ედუფინი

ყველაფერი, რაც სესხების შესახებ უნდა ვიცოდეთ

ნოემბერი 30, 2021

სესხი, უმეტეს ჩვენგანს,  ცხოვრებაში ერთხელ მაინც აგვიღია — სასურველი ნივთის შესაძენად გაგვიკეთებია განვადება ან უფრო მეტიც — საოცნებო სახლის შესაძენად იპოთეკური სესხით გვისარგებლია. პროცესი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ აწონ-დაწონვას, დაფიქრებას და ჩვენი შესაძლებლობებისა და საჭიროებების კარგად განსაზღვრას მოითხოვს, გარდა ამისა, სესხებთან დაკავშირებით არსებობს დეტალები, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ მანამ, სანამ ბანკში მისვლას და ვალდებულებების აღებას გადაწყვეტთ.

 

რა ტიპის სესხები არსებობს, რა უნდა გავითვალისწინოთ მის აღებამდე, სად ვუშვებთ შეცდომებს და რა პასუხისმგებლობა აქვთ ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებელთა მიმართ — ამ საკითხებზე ჩვენ “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელს, გიორგი კეპულაძეს ვესაუბრეთ.

ფოტო:Karolina Grabowska / Unsplash

რა არის სესხი?

სესხი ერთ-ერთი მთავარი საბანკო პროდუქტია. ბანკების მთავარ აქტივს სწორედ მათი სასესხო პორტფელი წარმოადგენს. სესხებს განასხვავებენ მიზნობრიობის, ვადიანობის თუ იმ საჭიროებების მიხედვით, რაც მოცემულ მომენტში გვიდგას. მას ვიღებთ უძრავი ქონების, ავტომობილის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის თუ სხვა სასურველი ნივთის შესაძენად ან მომსახურების მისაღებად. გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარულია განვადება და სამომხმარებლო ტიპის სესხები. ამის მიზეზი, მისი თქმით, გაცემის სიმარტივეა, მაგალითად, განვადება პოპულარულია, რადგან მაღაზიაში სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ 15 წუთში შეგვიძლია დავიმტკიცოთ სესხი და შევიძინოთ პროდუქტი. ასევე, პოპულარულია საკრედიტო ბარათები და დიდი პორტფელი აქვს იპოთეკურ სესხებსაც.

 

გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ სესხის გაცემის დინამიკა დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე — “თუ ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება, მეტი სესხი გაიცემა, რადგან ადამიანებს მომავლის რწმენა უჩნდებათ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საბანკო სექტორის ინტერესებშიც შედის”.

ფოტო: Pexels / Pixabay

სესხებთან დაკავშირებით არსებული მცდარი წარმოდგენები და შეცდომები

სესხებზე, საპროცენტო განაკვეთებზე და სხვა მომიჯნავე საკითხებზე საზოგადოებაში ხშირად ჩნდება მცდარი წარმოდგენები. გიორგი კეპულაძე მათ შორის რამდენიმეს გამოყოფს.

 

ის ამბობს, რომ ხშირად მომხმარებლებს იპოთეკური სესხი ქონებით უზრუნველყოფილ სესხში ერევათ.

 

“იპოთეკურ სესხს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზნობრიობა — უნდა ვყიდულობდეთ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს, ვარემონტებდეთ სახლს, აგარაკს. თუ ეს მიზნობრიობა არ აქვს, მაშინ ეს არაა იპოთეკური სესხი, არამედ საქმე გვაქვს ქონებით უზრუნველყოფილ სესხთან. ამ ტიპის სესხებს ხშირად კერძო მევახშეებიც გასცემენ, ეძახიან მას იპოთეკურ სესხს და ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები. იპოთეკური სესხი არ ნიშნავს იმას, რომ იღებ ფულს, რაც გინდა იმაში ხარჯავ და სანაცვლოდ, უბრალოდ, ბინა გაქვს ჩადებული”, — გვიხსნის გიორგი.

 

გიორგი განმარტავს, რომ მარტივი წესების დაცვა და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა ფინანსური უსაფრთხოების დაცვაში დაგვეხმარება. შეცდომებს კი ანგარიშის გახსნიდან დაწყებული — სესხების აღებით დამთავრებული ბევრ შემთხვევაში ვუშვებთ. 

