განათლება თაობა სიახლეები

Easy Care — შინაურ ცხოველებზე ზრუნვის აპლიკაცია

აგვისტო 08, 2024

Easy Care — აპლიკაცია, რომელიც შინაურ ცხოველებზე ზრუნვაში გვეხმარება

შინაური ცხოველების ყოლა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა — ერთია მათგან მიღებული სითბო თუ სიყვარული და მეორეა ჩვენ მიერ გაცემული ყურადღება. დღევანდელ დატვირთულ რეჟიმში კი ადამიანებს უჭირთ ბალანსის სათანადოდ დაცვა პირად საქმეებსა და საყვარელ მეგობრებზე ზრუნვას შორის. თუმცა, ტექნოლოგიური განვითარება ამ მიმართულებითაც გვეხმარება, რაშიც გვარწმუნებს Technovation Girls Sakartvelo-ს წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდიც, სახელწოდებით Easy Care. 

ლიკა დეკანაძემ, ნია აბაშიძემ, ენდი აივაზიანმა, ელენა კაზარიანმა და ნინო თებიძემ შექმნეს შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელშიც შესაბამისი საკვები თავსდება. ის დაკავშირებულია მობილურ აპლიკაციასთან და მომხმარებლებს დისტანციურად შეუძლიათ სახლში დარჩენილი ცხოველების გამოკვება.

„მთლიანობაში, მუშაობის პროცესი ძალიან შემოქმედებითი იყო. რა თქმა უნდა, დიდ შრომას მოითხოვდა და დამღლელიც აღმოჩნდა, მაგრამ შედეგზე ფიქრი გვაძლევდა მოტივაციას, რომ საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. პროექტმა კი საშუალება მოგვცა, იდეას ბევრად მასშტაბურად მივდგომოდით“.

როგორ მუშაობს Easy Care?

„პატრონი აპლიკაციაში უთითებს, რა რაოდენობის საკვები უნდა ჩაიყაროს ჯამში და მიეწოდოს ცხოველს. აპლიკაციის შესაქმნელად App Inventor გამოვიყენეთ. შემდეგ კი, მენტორის დახმარებით, ბლუთუზით დავაკავშირეთ შესაბამის მოწყობილობასთან. ამ ეტაპზე მორიგ განახლებაზე ვმუშაობთ, რათა აპლიკაციასა და მოწყობილობას შორის კავშირი ინტერნეტის მეშვეობით დამყარდეს“

შინაური ცხოველების სიყვარულით შთაგონებული იდეა

როდესაც გოგონებმა პროექტის შესახებ გაიგეს, მაშინვე გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება. როგორც ამბობენ, ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი და თან სურდათ, რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემა გადაეჭრათ ადამიანებისთვის. იდეებზე ფიქრისას, საბოლოოდ შინაურ ცხოველებზე შეჯერდნენ — ჯგუფის რამდენიმე წევრს თავადაც ჰყავს ოთხფეხა მეგობრები და მათ ზრუნვასთან დაკავშირებული გამოწვევები ნაცნობი იყო. 

„ყოველთვის პრობლემური იყო ჩვენი ძაღლების სახლში დატოვება… თუმცა ამიერიდან, როცა სკოლაში ვიქნებით, მშობლები კი — სამსახურში, Easy Care-ის მეშვეობით შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, რადგან დისტანციურად გამოვკვებავთ ოთხფეხა მეგობრებს“.

ამ ეტაპზე Easy Care ძაღლებსა და კატებზეა მორგებული. ხოლო სამომავლოდ კომპლექსურ განახლებას გეგმავენ, რათა ნებისმიერი ცხოველისა თუ ფრინველის გამოკვება მოხერხდეს დისტანციურად.

დამატებითი სარგებელი

აპლიკაციაში, საკვების მიწოდების გარდა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაცაა მოცემული. მაგალითად, როგორ მოვუაროთ ცხოველს, რომელ საათზე აჯობებს გამოკვება და უამრავი სხვა რჩევა. ინფორმაციის მაქსიმალური სანდოობისთვის კი მხოლოდ ოფიციალური კვლევები და ექსპერტების რჩევები გამოიყენეს. ამიტომაც სამომავლოდ გუნდის წევრები Easy Care-ის მცირე თუ დიდი ფერმებისთვის შეთავაზებასაც აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიებისა და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.


Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

სწავლობ და ქმნი მარტივად