მუსიკა | ცა

მსმენელის ახალი პასუხისმგებლობა

Tsa.Music

დეკემბერი 28, 2020

2020 წლის დასაწყისში, როცა პანდემიის პირველი ტალღა დაიწყო და გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, ეს მდგომარეობა დროებითი გვეგონა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერს მუდმივობის სახე მიეცა და გარემომ ადაპტაცია დაიწყო.

ახალ მოთხოვნებს მოერგო განათლების სისტემა, დამსაქმებლები, რუმანტიკული ურთიერთობებიც კი. ადაპტაცია ყველაზე მეტად სახელოვნებო სივრცეს გაუჭირდა, რომელსაც არსებობისთვის სწორედ სოციალიზაციისგან მიღებული შემოსავალი სჭირდება. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, რომლებიც აქტიურად დაუდგნენ გვერდში ხელოვნების წარმომადგენლებს, საქართველოც ცდილობდა, ეს გამოცდილება გამოეყენებინა, თუმცა იმ ქვეყნის არტისტებისთვის, სადაც პანდემიის გარეშეც სუსტია სახელოვნებო ინდუსტრია, ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა:

სახელოვნებო სივრცე მაყურებლის გარეშე დარჩა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფესტივალებზე, გამოფენებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე დავდიოდით, ფულს ვიხდიდით ბილეთებში, რომელიც საშუალება იყო მაყურებლისთვისა და მსმენელისთვის გადაგვებიჯებინა იმ ზღურბლზე, რომელიც საყვარელ არტისტებთან შეხვედრამდე გვაშორებდა, ვერ ვგრძნობდით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც კონკრეტული სივრცის წარმომადგენლების წინაშე გვქონდა აღებული. სიამოვნების მიღების საფასური ერთგვარი დახმარებაც იყო იმ ხელოვანებისთვის, რომელთა ნამუშევრების მოსასამენად და სანახავად მივდიოდით სხვადასხვა ვენიუებზე და ეს ორმხრივი პროცესი სახელოვნებო ინდუსტრიას გარკვეულ სიმყარეს უნარჩუნებდა, თუმცა დაიწყო პანდემია და პროცესებმა ფორმა შეიცვალა.

წლის დასაწყისში სოციალური ქსელების სქროლვისას ხშირად მხვდებოდა ყვითელ ფონზე აციმციმებული შავი წარწერა: Support Your Artist Friends in 2020.

მაშინ ეს მხარდაჭერა მხოლოდ ცალკეული არტისტების შემოქმედების შეძენას გულისხმობდა. მსმენელი და მაყურებელი უნდა დავხმარებოდით ჩვენს საყვარელ არტისტებს პანდემიის სირთულეების გადატანაში, რომელსაც არსებობისთვის მხოლოდ რამდენიმე თვე მივეცით და მისი გახანგრძლივებით ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით: საჭირო იყო მასიურობა იმ ქმედებებისთვის, რომლისკენაც ფიდზე ამოგდებული გიფები ერთჯერადად გვიბიძგებდნენ. 

ამის კეთება დაიწყეს ყველგან სხვადასხვა პლატფორმის შექმნით, დონაციებითა და ლაივ სტრიმებით. აქა-იქ საქართველოშიც ჩნდებოდა მსგავსი აქტივობები ცალკეული პლატფორმებისა და United We Stream Tbilisi-ის სახით, რომელიც მსოფლიო მასშტაბის United We Stream-ის ლოკალური ნაწილია. ეს იყო მყისიერი პასუხი პანდემიისგან დაზარალებული საკლუბო სცენის შენარჩუნებისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში არ არსებობდა პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებას დაეხმარებოდა, არამედ ორიენტირებული იქნებოდა მთლიანად კულტურის მხარდაჭერაზე.

სწორედ ამიტომ, 2020 წლის ბოლოს არტ არეას საშუალებით დაიწყო ინტენსიური კამპანია „საზოგადოება ხელოვანებისთვის“, რომელიც იმ არტისტების ბაზის შექმნასა და ფონდის დაარსებას ემსახურება, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ხელოვანებს დაეხმარება.

„ერთმანეთის თანადგომით უნდა შევძლოთ ხელოვნების გადარჩენა და იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ თავიანთი შემოქმედებით ჩვენს მოსაწყენ ყოველდღიურობაში მათი წილი სინათლის შემოტანას.“ - ვკითხულობთ იმ ივენთის აღწერაში, რომელიც Lenø Records-ში კამპანიის ფარგლებში გაიმართა და ლაივ სტრიმის საშუალებით სხვადასხვა პლატფორმაზე გაეშვა. 

კამპანია მუდმივი სახის იქნება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ახალი პლატფორმა Geoartists.ge, სადაც დონაციის სახით ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თავისი წვლილი შეიტანოს კულტურის სფეროს შენარჩუნებებაში.

ამ ინიციატივით მაყურებელი და მსმენელი იმ პასუხისმგებლობას იღებს, რომელიც პანდემიამდეც ჰქონდა გაუაზრებლად, თუმცა სხვა ფორმით. გაციფრულებულ სამყაროში დაინგრა ის ზღურბლი, რომელზეც გადაბიჯება ყოველთვის ახალ სამყაროში გადასვლის ტოლფასი იყო ჩვენთვის. დღეს ახალი ფორმა გვაქვს - ლაივ სტრიმები, რომლებიც ყველასთვისაა, თუმცა, ამავდროულად, უხილავ პასუხისმეგბლობას გვაკისრებს, რომ ისევ ის წარმოსახვითი ღობე ავაგოთ და გავიმეოროთ ძველი ქმედებები - ამჯერად ონლაინ. ეს ახალი პასუხისმგებლობაა, რომელიც არა კულტურის სფეროსა და სახელოვნებო ინდუსტრიის სიმყარისთვის, არამედ უბრალოდ მისი შენარჩუნებისთვისაა საჭირო.

საქველმოქმედო ანგარიშის ნომერია:

მომსახურე ბანკი: სს თიბისი ბანკი

ა/ა-GE69TB7238336020100003

ბანკის კოდი-TBCBGE22

მიმღები-ააიპ არტ ფესტ


Geoartists.ge