იანვარი 10, 2022
ერეკლე დეისაძეზე კონტროვერსიული ფიგურაა. ალბათ, დაიბადა რომ ასეთი იყოს. მის შესახებ აზრები ყოველთვის საპირისპიროს მეტყველებდნენ, დროთა განმავლობაში იცვლებოდა ისიც და მასზე შეხედულებებიც. ვინც აქებდა, შემდეგ ისინი აძაგებდნენ და პირიქით. მახსოვს, პირველად 2008 წლის ბოლოს გავიგე მის შესახებ, მაშინ ჯერ კიდევ „ეკო და პარალელური თაობის” სახელით გამოდიოდა და პირველი ვიდეო ჩანაწერები დღემდე შემორჩენილია იუთუბზე.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ჩემი და მისი პოზიციები ზოგჯერ ემთხვეოდა ერთმანეთს, ზოგჯერ კი რადიკალურად განსხვავდებოდა, თუმც,ა მას ყოველთვის ჰქონდა პოტენციალი, რომ შემოქმედებით პროცესში იმ იდეებთან მოსულიყო, სადაც დღეისთვის მყარად დგას.
სოციალური მუსიკა დამოუკიდებელი საქართველოს მონაპოვარია. საბჭოთა პერიოდში (ძირითადად 60-იანი წლებიდან), როდესაც მთელი სისტემა ზუსტად რომ სოციალური სტაბილურობით და გარანტიებით ამაყობდა, თითქოს მუსიკოსები სოციალური კონტექსტის საჭიროებას ვერც ხედავდნენ და ამას მარტივად შეამჩნევთ იმ პერიოდის ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლების, ტრიოების თუ კვარტეტების შემოქმედებაში, სადაც ძირითადი თემა აბსტრაქტული რომანტიკა, სოციალისტურ ქვეყნებს შორის ძმობა/ერთობა და შინაარსისგან სრულიად დაცვლილი ტექსტები გვხვდება.
თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 90-იანი წლების დასაწყისში, საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზიციის პერიოდმა ქვეყანაში უამრავი გაჭირვება მოიტანა, თუმცა, ამავე დროს, ვიღაცეებისთვის ეს პერიოდი მარტივი აქტივების ჩასაგდებად მეტად ხელსაყრელი გამოდგა და ამ პროცესმა სოციალურ კლასებს შორის არსებული ზღვარი უფრო გააღრმავა. ეს, რა თქმა უნდა, არც ქართველი მუსიკოსების ახალ ტალღას დარჩენია შეუმჩნეველი და ამ პერიოდშივე იქმნება პირველი ქართული სოციალური მუხტით გაჟღენთილი ტექსტები, რა თქმა უნდა, ალტერნატიული მუსიკის წიაღში. ამ ადამიანთა საკმაო ნაწილი სწორედ სოციალურ გარანტიების გარეშე დარჩენილი კლასის წევრები იყვნენ და, რა თქმა უნდა, ვინ თუ არა, ისინი ნათლად ხედავდნენ მტაცებლური სისტემის მანკიერ მხარეებს. ჯგუფები, „ტაქსი“, „Outsider“, „წერილი“, შემსრულებლები ქიშო გლუნჩაძე, ირაკლი ჩარკვიანი, ჰიპ-ჰოპ დაჯგუფება „ძებნილები“ - პირდაპირი სოციალური მესიჯებით ეხმიანებოდნენ საკუთარი ხალხის პრობლემებს.
თუმცა, ამ პროცესებმა 2000-იანი წლების დასაწყისიდან უკვე აქტიურად დაიწყო კვდომა. პოპ მუსიკის, უფრო კი ქართული ესტრადის (რომელიც საბჭოთა ესტრადის ტრადიციის ერთგვარი გამგრძელებელი იყო) გააქტიურებამ, სულ სხვა რელსებზე გადაიყვანა ალტერნატიული მუსიკაც - 90-იანებში აქტიური პერსონებიდან, უამრავმა დატოვა საქართველო, ნაწილმა საესტრადო წრეებთან დაახლოება დაიწყო, სრულიად ახალმა თაობამ კი ისევ აბსტრაქტულ საკითხებთან დაიწყო ლირიულად შეთამაშება, თანაც ამჯერად ხშირ შემთხვევაში უკვე ინგლისურ ენაზე.