 

ის გვირჩევს:

 

● დავხუროთ საბანკო ანგარიში თუკი აღარ გვჭირდება, რადგან აქტიურ ანგარიშზე, ხშირ შემთხვევაში, გვერიცხება საკომისიოები და გადასახადები;

● ავიღოთ ერთი საბანკო ბარათი თუ რამდენიმეს აუცილებლობა არაა;

 

სესხის შემთხვევაში კი:

 

● გავმიჯნოთ მიკროსაფინანსო კომპანიები, კერძო მევახშეები და კომერციული ბანკები. — “ხშირად ადამიანებს ზუსტი წარმოდგენა არ აქვთ, ვისთან იწყებენ ურთიერთობას. მაგალითად, იღებენ სესხს კერძო მევახშისგან გაცილებით ცუდი პირობებით, ვიდრე ამას კომერციულ ბანკში შეძლებდნენ და სხვა;

● სწორად შევარჩიოთ სასურველი პროდუქტი — შესაძლოა განვადების გაკეთებას სჯობდეს სამომხმარებლო სესხის აღება, რადგან როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთი ამ უკანასკნელს შედარებით ნაკლები აქვს.

● უმჯობესია, საკრედიტო ბარათით მხოლოდ პოსტერმინალებზე გადავიხადოთ და თანხა ბანკომატით არ გავანაღდოთ, რადგან გატანის საკომისიო მაღალია და სხვა.

 

გიორგის თქმით, ყველაზე ნაკლებად პრობლემური სესხი იპოთეკურია. იმისდა მიუხედავად, რომ იგი გრძელვადიანია, ეხება დიდ თანხას და ჩადებულია უძრავი ქონება, პრეტენზიები მასზე მაინც ნაკლებია, რადგან ადამიანები მეტს ფიქრობენ სანამ დიდ თანხას აიღებენ. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ამ კუთხით გარკვეული პასუხისმგებლობა აქვთ ბანკებსაც. “მათ უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ფინანსური განათლების დონის ამაღლების და უფლებების დაცვის კუთხით”, — ამბობს გიორგი.

 

ფოტო: Scott Graham / Unsplash

რჩევები, რომლებიც სესხის აღებისას უნდა გავითვალისწინოთ

სესხის აღებამდე აუცილებელია გავითვალისწინოთ ერთი ფაქტორი — რა ვალუტაში გვაქვს შემოსავალი.

 

“საქართველოში უმრავლესობას შემოსავალი აქვს ლარში, ხოლო უცხოურ ვალუტაში სესხის აღების შემთხვევაში უწევს ამ ვალუტის შეძენა. კურსი, როგორც წესი, ხშირად იცვლება, ხოლო იმის პროგნოზირება, თუ როგორი გაცვლითი კურსი იქნება ერთ თვეში ან წელიწადში მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც, რისკების შესამცირებლად უმჯობესია, სესხი ავიღოთ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვაქვს შემოსავალი.”, — გვირჩევს გიორგი კეპულაძე.

 

მისი მორიგი რჩევაა, სესხი არ ავიღოთ თუ ის არ გვჭირდება. “ხშირად ვიღებთ სესხებზე შემოთავაზებას ფინანსური ინსტიტუტებიდან SMS-ის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით, რაც ცდუნებას იწვევს, თუმცა, თუ სესხის მიზნობრიობა გაწერილი არ გვაქვს, სჯობს გავუძლოთ ამ ცდუნებას და უარი ვთქვათ მის აღებაზე.”

 

ამასთან, გიორგის რჩევაა, დავფიქრდეთ მიზნობრიობაზე — რატომ ვიღებთ სესხს და რამდენად სტაბილურია ჩვენი შემოსავლები. “საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები უნდა გავთვალოთ. როცა ბანკში მივდივართ ის ცალკე სწავლობს ჩვენს საკრედიტო ისტორიას, შემოსავლებს, ითვლის იმ რისკებს, რაც ახლავს სესხის უკან დაბრუნებას. შესაბამისად, რაც უფრო რისკიანია სესხი, მით უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს მას”. გიორგი გვირჩევს, აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება რისკის საკითხსაც, მაგალითად, მისივე განმარტებით, საკრედიტო ბარათი ან სამომხმარებლო სესხი მეტად სარისკო პროდუქტებია ვიდრე იპოთეკური სესხი, შესაბამისად ამ უკანასკნელს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს.

 

მორიგი რჩევაა, ხელშეკრულებას გავეცნოთ დაკვირვებით. “ხშირად მას სათანადოდ არ ვკითხულობთ. ცხადია, ამ შემთხვევაში ბანკებს აქვთ საკუთარი როლი, მათ უნდა სთხოვონ მომხმარებლებს, კარგად გაეცნონ ხელშეკრულების პირობებს (მთავარი პუნქტები პირველ გვერდზეა გამოტანილი) ჩვენ კი მას შემდეგ უნდა მოვაწეროთ ხელი, რაც ყველა პუნქტი ცხადი იქნება”.

