ედუფინი

როგორ გავანაწილოთ თანხა სადღესასწაულო საჩუქრებისთვის

დეკემბერი 16, 2022

ახლოვდება წელიწადის ყველაზე ამაღელვებელი დღესასწაულები - შობა და ახალი წელი. ყველას გვსურს, რომ ჩვენი მეგობრები თუ ოჯახის წევრები გამორჩეული და დასამახსოვრებელი საჩუქრით გავახაროთ. უდავოა, რომ ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენა უაღრესად სასიამოვნო პროცესია. მაგრამ, აბა გაიხსენე, მაღაზიიდან დაბრუნებულს ან ონლაინ შოპინგის შემდეგ რამდენჯერ აღმოგიჩენია, რომ თანხა სულ დაგეხარჯა და მთავარი ჯერ კიდევ არ შეგიძენია? 

ამ ბლოგის პრაქტიკული რჩევები დაგეხმარება სადღესასწაულო საჩუქრების შეძენისას თანხის დაზოგვასა და განაწილებაში.  

განსაზღვრე ბიუჯეტი 


არც თუ ისე მარტივია წინასწარ განსაზღვრო რა თანხა დაგჭირდება საახალწლო-საშობაო საჩუქრების შესაძენად. ბიუჯეტის განსაზღვრა, გარკვეულწილად, ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა. თუმცა წინასწარი ბიუჯეტირება და თანხის განაწილება მოგცემს შესაძლებლობას დაინახო რა ფინანსური შესაძლებლობები გაქვს და ამასთანავე, დაზოგავ დროს და ენერგიას ფუჭი გადაწყვეტილებებისგან. 

შეადგინე სია 


მაღაზიაში დიდი ცდუნებაა იმისა, რომ დავიბნეთ არასწორი ფერის, ზომის, ზედმეტი ან სრულიად სხვა ნივთი ვიყიდოთ; შესაძლოა საერთოდ გამოგვრჩეს ის რის შეძენასაც ვგეგმავდით. ამიტომ ყოველთვის სასარგებლოა სურვილების და საჩუქრების სია შევადგინოთ და ეს სია უკვე განსაზღვრულ ბიუჯეტს მივუსადაგოთ.  

შეიძინე წინასწარ 


შეიძლება გაიფიქრო - ვინ ყიდულობს საჩუქრებს წინასწარ?! თუმცა, დღესასწაულამდე საჩუქრების წინასწარ შეძენას რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში აქ აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეძენის დროს არ ვჩქარობთ და გვაქვს დრო დასაფიქრებლად - სწორია თუ არა ჩვენი არჩევანი. ამასთანავე, შეგვიძლია ფასები სხვადასხვა მაღაზიას შევადაროთ. თუ აღმოვაჩენთ, რომ შევცდით დავაბრუნოთ ან გადავცვალოთ შენაძენი.  


ხომ გახსოვს რა სტრესულია, როდესაც ონლაინ ვიწერთ ნივთს და სულ იმაზე გვეფიქრება დროულად ჩამოვა თუ არა? ასეთ შემთხვევაში წინასწარ შეძენა საუკეთესო გამოსავალია. 

გამოიყენე ფასდაკლების და ქეშბექის შეთავაზებები 


თუ საჩუქრად ძვირადღირებული ნივთი შეარჩიე, ასეთ დროს ფასდაკლება ნამდვილი ზეიმია. მაღაზიები სხვადასხვა მოვლენასთან თუ თარიღთან დაკავშირებულ ფასდაკლებას გვთავაზობენ. ჰოდა ყურადღებით იყავი, რადგან ზოგიერთი ფასდაკლება მხოლოდ 24 საათი გრძელდება. 


ხშირად, ჩვენი ბანკი სხვადასხვა შეთავაზებებით გვახარებს. მათ შორისაა ქეშბექიც. ქეშბექის გამოყენებით სასურველ საჩუქარს უფრო ხელსაყრელ ფასად იყიდი ან დაბრუნებულ თანხას სხვა ნივთის შესაძენად დახარჯავ. 

ბლოგში ჩამოთვლილი რეკომენდაციებიდან, ალბათ რამდენიმე შენთვის ნაცნობია. გახსოვდეს, რომ მათი ერთობლივად გამოყენება უფრო დიდ ფინანსურ სარგებელს მოგიტანს. ამასთანავე, გაიმარტივებ ყოველდღიურობას და მეტი თავისუფალი დრო დაგრჩება რათა შენს სხვა სურვილებს უერთგულო.