ივლისი 18, 2022
რეგიონული მასშტაბის ტექნოლოგიური ღონისძიება თბილისში
ორწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, DevSecOps Inspire ბრუნდება
DevSecOps Inspire დეველოპერებს და კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს მისცემს, როგორც ბოლო წლებში გამოკვეთილ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებში გარკვევის, ასევე გლობალური კომპანიების ექსპერტების გაცნობის საშუალებას.
DevSecOps Inspire ერთდღიანი კონფერენციაა, რომლის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით Google-ის, თიბისის, Dynatrace-ის, Aqua Security-ის, HashiCorp-ის, Business Technology University-ის, Nozomi Networks-ისა და სხვა წამყვანი კომპანიების საუკეთესო სპიკერები წარდგებიან. ისინი ისაუბრებენ, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანიების მართვის შესახებ.
თავისთავად კონფერენცია, HT Solutions-ის მიერ სამი წლის წინ დაწყებული ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოდინებას უწყობს ხელს. თუმცა წლევანდელი კონფერენცია უნიკალურია, რადგან DevOps-ის მიმართულების გარდა, ის კიბერუსაფრთხოებასაც მიეძღვნება.
ზოგადად კი, DevSecOps-ი აპლიკაციების უსაფრთხოების კონტექსტში გამოყენებული ტენდენციური პრაქტიკაა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლში (SDLC) უსაფრთხოების დროულად დანერგვას მოიცავს. ამასთანავე, აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა განვითარებისა და ოპერაციების გუნდებს შორის არსებულ თანამშრომლობას აღრმავებს, რიტაც უსაფრთხოების გუნდები პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების ციკლში უკეთ ინტეგრირდებიან.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, სრულ მხარდაჭერას უცხადებს DevSecOps Inspire-ს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქართული ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება, არამედ ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაც. დაგეგმილი ღონისძიების თემებისა და სპიკერების და ზოგადად, DevSecOps Inspire-ის შექმნის ისტორიასა და მიზანზე კონფერენციის ორგანიზატორი კომპანიის, HT Solution-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ნინო გვაზავას ვესაუბრეთ და უპრიანი იქნება, ეს სივრცე მის ნაამბობს დავუთმოთ.
ნინო, ხომ ვერ მოგვიყვებით DevSecOps Inspire-ის შესახებ - რა მიზანს ემსახურება ეს ღონისძიება?
მოდი, მცირე შესავლით დავიწყებ: Inspire-ის ბრენდის ქვეშ ღონისძიებების ჩატარება სამი წლის წინ დავიწყეთ და პირველი ორი წლის განმავლობაში DevOps-მიმართულებაზე ვიყავით კონცენტრირებულნი. ამ ღონისძიებებით, აპლიკაციების შექმნის მიმართულებით უახლესი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების შესახებ მოვყევით და საზოგადოებას სფეროს წამყვანი კომპანიები გავაცანით.
ამ კონფერენციით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, როგორც საქართველოდან, ასევე რეგიონიდან და ჩვენც გვინდოდა, რომ ეს ის ყოველ წელს ჩაგვეტარებინა. სამწუხაროდ, თავდაპირველად, ამ წამოწყებაში პანდემიამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ წელს ტრადიციის განახლება გადავწყვიტეთ. წელს, კონფერენციის აქცენტი კიბერუსაფრთხოებაზე გავაკეთეთ, რის გამოც მას DevSecOps Inspire-ი დავარქვით - ეს ახალი ტერმინია, რომელიც აპლიკაციების შექმნის პროცესში კიბერუსაფრთხოების საუკეთესო გლობალური პრაქტიკული კომპონენტების გათვალისწინებას გულისხმობს. ამგვარად, ჩვენი წლევანდელი ღონისძიება მიეძღვნება, როგორ ციფრულ ტრანსფორმაციას, ასევე იმას, თუ როგორ უნდა მართონ დამფუძნებლებმა საკუთარი ბიზნესები თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენებით.
კონფერენციის კიბერუსაფრთხოებაზე კონცენტრირების ერთი მიზეზი ისაა, რომ გლობალურად, ეს თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ პანდემიისას და მის შემდეგ, კიბერშეტევების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ნავარაუდევია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, კომპანიებისადმი კიბერშეტევებით მიყენებული ზარალი გლობალურად $6 ტრილიონს გადააჭარბებს. ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები ამ შეტევებისთვის მზად იყვნენ და მათგან თავი დაიცვან.
ვინ უნდა დაესწროს ამ კონფერენციას და რატომ?
ჩვენს კონფერენციას ყველა ის ადამიანი უნდა დაესწროს, ვინც საკუთარ ორგანიზაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებზე არის პასუხისმგებელი, საუბარია ტექნიკურ დირექტორებზე, IT-დირექტორებზე, პროექტების მენეჯერებზე, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების თანამშრომლებზე და დეველოპერებზე.
DevSecOps Inspire-ს ისინი იმიტომ უნდა დაესწრონ, რომ გაიგონ, თუ როგორ აგვარებენ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები DevOps-თან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეისწავლონ ის საუკეთესო პრაქტიკები და გადაწყვეტები, რომლებიც ტექნოლოგიურ ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში დაინერგა.
ვინ წარდგება სიტყვით DevSecOps Inspire-ის ფარგლებში?
სპიკერებად Google-ისა და HashiCorp-ის მასშტაბის კომპანიების წარმომადგენლები გვეყოლება. ეს უკანასკნელი, DevOps-საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი ძალიან წარმატებული კომპანიაა, რომელიც DevOps-ის და უსაფრთხოების გუნდებისთვის საუკეთესო ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნის. ამ დრომდე, HashiCorp-ი საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილი არ იყო - მეტიც, მათ ჩვენი რეგიონი საერთოდ არ აინტერესებდათ. თუმცა ჩვენ შეუძლებელი შევძელით - დღეს, ისინი ჩვენი ოფიციალური პარტნიორები არიან.
აქვე, სპიკერებთან ერთად, ჩვენი ოქროს სპონსორი, თიბისი უნდა გამოვყო. თიბისი მუდმივად ცდილობს, რომ ტექნოლოგიების ეპიცენტრში იყოს. პრაქტიკულად ყველა ის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, რომელზეც კონფერენციაზე ვისაუბრებთ, თიბისის უკვე დანერგილი აქვს, ხოლო იმ კომპანიების დიდი ნაწილი, რომელთა წარმომადგენლები კონფერენციისთვის ჩამოვლენ, თიბისისთან აქტიურად თანამშრომლობენ. ზოგადად კი, თიბისი ცდილობს, რომ გლობალური ინოვაციები შეისრუტოს და ისინი კომპანიის შიგნით დანერგოს.
ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები ქართული ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის?
ჩვენს ღონისძიებას ორი ამოცანა აქვს. პირველი ისაა, რომ ქართულ ბაზარს უახლოეს წარსულში შექმნილი უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები გავაცნოთ. ამასთანავე, წლევანდელ ღონისძიებაზე, სულ მცირე 250 ადამიანს ველოდებით, რაც დამსწრე საზოგადოებას ნეთვორქინგის მშვენიერ საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით პანდემიის გათვალისწინებით, რომლის დროსაც ადამიანებს ერთმანეთის ფიზიკურად ნახვის საშუალება ძალიან იშვიათად ჰქონდათ. ამრიგად, ჩვენი კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმა იქნება ინფორმაციის გასაცვლელად.
ავტორი: გიორგი არონია