მუსიკა | ცა

„დიელო“ -1975, LP “ფანკი “მუხამბაზში”

Tsa.Music

მარტი 31, 2023

„დიელო“ ისეთივე ვია ლეგენდა შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც “ორერა“, თუმცა...

1960 წელს, დიელო და ორერა კონკურენტები იყვენენ. მათ თითქმის ერთდროულად დაიწყეს გამოსვლა. 1965 წლის ვრცელი საკავშირო სატელევიზო შოუც კი არის შემორჩენილი ვია „დიელოს“ მონაწილებით. ეს ვოკალური კვარტეტი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო 1966 წლის უპოპულარესი მუსიკალურ-მხატვრული ფილმისა „შეხვედრა მთაში“. მათი რეპერტუარიც დაახლოებით ისეთი პრინციპით იყო დაკომპლექტებული, როგორც „ორერასი“.

1969 წელს „დიელოს“ პირველი საალბომე რელიზიც „ორერასთან“ კომბინაციაში განხორციელდა (1 გვერდზე იყო „ორერა“, 2-ზე „დიელო“), თუმცა, „ორერას“ პოპულარობას, „დიელო“ მაინც ვერ შეწვდა. „ორერა“ უფრო თანმიმდევრული იყო და უკვე 1960-იან წლებში ჰქონდა რამდენიმე ისეთი ალბომი გამოშვებული, რომელმაც მათი დიდი პოპულარობა მთელი სსრკ-ს მასშტაბით განსაზღვრა, ხოლო „დიელომ“, ინტენსიური საალბომე კარიერა მხოლოდ 1970 წლიდან დაიწყო, თუმცაანსამბლის პოპულარობა კი არ გაიზარდა, შემცირდა.

მუსიკალურ-აკუსტიკური სახე და საკუთარი მუდმივი, ერთგული მსმენელის მოპოვებაც ამიტომ უჭირდა, ისეთი მსმენელის, როგორიც ჰყავდა „ორერას“ , შემდეგ „ივერიას“, მოგვიანებით კი „75“-ს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ანსამბლს მუდმივი შემადგენლობა არ ჰყავდა, წევრები თითქმის ყოველ ორ წელიწადში იცვლებოდნენ.

ის, რომ „დიელოში“ არ იყო ცნობილი ბირთვი, რომელსაც უნდა განესაზღვრა ანსამბლის ზოგადი სახე, დიდი „ნაკლი“ იყო და ეს მომენტი ყველგან, ყველა ჟანრსა თუ ქვეყანაში ცუდად მუშაობს, რადგან პოტენციური თაყვანისმცემლები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ბენდთან და მის წევრებთან ვერ ახერხებდნენ

„დიელო“ რეალურად ავტორ-მუსიკოს-მომღერალი ძმების, ამირან და სოსო ებრალიძეების, ჩანაწერებზე უფრო ორიენტირებული პროექტი (7 ალბომი გამოუშვეს 70-იანებში) იყო და ასეთი მიდგომა აქ კი არა, მაშინ დასავლეთშიც ძნელად მუშაობდა. არამომგებიანი იყო ძმების მიერ არჩეული ჟანრული გზაც. მაშინ, როცა „ორერა“ 1970-იან წლებში სტერილური გახდა თავისი აქტუალური ფსევდო როკ საუნდითა და „ივერია“ ბასიალაიას მელოდიებით მოდურად იქცა, „დიელო“ ამ დროს, ე. წ. ეთნო-ფიუჟენ -ფანკ პოპს ამუშავებდა.

ეს მუსიკა ჯერ არ იყო პოპულარული ჩვენში.

ადრეული „დიელო“ თაყვანისმცემლებისთვის არაკომფორტულად ჟღერდა, ახლები ვერ შეიძინა, არადა თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ რომელიმე „ვია“-ს მუსიკა მაქსიმალურად მიუახლოვდა დასავლურ, ამერიკულ აქტუალურ მუსიკას, ეს სწორედ „დიელოა“ თავისი 1975 წელს გამოსული ალბომით. აქ, ძმებმა ებრალიძეებმა ზუსტად მიაგნეს, თუ როგორ უნდა ექციათ ქართული ესტრადა აქტუალურად ისე, რომ აკუსტიკური ეთნო იდენტობაც შეენარჩუნებინათ, დასავლურ სტანდარტებსაც მაქსიმალურად მიახლოებოდნენ და საბჭოთა „ვიას“ ესთეტიკასთანაც არ შესულყვნენ სერიოზულ კონფლიქტში.

