მუსიკა | ცა

თავშეკავებაზე გამავალი თავისუფლების იდეა Eko & Vinda Folio-ს ახალ ალბომში

23 ნოემბერს ახალი ალბომი - "თავშეკავება" დარელიზდა.

ნოემბერი 23, 2023

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულ მუსიკალურ სცენაზე კონცეპტუალური ალბომების რაოდენობამ იმატა, ის რაც დასავლურმა მუსიკალურმა ინდუსტრიამ გასული საუკუნიის 60-70-იან წლებში გამოწრთო, ჩვენ გამოვტოვეთ და აი ამ დროს, დეკადების შემდეგ ვცდილობთ ამ ტრადიციის გახსენებასა და გაგრძელებას.

ალბომის ამ ფორმის ზუსტი ფორმულირება გაჭირდება, თუმცა ერთი ცხადია, იგი ბევრად მეტია, ვიდრე მასში შემავალი ცალკე აღებული სინგლების კრებული.

ატარებს საერთო ნარატივს და ისტორიას, რომლის გადმოცემასაც მუსიკოსები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. ამ ხაზის გაგრძელებაა ქართული პოსტ-პანკ დუეტის,

Eko & Vinda Folio-ს რიგით მეორე ალბომი „თავშეკავება“, რომელიც 23 ნოემბერს, ქართულ ლეიბლზე Bloom Music გამოვიდა. ალბომის მუსიკალური პროდიუსერი თორნიკე გველესიანია.

აღნიშნულმა დუეტმა, საკუთარი მუსიკალური ფორმა ჯერ კიდევ 2012 წელს იპოვა, როდესაც „სისტემა უნდა დაინგრეს“ საკუთარი ვერსიით ჩაწერეს, ამას მალევე მოჰყვა „აგურით ხელში“ და შედეგად ქართული პოსტ-პანკის ჩრდილიდან დაბრუნება. თავად ეს სტილი, ბევრი ვარირების და მუსიკალური ჩარევის საშუალებას ნაკლებად იძლევა, ცოტა მონოლითრიც კია მისი სტრუქტურა და ინსტრუმენტაციის ბალანსი. შესაბამისად, სადაც მუსიკოსებს საკუთარი ხელწერის დაფიქსირება ნათლად შეუძლიათ, ეს სიმღერების ლირიული მხარეა. ამ მიმართულებით კი Eko & Vinda Folio წლების განმავლობაში გამორჩეულები იყვნენ.

რა თქმა უნდა, ქართული ენის და პოსტ-პანკის ახალი პოეტური გადაჯაჭვულობა არც ლოკალურად და არც გლობალურად დარჩა შეუმჩნეველი. 2016 წელს მათი ჩანაწერები, ბენდ Motorama-ს ფრონტმენის გავლით ფრანგული ლეიბლის, Talitres-ის ხელში ხვდება - ეს Destroyer-ის, The National-ის, Emily Jane White-ის სახლია, რომელმაც მალევე ქართული პროექტის პირველი ორტრეკიანი სინგლი, „შენ ანათებ“ გამოუშვა.

ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო ახალ ქართულ მუსიკაში, როდესაც აკუსტიკური მუსიკის ჩანაწერი ფირფიტაზე გამოიცა. თუმცა ისტორია აქ არ შეჩერებულა და 2019 წელს, დუეტის პირველი სრული ალბომი, „თერაპია“ ისევ ბორდოში დაფუძნებულ ლეიბლის ქვეშ გამოვიდა. ერეკლე დეისაძის და თემო ეზუგბაიას შემოქმედებაში ყოველთვის იყო ეს ზღვარი, სადაც პირადი შემოქმედება უფრო აქტიურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, დუეტის ფარგლებში კი რომანტიკურ საბურველში ეძებდნენ თავშესაფარს. სწორედ ასეთი ალბომია თერაპიაც - დინამიური და სასიყვარულო, სადაც ორივე შემოქმედის ვოკალური პარტიები ჩანაწერის საერთო მუსიკალურ ფონს ქმნის. ალბომი წარმატებული გამოდგა, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ, მოჰყვა რა ტური საფრანგეთში და დაემთხვა პოსტ-პანკის სტილის საყოველთაო დაბრუნების დალღას, მეხიკოდან, თბილისამდე.

ამის შემდეგ კი იყო 4 წლიანი დუმილი და სიჩუმე, რომელიც ახალი ალბომის, „თავშეკავება“-ს ანონსით გაიფანტა. ეს ინტროსპექციული ჩანაწერია, რომელსაც წინა ალბომთან მუსიკალური სტრუქტურა და სტილი თუ აკავშირებს, ხასიათის მხრივ კი ბევრად მძიმე და პირქუშია.