ფაქტი ის იყო, რომ სოციალურ კლასებს შორის უფსკრული ამ პერიოდში უფრო ღრმავდებოდა და ამ პრობლემებათა ძირითადი ნაწილი ქართულ მუსიკაში (და ხშირად ხელოვნების სხვა დარგებშიც) ასახვას ვერ პოულობდა.
სწორედ ამ პერიოდში ჩნდება ერეკლე დეისაძის პერსონა რადარებზე, 18 წლის პანკური სულისკვეთებით და, რა თქმა უნდა, დომინანტურ კულტურასთან წინააღმდეგობებით სავსე. კოლექტივის სახელი „პარალელური თაობა“ სწორედ ამ ცალკე შექმნილ სამყაროზე მიანიშნებს, რომელიც საკუთარ თავს თუ დაახლოებულ კომუნას ძირითადი მასისგან გამოჰყოფს და ალტერნატიული იდეების გავრცელებას იწყებს. რა თქმა უნდა, ეკო არც პირველი და არც ბოლო იყო, ვინც პოსტ-მოზარდობის ასაკში ეს ტრანზიციის, საზოგადოებაზე რეფლექციის, თვითგამორკვევის და მიუღებლობის ეტაპი გაიარა.
მას შემდეგ უკვე 10 წელზე მეტი გავიდა, იგი უამრავი განსხვავებული სოციალური მოძრაობის და ტალღის წევრი იყო, ერთიანდებოდა სრულიად განსხვავებულ პლატფორმაზე მდგომ ადამიანებთანაც, თუკი მოძრაობის მთავარ იდეაში თანხვედრა ჰქონდათ - თუმცა ისევ, ყველაფერი მოასწავებდა, რომ დღეს იგი იმ შემოქმედებით პროცესში იქნებოდა, რასაც ახალი ალბომით „ამ ენით ამენ“ გამოხატავს.
აღნიშნული ალბომის ჩაწერა თავიდანვე განსაზღვრული არ ყოფილა, ყველაფერი სამუშაო პროცესმა მოიტანა და პირველ სამი სიმღერის შემდეგ გამოჩნდა ის კონცეპტუალური ღერძი, რაზეც შემდეგი ნამუშევრებიც დაეფუძნებოდნენ. ვინც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერეკლეს შემოქმედებას აქტიურად ადევნებს თვალს, იცის, რომ იგი ორ ძირითად ხაზად იყოფა და მუსიკოსის პიროვნების ორ განსხვავებულ ხატს წარმოგვიჩენს - ერთი რომანტიკით სავსე პოეტია, რომლის ფარგლებშიც უამრავი სიმღერა უკვე კარგა ხნის ატაცებულია მსმენელის მიერ, მეორე კი ისევ ქვეყნის სოციალური გარემოს აღმწერი პიროვნებაა, სადაც ჩაგრულთა ხმა აქტიურად ისმის. მისი პირველი ალბომი „იარე“ მნიშვნელოვანწილად ჩემ მიერ პირველად ნახსენები ემოციური ხაზის გამტარებელი იყო, იგივე თემას შლიდა ავტორი Vinda Folio-სთან ერთად არსებულ პროექტშიც, ამიტომაც ბოლო წლებში ერთგვარი გამოთავისუფლებული ნიშა რჩებოდა ეკოს მეორე პერსონის გასააქტიურებლად, შემოქმედებაში ხომ მსგავსი სიცარიელე დიდხანს ვერ იარსებებს.