ჯაზი უკვე მოდური იყო მაშინ ჩვენში, აი, რითმზე ორიენტირებული სოულ-ფანკი კი - ნაკლებად. იმ დროს ჩვენი მსმენელისთვის სწორედ მელოდიურობა იყო ყველაზე კომფორტულად აღსაქმელი. ე.წ. აფრო-ამერიკული საუნდი მოგვიანებით გახდება ჩვენში პოპულარული. აზრზე მოსული მსმენელი ამ დროს მხოლოდ კლასიკურ როკს აღიარებდა, ამიტომ, ამ ალბომმა დიდად ვერავის გული მოიგო.

ახლა კი, სანამ უშუალოდ ალბომის ტრეკებზე გადავალთ, ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა აღინიშნოს. „აღმოჩნდა“, რომ რბილი ფიუჟენი ჟღერადობის თვალსაზრისით, ნაკლებად შედიოდა კონფლიქტში საბჭოთა საესტრადო მუსიკალურ დირექტივებთან, „დიელოს“ რაფინირებული და მომრგვალებული სოულ-ფანკი, არც მძაფრ ვნებათაღელვას და არც სექსუალურ დრაივს (როგორ ეს ნაღდ ამერიკულ ფანკშია) არ იწვევდა.

ეს „დიელო“ რომ მოენდომებინა, ვერც გაბედავდა, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ საინტერესო შედეგის მიღწევა დაშვებული ნორმების ფარგლებშიც შეიძლებოდა. სწორედ ამის დემონსტრირებაა ეს ალბომი. ვფიქრობ, ამიტომაც აიტაცეს „დიელოს“ ეს გეზი 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ.

პირველი ტრეკი, “ჩემო მზეო“- ფაქტიურად ჯაზ-როკია, ფანკ ბას სვლებით. აქ მელოდიური რიფები საყვირებზე აქცენტით მიჰყავს სასულე სექციას. ყველა დანარჩენი ინსტრუმენტი ელექტრო გიტარის ჩათვლით, ემსახურება რითმის ინტენსივობას. ქართული მრავალხმოვანება მოგვიანებით, მხოლოდ ერთი ფრაზით შემოდის და ის შემდეგ კუპლეტში ინტერპრეტაციას განიცდის. ბოლოსკენ ისნტრუმენტალი უფრო დინამიური ხდება და გიტარაც ზევით იწევს. ეს  ისეთი მუსიკაა, რომელიც საერთოდ ვერ ჯდება იმდროინდელ სამამულო საბჭოთა ვია ესთეტიკაში.

მეორე ტრეკი, გოგი ცაბაძის „მუხამბაზი“ ძალიან პოპულარულია დღეს და ეს არაა შემთხვევითი, პერკუსიული ნარატივი ეფექტურ ელექტრო გიტარასთან კოლაბორაციაში აკუსტიკურ დაძაბულობას ქმნის. ვოკალი უკვე კლასიკურია, მრავალხმიანი, ცაბაძისეულად მელოდიური, მაგრამ მაინც ცოტა არატრადიციული. ორი ხმა მონაცვლეობით სოლირებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გია ჭირაქაძის მორეჩიტატივო ბარიტონი, რომელიც ჟანრულად საკმაოდ მოულოდნელი და დამაინტრიგებელია. ამდენი თემატური საგიტარო სოლო ინტერპრეტაცია, ქართული ესტრადის ისტორიაში საერთოდ არ გვხვდება.

