თიბისელები ტექნოლოგია ბიზნესი

ელენე კვარაცხელია - Google-ის Women Techmaker-ის ქართველი ამბასადორი

თიბისის Frontend დეველოპერი Women Techmaker-ის ქართველი ამბასადორია.

იანვარი 18, 2022

სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის არსებული მძაფრი სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებებისა და ჯერ კიდევ ღრმად გამჯდარი სტერეოტიპების გამო, ტექნოლოგიურ კომუნაში თავის დამკვიდრება ქალებს უფრო უჭირთ, ვიდრე კაცებს. ამასთანავე, რაოდენობრივად, ამ ინდუსტრიაში დღესაც კაცები სჭარბობენ. ცხადია, ინდუსტრიაში არსებულ კომპანიებში ქალბატონებიც მუშაობენ, მაგრამ მათი ხმის გაგონება, ჯერჯერობით, საკმაოდ რთულია.

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი დინამიკა დროებითია, რადგან ქალთა გაძლიერებაზე, უშუალოდ დაუღალავი და საოცრად მიზანდასახული ქალების გარდა, გლობალური ტექნოლოგიური კომუნის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ზრუნავენ. Google-ი ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელმაც ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ქალბატონებისთვის სპეციალური განყოფილება, Women Developer Academy (WDA) შექმნა, რომელიც Women Techmakers-ის პროგრამის ფარგლებში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერ, მობილური სისტემების დეველოპერ და მონაცემთა მეცნიერ ქალებს უსაზღვრო განვითარების საშუალებას აძლევს. 

თიბისის Frontend დეველოპერი ელენე კვარაცხელია, რომელიც Google-მა ცოტა ხნის წინ Women Techmakers-ის ამბასადორის წოდებით დააჯილდოვა, სწორედ ერთ-ერთი მათგანია. როგორც თვითონ ამბობს, ამ წოდებამ თავდაჯერებულობა შემატა და კომუნის სრულყოფილ წევრად აგრძნობინა თავი და ახლა, ის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას აპირებს. ელენეს გარდა, Google-ის ამ პროგრამაში მონაწილეობა კიდევ სამმა ქართველმა ქალმა მიიღო და სავსებით მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში, ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. 

აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის თებერვლის ნაკადის მიღება უკვე დაიწყო - რეგისტრაციისთვის, ამ ბმულზე გადადით. 

მისი უნიკალური გამოცდილების, ქვეყნისა და კომუნის წინაშე აღებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობისა და Women Techmakers-ის პროგრამის შესახებ ელენეს ვესაუბრე და ბევრად უპრიანი იქნება, ეს სივრცე მის ნაამბობს დავუთმოთ. 

რამდენად ცნობილი და დაფასებულია Women Techmakers-ის პროგრამა საქართველოში და როგორ შეიტყვე მის შესახებ?


Women Techmakers-ი გლობალურად ძალიან ცნობილი პროგრამაა, რომლის ფარგლებში საქართველოში არაერთი საინტერესო აქტივობა არის ჩატარებული - სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ღონისძიებები ვიწრო აუდიტორიისთვის ტარდება, მაგრამ, ნელ-ნელა ეს მაჩვენებელიც უმჯობესდება. ამ პროგრამის შესახებ პირველად თიბისის დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერისგან, ნათია ბარაბაძისგან შევიტყვე - მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამომეყენებინა.

რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება არის საჭირო ამ პროგრამაში მოსახვედრად? 


ამ პროგრამით დაინტერესებულ ადამიანს ტექნიკური ბექგრაუნდი და Google-ის რომელიმე პროდუქტთან (მაგ. Angular-ი, Firebase-ი, Kotlin-ი, Flutter-ი და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. Women Techmakers-ის მიზანია ისეთი გამოცდილების მიღებისა და უნარ-ჩვევების განვითარების საშუალება მოგცეთ, რომელიც ტექნოლოგიური საზოგადოების განვითარებაში დაგეხმარებათ. ამგვარად, ტექნიკურ უნარ-ჩვევებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონდომება, მიზანდასახულობა და შრომისუნარიანობა. 

 რა ცოდნა და გამოცდილება შეიძინე Women Techmakers-ის პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ? 