„ჩემთვის ბიოგრაფია იწყება გეოგრაფიით - ანუ სად ხარ და რას აკეთებ.“
- ამბობს ერეკლე ახალ ალბომზე მსჯელობისას და, რა თქმა უნდა, მართალია. დღემდე მიკვირს, როგორ ახერხებს უამრავი ადგილობრივი მუსიკოსი საკუთარი გარემოს სრულიად უგულვებელყოფას და მუსიკალური თუ ტექსტობრივი აბსტრაქციით ადგილის დამკვიდრებას. ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად ქართულ ალტერნატიულ მუსიკას ეხება, თუმცა გარკვეულწილად ქართული ჰიპ-ჰოპის პრობლემასაც ხაზს უსვამს. სწორედ ჰიპ-ჰოპი და მისი თანამედროვე მუსიკალური ფორმაა ერეკლეს ახალი ალბომის რჩეული იარაღიც, რაშიც Jeronimo და Kay G დაეხმარნენ, მისი ჩაწერა კი სტუდია Insound-ში, რომეო პაიჭაძის მიერ მოხდა. ალბომის ვიზუალურ გაფორმებაზე მაქსიმე მაჩაიძემ და გიორგი გრძელიშვილმა იმუშავეს.
ალბომი “დიდი ქართველით“ იხსნება - ეს სიმღერაა პატარა, თუმცა ბრძოლისუნარიან ერზე, რომელსაც უფრო გაზრდა და დიდად ყოფნა გადაარჩენს. ალბომის დასაწყისშივე ხდება პრობლემის იდენტიფიცირება, ავტორი საკუთარ თავს უსვამს კითხვებს, რომლებზეც პასუხებმა მისი შემდეგი მოქმედების ტრაექტორია უნდა განაგონ. ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელსაც ბევრნაირი ბრძოლის ველი უნახავს, ავტორი პოლიციელებით გარშემორტყმულ სივრცეში იმყოფება, აქვეა რეზინის ტყვიები, რომლებიც ყვავილებივით „ამშვენებს“ ადამიანთა სხეულებს და ისმის კითხვაც: არის ეს ის ბრძოლა, რომელშიც ღირს ბოლომდე შესვლა და საკუთარი თავის გადადება? იქნებ, ჯობია ენერგია სხვა, მომავალში უფრო მნიშვნელოვანი მომენტებისთვის გადადოს და ამ ეტაპზე მხოლოდ მის კეტებს ენდოს? და, რა თქმა უნდა, ღმერთს, რომელიც ამ და შემდეგ ომშიც ჩაგრულთა ამალებს დალოცავს.
შემდეგი სიმღერა „უბანს“ ქართული რეალობისთვის უმნიშვნელოვანეს სოციალურ ქსოვილზე, „უბნურ კულტურაზე“ აკეთებს აქცენტს. უბნურ დაყოფას საქართველოში ხშირად ბევრი უარყოფითი მოვლენა მოჰყოლია, ხშირად ეს ადამიანებს შორის გაუთვალისწინებელი დაპირისპირების კერაც და მიზეზიც კი ყოფილა - ამ დროს კი შესაძლებეალია ყველამ ამ ერთიანი ქსოვილის ნაწილად ვიგრძნოთ თავი, ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უსაუბრიათ და „სხვადასხვა უბანს“ წარმოადგენენ, ჯობია საერთო საფუძველზე გაერთიანდნენ და ეს სიმღერაც სწორედ უბნებს შორის დიალოგისა და კომუნიკაციის მცდელობაა - ერთი რამ კი უნდა დავიმახსოვროთ რომ „ცალ-ცალკე დგომა ყველას ღუპავს“.
„სიზმრები არ არიან“, ალბათ, ალბომში ერთ-ერთი ყველაზე მელოდიური კომპოზიციაა - მიუხედავად სათაურისა, ავტორი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი იმ ცვლილებებისადმი, რომელიც ალბომის ძირითად ხაზს გაჰყვება და ამისთვის უსაფრთხოების დამცველების საკუთარ ფლანგზე გადმოყვანასაც არ ერიდება.