შემდეგ კვლავ გოგი ცაბაძის სიმღერა კინოფილმიდან „მხიარული რომანი“. შესანიშნავი ვერსიაა, კვლავ არაორდინალური, ჯაზ პიანოთი შეზავებული პერკუსიები, მაგრამ მთავარი აქ ინგა ფერაძის სრულიად განსხვავებული, არაქალურად ბოხი ვოკალია. ინგა ფერაძე, ალბათ, ყველაზე კონტროვერსიული პერსონაჟი იყო ქართულ საესტრადო სცენაზე. 17 წლის ასაკში, ვიღაც ძველი ბიჭის დანით დაჭრის გამო 4 წლით ციხეში ჩასვეს. სიმღერაც ციხეში დაიწყო და როცა გამოვიდა, სწორედ ძმებმა ებრალიძეებმა შეამჩნიეს და „დიელოში“ აიყვანეს. ასეთი ტემბრის და ლამის ბრუტალური მანერის მქონე ვოკალისტი ქალი, არც მანამდე და არც მის შემდეგ გამოჩენილა ჩვენს მუსიკალურ სივრცეში.

„შემოვიდა გაზაფხული“, ხარისხისიანი პოპ სიმღერაა, თითქმის სოფთ როკ სტანდარტია. მისი საუნდი უფრო მოქნილი და ხისტი რომ ყოფილიყო , ტრეკი აშკარად მოიგებდა, აკომპანიმენტის ამოწევაც ღირდა, მით უმეტეს, რომ ინსტრუმენტალური პარტიები კარგადაა გაწერილი. ვოკალური დუეტი ( გივი გაბუნია, ინგა ფერაძე) უცნაურად ჟღერს ამ სასიყვარულო ბალადაში, ქალის ხმა აშკარად დომინანტურია, თითქოს თრგუნავს კაცს. მეორე მხრივ, სიმღერას ნამდვილად არ სჭირდებოდა ორი ვოკალი, მით უმეტეს უნისონში.

სიმღერის სიმები“ ქართული რომანსია რუსული რომანსის ყაიდაზე. ეს წარუმატებელი ტრეკია, ამოვარდნილია ალბომის ჟანრული კონტექსტიდან. მართალია, ადგილზეა ტრადიციული ქართული ტკბილხმოვნებაც, მაგრამ ეს ვერ ასწორებს საქმეს. არანჟირება არაა ურიგო, თუმცა სიმღერის საბაზისო მასალა ბანალურად მელოდიურია.

„ნიბლია“ (ავტ: გოგი ცაბაძე) ჩემი ფავორიტი სიმღერა იყო და არის. იწყება სოულ გიტარით (wah-wah ეფექტის გამოყენებით), ბასი თავისი ფრაზით შემოდის, სასულე სექცია რიფით, გიტარა უკანა პლანზე fuzz ეფექტით გადადი. არის დრამატურგია, კარგია სასიმღერო თემაც, რომელსაც რამოდენიმე ხმა ასრულებს უნისონში; შესანიშნავია ჭირააძის რეფრენი, უკვე ბექ ვოკალში გადასულ ხმებთან ერთად. საქსოფონის პარტიაც კარგია, smooth ჯაზური. საუნდის გაინტენსივება ლამის ფრი ჯაზთან ფლირტაობის ხარჯზე კიდევ უფრო აუმჯობესებს ტრეკს. ყველა მუსიკალური ხაზი დასრულებულია, მაქსიმალურად ამოწეულია ინსტრუმენტალის საუნდი. ასეთი ფორმა, დიდი იშვიათობა იყო ქართულ სცენაზე.

„ბავშვობის დღეები“- ინგლისური პროგ ბენდის, Rare Bird-ის ჰიტის - Sympathy - ეფექტური ინტერპრეტაციაა, თუმცა, ალბომზე ავტორებად მოხსენიებულნი არიან ა. ებრალიძე-ვ. გოგოლაშვილი, მაშინ ასეთი ქურდობები მიღებული პრაქტიკა იყო სსრკ-ში, მომჩივანი არავინ ჰყავდათ და რა ენაღვლებოდათ.

ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა, „ყვავილების ქვეყანა“ სრულიად მოულოდნელადაა ინტერპრეტირებული, ალბომის კონცეფციაში იდეალურად ჯდება. noir ხასიათიც კი მოაქვს, ბასი მძიმეა და დომინანტური, თუმცა ი. ფერაძეს ვოკალი ბექ ვოკალებიანად არ უხდება და აშკარად აუბრალოებს საკმაოდ საინტერესო ფანკ აკომპანიმენტს. მოგვიანებით ელექტრო კლავიშების დამოუკიდებელი პარტიაც კი ისმის. საინტერესოა, რომ ალბომში, თითქმის ყველგან, სასულე სექცია იღებს საკუთარ თავზე რიფის ფუნქციას, აქაც ასეა, მიდგომა სუფთა ჯაზ როკულია.