 

გიორგის თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია გავიგოთ, რა სახის ჯარიმა გვეკისრება სესხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში — თუ უძრავი ქონებითაა დატვირთული, რა შემთხვევაში შეიძლება დავკარგოთ ის და სხვა.

 

“ფინანსები არაა მარტივი საკითხი, ნებისმიერი ოპერაცია გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული და როცა გრძელვადიან სესხს ვიღებთ, აუცილებელია ამ რისკების აწონა”.

 

ფოტო: Eduardo Soares / Unsplash

რა უნდა ვიცოდეთ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების შესახებ?

გიორგი კეპულაძე გვიამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე სესხების მიბმის საკითხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტუალური გახდა. იგი გვიხსნის, რომ ბანკები, ძირითად, რესურსებს იღებენ როგორც ანაბრებიდან, ისე რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიდან. ამ საკითხზე მსჯელობისას კი აუცილებელია ვიცოდეთ, რისგან შედგება სესხის პროცენტი. მისი თქმით, ესაა მოზიდული სახსრები, რისკის პრემიუმი, ბანკის მოგების მარჟა და სხვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ჯდება ამ ფულის “მოტანა” ბანკისთვის — ეს არის ანაბარი ან უცხოური დაფინანსება.

 

“როცა ბანკი ძვირად მოიზიდავს თანხას, თავისთავად მასაც უწევს საპროცენტო განაკვეთის აწევა. ბოლო ერთ წელიწადში 8-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე. ამან გამოიწვია საპროცენტო განაკვეთების ზრდა იმ სესხებზე, რომლებიც მიბმული იყო რეფინანსირების განაკვეთზე, ასევე გამოიწვია საშუალო საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რადგან ბანკებს მოზიდული რესურსი და ხარჯი გაუძვირდათ”, — ამბობს გიორგი.

 

ის, თუ როგორი იქნება რეფინანსირების განაკვეთი, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: “ის დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფლაციის დონეზე (ახლა ბოლო ათი წლის მაქსიმუმი, 13%-იანი ინფლაცია გვაქვს), არის თუ არა კრიზისი და ასე შემდეგ, რაც აძვირებს სესხებს, იზრდება საშუალო საპროცენტო განაკვეთებიც. ამდენად, ეს საკითხი არაა დამოკიდებული ერთ ან ორი ბანკზე ან მთლიანად საბანკო სექტორზე. იგი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკაზე”, — ხსნის გიორგი და ამატებს, რომ ახლა, როცა გვაქვს სამიზნე მაჩვენებელზე 10%-ით მეტი ინფლაცია, რეფინანსირების განაკვეთი მაღალია. “თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ფასების ზრდის ტემპი შემცირდება (რაც მოსალოდნელია, დაიწყოს შემდეგი წლის მეორე კვარტლიდან) მეტია შანსი, რეფინანსირების განაკვეთმა დაიკლოს და ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.”

საბანკო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა

ფოტო: Freepik

გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ სესხებთან დაკავშირებული მცდარი წარმოდგენების გასაქარწყლებლად საჭიროა ბანკების მხრიდან მეტი აქტიურობა ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

 

“მათ მომხმარებლებს ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ იმის შესახებ, თუ რა ტიპის სესხები არსებობს, რას ითხოვს ბანკი მათგან და რა პრინციპით მუშაობენ ფინანსური ინსტიტუტები. ფინანსური განათლება აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის — იმისათვის, რომ შევძლოთ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა, სესხის აღება, ანაბრის გახსნა, დანაზოგის დაბანდება. მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ, რომ დანაზოგის სახლში დადებას ბანკში შენახვა სჯობს, რადგან განსხვავებით 90-იანი წლებისგან, ახლა სანდოობა ბევრად მაღალია. ვერ გავიხსენებთ შემთხვევას, როცა დღეს მეანაბრემ ვერ აიღო სარგებელი ან დაუგვიანდა ის. ეს მკაცრადაა დაცული, რადგან საბანკო სექტორის რეპუტაცია ამაზე დგას”.

 

გიორგი ამბობს, რომ სესხებთან დაკავშირებით კარგად უნდა უნდა იყოს ახსნილი, რა შემთხვევაშია მისი რესტრუქტურიზაცია შესაძლებელი, რა შეღავათი შეიძლება შესთავაზოს ბანკმა არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე და სხვა.

 

“ბანკის მხრიდან მუდმივი კომუნიკაცია, მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება და მათ უფლებებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია საზოგადოების ფინანსური უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის”.