„Love Song“ - ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის 3 უნიკალურ ხმას აერთიანებს, ერეკლეს გარდა კომპოზიციას ზურა ჯიშკარიანის (Dilla) და გიორგი ქებურიას (Kay G)-ის რეჩიტიტავები ავსებს. სამივე ვერსია გამორჩეული ფლოუთი და მიწოდების სტილით ხასიათდება, ალბომის სხვა კომპოზიციებისგან განსხვავებით, სათაურიდან გამომდინარე შეიძლება ეს სიმღერა თქვენთვისაც ამოვარდნილად ჟღერდეს საერთო სულისკვეთებისგან, თუმცა ტექსტზე კარგად დაკვირვების დროს საინტერესო პასაჟებს აღმოჩენთ - მათ შორის ზურა ჯიშკარიანის ვერსიაში ფრაზა „სოხუმელი მუტანტი ვარ, პროდუქტი თბილისის“ - რომელის გადმოტანაც ერეკლესთანაც შეიძლება - ისიც ხომ ქუთაისელი მუტანტია, თბილისის პროდუქტად ქცეული. ამ ორ ქალაქს შორის შედარებისას ავტორი აღნიშნავს რომ ქუთაისი „პრინციპული მოწყენილობის“ ქალაქია, თავისი ხასიათი, კულტურული კოდი და სუნიც კი უნიკალური აქვს, რაც თავის მხრივ თბილისს უკვე აღარ ახასიათებს, ვინაიდან გეზი მეგაპოლისად ქცევისკენ აქვს აღებული.
„ცეცხლი უკიდია ყველაფერს“ - ალბომის გამოსვლამდე დადებული პირველი სინგლია, რომლის სათქმელსაც მუსიკალური ვიდეო ვიზუალურად ბრუტალურ და შოკისმომგვრელ მესიჯად შლის.
აქ ალბომის გზავნილი ყველაზე პირდაპირი და აშკარაა - „შიმშილზე გაკრულები ვართ, როგორც ღმერთი ჯვარზე“ - ეს პასაჟი კი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიემართება, რომელნიც როგორც ქრისტე, სრულიად უდანაშაულონი ატარებენ ამ ტვირთს გოლგოთის გზაზე. მედია და საჯარო სივრცე ამ ხალხს სრულიად სხვა რეალობას სთავაზობენ, სადაც სრულიად სხვა საკითხები დგას დღისწესრიგში,რომელთაც მათ რეალურ ყოფასთან და პრობლემებთან არაფერი აკავშირებთ, შესაბამისად იქმნება მოდელირებული სამყარო, სადაც ისევ „ვალზე გაკრულ კაცი“ ლუზერობის და უუნარობის სახელით, საკუთარი სოციალური სტატუსის შემოქმედად სახელდება, ყველას კი ავიწყდება რომ ეკონომიკური გარანტიების გარეშე, თავისუფლების იდეა აუცილებლად სიღარიბეში მოკვდება.
ამ ტექსტმა თავისთავად გამახსენა ჩემთვის საყვარელი მუსიკოსის, Gil Scott Heron-ის 1970 წლის მანიფესტური ტექსტი, რომელიც იმ პერიოდის შტატებში, აფროამერიკელთა პრობლემების გამოძახილი იყო.
„He is fighting for legalized smoke or lower voting age
Less lip from his generation gap and fucking in the street
Where is my parallel to that?
All I want is a good home and a wife
And her children and some food to feed them every night“
როგორც ჩანს გარკვეული პროცესები სამყაროში დროისა და სივრცის მიღმა მუდმივად მეორდება.
„კაპიტალი“ ალბომიდან ჩემი პირადი ფავორიტია, დრაივით სავსე ინსტრუმენტალზე ავტორი სათქმელს უფრო შლის და კონკრეტული ადრესატების მიმართ ისვრის პოეზიის ისრებს. კაპიტალის სატელიტები, რომლებიც ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებენ, ერთმანეთთან სოლიდარობის ნაცვლად, ისეთ კონკურენციას გვთავაზობს, სადაც წაგებული ბოლომდე ნადგურდება - ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც სასტარტო პირობები სრულიად არასამართლიანი იყო, შესაბამისად მთლიანად ეს შეჯიბრი და რბოლაც უთანასწორო და უსამართლო გამოდის.
