავტორმა თავი მოუყარა ქრისტიანულ, შუა საუკუნეების, რომაულ, აღმოსავლურ, ელინურ პოეზიას, ფილოსოფიასა და ლიტერატურას. "ფაუსტის" პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე - 22 წლის შემდეგ.

 

რა იცვლება მას შემდეგ, რაც ფაუსტი მეფისტოფელს ხვდება, ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიალოგი იმართება. მეფისტოფელს ამ თამაშით სურს ადამიანის უსუსურობა, სისუსტე დაამტკიცოს:



„ მოკრძალებული სიმართლეა, გაჭრილად თქმული.

ეს – თქვენი მოდგმა ყელყელაობს, ადამიანი,

რეგვენი თავი მთლიანობა ჰგონია სრული.

მე ნაწილი ვარ ნაწილისა, იმ პირვანდელი

ყოვლის ნაწილი, იმ ბნელისა, ვინც შვა ნათელი,

ყინჩი ნათელი, დედაღამეს რომ ეჭიფხება,

რომ ედავება სივრცესა და ძველ ხელმწიფებას.

მაგრამ ფუჭია, რასაც ომობს თავგადაკლული,

რადგან სხეულთა ზედაპირზე რჩება გაკრული.

მათით ლამაზობს, მათით არის, თუ არის მნათი,

მათგან მოდენს და გზაც აგრეთვე ეხშობა მათით.

მათთან ერთადვე, იმედია, მალე გაქრება,

სრულად მოუწევს არყოფნაში ჩაარაფრება.„ 


დავით წერედიანის თარგმანი


ფაუსტი მისგან მაცდურ წინადადებას იღებს - ყველაფერი სულის ნაცვლად, სურვილებსა და შესაძლებლობებზე შეუზღუდავი წვდომა, მრავალფეროვანი, სავსე, წარმოუდგენელი სიცოცხლე, ძალაუფლება, ფული, ცნობისმოყვარეობა, კითხვებზე პასუხის მიღება. სამაგიეროდ - სიკვდილის მერე მისი სული ეშმაკისაა. და აი, საბედისწერო მოლაპარაკება შედგა!


იწყება დიდი თავგადასავალი, გზად სიყვარულიცაა, მშვენიერი გრეტხენი თავდავიწყებით შეიყვარებს ფაუსტს, თავის ცხოვრებას უძღვნის და თავსაც სწირავს. თუმცა სულს არა, სული გრეტხენს სიყვარულისთვის აქვს მიძღვნილი, ამიტომაც იქნებ სწორედ მისი სიყვარული შველის ფაუსტს, როდესაც მეფისტოფელი თავის საკუთრებას - ფაუსტის სულს ითხოვს.

ეს წიგნი ადამიანის უკვდავებასა და ძალაზეა, ადამიანის ყოვლისშემძლეობაზე, ღვთიურისკენ სწრაფვაზე, მის გონსა და წარმოუდგენელ შესაძლებლობებზეა.

როგორ ახერხებს ფაუსტი მაშინაც კი, როცა სული გაყიდული აქვს, არ დაკარგოს ღვთიური და ადამიანური ნაპერწკალი, არ დამარცხდეს, გაიმარჯვოს ყველაზე დიდ ბრძოლაში.


„ძველთაგან თქმულა, ვერ ეწევი მიზანს სასურველს,

თუ არ მღვიძარებ, დღიდან დღემდე თუ არ იურვი.

თავისუფლებას და სიცოცხლეს ის იმსახურებს,

ვინც იგი ბრძოლით მოიპოვა ყოველდღიურით.

და ებრძვის საფრთხეს, თუ ცალ-ცალკე, თუ დარაზმული,

ყმაწვილი კაციც, მოწიფულიც და ხანდაზმულიც. 

ასეთი მინდა რომ ვიხილო ახალი ტომი,

თავისუფალი, თავისუფალ მიწაზე მდგომი.

მაშინ, ო, მაშინ გულავსილი, მძლავრი, ხმიერი,

"შეყოვნდი, წამო", შევძახებდი, "ხარ მშვენიერი"!

და ვირწმუნებდი: ჩემი კვალი მუდამ იქნება,

სამარადისოდ ეონებში არ დაინთქმება.

ბედნიერების მოლოდინით, უხინჯო შვებით,

ამ უზენაეს წამს შევხარი! წინასწარ ვტკბები! „ 


- ეს ფაუსტის ბოლო სიტყვაა, სიტყვა, რომელიც მისი გამარჯვების მანისფესტად იქცევა. ეშმაკი დამარცხებულია, ადამიანმა კვლავ გაიმარჯვა!


როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოეთე „ფაუსტს“ დიდი ხნის განმავლობაში წერდა, ესეც ადამიანური შესაძლებლობების გამარჯვებაა, წარმოუდგენელი შესაძლებლობების, ისევე, როგორც ნაწარმოების ქართული, კონგენიალური თარგმანი, რომელსაც დიდმა ქართველმა მთარგმნელმა, დავით წერედიანმა თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა და ქართველ ხალხს ამ შედევრის შესაფერისი, სრულყოფილი თარგმანი დაუტოვა.



ავტორი: saba.com.ge