ტექნოლოგია

როგორია დისტანციურად მუშაობა ?

ყველაფერი თითქოს უფრო პროდუქტიულია და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია

მარტი 19, 2020


ამ დღეებში უმეტესობა ჩვენგანი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რაც ზუსტად იგივე დოზით მოითხოვს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, როგორც ადრე, თუმცა ამჯერად არა ოფისიდან, არამედ სახლიდან. 

სახლიდან მუშაობა ბევრისთვის სიახლე იყო და გამოწვევებით არის სავსე. 

ამიტომ საინტერესოა გავიგოთ როგორია პირველადი შეფასებები იმ ადამიანებისგან, რომლებიც უკვე სახლიდან მუშაობენ.


ზოგადად დისტანციური მუშაობა ჩემთვის ახალი ხილი არაა, ბევრი საერთაშორისო პროექტი გამიკეთებია და არაერთ პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა. 


მაგრამ ახლა სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან სრულ განაკვეთზე მომუშავე 20 კაციან გუნდს ვმართავ დისტანციურად. ეს ძალიან რთულია კოორდინაციისთვის. არა მხოლოდ ჩემთვის, ჩემი კოლეგებისთვისაც, რადგან სულ სხვა გრძნობაა, როდესაც პროექტის გუნდი ერთად ზის.


თუმცა დღის ბოლოს, როდესაც ხედავ რომ შედეგი მაინც იდება, გუნდს სრულიად სხვანაირად აფასებ. უფრო მეტი ნდობა გიჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც არ მაკლდა ეს გრძნობა ამ ჩემი გუნდის მიმართ.




ჩემთვის, როგორც ასე თუ ისე ინტროვერტისთვის, პოზიტიური მხარეები მეტი აქვს ვიდრე ნეგატიური. რა თქმა უნდა, მჭირდება ხოლმე ხალხთან კონტაქტი და ვცდილობ მინიმალურად მაინც 1-2 მეგობარი მაინც ვნახო. ძირითადად არ გავდივარ არსად.


უკეთესი იმითაა, რომ მეტი დრო მაქვს ჩემი პირადი საქმეებისთვის, მაგალითად, სამუშაო თუ არ მაქვს რაღაც მომენტში და თავისუფალი რამოდენიმე წუთი გამომიჩნდა, შემიძლია საკუთარ ნამუშევრებზე ვიმუშავო და ვიფიქრო. ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის, მნიშვნელოვანია მსგავსი რამ.




პატარა შეფასება გავუკეთე პირველ დისტანციურ სამუშაო დღეს:


1) სამუშაო დღეს 30 წუთით ადრე იწყებ, რადგან გზაში აღარ ხარჯავ დროს.


2) ყველა დაბნეულია და ნერვიულობს - პირველი დღეა ბევრი გაურკვევლობა, ნორმალურია.


3) შეხვედრები ვიდეო ქოლით ჩანაცვლდა - ზოგი უფრო ეფექტურია, ზოგი არა.


4) ხალხს მოსმენა ცოდნია - ან უბრალოდ არ უნდათ ყურსასმენში ჩხუბის მოსმენა


5) კომპიუტერთან უფრო მეტ დროს ვატარებთ - რაც ბუნებრივია, რადგან ფიზიკური შეხვედრები ონლაინმა ჩაანაცვლა.


6) შესვენება გაუქმებულია - რატომღაც არავის ახსენდება 1 საათი შესვენებაზე გასვლა, რაც იმედია მომავალში გამოსწორდება.


7) უამრავი წვენი/წყალი/ჩაი/ყავა და სასუსნაო, ხელმისაწვდომია - სახლში ხარ ყველაფერი გაქვს მომარაგებული.


8) ჩემს შემთხვევაში წყნარი გარემოა.


9) მთელი სახლი შენი სამუშაო ადგილია - მუშაობ შენი ოთახიდან, სკამიდან, დივანიდან, მისაღები ოთახიდან, აივნიდან, საძინებლიდან, სადაც დაჯდომა და დადგომა შეგიძლია ყველა ადგილიდან.


10) 3 წუთი ლიმიტია - თუ Slack-ში მიწერიდან 3 წუთზე დიდი ხანი არ გიპასუხეს, რეკავ (მეილის შემდეგ ზარის მიყოლების მაგალითზე)


11) დილის შეხვედრა და საღამოს შეჯერაბა - მთელ გუნდს დილამშვიდობისას ეუბნები (აღვიძებ), ხოლო საღამოს ახსენებ რამდენი რამე გააკეთეს.


ყველაფერი თითქოს უფრო პროდუქტიულია და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. 




დისტანციური მუშაობის პირველი ასეთი გრძელვადიანი გამოცდილებაა ჩემთვის და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ყოველდღიურად ვაკვირდები ამ პროცესს და იმის გამო, რომ თვითიზოლაციისა და დისტანციური მუშაობის მერვე დღეს უკვე Groundhog Day-ს სცენართან გავავლე პარალელი, ვცდილობ რაღაცეები შევცვალო და მრავალფეროვანი გავხადო ყოველდღიურობა.


ჩემი დაკვირვებით, როგორც ყველაფერს სამყაროში, დისტანციურ მუშაობასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.


დადებითია ის, რომ ტრანსპორტირებაში დასახარჯ დროს გამოძინებისთვის იყენებ, გარემო ზუსტად ისე გაქვს მოწყობილი (თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება გაქვს), რომ მაქსიმალურად კომფორტულად შეძლო მუშაობა, რისთვისაც მე მაგალითად ტახტი შევარჩიე ბევრი ბალიშებით, ზოგავ თანხას, როგორც ტრანსპორტის, ასევე კვების, მაცივართან უწყვეტი წვდომის გამო. განსაკუთრებულ დადებით მხარედ გამოვყოფდი თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, რადგან ციფრულ სამყაროში ბარიერები ნაკლებია და სხვადასხვა პროგრამების დახმარებით, კომუნიკაცია ხდება ერთიანად და მარტივად.


უარყოფით მხარეებში გამოვყოფდი ერთფეროვნებას, რომელიც გამოწვეულია ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს გაღვიძებითა და სამუშაო ტახტამდე გასავლელი რამდენიმე ნაბიჯით, ვიდეო და აუდიო ზარების უწყვეტ რაოდენობას, რისი ორგანიზებაც ცალკე დროსა და ენერგიას მოითხოვს და დროის შეგრძნების გაქრობას, რომელიც არადისტანციურ პირობებში ლანჩისთვის გამოყოფილ რიტუალურ 1 საათსაც გულისხმობს და ასევე, სამუშაოს დასრულების კონკრეტულ დროს, რის შედეგადაც, საკმაოდ გვიან ვამთავრებ მუშაობას, რაც გამოსასწორებელია.


საერთო ჯამში, დისციპლინა დისტანციურ რეჟიმში მუშაობის დროსაც აუცილებელი რამაა, იმისთვის, რომ კომპანიაში პროცესები არ დაზიანდეს. მე, მაგალითად, ყოველდღე 09:30ზე ვიდეო თათბირს ვიწყებ ჩემს გუნდთან ერთად. ამ ფორსმაჟორულ რეჟიმში რთულია, მაგრამ, კარგი იქნება, თუ ლანჩის დროსაც გამოვყოფთ და სწორი კვების რეჟიმს დავიცავთ.