„ამ ენით ამენ“-ში კიდევ უფრო იკვეთება ადრესატთა წრე - ეს ის ხალხია, ვისთან ავტორს საკმაოდ ხშირი გადაკვეთა ჰგონია, თუმცა დღეს ისინი უკვე სხვადასხვა პოზიციებზე დგანან, ვინაიდან ეს კომუნა ქვეყნის მთავარ პრობლემენთან მიმართებაში ჩაჩუმებულია „თქვი, რატომ აღარ იღებ ხმას? იქნებ გეშინია?!“ საინტერესოა, ვისი და რისი უნდა ეშინოდეს თავისუფლების იდეას ამოფარებულ თაობას? საინტერესოა რამდენად შესამჩნევია მათთვის კორპუსიდან დაშვებული ახალგაზრდები? საინტერესოა რომელ მხარეს ირჩევენ ისინი სოციალურ სამართალში? კითხვები დაისვა და უკვე პასუხების დროა.
„სეირნობის დროა“ ალბომიდან მუსიკალურად სრულიად გამორჩეული კომპოზიციაა, მშვიდ, ბიტის გარეშე მოლივლივე ინსტრუმენტალზე ერეკლე თბილისის მნიშვნელოვან პრობლემაზე აქცენტირებს, რომელიც ცხოვრების დინებასთან ერთად ხშირად გვავიწყდება - ქალაქი, რომელიც ჩვენი საერთო სოციალური სივრცე უნდა იყოს, უკვე ვიღაცის პირადი საბადო გამხდარა და მის აქტივებს, რომელიც საერთო უნდა იყოს, სათამაშოსავით ეპყრობა. შედეგად ქალაქი კარგავს იდენტობას და უბრალოდ დასახლებულ პუნქტად იქცევა, რომელსაც შემაკავშირებელი აღარაფერი გააჩნია.
ალბომის ბოლო სიმღერას „ინდუსტრიის ქარო“ უკვე ქუთაისში გადმოვყავართ, ქალაქი რომელიც ეკოს ძირითადი შემოქმედების წყაროა, სადაც ამ ალბომისთვის ყველა ტექსტი დაიწერა - ქალაქი, საიდანაც ჯერ გაქცევას ელოდა, შემდეგ კი უძღები შვილისავით დაუბრუნდა და დააფასა მისი კალთა. პირველი კითხვებიც, რომელიც თუნდაც ამ ალბომში ჟღერს, პირველად ქუთაისში ყოფნისას, დიდი ხნის წინ დაისვა და დღემდე აქტუალურია. ტრეკში ჯერონიმოს სათქმელიც ბასრად ისმის. ეს ერთგვარი მიძღვნაა საკუთარი უბნისადმი, „ზასტავა“ რომელიც ორივე არტისტისთვის მშობლიურია.
ერეკლე დეისაძე ამ ალბომით, ვფიქრობ. თავისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპში შევიდა, გადაილახა 18 წლის პანკობის, 20-იანი წლების თვითგამორკვევის და სხვა ეტაპები და დღეს უკვე დაღვინებულად უბრუნებს მიკროფონს ხალხის სათქმელს - ხალხის, რომელსაც შეიძლება ბევრი პრობლემები ჰქონდეს, ბევრი მანკიერი მხარე ახასიათებდეს თუმცა სანამ დღევანდელი ეკონომიკური და სოციალური უფსკრული იარსებებს, სანამ საჯარო სივრცე დამატებით მატრიცას შექმნის და მათ პრობელემებს სრულ იგნორს გაუკეთებს, ფაქტია რომ „თავისუფლება ყოველთვის მოკვდება სიღარიბეში“. შეიძლება თქვენ განსხვავებულ მსოფლმხედველობით პლატფორმაზე იდგეთ, არ ეთანხმებოდეთ სათქმელის გამოხატვის ფორმას თუმცა შეუძლებელია იმ ჭეშმარიტების და რეალობის უარყოფა, რაც ამ ენით ითქვა. სოციალურ ხელოვნების შესაძლებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ პრობლემის დიაგნოზის დასმაში მდგომარეობს, მას ამ ეტაპზე მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვს (ისევ სოციალური სიდუღჭირის გამო). დიაგნოზი დასმულია, მკურნალობა კი დროთა განმავლობაში უკეთესია სხვა კომპეტენციის ადამიანებმა აიღონ საკუთარ თავზე.
ავტორი: ჯაბა შავიშვილი