სიახლეები

რა არის ESG და რატომ არის ის პრიორიტეტული თანამედროვე ბიზნესისთვის

ნოემბერი 12, 2021

2019 წლის 19 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბიზნესგაერთიანებამ - BR-მ (Business Roundtable) - გააკეთა განცხადება კორპორაციული მიზნების შესახებ, რომელსაც 181 კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა  მოაწერა ხელი, დაწყებული Apple-დან, დასრულებული Walmart-ით.

სურათზე ხედავთ კომპანიების ხელმძღვანელების ხელმოწერებს, რომლებიც ადასტურებენ ბიზნესის ახალ პრიორიტეტებს შემდეგი თანმიმდევრობით:


  1. მომხმარებელი;
  2. თანამშრომელი;
  3. მომწოდებელი;
  4. საზოგადოება;
  5. აქციონერი


ბიზნესის მრგვალი მაგიდის გაერთიანება, 1978 წლიდან მოყოლებული, პერიოდულად აქვეყნებს კორპორაციული მართვის პრინციპების დოკუმენტს. ეს კი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დოკუმენტში ბოლო პრიორიტეტად აქციონერი დაფიქსირდა და მასზე მნიშვნელოვანი გახდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მომხმარებლის კმაყოფილება, თანამშრომლის ბედნიერება, გარემოს და სოციუმის დაცვა.

 

ამავე პერიოდში პიკს მიაღწია ESG ინვესტიციების მაჩვენებელმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა კაპიტალის აქტიურად დაბანდება დაიწყეს კომპანიებში, რომლებიც გარემოს დაცვით და სოციალური და კორპორაციული მართვის საკითხებზე ზრუნვით გამოირჩეოდნენ.

დღეს ESG თანამედროვე ბიზნესსამყაროში ყველასთვის ცნობილი ტერმინია და იშიფრება, როგორც ზემოთ ხსენებული 3 მიმართულება:


გარემოს დაცვა (E – Environmental)


  • როგორ იყენებს კომპანია გარემორესურსებს თავისი ფუნქციონირებისთვის?
  • რა როლი აქვს მავნე გამოფრქვევების შემცირებაში?
  • რას აკეთებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული რისკების დასაბალანსებლად?

 

სოციალური პასუხისმგებლობა (S – Social)


  • რამდენად ზრუნავს მომხმარებლების დაცულობაზე?
  • რამდენად ზრუნავს შრომითი ურთიერთობების სამართლიანობაზე?
  • რა საგანმანათლებლო/ცნობიერების ამაღლების პროექტებს ახორციელებს?
  • რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის თანამშრომლების მრავალფეროვნება?

 

კორპორაციული მართვა (G – Governance)


  • რა პრინციპებითა და სტრუქტურით იმართება კომპანია?
  • როგორ არეგულირებს ის სამართლებრივ საკითხებს?
  • როგორი ურთიერთობები აქვს პარტნიორებთან?
  • რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის მრავალფეროვნება მაღალი პასუხისმგებლობის პოზიციებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

ESG კომპანიის მართვის მექანიზმის განუყოფელი ნაწილია და ის ვერ იფუნქციონირებს ბიზნესისგან დამოუკიდებლად. ასევე, ერთმანეთზეა დამოკიდებული მასში შემავალი კომპონენტები. შედეგად ESG არა დანაწევრებული, არამედ ერთიანი სისტემაა, რომელიც კომპანიების წარმატების საფუძველია და მათ სტაბილურობასა და რეპუტაციას დიდწილად განსაზღვრავს. 


ESG-ს პოზიტიური ზეგავლენა შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ბუნდოვანი იყოს - როგორ მიაღწევს ბიზნესი მდგრად ფინანსურ მაჩვენებლებს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების და პრიორიტეტების პარალელურად. პასუხები ასე ჟღერს:

  • ESG-ღირებულებები კომპანიისთვის შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი, მყარი და ძლიერი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბოლოო ჯამში კი, თანამშრომლების ბედნიერება პოზიტიურ კორელაციაშია აქციონერების შემოსავლებთან. ლონდონის ბიზნესსკოლის პროფესორმა ალექს ჰედმანმა აღმოაჩინა, რომ ბიზნესგამოცემა fortune-ს მიერ დასახელებულ 100 კომპანიას, რომლებიც საუკეთესო პირობებს ქმნიან თანამშრომლებისთვის, 2.3%-3.8%-ით მაღალი ფინანსური ბრუნვა აქვს, ვიდრე მათ კონკურენტებს. ბოლო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კომპანიის უკუკავშირი, თანამშრომლის მიმართ მისი პოზიტიური სოციალური როლის შესახებ, კორელაციაშია დასაქმებულების სამუშაო კმაყოფილებასთან და ენთუზიაზმთან.


  • ESG ჩარჩოს საფუძვლიანად დანერგვა ქმნის მრავალფეროვან და ღია კულტურას, რომელიც ბიზნესს ეხმარება ახალი ბაზრების ათვისებასა და გაფართოებაში. როცა კომპანიები თავიანთი მაღალი ეთიკური ცნობიერების გამო იმსახურებენ ნდობას, მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფოს მხარდაჭერაც. მაკკენზის კვლევების მიხედვით, ძლიერი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც თავად ზრუნავს გამართული პროცესების დანერგვაზე, რეგულაციური წნეხის გარეშე ნერგავს ახალ პროდუქტებს და ბევრად უფრო ადვილად და მოკლე დროში ალაგებს ურთიერთობას როგორც პარტნიორებთან, ისე სახელმწიფოსთან

 

  • ESG ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს. კომპანიები, რომლებიც რაციონალურად მოიხმარენ ელექტროენერგიას, წყალს, ავტომობილებს, აქვთ განახლებადი ენერგიის ოფისები, ბევრად ცოტა თანხას ხარჯავენ ოპერაციებში. ამერიკის წყალმომარაგების ერთ-ერთმა მთავარმა კომპანიამ დაახლოებით 180 მილიონი აშშ დოლარი დაზოგა წელიწადში იმის წყალობით, რომ ინვენტარი გამართა და წყლის მომარაგების სისტემა ენერგოეფექტური გახადა.

თუ გარემოს ESG-ის ჩარჩოში მოვაქცევთ, დავინახავთ, რომ სამყაროს ცვლილებაში თითოეული ბიზნესისა და ადამიანის წვლილი ძალიან დიდია. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხებში სწორი ჩარევით შესაძლებელია მრავალფეროვანი, სანდო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა როგორც ახლა, ასევე მომავალში, იმ ადამინებისთვის, რომელთა კეთილდღეობაზეც ახლა მიღებულ ბიზნეს გადაწყვეტილებები ახდენს გავლენას.

 

ESG-ის მიზანია, შექმნას მდგრადი, ინკლუზიური გარემო, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ბიზნესებისთვის, ისე საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის.

ავტორი: ქეთი რაზმაძე