თებერვალი 17, 2022
ბაკურიანში კვლავ სპორტული ვარსვკალვთცვენაა. 19 და 20 თებერვალს, ევროპის თასის ეტაპზე პარალელურ სლალომში (სნოუბორდი) ისეთი ათლეტები ჩამოდიან, რომელთა სახელების გაგონებაზეც ზამთრის სპორტის მოყვარულ ადამიანს ტანში სიამოვნებისგან დაბურძგლავს.
აქამდე საქართველოში ევროპის თასის ეტაპი სნოუბორდში 2020 წელს გუდაურში ჩატარდა, წლევანდელ ტურნირზე კი ორჯერ მეტი მონაწილეა, რომლებიც ავსტრიას, შვეიცარიას, იტალიას, საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას და სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ. ორჯერ მეტი მონაწილე ორჯერ უფრო მეტი სიხარულია, როგორც ორგანიზატორისთვის, ასევე სპორტის მოყვარული ადამიანისთვის, ასევე ჩვენთვის, ფოტოგრაფებისთვის, რადგან ორჯერ უფრო მეტი კარგი ფოტოს გადაღების შანსი გვეძლევა.
ვარსკვლავებიდან, რომლებიც ბაკურიანში ისრიალებენ აუცილებლად უნდა ვახსენოთ 36 წლის ბენჯამინ კარლი, ავსტრიელი ლეგენდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ნანატრ ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა პარალელურ გიგანტურ სლალომში. აქამდე ბენჯის ვერცხლი და ბრინჯაო ჰქონდა მოგებული სოჭის და ვანკუვერის ოლიმპიადებზე. კარლი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია პარალელურ სლალომში და პარალელურ გიგანტურ სლალომში.
აუცილებლად სანახავია ანდრეას პრომეგერის გამოსვლა, რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო თასის მფლობელია. დღეისათვის FIS-ის რეიტინგში ქულებით პირველ ადგილს იკავებს.
არაფრისდიდებით არ უნდა გამოგრჩეთ უხუცესი სნოუბორდერის, კლაუდია რიგლერის გამოსვლა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების სამივე სინჯის მედალს ფლობს და რომელიც 48 (!!!) წლის ასაკშიც აგრძელებს უმაღლეს დონეზე გამოსვლას.
ასევე აუცილებლად უნდა ნახოთ რას იზამს ავსტრიელი 23 წლის ბორდერი დანიელა ულბინგი, რომელმაც 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო პარალელურ სლალომში და საერთო ჯამში მსოფლიო თასის ოთხგზის გამარჯვებულია.
ქართველებიდან კი ბაკურიანის ევროპის თასის ეტაპზე გუდაურელი სნოუბორდერი, რევაზ ნაზღაიძე გამოვა, რომლის ათლეტ პროფაილს ჩვენს ბლოგზე რამდენიმე დღეში იხილავთ.
ბაკურიანში წელს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრი ჩატარდება, 5 და 6 მარტს მსოფლიო თასის თხილამურის და სნოუბორდის ეტაპია სლოუფსტაილში, რომელიც, ალბათ, ყველაზე სანახაობრივი ტურნირი იქნება, რაც შეიძლება, წელს საქართველოში ვნახოთ. სლოუფსტაილზე 60 კაცი და 30 ქალი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
2022 წლის ზამთარი საქართველოსთვის ივენთებით დახუნძლული აღმოჩნდა, რაც აუცილებლად სასიკეთოდ იმოქმედებს ჩვენი სათხილამურო კურორტების იმიჯზე და ზამთრის მსოფლიო რუკაზე საქართველო კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდება. ცოტა ხანში კი ქართველების მედლებსაც ვიხილავთ.
ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი