თებერვალი 04, 2022
2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 2,486 ელექტრომობილია რეგისტრირებული. ერთი შეხედვით, ციფრი დაბალია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინა წელთან შედარებით, ელექტრომობილების რაოდენობა 55%-ით გაიზარდა. ასეთ ზრდას ელექტრომობილების დადებითი მხარეების გარდა, ქვეყანაში შემუშავებული მასტიმულირებელი ღონისძიებებიც უწყობს ხელს:
- ელექტრომილები თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადისგან. გადასახადის ოდენობა ცვლადია და ავტომობილის ისეთ პარამეტრებზეა დამოკიდებული, როგორიცაა გამოშვები წელი, ძრავის მოცულობა და ა.შ. იმის სანახავად, რამდენს ზოგავთ ელექტრომობილის იმპორტით, შეგიძლიათ გადახვიდეთ აქ;
- ელექტრომობილის მფლობელები არ იხდიან პარკინგის საფასურს, რომელიც საშვის ვადის მიხედვით, წელიწადში 4-დან 50 ლარამდე მერყეობს;
- ელექტრომობილის მართვის შემთხვევაში, ტაქსის ლიცენზია უფასოა. ლიცენზიის ფასი წელიწადში 100 ლარია;
- მოთხოვნის საფუძველზე, მერია სრულიად უფასოდ ამონტაჟებს დამმუხტველს, მფლობელის სახლთან.
საჭირო ინფრასტრუქტურის კუთხითაც, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. ქვეყნის მასშტაბით 110-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული, მათ შორის, 7 სწრაფია, რომელიც, ძირითადად, დასავლეთისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზეა განთავსებული. სტანდარტული დამტენით ავტომობილის დამუხტვას 1-4 საათამდე სჭირდება, სწრაფით კი 20-დან 40-წუთამდე.
ელექტრომობილები ნელ-ნელა იპყრობს საავტომობილო ბაზარს. წამყვანი ავტომწარმოებლები უკვე აანონსებენ ელექტრომობილების წარმოებაზე სრულად გადასვლის გეგმებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ელექტრომობილებმა დროთა განმავლობაში შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები ჩაანაცვლოს, თუმცა მანამდე რამდენიმე ბარიერი არსებობს.
პირველ რიგში - ინფრასტრუქტურა. დღესდღეობით, მსოფლიოს ყველა ქვეყანის ინფრასტრუქტურა მორგებულია შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე. გასამართი სადგურები, ტექნიკური დახმარება და სპეციალისტები, ავტოფარეხები - ყველაფერი ეს დაგეგმილი, განხორციელებული და ძრავიან ავტომობილებზე მიმართულია, ელექტრომობილებს კი საკუთარი ინფრასტრუქტურა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უკვე არსებობს მოდელები, რომლებიც ერთი დამუხტვით საშუალო დისტანციას გაგატარებთ (მაგალითად, თბილისიდან ბათუმამდე), შედარებით ხელმსაწვდომი მოდელები ერთი სრული დამუხტვით მხოლოდ 200-250 კილომეტრს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ გზაზე მათი დამუხტვა აუცილებლად მოგიწევთ.
დამუხტვის დრო კი კიდევ ერთი ბარიერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლებელია ელექტრომობილის სწრაფად დატენა, თუმცა ეს დრო მაინც ბევრად აღემატება საწვავის ჩასხმის დროს.
გასათვალისწინებელია ასევე, არჩევანის სიმწირეც. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებზე ბევრი ავტომწარმოებელი საუბრობს, დღესდღეობით არჩევანი არც თუ ისე დიდია. შიდა წვის ძრავიან ავტომობილს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში, ნებისმიერი პარამეტრებით და ვიზუალური მახასიათებლებით ნახავთ, ელექტრომობილის შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ეს ასე არ არის. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თითქმის ყველა წამყვანი ბრენდი ელექტრომობილების ხაზს ავითარებს.
და მაინც, რითია მომხიბვლელი ელექტრომობილი? ელექტრომანქანების ეკონომიურობის შესახებ უკვე ბევრმა იცის, თუმცა, მას ბევრი სხვა უპირატესობაც გააჩნია:
ელექტრომობილი მხოლოდ გარეგნულად თუ წააგავს ავტომობილს. მისი მუშაობის პრინციპი სრულიად განსხვავებულია. მას არ აქვს შიდა წვის ძრავა, შესაბამისად, არ სჭირდება საწვავი, ძრავის ზეთი, ფილტრები, სამუხრუჭე სითხე და ბევრი ისეთი კომპონენტი, რაც შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილისთვის აუცილებელია. ეს ყველაფერი კი ელექტრომობილის შენახვა-ექსპლუატაციას მეტად ეკონომიურს ხდის.
ელექტრომობილი არ ხმაურობს, იგი სრულიად ჩუმია, რაც მგზავრობის ხარისხს აუმჯობესებს. თუმცა, მათთვის, ვისაც ძრავის ხმა მოსწონს და მის გარეშე მგზავრობა ვერ წარმოუდგენია, ბევრ მოდელში შეუძლია აღმოაჩინოს „ძრავის ხმის“ ჩართვის ღილაკი.
ელექტრომობილის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი ენერგოეფქტურობაა - არ გააჩნია გამონაბოლქვი, არ აბინძურებს გარემოს, რაც მას ქალაქისთვის იდეალურს ხდის. დღესდღეობით, ყველა ქვეყნის წინაშე ემისიების შემცირების გამოწვევა დგას. რა თქმა უნდა, მხოლოდ ელექტრომობილების გამოყენებით ეს საკითხი არ მოგვარდება, თუმცა მათი არჩევით ადამიანის გარემოზე ნეგატიური გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდება.
დაბოლოს, ორიოდე სიტყვა ელექტრომობილების ეკონომიურობაზე. განვიხილოთ ყველაზე თვალსაჩინო - საწვავის ხარჯი. ელექტრომობილის სრულად დამუხტვა 4 ლარად არის შესაძლებელი. სრული დამუხტვით ბაზარზე არსებული ელექტრომობილი დაახლოებით 250 კმ-ს გაგატარებთ. თუკი ამ მონაცემებს იგივე საფასო კატეგორიის შიდა წვის ძრავიან ავტომობილს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მას 100 კილომეტრზე საშუალოდ 7-9 ლიტრამდე საწვავი ესაჭიროება, რაც დღევანდელი ფასების გათვალისწინებით 21-27 ლარამდე ხარჯს უტოლდება.
ყველა ბარიერის მიუხედავად, უდავოა, რომ ჩვენ ავტომობილების ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ. ელექტრომობილების ინფრასტრუქტურა, ღირებულება და დატენის სიჩქარე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაუმჯობესდა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში ელექტრომობილის მართვა ბევრისთვის უკვე ნორმად იქცევა.
*ბლოგი მომზადებულია მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) მხარდაჭერით. GEFF-ის დაფინანსებით, შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრომობილი, როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ასევე განაახლოთ კომპანიის ავტოპარკი. დაათვალიერეთ GEFF-ის დაფინანსებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილები.