სიახლეები

პასუხისმგებლობა მომავალზე - ESG და საერთაშორისო კომპანიები

ნოემბერი 29, 2021

„წარმოიდგინე უკეთესი მომავალი. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, რომ ტექნოლოგიას, რომელსაც ვქმნით, დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს პლანეტის ყველა მოსახლეზე და თავად პლანეტაზე.“ - ეს სიტყვები მაიკროსოფტის 2020 წლის კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშს უძღვის წინ.

 

ორგანიზაცია, რომელიც გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემების გადაჭრას ტექნოლოგიური გზებით ცდილობს, ისედაც მცირერიცხოვანი კომპანიების გამორჩეულ 5%-ში შედის, რომლებსაც ESG აქციების საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ და MSCI რეიტინგებით ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებენ. MCSI მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია იკვლევს და აფასებს კომპანიების მდგრადობას გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) რისკებთან მიმართებით და ზრდის  ინვესტირების პროცესის გამჭვირვალობას მსოფლიოს მასშტაბით.

 

რა რეალური გავლენა აქვთ დიდ კომპანიებს ადამიანებზე? ეკოლოგიაზე? თანასწორობაზე? ან როგორ მონაწილეობენ ისეთი საკითხების მოგვარებაში, რომლებიც ადრე ბიზნესების საქმედ არ მიიჩნეოდა?

 

ზემოთ მოყვანილ ციტატაში, რომელშიც კომპანია პასუხისმგებლობას იღებს მსოფლიოს წინაშე, შემთხვევითი არ არის სიტყვა „ტექნოლოგია“. 2020 წელს გამოქვეყნებული 50 საუკეთესო ESG კომპანიების სიაში პირველ პოზიციებს სწორედ ტექნოლოგიური, ციფრული თუ ინოვაციური ბიზნესები იკავებს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანის ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას - როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი როლი ჩვენი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში.

Microsoft

მაიკროსოფტი ამბიციურ გეგმას ისახავს - მნიშვნელოვნად შეამციროს საკუთარი ნახშირბადის კვალი, კერძოდ, 2030 წლისთვის გაანახევროს კომპანიის საქმიანობის შედეგად გამოფრქვეული ნახშირბადი, ხოლო მეორე ნახევარი გარემოდან, მათ შორის მიწოდებისა და ღირებულების ჯაჭვის გამოფრქვევების შემცირებით, ამოიღოს. 2050 წლისთვის მაიკროსოფტი გეგმავს, შეამციროს იმ რაოდენობის ნახშირბადი, რაც კომპანიამ შექმნის დღიდან - 1975 წლიდან გამოიმუშავა, პირდაპირი გზით თუ ელექტროენერგიის მოხმარებით.

 

ეს იმ ოთხ ESG პრიორიტეტს შორის ერთ-ერთია, რომელზეც მაიკროსოფტი პასუხისმგებლობას იღებს.

 

  • ინკლუზიური ეკონომიკის მხარდაჭერა;
  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა;
  • პასუხისმგებლობა მდგრად მომავალზე;
  • ტექნოლოგიების მიმართ ნდობის გაზრდა

 

ციფრებში ყველაფერი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მაგალითად: უსაფრთხოების ტექნოლოგიების გასაძლიერებლად, ყოველთვიურად მაიკროსოფტი ანალიზს უკეთებს 470 მილიარდ ელექტრონულ შეტყობინებას, რომელიც ფიშინგსა და ონლაინთაღლითობას უკავშირდება; ადგილობრივი თემების მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, გაცემული აქვს $1,9 მილიარდი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, ასევე, გაღებული აქვს თანხები კორონავირუსის წინააღმდეგ.

Adobe

„ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიას შეუძლია შეცვალოს ცხოვრება, გააუმჯობესოს საზოგადება და უფრო მდგრადი მომავალი შექმნას. ვამაყობთ ჩვენი პროდუქციის პოზიტიური გავლენით ყველა განზომილებაში.“ - შანტანუ ნარაიენი, გენერალური მენეჯერი

 

Adobe-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ხაზს უსვამს კომპანიისთვის პრიორიტეტულ ESG-ის ღირებულებებს, მათ შორის მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მხარდაჭერას. მაგალითად, Adobe-ს, დირექტორთა საბჭოს 55 პროცენტს ქალები წარმოადგენენ; ასევე, კომპანიამ 2020 წელს $87 მილიონი დოლარის ინვესტიციები გასცა ადგილობრივი თემების განვითარებისა და მდგრადობისთვის.

 

ციფრული ტექნოლოგიები რომ Adobe-სთვის უპირობო წამყვანი ძალაა, ეს ისედაც ცხადია. ციფრული აკადემიის შექმნის გარდა, კომპანიის მიერ განათლებისთვის გაცემული გრანტები, რომლებიცც შემოქმედებითი უნარების განვითარებისკენ არის მიმართული, 3 მილიონ დილარს სცდება.

 

თუ კიდევ უფრო დაწვრილებით გსურთ Adobe-ს ESG ინდიკატორების ნახვა, შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მათ მოხსენებაში.

NVIDIA

ინოვაციები, როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოებისა და გარემოს განვითარების მთავარი გზაა.

 

კომპიუტერული და გრაფიკული ტექნოლოგიების კომპანია NVIDIA ESG ინდექსით მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს . შეიძლება ითქვას, ეს კომპანია ბიზნესის პარალელურად, კვლევითი ცენტრიცაა, რომელში შექმნილი ინოვაციური მიგნებები გარემოსდაცვით მიზნებს ემსახურება. თუმცა ამ კომპანიაში კიდევ უფრო საინტერესო ალბათ ისაა, რომ NVIDIA დაინტერესებულ მხარედ განიხილავს ფაქტობრივად ყველას - მომწოდებლებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და საზოგადოებრივი გაერთიანებებით დაწყებული, თანამშრომლებითა და პოტენციური მომხმარებლებით დამთავრებული.

 

კომპანიის დირექტორების 92% დამოუკიდებელია, რაც ნიშნავს, რომ კომპანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად იმართება და დაცულია მიკერძოების, სუბიექტურობისა და ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისგან. ასევე, NVIDIA-ში მთელი კომპანიის მასშტაბით, დანერგილია გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა ხმის მიცემით, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

 

ESG ლიდერთა სიას თანდათანობით ყველა ძლიერი კომპანია უერთდება. ცოტა ხნის წინ Google-მა ახალი ფუნქციის Carbon Footprint-ის დამატების შესახებ განაცხადა, რომელიც მომხმარებელს ხელის ერთი დაჭერით მიაწვდის ინფორმაციას ნახშირბადის მაჩვენებლების შესახებ და, ასევე, ESG ანგარიშების მომზადებას უფრო გამჭვირვალეს გახდის.

თიბისი

შესაძლოა აქამდე ტერმინი ESG  არც ისე ნაცნობი იყო, თუმცა თიბისი, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, უკვე მრავალი წელია ადასტურებს საკუთარ მნიშვნელოვან როლს ადამიანებისთვის უკეთესი ყოველდღიურობის შექმნაში.

 

ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს, ავითარებს ბიზნეს საქმიანობას, აძლიერებს ეკონომიკას. ამავდროულად, გაციფრულება და ავტომატიზაცია ზრდის პოზიტიურ ზეგავლენას გარემოზე, ხელს უწყობს ხარჯების, რესურსების ოპტიმიზაციას, ინოვაციური მეთოდებით თანამშრომლებს უმარტივებს საქმიანობას და, რადგან ფეხს უწყობს თანამედროვე სამყაროს, დიდი როლი აქვს მდგრადი მომავლის შენარჩუნებაში.


  • ინვესტიციები ტექნოლოგიურ განათლებაში;
  • ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერა
  • თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისთვის;
  • ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა;
  • ეკოლოგიური სტანდარტები;
  • ფონდი თანამშრომლებისთვის

 

ეს იმ სიის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც უფრო დეტალურად მოგიყვებით.

 

მანამდე კი, თიბისიში ახალი პროცესი იწყება და ყველა ის პროექტი, რომელიც გარემოსდაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის საკითხებს მოიცავს,  საერთო ESG მიზნებისთვის ერთიანდება.

ავტორი: ქეთი რაზმაძე