კიდევ ერთი სახელგანთმული სიმღერის - Sunny - ქავერი, ჩვენში ეს სიმღერა პოპულარული გახდება მოგვიანებით Boney M-ის შესრულებით. აქაც ინგა ფერაძე მღერის და მინდა გითხრათ, რომ წარუმატებელად - არც ფიუჟენ-არანჟირება მუშაობს სასიკეთოდ, ფერაძე ცდილობს მიყვეს ინსტრუმენტალის ტრაქტორიებს, კომპოზიცია იძულებულია გაჯაზდეს, მაგრამ ვერა, ეს არ არის მისი კრედო. არ უხდება ეს ყველაფერი ამ მსუბუქ და საოცრად გამჭირვალე სიმღერას, რომელსაც „დიელომ“ მთელი ხიბლი დაუკარგა. ბასისტ მიშა ფოფხაძის ეფექტური და ვირტუოზული ბას-პარტიაც კი ვერ შველის საქმეს. ფოფხაძის ნამუშევარი საერთოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია. არასდროს, არც მანამდე და მგონი არ შემდოგომ, არცერთ ქართულ საესტრადო ალბომში, ასეთი გავლენა ბასს არსად აქვს, სწორედ ბას გიტარას გამოჰყავს ეს ალბომი ქართული საბჭოთა საესტრადო პარადიგმიდან.

საფინალო ფოლკ პოპი - „ხევსურული სიმღერა“ ჟანრულად წარუმატებულად იწყება, არადა საბაზისო მასალა მართლა კარგია, მაგრამ აი, როცა კომპოზიციის მეორე ნაწილი სცილდება ფოლკსა და გადადის ბალადაში, უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება: ხმაც, მელოდიაც, აკომპნიმენტიც სულ უფრო უკეთესი ხდება, ბასი არ ისვენებს არცერთი წუთით, სასულე სექციაც მაგარია. ბოლოსკენ იკვეთება დ. ბრუბეკის Take Five 5/4 რითმი, ასევე საქსოფონი, რაც კიდევ უფრო ამბიციურს ხდის ტრეკს. განსხვავებული სამნაწილიანი ტრეკია, საყვირის ეფექტური სოლოთი ფინალისკენ, ნამდვილი ჯაზ-როკი, ხარისხიანი, თეთრი, ჯაზ-როკი.

თუ რატომ არ ექნებოდა ამ ალბომს ისეთი რეზონანსი, როგორც მაგალითად იმავე წელს გამოსულ „ივერიას“ სადებიუტო ალბომს ჰქონდა - ზევით უკვე ვახსენე, რომ მსმენელი არ იყო მზად. 

სასულე სექციები, ჯაზის ელემენტები, ორკესტრირება, მანამდეც უხვად გვხვდებოდა ქართულ ესტრადაზე. მარტო ორკესტრი „რერო“ რად ღირს, მაგრამ ეს ალბომი, პრინციპულად ახალი საფეხური იყო, ეს უკვე სრულყოფილი ქართული პოპ მუსიკაა, მაქსიმალურად გასული არა მხოლოდ საბჭოთა აკუსტიკური რეალობისგან, არამედ ტრადიციული ქართული სასიმღერო კულტურის საზღვრებიდანაც კი. გამომდინარე იქედან, რომ აქ აქცენტი რიტმულ ფიგურებზე, თუ პატერნებზეა გაკეთებული და არა სასიმღერო მელოდიებზე, ამას ემატება ზომიერად ჩართული იმპროვიზაციული მოდულები.