და მაინც, რატომ თავშეკავება? რას ნიშნავს ეს ქართულ კონტექსტში და რაში გამოიხატება მისი ძირითადი იდეა? მუსიკოსებთან გასაუბრების შემდეგ, გამოიხატა ის შინაგანი რეფლექსიის კონტურები და დასკვნები, რომლითაც მათ ალბომის იდეური მხარე გამოჭედეს. ეს ერთგვარად თანამედროვე სამყაროს მიერ შემოთავაზებულ „თავისუფლების“ იდეის უარყოფა და მის წინააღმდე, თავშეკავებით მოპოვებულ და შინაგანი ბრძოლებით მიღწეული თავისუფლების დროშის წამოწევაა.

ეს დუეტი, თავისი კონტროვერსიებით ყოველთვის გამოირჩეოდა, შესაბამისად არაერთგვაროვანი იყო მათ მიმართ დამოკიდებულებაც. ერთი კი ცხადია, პიროვნული ზრდა და ამ პროცესის შედეგად მიღებული განახლებული სააზროვნო ველის შემოქმედებაში გადმოტანა ყოველთვის მათი თანმდევი პროცესი იყო.

„თავშეკავებაც“ ამ პერსონალური გამოცდილებების, დაკვირვებების და შინაგანი აქტების სიმბოლური გამოხატულებაა.

და მაინც როგორია ეს თავშეკავება? ტერმინს, რომელიც აქამდე ხშირად რელიგიურ კონოტაცია ჰქონდა, თუმცა მუსიკოსები მას თავის განმარტებას და აღქმას ამატებენ.


სამყაროს ტრიალს შემყურენი, იშვიათად თუ გამოვნახათვ დროს საკუთარ ცხოვრებაზე დასაკვირვებლად. ჩვენი ყოველდღიურ მოქმედებებში უფრო მეტად ჩანს ავტომატურობა, ვიდრე განსჯით მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირად აზროვნებას რომ ვუწოდებთ. თუმცა აზროვნება არც ისე მარტივი ფენომენია და მისი გამოვლენაბაც არც ისე ხშირია, როგორც ეს გვეჩვენება ხოლმე. იგი პირველ რიგში ამ ტრიალის შეჩერებას მოითხოვს, შემდეგ კი იმის გარკვევას თუ რა დაგვემართა სინამდვილეში, რა იყო ჩვენი გამოცდილება და რა ძალა მოქმედებდა ჩვენში ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამის გამორკვევასთან ერთად ნათელი გახდება, რომ ის რასაც ხშირად „ჩვენად“ ვასაღებთ, ჩვენში, შინაგანად მოქმედი სტრუქტურები, კანონები ან კიდევ გარედან შემოსული, დალექილი ინფორმაციაა, რომელიც წლებთან ერთად, ქცევით ფორმებად ჩამოყალიბდა ხოლმე.

სწორედ ამ მოქმედი სტრუქტურებისკან თავშეკავებაზე და მისგან განთავისუფლებაზეა ეს ალბომიც, რომლის გამოცალკავებით და გააზრებით კარი გვეხსნება რომ რეალურ თავისუფლებას მივაღწიოთ. ეს პროცესი რელიგიური ტექსტებიდან ალბათ პავლეს რომაელთა ეპისტოლეშია ყველაზე კარგად მოცემული (7:17-19)

"

17 ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში

18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში

19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს.

თუმცა გვერდით გადავდოთ ფილოსოფიურ-რელიგიური ეგზისტენციალური საკითხი და დავუბრუნდეთ მუსიკალურ ფორმებს.


„დრო აღებს კარებს“ - მუსიკალურად პირველ ალბომთან ყველაზე ახლოს დგას, მელოდიური გიტარის დინამიური რიფები და ფონური სინთეზური ბგერები. ავტორი გრძნობაზე გვიყვება, რომელიც მისთვის მოუხელთებელი გამოდგა.

"

მინდა, უკეთ რომ გავიგო, რა გვსურს ჩვენ

ამ დროს შენ შინაარსებს იცვლი

„სამალავი“ - ალბომში ჩემი პირადი ფავორიტია, პოსტ-პანკისგან სრულიად განსხვავებული რიტმული სექციით, სიმშვიდით და პოზიტიური მესიჯით.


“მომაქვს უცებ ნაპოვნი სიკეთე” მატრასავით მეორდება და მალევე იმუხტები სრულიად ახალი მოცოცხლებელი ენერგიით.


„ქარიანებს“ ალბომის პირველი სინგლია - დრაივი და დინამიკა აქ ბევრად დამძიმებულია, ვოკალზე მცირე რევერბი კი ექოსავით სჭექს.