Women Techmakers-ის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ დეველოპერს შევხვდი, არაერთ დისკუსიაში ჩავერთე და, რაც მთვარია, ნათლად დავინახე, რომ განსხვავებულ სფეროებში მუშაობის მიუხედავად, ქალი დეველოპერები განვითარების საერთო გზას გავდივართ. მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ ამ ეკლიან გზაზე მარტო ხართ, გაიხსენეთ, რომ თქვენთან ერთად ამავე პრობლემებს ათასობით ადამიანი უმკლავდება, მათთან კომუნიკაცია კი, ამ პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. 


კარგად მახსოვს, როცა პირველივე შეხვედრაზე ფრაზა „It’s not a brag, if it’s a fact“ გავიგე, რომელმაც მიბიძგა, რომ შემდგომ სესიებში უფრო ღია და თავდაჯერებული ვყოფილიყავი. 


პროგრამის მსვლელობისას საშუალება გვქონდა Google Developers Expert-ებთან (GDE) ინდივიდუალურად გაგვესაუბრა, რამაც გამოცდილების ურთიერთგაზიარების გარდა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. ტექ-თოკების, ბლოგების, პოდკასტებისა და ა.შ.) გამოყენების საშუალება მოგვცა. ჩემთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა ტექ-თოკის ჩატარება აღმოჩნდა - სრულიად მრავალფეროვან, მაგრამ ჩემთვის უცხო გარემოში ტექნიკური პრეზენტაციის ჩასატარებლად ოთხი კვირის განმავლობაში ვემზადებოდი - საბოლოო ჯამში, ჩემი პრეზენტაციით სხვადასხვა ბექგრაუნდისა და განვითარების დონის მქონე ადამიანები დავაინტერესე.

რა სახის შეხვედრები და აქტივობები ტარდებოდა პროგრამის ფარგლებში?

 

მრავალფეროვნება Women Developer Academy-ის ერთ-ერთი ქვაკუთხედია: ტექნიკური პრეზენტაციის სწორად ჩატარებაზე ორიენტირებული ვებინარების პარალელურად, სხვადასხვა ტიპის დეველოპერებსა და ტექნოლოგიური ბექგრაუნდის მქონე სხვა პროფესიონალებს ვხვდებოდით. ერთ-ერთი შეხვედრა, მაგალითად, ფსიქოლოგთან გვქონდა, რომელიც ამავდროულად, ანდროიდ დეველოპერადაც მუშაობდა. გარდა ამისა, ინდივიდუალურად ვხვდებოდით GDE-ებს, რომლებიც ჩვენს მიერ არჩეული თემების დამუშავებაში გვეხმარებოდნენ და ისეთი რესურსების შესახებ გვიყვებოდნენ, რომლებიც კომუნის მხოლოდ დახურული წრისთვის არის ხელმისაწვდომი. 

ელენე, პროგრამის წარმატებულად გავლის შემდეგ Women Techmakers-ის ამბასადორის წოდება მოგანიჭეს. რას ნიშნავს ეს როლი შენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის?

 

ამბასადორად არჩევის შემდეგ თავი კომუნის სრულყოფილ წევრად ვიგრძენი - ვცდილობ ამ სფეროში ფეხმომდგარ და დამწყებ ადამიანებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო. ამ საზოგადოების ნაწილად ყოფნა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური ერაა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ამ სფეროს განვითარებასა და პოპულარიზებაში ჩემს მცირედ წვლილს შევიტან.  

დაგეხმარა თუ არა თიბისი ამ პროგრამაში მოხვედრასა და მის წარმატებულად გავლაში?

 

დეველოპერად მუშაობა თიბისიში დავიწყე და თამამად ვიტყვი, რომ ეს არის კომპანია, რომელიც თითოეული თანამშრომლების განვითარებასა და მათთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებაზე არის ორიენტირებული. ამგვარ მხარდაჭერას თიბისიში მოსვლის დღიდან ვგრძნობ - სწორედ აქ მიღებულმა გამოცდილებამ მომცა საშუალება Google-ის კომუნის წევრი გავმხდარიყავი.  

რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხედავენ?

 

გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია ქალების მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩევა, ამ მიმართულებით განვითარებაზე ფიქრი, ბევრ გოგონას აშინებს. თუმცა, დროთა განმავლობაში, შიშს თავდაჯერებულობა ანაცვლებს. ჩემი აზრით, განვითარების სურვილთან ერთად აუცილებელია შრომისუნარიანობა, მოთმინება და მიზანდასახულობა. გამოწვევები თუ არ შეგვაშინებს, უფრო თავდაჯერებულნი და მოტივირებულნი თუ ვიქნებით, ამ სფეროში თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა - მხოლოდ დროის ამბავია. 

ავტორი: გიორგი არონია