ასეთი მუსიკა  შესასრულებლადაც  რთულია,  რადგან ინსტრუმენტალი  აკომპანიმენტი კი არ არის, არამედ   დომინანტი და მინდა აღვნიშნო, რომ  ბენდი შესანიშნავად ართმევს თავს ამ რთულ  გამოწვევას. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ალბომის ქრონომეტრაჟი გაცილებით აღემატება ყველა იმ ალბომისას, რაც ფირმა „მელოდიაში“ ჩაწერილა. ალბომი  42 წუთზე მეტია და  სწორედ კომპოზიციებში არანჟირება-ინტერპრეტაციებზე  ორიენტაციის გამოა ასე. ვფიქრობ, კიდევ უფრო შეზღუდული რომ ყოფილიყო  ქართული,  ტრადიციული,  საესტრადო, მრავალხმიანი ვოკალები, ეს კომპოზიციები  უფრო მოგებდა. ცხადია, ეს გარკვეულწილად ხარკია  სწორედ  ქართულ სტანდარტთან მიმართებაში და ალბათ აუცილებელი პირობაც  ცენზურის დასაგოიმებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ მკაფიოდ გამოხატული ეთნომოტივები მავნე, სახიფათო დასავლურ მუსიკალურ წიაღსვლებს აუფერულებდა. აქ გარკვეული კომპრომისებიც სახეზეა, ამიტომ იმის თქმაც გადაჭარბებული იქნება, რომ ამ ალბომში საქმე გვაქვს ჭეშმარიტ გარღვევასთან, თვისობრივად ახალი ქართული მუსიკალური კულტურის შექმნის მცდელობასთან. ახლის შექმნა, სულ რომ არ ყოფილიყო იდეოლოგიური კონტროლი, მაინც ვერ მოხერხდებოდა, ამას დასჭირდებოდა სერიოზული პროდიუსინგი, რაც განსხვავებულ ფორმატს მისცემდა მასალას. კი, ეს ალბომი ტექნიკურად თითქმის უზადოდაა ჩაწერილი, ისიც ჩანს, რომ რომ საუნდ ინჟინრებმა არანჟირების ხასიათიდან გამომდინარე, ზუსტად იცოდნენ როგორი აკუსტიკური შედეგი იყო საჭირო, მაგრამ ეს მაინც არ არის პროდიუსინგი.

ჰიპოთეტურად, ალბათ ბასისტ მიშა ფოფხაძისთვის რომ მიენდოთ საბოლოო პროდუქტის მუსიკალური  სახე, ის  გაცილებით უკეთესი იქნებოდა,   რადგან “დიელოში”” დასავლური მუსიკალური  კულტურა შიგნიდან მხოლოდ მან იცოდა, თუნდაც თავისი იატაკქვეშა  როკმოღვაწეობიდან გამომდინარე, თუმცა „დიელო“ მისი ბენდი არ იყო, თანაც ფოფხაძესეულ ვერსიას სავარაუდოდ არცერთი კომისია მიიღებდა. არ ვიცი, რამდენად იქონია უშუალო გავლენა ამ ალბომმა ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის   შესამჩნევი ჟანრული ტრანსფორმაციის საქმეში, თუმცა ფაქტია, რომ  ყოველი ახალი ვია, ფაქტიურად „დიელოს“ ამ ალბომის მუსიკალურ გეზს ანვითარებდა, მათ შორის „75“-ც კი, თუმცა  ჩემის აზრით „დიელოს“ 1975 წლის ამ ალბომს ხარისხით ვერცერთი სხვა შეწვდება.

მუსიკალური ხარისხის კუთხით, ეს ალბომი, ქართული საბჭოთა ეპოქის პოპ მეინსტრიმის მწვერვალია.

მუსიკალური ხარისხის კუთხით, ეს ალბომი, ქართული საბჭოთა ეპოქის პოპ მეინსტრიმის მწვერვალია. ეს იყო მაქსიმუმი, რისი განხორციელებაც მაშინ მუდმივად კონტროლის ქვეშ მყოფ ოფიციალურ სცენაზე შესაძლებელი იყო. საქართველოში მოგვიანებით ძალიან შეიყვარებენ ასეთ მუსიკას, თუმცა შეიყვარებენ ამერიკულ, აუთენტიკურ ვერსიას. „დიელოს“ კი, ვიკიპედიაშიც არ აქვს საკუთარი გვერდი, სამაგიეროდ „მათ“, უკვე სხვა იპოსტაზით, ჩვენ კიდევ შეიძლება გადავეყაროთ, თუ ჩვენი ტექსტების ციკლი ალბომებში დაფიქსირებული XX საუკუნის ქართული რეალობის შესახებ, წარმატებით გაგრძელდება.

ავტორი: გია ხადური