„ეძებე, რა გაიარებს, მდინარე წრეზე არ ტრიალებს“ - აქ ალბომის ძირითადი სათქმელი ალბათ პირველად ჩანს ასე მკაფიოდ. წრეზე ბრუნვა, ადამიანური ჯოჯოხეთის სინონიმი, როგორც მამარაშვილს აქვს ნათქვამი


„მუდმივად რომ ვღეჭავდეთ ლუკმას და ეს აღარ მთავრდებოდეს. და ეს არის სიკვდილი, რომელსაც არა აქვს დასასრული. ეს ყველაფერი უხეიროდ მეორდება.“ - სწორედ ამ განმეორებების ციკლიდან გამოსვლის დრო მაშინ დგება, როცა იმის გამოკვლევას იწყებ, თუ რა იწვევს შენს შინაგან იარებს.


„თავშეკავება“ კლასიკური პოსტ-პანკის ელემენტებითაა გაჯერებული, გიტარისა და ბასის მრავალშრიან გუგუნს, ეკოს მომნუსხველი თხრობა ემატება.

"

თავშეკავება - შენი მეგობარი,

სხეულის ტყვეობას - შენი უარი

„ვარსკვლავს ნაადრევს“ წინა სიმღერების დანთებულ ცეცხლს შედარებით ანელებს და უფრო მგრძნობიარე ელემენტებში შლის.


„გეძებდი ღამე. ამ დროს, შენ დილა ხარ“ - შეიძლება ალეგორიაა თავისუფლებაზე, რომელსაც ხშირად ღამით ვეძებთ, როცა ის სულ სხვა დროსა და კონტექსტში არსებობს.


„ქვემოდან ზემოთ“ - მონოტონური რიტმული სექციით და ფონური ჰაეროვანი პადით იწყება და შუაში ჟანრისთვის არადამახასიათებელი ზარების ხმები ისმის, ტექსტიც უფრო აბტრაქციისკენ, ვიდრე რაიმე კონკრეტულის გამოხატვისკენ მიიწევს.


„სიცხადე ჰგავს კომეტის ნატეხებს“ - ისევ კლასიკური პოსტ-პანკი, ოდნავ უფრო აგრესიული ტონითა და შტრიხებით და ირიბად ჩატანილი ღრმა მესიჯებით.

"

ვაელვებთ აღმართულ გრძნობების ჩირაღდნებს.

ვეძახით სხეულში უხილავ ბინადრებს.

„არევადია“ ამ ალბომში კიდევ ერთი პერსონალური ფავორიტია, შორიდან მოსული გიტარის პარტიები, რომელიც შუაში უფრო კომპლექსური ხდება, რასაც ეკოს ვოკალის ნაწილი ჩამთრევს ხდის.

"

ასხივებს, თუ კი მე მისმენს,

ფეხზე დგება და სინათლეს მისდევს.

„უმისამართო ღელვა“-ში ის მომწონს, რომ სინთეზატორის ხმები უფრო მკვეთრად ისმის, რაც ვფიქრობ დუეტმა სამომავლოდ უფრო ეფექტურადაც უნდა გამოიყენოს. შედეგად ხმოვანება მდიდრდება და ალბომიც შედარებით კომფორტული მოსასმენი ხდება.


"

ამ წამიდან ფიქრი კვეთავს სივრცეს,

სურს, რომ მისწვდეს იმ ცებს,

მარადისობის ნაპრალიდან.

ალბომის დასკვნითი სიმღერა „წითელი დროშა“ მესამე პერსონალური ფავორიტია და ველოდები მისი ცოცხალი შესრულების ფორმატში მოსმენას. აქ ორივეს ვოკალი ერთმანეთს კვეთს, ტექსტი კიდე როგორც პირადი, ისე სოციო-პოლიტიკური რაკურსიდან შეგვიძლია გავიგოთ. ფაქტი ისაა, რომ მესიჯი მამოტივირებელ ფუნქციასაც ასრულებს.


"

საგნები იძენს ნამდვილ სახელებს,

როცა სიტყვები შინაარსებს აგნებს.

ეს ნაპერწკლები ხანძარს აღვივებს

შედეგი მოაქვს მცირე ძალისხმევებს.

„თავშეკავება“ ზრდასრული ადამიანების ალბომია, როგორც ავტორების მხრიდან, ისე შესაბამის მსმენელსაც ეძებს, რომლებიც ტექსტებში მათთვის ირიბად დატოვებული შეტყობინებების გაგებას, გაანალიზებას და ცხოვრებაში გატარებას შეძლებენ.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტო: ვაკო ტაბატაძე